არის კი სტატუს-კვო?
გამყოფი ზოლის გასწვრივ სამარისებური სიჩუმეა გამეფებული. ორასიოდე მეტრის ზომის ველი, რომელიც უკვე 30 წელიწადია, მკვეთრად მიჯნავს სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს, ამ დაპირისპირების ადამინური მხარის ყველა წვრილმანს თავის წიაღში ინახავს.
ბინოკლის შუშაში დაპირისპირებულ მხარეთა გამაგრებების მხოლოდ ზედა ნაწილები ჩანს. პერიმეტრზე ადამიანის ნებისმიერი გაუფრთხილებელი გაელვება მაშინვე იარაღის მიზნის ობიექტად იქცევა.
საეჭვოა, უახლოეს მომავალში ვინმემ დაისვენოს
46 წლის პოდპოლკოვნიკ მგერ სარკისიანს არც სჯერა, რომ სხვანაირად მოქცევა შეიძლება. თითქმის ნახევარი ცხოვრება სანგარში აქვს გატარებული; ერთ-ერთი მათგანია, ვინც ომის შემდეგ აქ პირველი ხის გამაგრებების დადგმა დაიწყო – მაშინ საამისოდ რეგიონის მთავარი, ბაქომდე მიმავალი რკინიგზის აყრილი რელსებს იყენებდნენ. მოგვიანებით მიწაში გათხრილ სანგრებს ბეტონის ნაგებობები დაადგეს. ამჯერად მგერი იმ 25-კილომეტრიან ქსელზეა პასუხისმგებელი, რომელიც მთელი გამყოფი ზოლის გასწვრივ გადის, ან – როგორც აქ ეძახიან, “ფრონტის ხაზის” გასწვრივ.
ეს ხაზი 1990-იანი წლების პირველ ნახევარში, მთიან ყარაბაღში მომხდარი ომის დროს გაჩნდა. მაშინ ადგილობრივი მოხალისეების გარდა, ბრძოლებში იმ ახლად ჩამოყალიბებული ორი მეზობელი ქვეყნის – სომხეთის და აზერბაიჯანის ჯარებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც მანამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ.
“ნეტავ ერთი ისეთი დღე დადგებოდეს, რომ აქ ყველამ დასასვენებლად ვიაროთ”?! – პოდპოლკოვნიკს ეღიმება, ყურადღებით აკვირდება ჩემს გაყინულ სახეს:”ალბათ ხუმრობ, არა, შვილო?”
სხვა სამხედროები სიცილს ძლივს იკავებენ.
“ეგ არასდროს მოხდება!” – დარწმუნებით ამბობს ჩემი თანამოსაუბრე და ჰაერში ხელს იქნევს, რომ გვიჩვენოს, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ საბრძოლო გამაგრებების დათვალიერების გასაგრძელებლად.
მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემყურე პოდპოლკოვნიკი სარკსიანი იმ აზრსაც კი აღარ უშვებს, რომ ომი შეიძლება ოდესმე დასრულდეს.
სანგრის დიპლომატია
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სამხედრო პოზიციებზე დედაქალაქებიდან ჩამოსული მაღალი სტუმრების ნამდვილი შემოსევა იყო. ორივე ქვეყნის – სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა, მოლაპარაკებების გამართვას, სასანგრო გამაგრებების დათვალიერება ამჯობინეს.
სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ილჰამ ალიევი, რამდენიმე კვირის შემდეგ კი სერჟ სარგსიანიც ფრონტის ხაზზე ჩავიდნენ, რათა ერთმანეთის პოზიციები ბინოკლით დაეთვალიერებინათ. საერთაშორისო შუამავლებმა ვერ მოახერხეს დაერწმუნებინათ რეგიონზე პასუხისმგებელი ორი ლიდერი, რომ მოლაპარაკებების მაგიდას მისხდომოდნენ მათი წინადადებების განსახილველად.
სერჟ სარკისიანი. ფოტო აღებულია სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური საიტიდან
აპრილის ესკალაციის შემდეგ გაჩნდა ეუთოს დამკვირვებელთა მისიის გაძლიერების იდეა, რის ხარჯზეც შესაძლოა, თეორიულად შემცირდს ინციდენტების რაოდენობა და მთლიანად რეგიონში არსებული დაძაბულობა. ეს იდეა პრეზიდენტების ორი უკანასკნელი შეხვედრის დროს განიხილეს, თუმცა საბოლოო თანხმობა მათი მხრიდან არ ყოფილა.
შეთავაზებული იყო ისეთი აზრიც, რომ გაზრდილიყო ეუთოს არსებული მისიის დამკვირვებელთა რაოდენობა, და მათ საშუალება ჰქონოდათ, დროის ნებისმიერ მონაკვეთში კონფლიქტის ზონის ნებისმიერ ადგილას ჩასულიყვნენ, ასევე შეძლებოდათ ინციდენტების გამოძიება, თუკი მათ ამ თხოვნით მხარეთა წარმომადგენლები მიმართავდნენ.
წინა შეხვედრების და განხილვების დროს ამ წინადადებაზე უარი არავის უთქვამს. თუმცა, ეს აზრი მხოლოდ მრავალწლიანი მოლაპარაკებათა პროცესის ფონზე წამოაყენეს, რადგან ამ პროცესში არანაირი წინსვლა არ შეინიშნებოდა, და როგორც ჩანს, მან თავი უკვე ამოწურა კიდეც. ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების ან აზერბაიჯანელი დევნილების დაბრუნების საკითხი გადაუწყვეტელი რჩებოდა, ისევე როგორც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის აღიარება. ასე რომ, გაჩნდა თუ არა წინადადება დამკვირვებელთა მისიის გაზრდასთან დაკავშირებით, ამას მაშინვე მოჰყვა კითხვა: რა იქნება მას შემდეგ, რაც რეგიონში დამკვირვებელთა მისია გაჩნდება? თუ როგორი იქნებოდა მომდევნო ნაბიჯი – ამის შესახებ მხარეებმა შეთანხმება ისევ ვერ შეძლეს.
ვიდრე ორი ქვეყნის ლიდერები სანგრებს ათვალიერებდნენ, მათ მინისტრებს დიპლომატიური ომის აქტიური ფაზა ჰქონდათ გაჩაღებული. ჰამბურგში ეუთოს წევრი ქვეყნების ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხური მხარე დაადანაშაულა მოლაპარაკებათა პროცესის შეგნებულად გაწელვაში, რომელიც მიმართული იყო მხოლოდ ეგრეთ წოდებული სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენ, და არა – ყარაბაღის ბაქოს უშუალო კონტროლის ქვეშ დაბრუნებისკენ. ელმარ მამედიაროვმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა, თუ როგორ ესახებოდა მას პროცესის გაგრძელება: სომხური ჯარის ყარაბაღიდან გაყვანა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა და დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყება, რეგიონისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემით.
სომეხმა კოლეგამ მამედიაროვს წაკბინა და მისი მისამართით წაყენებულ ბრალდებებს “ტარაკნის საცეცებზე მდგომი სიცრუე” უწოდა. ედვარდ ნალბანდიანის სიტყვებით, აზერბაიჯანი მშვიდობიანი დარეგულირების სურათს ერთადერთი მიზნით ხატავს – რომ საკუთარი მოსახლეობა და მსოფლიო საზოგადოებრიობაც დაარწმუნოს, თითქოს ომი მისთვის მოქმედების ერთადერთი დარჩენილი გზაა. მისი თქმით, ბაქოს არც ყარაბაღის მოსახლეობა ენდობა და არც სომხეთის, რადგან ბოლო ესკალაციის დროსაც კი იყო ჯარისკაცების და ადგილობრივი ხნიერი ადამიანების აბუჩად აგდებისა და მათთვის კიდურების დაჭრის შემთხვევები. ამისთვის აზერბაიჯანის მხრიდან პასუხი ჯერ არავის უგია.
საჯაროდ გამართული ამ ჩხუბის შემდეგ მინისტრები თავიანთ ქვეყნებში ისე დაბრუნდნენ, რომ აპრილის დაპირისპირებისთვის წერტილი არ დაუსვამთ.
“რატომ ვერ დაასრულეთ ეს ყველაფერი?” ან ყველასთვის უსარგებლო სტსუს-კვო
ფრონტის ხაზზე სანგრებში წოლა ყარაბაღის ახალგაზრდობის უკვე მესამე თაობას უწევს. სავალდებულო ორწლიანი სამხედრო სამსახურის გავლა ყველა აქაური ყმაწვილისთვის აუცილებელია, და ამას ყველა ძალიან სერიოზულად უდგება. მათი უმრავლესობისთვის სასანგრო სამსახური – მთავარი და ზოგჯერ ერთადერთი ინსტიტუტია, სადაც ისინი ცხოვრების საფუძვლებს ეუფლებიან.
ბევრი მათგანისთვის აპრილის ესკალაცია ნამდვილ პირველ საბრძოლო ნათლობად იქცა. რამდენიმე საათში პოზიციები ასობით ადგილობრივმა მამაკაცმა დაიკავა. თითოეულს იარაღი და სამხედრო ფორმა გამოუყვეს.
“მამა და შვილი გვერდიგვერდ იბრძოდნენ”, – მიყვება პოდპოლკოვნიკი სარქსიანი.
მისი თქმით, ასეთ ხალხმრავლობას პოზიციებზე უწესრიგობა არ შეუქმნია, რადგან თითოეულმა ზუსტად იცოდა, “რის გაკეთება ევალებოდა და ვინ გასცემდა ბრძანებებს”.
ასეთ საბრძოლო მზადყოფნაზე ჩამოსულებს სიამაყით უამბობენ. თუმცა, ამ ამბავს მეორე მხარეც აქვს.
“რატომ არ დაასრულეთ თავის დროზე ეს ყველაფერი?! ჩვენ რატომ დაგვიტოვეთ!”- გვიყვიროდა ჩემი დისშვილი მე და ჩემს დას”, – მიყვება ერევნელი მკვლევარი აპრილის მოვლენების შემდეგ მის მშობლიურ ყარაბაღის მხარეში მომხდარ ამბებს.
“ეს ომის მეორე მხარე იყო და ვერაფერს ვპასუხობდით: ომის პირველივე საათებში ბიჭს სამი მეგობარი დაეღუპა”.
ამ ყმაწვილისთვის, ისევე როგორც ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის, აპრილის მოვლენები პირველი იყო, რაც მათ ომის საფრთხეს რეალურად შეახსენებდა. მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი ორი ათწლეულის განმავლობაში ყარაბაღმა აღდგენა მოასწო და უფრო მეტად დაემსგავსა, თუნდაც დე-ფაქტო, მაგრამ მაინც სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომელსაც 40 პროცენტით მაინც შეუძლია საკუთარი ბიუჯეტის უზრუნველყოფა, და ადგილობრივი სახელისუფლო შტოების რეფორმირებას აპირებს. ადამიანებს არათუ საარსებო საშუალება აქვთ, ისინი უკვე წელში გაიმართნენ და ფიქრი დაიწყეს ბიზნესის განვითრებაზე, უცხოეთში განათლების მიღებასა და ბევრ ისეთ რამეზე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება საომარ პირობებში დაბრუნების შემთხვევაში.
მართალია, სანგრული ცხოვრება აქაური ყოფის ნორმად იქცა, მაგრამ ამავე დროს ის ყარაბაღის მშვიდობიანი განვითრების შესაძლებლობასაც იძლეოდა. აქაურებისთვის ომი – სადღაც იქ არის, პოზიციებზე. დანარჩენები კი ცხოვრებას და განვითრებას აგრძელებდნენ.
ამის ყველაზე ნათელი დსტურია ადგილობრივი მსხვილი ფერმერის ამბავი, რომელმაც ვერ მოასწრო გაეთვითცნობიერებინა, რომ რეალური სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, და სამხედრო ხელმძღვანელობას სთხოვდა, მის ნათესებზე ტანკები არ გაეტარებინათ. მას თავი ჯერ კიდევ მშვიდობიან ყარაბაღში ეგონა, რომელიც აპრილში საომარ ადგილად გადაიქცა.
მაგრამ პრობლემის გადაუწყვეტლად აქ ცხოვრებას ცოტა თუ ისურვებს. ყარაბაღის სხვა მკვიდრთა მსგავსად, სტატუს-კვო მიუღებელია აგდამიდან დევნილი, სომხური წარმოშობის, სახელგანთქმული პეტერბურგელი აკადემიკოსისთვისაც, რომელთანაც ურთიერთობა მომიხდა:
“ეს უკვე იმდენი წელიწადია გრძელდება, ახალგაზრდები იზარდებიან, და უკვე კი არ გვთხოვენ, ითხოვენ შინ დაბრუნებას”, – მიხსნის ის ბქოს ხელისუფლების ქმედების ლოგიკას.
მას, ყარაბაღიდან დევნილი ათასობით სხვა ადამიანის მსგავსად, საკუთარი სახლის ნანგრევების ნახვა მხოლოდ Google Maps-ის საშუალებით შეუძლია. მოვლენების ამგვარ განვითარებასთან შეგუებას კი არ აპირებს.
ზამთრის ხანგრძლივობის შესვენება
აპრილის დაპირისპირების შემდეგ მთელი წელიწადის განმავლობაში ორივე მხრიდან აქაური საზომებით მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობდა. ყოფილ სანგრებს ამატებდნენ ახალ რიგებს, უფრო მეტად დაცულ გზებს და საგანგებო სადამკვირვებლო ტექნიკას. ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ დანიშნულ დროს მინიმალური დანაკარგებით შეესრულებინათ დასახული მიზანი.
მხოლოდ სიცივის დადგომის შემდეგ დაიწყეს მძიმე ტექნიკის გაყვანა, და ისიც ბაზებში, საიდანაც წამებში შესაძლებელია მათი ისევ დაძვრა. მნიშვნელოვნად იკლო ორმხრივი სროლების შესახებ შეტყობინებათა რიცხვმაც. ისე მოხდა, რომ ყველაზე ეფექტური მშვიდობისმყოფელი აღმოჩნდა ზამთრის ყინვა, რომელიც ადგილობრივი ჯარისკაცების წინასწარმეტყველებით, გაზაფხულის დადგომისთანავე შეიძლება “გამოცოცხლდეს”.
სანგრის განაპირას, დაბალჭერიანი ნაგებობის შიგნით ორსართულიანი საწოლი დგას. ერთ-ერთ კედელზე იმ გმირების სიებია გაკრული, რომლებიც დაპირისპირების წლებში დაიღუპნენ. მოპირდაპირე მხარეს კი – აზერბაიჯანული ჯარის სამხედრო მოსამსახურეთა სხვადასხვა რანგის ნიშნები.
ზედა სართულზე შავი გადასაფარებლიდან გამოძინებული სახით იღიმება 18 წლის ბიჭი, რომელიც ჩემს მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა ღამის პატრულირებიდან.
“ხო არ იცი, იქ რა ხდება?” – დიდმნიშვნელოვნად ავწიე თითი ჭერისკენ, და უმაღლესი ხელისუფლება ვიგულისხმე.
ღიმილი არ შეუწყვეტია, უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია, და თან წოდებით უფროსს ხელი აუწია, რომ ნამცხვარი გამოერთმია.
ამ ბიჭებიდან არც ერთს არ აქვს არც მობილური ტელეფონი და არც ტელევიზორი, ასე რომ, ბოლო პოლიტიკური განცხადებებისა და დიპლომატიური ბატალიების შესახებ არაფერი იციან.
მაგრამ თუ რაიმე სერიოზული დაიწყო, პირველები გაიგებენ, რადგან რაც დასაწყებია, ხომ ისევ ამ სანგრებში დაიწყება.