ვინ მოკლა ინალ ჯაბიევი ცხინვალში? ოჯახი აქციებს აგრძელებს
ცხინვალში უკვე მეორე დღეა გრძელდება ინალ ჯაბიევის ოჯახის საპროტესტო აქცია, რომელიც, 2020 წლის აგვისტოში, შსს-ს საგამოძიებო იზოლატორში, სავარაუდოდ, წამების შედეგად გარდაიცვალა. სოციალურ ქსელებში, ჯაბიევის ცხედრის ფოტოსურათები გავრცელდა, რომელზე აღბეჭდილი მრავლობითი სისხლჩაქცევებიც, ამ ვერსიას ამტკიცებს.
პროტესტის ახალი ტალღა დაკავშირებულია ექსპერტიზის ოფიციალურ დასკვნასთან, რომელიც სიკვდილის მიზეზად აბსტენტურ სინდრომს ასახელებს – საუბარია იმაზე, რომ დაკავების დროს, ინალ ჯაბიევმა ვერ მიიღო ნარკოტიკები, რომელზე, თითქოს, დამოკიდებულიც ის იყო.
ოჯახმა ექსპერტიზის ეს დასკვნა უარყო და განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეები არ დაიშლებიან, სანამ სამართლიანი გამოძიება არ ჩატარდება და დამნაშავეები არ დაისჯებიან.
- მოსაზრება: პროტესტი ცხინვალში – დამნაშავეების დასჯა არასაკმარისია, სისტემა უნდა შეიცვალოს
- ცხინვალში არაფერი იცვლება – ბიბილოვი წასვლას არ აპირებს, მას მხარი მოსკოვმა დაუჭირა
6 დეკემბრის საღამოს, ცხინვალში, მთავრობის სახლის წინ, დაახლოებით, 50 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, ინალ ჯაბიევის დედა და მეუღლე. ის 28 წლის იყო და მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
წინა ღამე მათ სკამებზე გაატარეს. დამდეგი, მეორე ღამის წინ, მათ წვიმისგან თავის შეფარება, ცელოფნის ქვეშ სცადეს, რომელიც ხეებზე დაამაგრეს.
თუმცა, პოლიციამ ეს იმპროვიზებული „სახურავი“ მოგლიჯა. საპროტესტო აქცია არასანქცირებულია, პოლიციამ მჭიდრო ალყა დაარტყა პროტესტის მონაწილეებს, მათთან არავის უშვებენ და სახლში წასვლისკენ მოუწოდებენ.
სოციალურ ქსელებში, „ჯაბიევების ოჯახის დაცვისა და მათ გვერდით დადგომისკენ მოწოდებით“ გამოდიან.
ინალ ჯაბიევი ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის შს მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და რამდენიმე დღის შემდეგ, 28 აგვისტოს, მილიციის განყოფილებაში, სავარაუდოდ, წამების შედეგად გარდაიცვალა.
საზოგადოებაში დაწყებული პროტესტისა და რამდენიმე მიტინგის შემდეგ, თანამდებობას ჩამოაცილეს შს მინისტრი, თანამდებობიდან გადადგა მთელი მთავრობა, დააკავეს მილიციის ხუთი თანამშრომელი. თუმცა, ოპოზიცია, მათ შორის, პარლამენტის 17 წევრი გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომასა და პატიმარზე ძალადობის ფაქტების ღია გამოძიებას მოითხოვს.
გუშინდელი, 5 დეკემბრის აქციის აქტიური მონაწილე იყო მოკლულის ტყუპისცალი ძმა, აცამაზ ჯაბიევი. თუმცა, 6 დეკემბერს მასზე ძებნა გამოცხადდა. როგორც იტყობინებიან, „აცამაზ ჯაბიევმა უცენზურო ფრაზებით შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების წარმომადგენლებს 11 ნოემბერს ცხინვალის პროკურატურის შენობაში და 4 დეკემბერს, დედაქალაქის თეატრის მოედანზე“.
აცამაზი 2020 წლის აგვისტოში, ინალთან ერთად, ასევე, შს მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ ძმის სიკვდილის შემდეგ, ის გაათავისუფლეს.
შს მინისტრზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ორმა მოქალაქემ – ნიკოლაი ცხოვრებოვმა და გერსან კულუმბეგოვმა – სერიოზული ტრავმები მიიღეს იზოლატორში წამების შედეგად. ცხოვრებოვს ხერხემალი აქვს დაზიანებული და სიარული არ შეუძლია.
რას ამბობენ და აკეთებენ ხელისუფლებაში ინალ ჯაბიევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ამ დროისთვის, ხელისუფლების ბოლო ქმედება: 6 დეკემბერს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის, პოლკოვნიკ ჯემალ ბიბილოვის წინააღმდეგ.
მას ბრალად ედება „სამსახურისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რომელმაც ინალ ჯაბიევის სიკვდილი და ნიკოლაი ცხოვრებოვისა და გერსან კულუმბეგოვის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია“.
ასევე, 6 დეკემბერს, გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა ჯაბიევის საქმეზე ორი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. კონკრეტულად ვისზეა საუბარი – ინფორმაცია არ ვრცელდება.
შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ პუხაევი ჯაბიევის ახლობლებს შეხვდა და აცნობა, რომ „ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და ყველა დამნაშავე დაისჯება“. მან ასევე მოუწოდა მათ, „დაიცვან წესრიგი და დაიშალონ“.