მთელი იმედი მომღერლებსა და დამლაგებლებზეა
ახალი წლის მოახლოვება ორ მნიშვნელოვან ამოცანას გვახსენებს – რა ვიყიდოთ დღესასწაულის აღსანიშნავად და როგორ დავგეგმოთ მომავალი წელი. უნდა ითქვას, რომ მთავრობის წინაშეც ასეთივე ამოცანები დგას. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეიმუშავა შვიდი ნაბიჯისგან შემდგარი გეგმა, რომლის მიზანსაც მომავალ წელს ფულის შოვნა წარმოადგენს.
№ 1: საგადასახადო ტარიფების დიფერენციაცია
2015 წელს ძირითად “ლექსიკოლოგიურ” “ტრენდს” სიტყვა “დევალვაცია” წარმოადგენდა. 2017 წელს კი ყველაზე პოპულარული სიტყვის სტატუსს “დივერსიფიკაცია” მიიღებს. ჭკვიანური სიტყვით “დივერსიფიკაცია” ხელისუფლება შეფარვით შეეცადა, დაბეგვრისთვის დაექვემდებარებინა ყველა ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ გადასახადების გადახდის გარეშე მუშაობდა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად (უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ დოკუმენტში მართლაც ძალიან ბევრი – კერძოდ კი 201 – ცვლილებაა შესული), თუკი ქორწილებში სიმღერით, ან ცეკვით გადაწყვეტთ ფულის შოვნას, ყოველთვიურად 30 მანათი უნდა შეიტანოთ ბიუჯეტში. ის ადამიანები, რომლებიც ე.წ. არაფორმალურ სექტორში არიან დასაქმებულები (მოახლეები, პირადი მძღოლები, დამლაგებლები, მებაღეები, მზარეულები და ა.შ.) 10-10 მანათს გადაიხდიან. საყოფაცხოვრებო ნივთების შემკეთებლებს – 5, მებათქაშეებს კი 20 მანათის გადახდა მოუწევთ. გადასახადების “დიფერენცირება” ბიზნესის რეგისტრაციის ადგილის მიხედვითაც მოხდება. თუკი სუბიექტი ბაქოშია რეგისტრირებული, მაშინ მას განაკვეთის ორმაგი ოდენობის გადახდა მოუწევს, ყაზახის რაიონის სოფელ დაშ სალაჰლიში რეგისტრირებულ მეწარმეს კი გადასახადის ძირითადი განაკვეთის ნახევრის გადახდა დაევალება.
№2: საბაჟო მოსაკრებლების დიფერენციაცია
კიდევ ერთი დიფერენციაცია შეეხო საბაჟო სფეროსაც. მიღებულია გადაწყვეტილება იმპორტულ საქონელზე დაწესებული ერთიანი საბაჟო განაკვეთის “დიფერენცირებული”, ანუ საქონლის რაობაზე დამოკიდებული ტარიფით შეცვლის გადაწყვეტილება. ეს ცვლილებები პირველ რიგში კვერცხის, ქათმის ხორცის, ხახვის, კიტრის, ქიშმიშისა და სხვა პროდუქტების იმპორტს შეეხო. და, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ინკუბატორებისათვის საჭირო კვერცხის, სოსისებისთვის საჭირო ქათმს ხორცისა და სხვა პროდუქტის მწარმოებლები არ გვყავს, ეს სიახლე გაზრდის ფასებს და ამ ფასნამატს მთავრობა მიიღებს ბრუნვისა საშემოსავლო გადასახადების მოცულობის გაზრდის სახით.
№3: საექსპორტო მოსაკრებლები
ადრე მიიჩნეოდა, რომ აზერბაიჯანში მხოლოდ საქონლის შეტანა იყო რთული, ექსპორტზე კი განსაკუთრებული შეზღუდვები არ იყო დაწესებული (თუ არ ჩავთვლით გამკაცრებულ რეგულაციებს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ნედლეულზე). ხელისუფლებამ შეამჩნია ასეთი უსამართლობა და მიმდინარე წელს მრავალი პროდუქციის გატანაზე დააწესა საბაჟო მოსაკრებელი. სახელწიფო საბაჟო კომიტეტმა პირობა დადო რომ ამ სიას, რომელშიც ამჟამად 90 დასახელების საქონელი შედის (ძროხის ტყავით დაწყებული, და სპილენძის ნაკეთობებით დასრულებული), კიდევ უფრო გაზრდის.
№4: პრივატიზაცია
უნდა აღინიშნოს, რომ ორი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში პრივატიზაცია ადგილიდან მაინც არ დაძრულა. ბევრი ობიექტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში. გადაწყდა, რომ მომდევნო წლის ბოლომდე პრივატიზაცია 3 ათას ასეთ ობიექტს უნდა ჩაუტარდეს, რომელთაგან 2,5 ათასი ობიექტი კულტურის სახლებს, სოფლის კლუბებს და სხვა, ამჟამად ყოვლად უსარგებლო დაწესებულებებია. მეორე მხრივ, გაირკვა, რომ ქვეყანაში პიონერების არარსებობის მიუხედავად, თავდაცვის მრეწველობის სამინისტროსა და სამი სახელმწიფო ორგანიზაციის – სს “ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის”, SOCAR-ისა და სს “აზერბაიჯანის ავიახაზების” მფლობელობაში პიონერთა ბანაკები აქვთ. ამ უძრავ ქონებასაც პრივატიზაცია ელის. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ზემოაღნიშნული ობიექტების გაყიდვის შედეგად გაისად ბიუჯეტი დამატებით 200 მილიონ მანათს მიიღებს.
№5: საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნა
დიდი ხნის განმავლობაში მრავალი ადამიანი ადანაშაულებდა მთავრობას იმაში, რომ მისი წევრები “ბიზნესით არიან დაკავებულნი”. ამჟამად სააგენტოებისა და კომიტეტების დიდმა ნაწილმა ნახევრადკომერციული სტრუქტურის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სტატუსი მიიღო. ანუ მათ უფლება აქვთ, ღიად დაკავდნენ კომერციული საქმიანობით იმ სფეროში, რომელსაც წარმოადგენენ. მაგალითად, სახელწიფო საგამოცდო ცენტრმა უკვე განაცხადა, რომ მისაღები გამოცდები ფასიანი გახდება.
№6: კომუნალური ტარიფების “დიფერენციაცია”
დეკემბრის დასაწყისში სატარიფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური ტარიფების თავისებური გაზრდის შესახებ. უფრო ზუსტად კი უნდა ითქვას, რომ ტარიფები გაზარდეს, მაგრამ ამასაც “დიფერენციაცია” უწოდეს. ფასების ზრდა არ შეეხო იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 1700 კუბურ მეტრ გაზს მოიხმარენ. ამდენად, ყველა საწარმოსთვის – დაწყებული მეფრინველეობის ფერმებით, და მსხვილი სუპერმარკეტებით დასრულებული – ახალი ტარიფები დაწესდება. აქედან გამომდინარე, ეს ზომა მრავალი ტიპის საქონელზე გაზრდის ფასს. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმოებული გადარიცხვების მოცულობა და ფასის საგადასახადო წილი გაიზრდება.
№7: სამუშაო სტაჟის ზრდა
“შრომითი პენსიის” მისაღებად მინიმალური სამუშაო სტაჟის ქონაა საჭირო. ამჯამად შემუშავებულია ახალი კანონპროექტი “პენსიების შესახებ”, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება, რომელიც მთლი წლის განმავლობაში დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ საპენსიო ასაკი არ გაიზრდებოდა, ახლა სამუშაო სტაჟის ზრდის ინიციატივით გამოდის. ამ რეგულაციის შესაბამისად, სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის მინიმალური სტაჟი 15-დან 20 წლამდე გაიზრდება, სამხედრო პირებისთვის 20-დან 25 წლამდე, პროკურორებისთვის კი – 25-დან 35 წლამდე. ყველა სხვა პროფესიისთვის კი მინიმალური სტაჟის მაჩვენებელი 5 წლით მოიმატებს. სახელმწიფო მოსამსახურეებისა და პროკურორების პენსიაზე გასვლის საკითხი მხოლოდ 40-ოდე ათას ადამიანს აინტერესებს, “შრომითი პენსიის” მიღებისათვის საჭირო მინიმალური სტაჟის 25-დან 30 წლამდე გაზრდა კი მთელ მოსახლეობას აღელვებს. თუკი კანონპროექტი დამტკიცდება (ნაკლებად სავარაუდოა, რომ მილი მეჯლისმა ეს ინიციატივა არ მიიღოს), პენსიაზე გასული ადამიანების რიცხვი მომავალ წელსვე შემცირდება, რაც სოცუზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდს თანხებს დაუზოგავს, შეამცირებს სახელმწიფო დოტაციებს და ბიუჯეტს შემოსავალს მოუტანს დამატებითი 5 სამუშაო წლის მანძილზე დარიცხული საგადასახადო განაკვეთების სახით.
ჩინოვნიკებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ “მძიმე” 2017 წელთან შედარებით, 2018 წელი განვითარების პერიოდი იქნება. ასე რომ, ბიუჯეტის შევსების საქმეში კიდევ უფრო მეტი გამომგონებლობისა და კრეატიულობის გამოვლენას უნდა ველოდოთ.
გამოქვეყნდა 27.12.2016