აფხაზეთის ენერგეტიკა ღრმა კრიზისშია
ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა
აფხაზეთის ენერგეტიკაში არსებული სიტუაციის და მისი პერსპექტივების შეფასება აფხზეთის მთავარი ენერგეტიკოსის – “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელის, ასლან ბასარიას მიერ.
აფხაზეთის ენერგეტიკა ღრმა კრიზისშია
ეს ძირითადად სამ პრობლემას უკავშირდება:
- აღჭურვილობის გაცვეთა;
- გადაუხდელობა;
- და ყველაზე მთავარი – ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა.
მოხმარების ზრდა დიდ სირთულეებს ქმინის, რადგან რესპუბლიკას რესურსები არ ჰყოფნის საიმისოდ, რომ მოხმარებული ენერგიის აღნუსხვის მკაფიოდ მოქმედი სისტემა შექმნას. ყველა სახლსა და ბინაში ამგვარი ხელშეუხებელი აღჭურვილობის დასადგმელად 280 მილიონი რუბლია საჭირო (დაახლოებით $4,5 მილიონი).
აფხაზეთი 80 პროცენტით მარაგდება ერთი მაღალვოლტიანი ხაზიდან, რომელსაც “რადიალური სქემა” ეწოდება. ის გალის რაიონის ჰეს-1-ის გადამყვანი ხაზიდან მოდის და რუსეთის საზღვრამდე გრძელდება. და აი, ბოლო ხანს ეს მაგისტრალი ძლიერ იტვირთება.
მისი ძირითადი ნაწილია – “აჩუღარას” ხაზი, რომელიც ჰეს-1-ის გადამყვან ხაზს ქვესადგურ “ტყვარჩელ გრესთან” აერთებს. ის 1985 წელს შეიქმნა(!) და დღეს ის 274 მვტ-ს ატარებს – არადა, ახალი ქვესადგურისთვისაც კი ნორმა 260 მვტ-ს არ აღემატება.
ახალი ელექტროგადამყვანი ხაზის გაყვანას 3,5-დან 4 მილიარდ რუბლამდე (დაახლოებით $66 მილიონი) სჭირდება. მაგრამ “ჩერნომორენერგოს” ასეთი სახსრები არ გააჩნია. “ჩერნომორენერგომ” სახელმწიფოსგან უკვე ორჯერ აიღო სესხი ელექტროენერგიის მოქმედი სისტემის შესანარჩუნებლად: 2015 წელს – 50 მილიონი რუბლი (დაახლოებით $ 815 ათასი), 2016 წელს კი – 25 მილიონი რუბლი (დაახლოებით $ 400 ათასი).
როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია ენერგეტიკის დარგში? დაზოგვით
ბევრი რამ მხოლოდ “ჩერნომორენერგოზე” კი არა, აბონენტებზეც არის დამოკიდებული. შესაძლებელია, ერთობლივი ძალებით სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა – დავზოგოთ ენერგია თუნდაც პიკის პერიოდებში – ზამთრსა და ზაფხულში, სამ რაიონში, სადაც აქტიურად ვითრდება ტურიზმი. ძირითადად ასეთი მომხმარებლები არიან – გალის, გუდაურის და გულრიფშის რაიონები.
საახალწლო ყოველდღიურობა
ყველა საავარიო ბრიგადა უმაღლეს მზადყოფნაშია. “ჩერნომორენერგოს” ცხრა ფილიალი მუშაობის გაძლიერებული რეჟიმზეა გადასული. 27 დეკემბრიდან აფხზეთის დასავლეთი ნაწილი ელექტროენერგიით, შეთნხმებისამებრ, რუსეთიდან მარაგდება, აღმოსავლეთი ნაწილი კი – ენგურჰესიდან. ასე იქნება იანვრის პირველ კვირაში. ეს მაღალვოლტიან “აჩუღარას” ხაზზე დატვირთვას შეამცირებს.
ენგურჰესი
დღესდღეობით ჯვარის წყალსაცავზე წყლის დონე – 465 მეტრია. ეს 6 მეტრით ნაკლებია, შარშანდელთან შედარებით – და ეს იმ დროს, როდესაც წელს წყალსაცავში, შარშანდლისგან განსხვავებით, წყლის შემოდინების პრობლემა არ ყოფილა.
წლევანდელი წყლის დონის შემცირება უშუალო კავშირშია ელექტროენერგიის ისევ იმ გაზდილ მოხმარებასთან. წყალსაცავში არსებული მარაგის ფონზე, აფხაზეთმა – მშვიდად რომ გამოიზამთროს – დღე-ღამეში საშუალოდ 6 მილიონ კილოვატზე მეტი არ უნდა მოიხმაროს.
თუმცა, ახლა რესპუბლიკა დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 8,5 მილიონ კილოვატს მოიხმარს.
ბუნებრივია, ჩნდება ელექტროენერგიის დეფიციტი. და ისევე როგორც შარშან ვერ ავცდით მარაოსებრ გამორთვებს, ამ ზამთარსაც იგივეს უნდა ველოდეთ.
2017 წელს ენგურჰესზე დაგეგმილია წყლის დაცლის სამუშაოებისა და 16-კილომეტრიანი დერივაციული გვირაბის მონიტორინგის ჩატრება. ათ წელიწადზე მეტია, იქ არანაირი სამუშაოები არ ჩატრებულა. თუმცა, წესით, ეს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს.
სამუშაოები 15 თებერვალს დაიწყება და 15 მარტს დასრულდება. ამ პერიოდში ენგურჰესი ელექტროენერგიას არ გამოიმუშავებს და ამ დროის განმავლობაში აფხაზეთი ელექტროენერგიით რუსეთიდან მომარაგდება.
ახლა რუს და ქართველ ენერგეტიკოსებთან ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
გარდა ამისა, პრობლემები აქვს თავად კაშხალსაც: ხდება გრუნტის ჩამოშლა, რასაც გაცვეთილი აღჭურვილობაც ემატება.
რეფორმები
წინათ შუქის გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი რაიონებშივე რჩებოდა, ნაწილი კი “ჩერნომორენერგოს” ერიცხებოდა. მაგრამ ახლა შეიქმნა კომპანია “ენერგოგასაღება”, რომელიც ელექტროენერგიის გადასახადებიდან მიღებულ ყველა თანხას თავს უყრის.
რა მოგვცა ამან? პირველ რიგში – ფინანსების გადანაწილების კონტროლი. არსებობს ღარიბი რაიონები, და არსებობს – მდიდარი, და მათი გადასახადებიდან შემოსული შემოსავალი არსებითად განსხვავდება.
იმ რაიონებში, სადაც შუქის ფულის გადასახადის ამოღებასთან დაკავშირებული პრობლემა იდგა, ანდა სადაც ნაკლები აბონენტია – იყო სიტუაციები, როდესაც ადამიანებს 6-8 თვის განმავლობაში არ უხდიდნენ ხელფასს. 2015 წლის დასაწყისში დაწყებული რეფორმის შემდეგ – ორი-სამი თვის განმავლობაში ყველა სახელფასო დავალიანება დაიფარა.
მოხმარებული ენერგიის საფასურის გადაუხდელობის პრობლემა
ჩატარდა აბონენტების ინვენტარიზაცია, რომელმაც გამოავლინა როგორც კერძო კომერციული სტრუქტურების (სასტუმროების, რესტორნების, კაფეების, საწარმოების), ისე მოქალაქეთა მხრიდან ელექტროქსელებთან არალეგალური მიერთების შემთხვევები.
გაგრის რაიონში 3-4 თვის განმავლობაში ატარებდნენ რეიდებს – და ამან გარკვეული შედეგი გამოიღო. რაიონში ურჩი გადამხდელი აბონენტების კოლოსალური რაოდენობა გამოვლინდა. საბუთების მიხედვით – ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია ერთი ოჯახისთვის, რეალურად კი – ლიფტიანი სასტუმრო.
ახლა ასეთივე პროცესი მიმდინარეობს სოხუმშიც. აქ უამრავი არალეგალურად მიერთებული კომერციული ობიექტია, რომლებიც ან არ იხდიან ელექტროენერგიის საფასურს, ან იმის ძალიან მცირე ნაწილს იხდიან, რაც სინამდვილეში ევალებათ.
ურჩ გადამხდელებს ელექტრომომარაგებას უწყვეტენ – ეს ყველაზე ეფექტური ზომაა. მაგრამ ისევ – ეს პროცესი სისტემაში რომ მოიყვანონ, “ჩერნომორენერგოს” ამისთვის საკმარისი რესურსები არ აქვს.
მცირე ელექტროსადგურები და მზის ელეტროენერგია აფხაზეთისთვის გამოუსადეგარია
აფხაზეთში აშენდა 24 მინი ჰესი, მაგრამ მათ შორის მხოლოს 3 მუშაობს: ერთი კოდორის ხეობაში, და ერთიც – მაღალმთიან სოფელ ფსხუში.
დანარჩენ ამ ჰესებში ჰიდრონაგებობიც კი არ არის შემორჩენილი.
და საკითხი ღიად რჩება – არის კი საჭირო მათი აღდგენა?
2015 წლის იანვრიდან 2016 წლის თებერვლამდე ჩტარდა “ჩერნომორენერგოს” მთელი მეურნეობის ინვენტარიზაცია. ზამთრის პერიოდში აფხაზეთი მოიხმარს დაახლოებით 390 მეგავატ ელექტროენერგიას – ხოლო ყველა მცირე ჰესის საერთო სიმძლავრე, თუ მათ აღადგენენ, თითქმის 5 მეგავატს გაუტოლდება. თანაც ამას დასჭირდება დანახარჯებიც – მომსახურებისა და პერსონალისთვის.
აფხზეთში ასევე მიზანშეუწონელია მზის ენერგიის გამოყენებაც, რადგან ის ჰიდროენერგეტიკაზე ორჯერ ძვირი ჯდება.
დოსიე JAMnews
- ენგურჰესი (ენგურჰესი სახელწოდების ქართული ვერსია) 1978 წელს ამოქმედდა, მდებარეობს უშუალოდ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, და მისი მენეჯმენტით ორივე მხარეა დაკავებული: წყალსაცავი და დერივაციული გვირაბი საქრთველოს მხარესაა განლაგებული, ხოლო გვირაბის მეორე მხარე, ჰესის შენობა და ჰესის ოთხი წყალვარდნილი – აფხაზურ მხარეს.
- ეს ერთადერთი ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტია. მხარეები ერთობლივად მართავენ ჰესს და ინაწილებენ იმ ელექტროენერგიას, რომელსაც ის აწარმოებს, რაც გარდაუვალს ხდის თანამშრომლობასა და მუდმივ კონტაქტს.
- ჰესის სიმაღლე -271,5 მეტრია, სიგრძე 800 მეტრი, ეს ერთ-ერთი მსხვილი თაღოვანი ბეტონის კაშხალია მსოფლიოში.
- 2014 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების სახსრებით დასრულდა ჰესის მორიგი მასშტაბური რეაბილიტაცია. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობდა, რამაც ჰესის უწყვეტად მუშაობის საშუალება გააჩინა.
- მომავალში დაგეგმილი აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ჰესის რამდენიმე თვით გაჩერებას მოითხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სოხუმმა და თბილისმა არამხოლოდ ერთობლივად უნდა გამონახონ საამისო სახსრები, არამედ ამ თვეების განმავლობაში ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროებიც უნდა მოძებნონ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნდა 04.01.2017