"ტერაქტები 18 წლამდე" - რატომ იჭერენ მოზარდებს რუსეთში
სულ უფრო მეტი მოზარდი რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით ციხეში ხვდება. “თავიდან აცილებული ტერაქტების” რიცხვი კი იზრდება. რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემა „ნოვაია გაზეტამ“ დაასკვნა, რომ სპეცსამსახურებმა მოზარდების და ახალგაზრდების დევნა განსაკუთრებით აქტიურად დაიწყეს კორუფციის წინააღმდეგ 2017 წლის ახალგაზრდული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ.
გასული წლის განმავლობაში, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, ერთდროულად მოზარდთა რამდენიმე გახმაურებული დაპატიმრება მოხდა: ძალოვნების განცხადებით, ისინი ტერაქტების ორგანიზებას სკოლის ან სამართალდამცავი ორგანოების შენობებში აპირებდნენ.
- რუსეთი: სასამართლომ ჟურნალისტი ტერორიზმის გამართლებაში დამნაშავედ ცნო
- აგვისტოს ომის დროს გაგზავნილი SMS-ის გამო გასამართლებული ქალები. ვინ არიან ისინი?
- რუსეთი: ხელისუფლება ახალგაზრდებს უტევს
სპეცსამსახურების ცნობები ამგვარი თავიდან აცილებული თავდასხმების შესახებ 2018 წლიდან გახშირდა – მანამდე მედიისთვის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გახდა ცნობილი.
2014 წლიდან რუსეთში სკოლის მოსწავლეებისა და მოზარდების მონაწილეობით სულ მცირე 29 თავდასხმა მოხდა. ძალოვნები აცხადებენ, რომ ასეთი შემთხვევების რიცხვი შეიძლება 3,5-ჯერ მეტი ყოფილიყო. 2013 წლის შემდეგ, სპეცსამსახურების განცხადებით, მოზარდების მიერ დაგეგმილი სულ მცირე 69 თავდასხმა აღიკვეთა, მათი უმეტესობა, 63 – ბოლო ორი წლის განმავლობაში.
თუ მომხდარი თავდასხმები დაუყოვნებლივ სოციალურ ქსელებსა და მედიაში ხვდება, აღკვეთილი თავდასხმების დეტალები, ჩვეულებრივ, მხოლოდ ძალოვნების სიტყვებიდან ხდება ცნობილი.
შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა იმალება სპეცსამსახურების ანგარიშების მიღმა – ტერორიზმის წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლა თუ „ვარსკვლავების“ მოპოვების სურვილი.
”უშიშროების ფედერალური სამსახური ძალიან დახურული სტრუქტურაა. იქ არ არსებობს საზოგადოებრივი კონტროლი, სამეთვალყურეო ორგანოებს არ აქვთ შესაძლებლობა გააკონტროლონ მისი საქმიანობა, ამიტომ მათ შეუძლიათ დახატონ ყველაფერი, რაც უნდათ.” – ამბობს ადვოკატი ვიტალი ჩერკასოვი.
ეჭვები მოზარდებისთვის წაყენებული ბრალდების ნამდვილობასთან დაკავშირებით ასევე იმის გამო ჩნდება, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ღიად ხელმისაწვდომი ხდება, აბსურდულია.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეების დევნის მიზეზი გახდა გვერდის მოწონება რუსულ სოციალურ ქსელში ВКонтакте აშშ-ში კოლუმბაინის სკოლაში სროლის შესახებ, ასევე იდეა თამაშში Minecraft ვირტუალური ФСБ-ს შენობის აფეთქებაის თაობაზე. ამ იდეის ავტორი მოზარდები ტერორისტული საზოგადოების ორგანიზებაში დაადანაშაულეს.
”ახალგაზრდებთან ბრძოლა მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, თუ მათ უკვე ჩაიდინეს დანაშაული. საუბრები რადიკალურ თემებზე არცთუ იშვიათია თინეიჯერებს შორის. საეჭვო ახალგაზრდული ჯგუფების მეთვალყურეობა ნორმალურია. მაგრამ თუკი არსებობს მოთხოვნა, რომ ამ დაკვირვებას სისხლის სამართლის საქმეების გარკვეული რაოდენობა მოჰყვეს, ეს კარგად არ დასრულდება”, – ამბობს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის “სოვა”-ს დირექტორი ალექსანდრ ვერხოვსკი,
არის თუ არა პროტესტი დევნის მიზეზი?
სკოლის მოსწავლეებით ძალოვნების აქტიური დაინტერესება ორი წლის წინ დაიწყო. 2018 წლამდე “ნოვაია გაზეტა”-მ მხოლოდ ექვსი ისეთი შემთხვევა აღმოჩინა, როდესაც სპეცსამსახურებმა საჯაროდ განაცხადეს მოზარდების მიერ დაგეგმილი თავდასხმების აღკვეთის შესახებ, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში ისინი ამას რეგულარულად აკეთებენ.
საბაბი სპეცსამსახურების გააქტიურებისთვის შეიძლება გამხდარიყო ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლები 2017 წლის გაზაფხულზე, რომლებიც რუსეთის პრემიერის, დმიტრი მედვედევის კორუმპირებულობის შესახებ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გამოძიების გამოქვეყნებას მოჰყვა.
მაშინ ახალგაზრდები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასიურად გამოდიოდნენ აქციებზე კორუფციის წინააღმდეგ.
”როგორც ჩანს, ნავალნის მასობრივ საპროტესტო აქციებში მოზარდების მონაწილეობის შემდეგ გაჩნდა თემა იმის შესახებ, რომ ისინი რაიმე სახის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთვებოდნენ…
ადრე, თუ ФСБ-მ 14-15 წლის ანარქისტთა ან მონარქისტთა ჯგუფს მიაგნებდა, რომლებიც რამეს აფეთქებაზე მსჯელობდნენ – და ასეთები, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობენ – მათ რაღაცნაირად აშინებდნენ, მეთვალყურეობას უწესებდნენ და მეტი არაფერი. იყო ოპერატიული მუშაობა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეები არ აღიძვრებოდა”, – ამბობს ვერხოვსკი.
ამ პროტესტების შემდეგ გაჩნდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირველი გახმაურებული საქმეები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მიმართ: 2017 წლის შემოდგომაზე უშიშროებამ დააკავა პირველი ეჭვმიტანილები ე. წ. “ქსელის საქმეზე”; 2018 წლის გაზაფხულზე კი დააკავეს ორგანიზაცია “ახალი დიდების” საქმეში მონაწილე პირები. გამოძიება მიმდინარეობდა 20-ზე მეტ პირზე, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ტერორისტული და ექსტრემისტული საზოგადოების ორგანიზება, ასევე მთავრობის დამხობის მცდელობა. ბრალდებულები ძალოვნებს ზეწოლასა და წამებაში ადანაშაულებდნენ.