როგორი უნდა იყოს აფხაზურ-ქართული დიალოგი და უნდა იყოს თუ არა საერთოდ. რას მსჯელობენ ამ თემაზე აფხაზეთში
აფხაზეთის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ დამტკიცებული „საგარეო პოლიტიკის კონცეფციის“ ღია მოსმენა 21 დეკემბერს, მგზნებარედ და ემოციების გამოხატვით წარიმართა, რომელიც ხანდახან ყვირილში გადადიოდა.
წამოყვირების ძირითადი მიზეზი ერთ პუნქტში იმალება, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებს შეეხება.
პუნქტი ასე ჟღერს:
„აფხაზეთის რესპუბლიკა უშვებს საქართველოსა და აფხაზეთს შორის მრავალდონიანი მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატის ფორმირების შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც გაჩნდება ქართულ მხარესთან ისეთი საკითხების განხილვის შესაძლებლობა, რომელიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს და რომლის გადაწყვეტაც „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის“ ფარგლებში წარმოუდგენელი ჩანს“.
პრეზიდენტის სურვილი, რომ ახალი იმპულსი მისცეს ჩიხში შესულ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების პროცესს, აქ საკმაოდ ფრთხილად არის გამოხატული. მაგრამ ოპოზიციას მეტისმეტი რეაქცია ჰქონდა.
მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოსთან არანაირი მოლაპარაკებები არ არის შესაძლებელი მანამდე, სანამ აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
და სიტყვებში, „მოლაპარაკებების შესაძლო დამატებითი ფორმატები“ – ზოგიერთებმა „ჟენევის დისკუსიებისთვის“ საფრთხე დაინახეს.
მოლაპარაკებების ჟენევის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა, როდესაც სრულად შეწყდა ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგი. ეს ინიციატივა 2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში შევიდა, როგორც ჰუმანიტარული საკითხების განსახილველი მოედანი, აქ არ ეხებიან კონფლიქტის პოლიტიკურ ასპექტებს, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსს.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ თანათავმჯდომარეები აშშ-დან, ეუთოდან, ევროკავშირიდან და გაეროდან.
აფხაზური ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტი იმაში დაადანაშაულეს, რომ მან კონცეფცია სიჩქარეში დაამტკიცა, არ გამართა მისი საყოველთაო-სახალხო განხილვა. ამიტომ, მათ მიაჩნიათ, რომ დოკუმენტის დეზავუირება უნდა მოხდეს და ახლიდან დამტკიცდეს, ყველა შენიშვნის გათვალისწინებით.
მაგრამ ასეთი აჟიოტაჟის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტმა კონცეფცია გაიწვიოს. აფხაზური საზოგადოების მენტალიტეტში ასეთი ნაბიჯი არ შეფასდება, როგორც ოპონენტების დასკვნებზე დათანხმება. ამას უკანდახევად ჩათვლიან, რომელიც მხოლოდ ზეწოლის შედეგად მოხდა.
და ასეთი ნაბიჯი მალე, როგორც წესი, ახალი მასირებული შეტევის სიგნალი ხდება.
- ჟენევის მოლაპარაკებები: რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველომ
- აფხაზეთი: რუსეთთან ახალი ურთიერთობის რისკები. ანალიზი
თუმცა, პრეზიდენტი თავის მომავალ ქმედებებში უკიდურესად ფრთხილი იქნება „ქართულ“ თემებთან დაკავშირებით.
წლების განმავლობაში იმდენი შიდა პრობლემა დაგროვდა, რომ აფხაზეთის ნებისმიერი პრეზიდენტი მოკლებულია გარანტიებს, რომ კანონით გათვალისწინებულ სრულ დროს გაატარებს თავის სავარძელში.
და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ისედაც ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში, ასლან ბჟანია საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის შეცვლით დაკავდეს.
თბილისში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არიან?
და აქ სხვა პრობლემაც არის. 2020 წლის იანვრიდან, ანუ ასლან ბჟანიას აფხაზეთის ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან, მისი მხრიდან ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის ჩნდებოდა სიგნალები საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზობის შესახებ.
მაგრამ ის ადეკვატურად არ იყო აღქმული თბილისში.
იქ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების თემა უკვე დიდი ხანია შიდაპოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ ელემენტად იქცა.
როგორც ჩანს, არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს არ აკმაყოფილებს კონტექსტი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ შეიქმნა (საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომი, რომლის შემდეგაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა – JAMnews).
მაგრამ არავინ არ ცდილობს ამაზე აფხაზეთთან პირდაპირ დალაპარაკებას.
ამას ხელს უშლის თბილისში იმ მოვლენების შემდეგ პრობლემებისადმი საგრძნობლად შეცვლილი ხედვა.
და თბილისშიც და სოხუმშიც, ბევრს მიაჩნია, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არ არსებობს – მაგრამ ამაში სხვადასხვა რამეს გულისხმობენ.
თბილისი: არსებობს მხოლოდ ქართულ-რუსული კონფლიქტი
საქართველოსთვის, 2008 წლიდან მოყოლებული, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილმა რუსული ოკუპაცია უწოდა სამხრეთ ოსეთთან ომში განცდილ წარუმატებლობას, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა.
ეს პოზიცია მან ოკუპაციის შესახებ კანონით განამტკიცა. და გადაწყვიტა, რომ აფხაზებსა და ოსებთან სალაპარაკო უკვე აღარაფერია, საქართველოს ყველა პრობლემის წყარო კი რუსეთია.
პოზიცია შიდაპოლიტიკური გამოყენებისთვის მოგებიანი აღმოჩნდა, ამ ფორმულირებას დაეთანხმა ფაქტობრივად მთელი ქართული ელიტა. უფრო მეტიც, მოკლე დროში, კონფლიქტის ახალი ხედვა შეივსო რედაქტირებული ისტორიული შინაარსით.
ახლა გამოდის, რომ არანაირი ქართულ-აფხაზური ომი არ ყოფილა, როგორც არ ყოფილა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. ყველაფერი, რაც 1992-1993 წლებში აფხაზეთში ხდებოდა – ეს იყო რუსეთთან ომი.
სააკაშვილი 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა (ოლიგარქი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, მას მიიჩნევენ საქართველოს ჩრდილოვან მმართველად – JAMnews). ის ოდნავ შეეცადა მოვლენების თავდაპირველ აღქმასთან დაბრუნებას, მაგრამ სერიოზულ წინააღმდეგობას შეეჯახა, მათ შორის, საკუთარ მხარდამჭერთა შორის.
როგორც ჩანს, ივანიშვილი მიხვდა, რომ ამაზე დავა არ ღირს და თავადაც იგივე პოზიცია დაიკავა: აფხაზებთან ლაპარაკი არ ღირს, რადგან ისინი არ არიან საქმეში. საჭიროა რუსეთთან ლაპარაკი და შეუძლებლის მოთხოვნა – დაე, მან გააუქმოს აღიარება და გაიყვანოს „ოკუპირებული ტერიტორიებიდან“ საკუთარი სამხედრო ბაზები.
და რას ფიქრობენ აფხაზები და ოსები – უკვე უმნიშვნელოა.
სოხუმი: კონფლიქტი უკვე ამოწურულია
აფხაზეთშიც ბევრი რამ შეიცვალა მიდგომებში.
იდეა „მოდი, გვაღიაროს საქართველომ და შემდეგ დაველაპარაკებით“, ახლა დომინირებს მოსახლეობის უმრავლესობის გონებაში. ეს უკვე ფაქტობრივად დოგმად იქცა.
ელიტის ნაწილს კი საერთოდ მიაჩნია, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი სრულად გადაწყდა 2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა აღიარა.
მოკლედ, თბილისში მიაჩნიათ, რომ მათ არ აქვთ და არც არასოდეს ჰქონიათ კონფლიქტი აფხაზებთან – აფხაზები კი ამბობენ, რომ კონფლიქტი ჰქონდათ ქართველებთან, მაგრამ ის უკვე გადაჭრილია.
თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა არც ქართველ და არც აფხაზ პოლიტიკოსებს არ სურთ. როგორც ჩანს, ასე უფრო მშვიდად არიან.