რა სჭირდებათ ცხოველებს ბედნიერებისათვის?
დილის 9 საათი. ერევნის ზოოპარკის 86 თანამშრომელთან ერთად პარკში შევდივართ. თუმცა, არა იმისთვის, რომ მათთან ერთად მოვუაროთ ცხოველებს ან ზოოპარკის ბინადრების ჯანმრთელობის მდგომარეობა შევამოწმოთ. უბრალოდ საინტერესოა, როგორია განახლებული და რეკონსტრუირებული პარკის ერთი დღე.
პარკი გუშინ და დღეს
ერევანში ზოოპარკის შექმნის იდეა რეალობად 1940 წელს იქცა. მაშინ 3-ჰექტრიან ტერიტორიაზე მხოლოდ ოციოდე ცხოველი ბინადრობდა.
ერევნის ზოოპარკი არც ამჟამად ითვლება ყველაზე დიდად, მაგრამ ახლა მისი ფართობი გაცილებით მეტია. ეს დაწესებულება 34 ჰექტარზეა გადაჭიმული, რომლის ნახევარიც ჯერჯერობით დაკავებული არ არის, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ახალი ვოლიერების აშენება იგეგმება.
ამჟამად ზოოპარკში 133 სახეობის 930 ინდივიდი ბინადრობს; მათგან 18 სახეობის მტაცებელი, 40 სახეობის ფრინველი და დაახლოებით 30 სახეობის თევზია; ზოოპარკში ოციოდე სახეობის ქვეწარმავალი და ამდენივე ჩლიქოსანი ჰყავთ; აქვე არიან ყველასათვის საყვარელი პრიმატები, სხვადასხვა ტიპის მღრღნელები, ხელფრთიანთა რიგის მხოლოდ სამი სახეობა და მხოლოდ ერთი ხორთუმიანი – სპილო გრანდი.
ზოოპარკში შესვლისას ჩვენს წინ ორი გზა იშლება: ერთი ზოოპარკის ახლანდელი მდგომარეობის დემონსტრირებას ახდენს, მეორე კი – მის წარსულს განასახიერებს.
მარჯვნივ წახვალ
მარჯვნივ წახვალ – მკვდართავა მაიმუნებს გადაეყრები, რომლებიც პრიმატების ოჯახის ყველაზე გონიერ წარმომადგენლებად მიიჩნევიან. ამ ცხოველების ტვინის წილობრივი მასა მათი სხეულის წონას აღემატება. ამასთან, ეს ონავარი ცხოველები კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან. იმის მიხედვით, თუ როგორ უვლიან ამ მაიმუნებს, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ევოლუციაზე, რომელიც ზოოპარკმა ბოლო დროს განიცადა.
მკვდართავების საცხოვრებელი ტერიტორია იმის კარგი მაგალითი, თუ რისკენ მიისწრაფვის პარკი – აქ მიაჩნიათ, რომ ცხოველები თავისუფლებასთან მიახლოვებულ პირობებში (ანუ ვოლიერებში) უნდა ცხოვრობდნენ. გალიები არ არის, მაგრამ ცხოველები წყლით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რაც მათი გაქცევის ალბათობას ნულამდე ამცირებს – წყლის ეშინიათ.
მარცხნივ წახვალ
მკვდართავების მოპირდაპირე მხარეს ბატკანძერი (კრავიჭამია) ცხოვრობს. მისი გალია აქ 40-იანი წლებში დაამონტაჟეს. სხვათა შორის, პარკის ზოგიერთი კონსტრუქციის მშენებლობაში მეორე მსოფლიო ომის სამხედრო ტყვეებიც იღებდნენ მონაწილეობას.
მიუხედავად იმისა, რომ ბატკანძერი გალიაში ცხოვრობს, ზოოპარკის თანამშრომლებმა მას მყუდრო კუთხე მოუწყვეს, და ამან საოცრება მოახდინა – ჩიტმა, რომელსაც 2000 წლის შემდეგ კვერცხი არ დაუდევს, ორი მართვე გამოჩეკა.
სარემონტო სამუშაოები
ზოოპარკში კეთილმოწყობის სამუშაოები 2011 წლიდან მიმდინარეობს. დაფინანსებას სხვადასხვა ეკოლოგიური პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა წყაროდან იღებენ. ზოოპარკის მთავარი პარტნიორი და სპონსორი ბუნებისა და კულტურული ღირებულებების დაცვის ფონდია.
2013 წლიდან ერევნის ზოოპარკში დაიწყო კეთილმოწყობის ახალი, მრავალეტაპობრივი პროგრამა, რომელსაც დედაქალაქის მერია აფინანსებს. რემონტამდე ზოოპარკის მთლიანი ტერიტორიიდან მხოლოდ 7 ჰექტარი გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ.
“პარკი ერევნის მერიის დაქვემდებარებაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეკონსტრუქციის ყველა მიმართულების მთავარ პარტნიორად გვევლინება სწორედ მერია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად პარკის კეთილმოწყობის ხანგრძლივი პროგრამების შემუშავებითა და რეალიაციით არის დაკავებული,” – ამბობს ერევნის ზოოპარკის დირექტორი, რუბენ ხაჩატრიანი.
ჩატარებული სამუშაოების ნაწილს დამთვალიერებლები ვერ ამჩნევენ, რადგან, პირველ რიგში, შიდაკომუნიკაციების (კერძოდ კი საკანალიზაციო სისტემის) განახლება და კაპიტალური რემონტი ჩატარდა. “უკვე გაწეული შრომის გარდა, კიდევ ძალიან სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოგვიწევს, ევროპის ზოოპარკების ასოციაციის სრულფასოვანი წევრები რომ გავხდეთ,” – ამბობს რუბენ ხაჩატრიანი.
რეფორმები და ახალი სტანდარტები
მთავარ ინოვაციად ვოლიერების მშენებლობაა მიჩნეული. თუკი მკვდართავებისთვის გალიის ფუნქციას წყალი ასრულებს, სხვა ცხოველების შემთხვევაში, ამავე დანიშნულებით ელექტროობა გამოიყენება. ზოგიერთი ჩლიქოსანი ხის ღობის იქით ცხოვრობს. ჩნდება კითხვა – მაშ რატომღა გარბიან. პასუხი მარტივია – ფოტოების გადამღებებს გაურბიან.
ზოგიერთი ცხოველი მინით შემოსაზღვრულ სივრცეში ცხოვრობს, რაც ასევე არ შეესაბამება დამთვალიერებლების წარმოდგენას ჩვეულებრივი გალიის შესახებ.
ინოვაციებს შორისაა ცხოველების “გაჩიპიანება”, რაც ცხოველების სქესის, ასაკისა და ავადმყოფობის ისტორიის დადგენის საშუალებას იძლევა. ჩიპი ფლობს ყველა იმ მონაცემს, რომელიც ცხოველის ახალ საცხოვრებელ ადგილას გადაყვანისთვის შეიძლება გახდეს საჭირო. ფაქტობრივად, ცხოველი საკუთარ “ბიოგრაფიას” თან ატარებს.
კეთილმოწყობის შემდეგ ზოოპარკი გახდა ერევნის იმ მცირერიცხოვანი საზოგადოებრივი სტუქტურებიდან ერთ-ერთი, სადაც ინკლუზიური სათამაშო მოედანი მდებარეობს. რეალურად, მთელი პარკი ინკლუზიურად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მისი დათვალიერება ნებისმიერ ადამიანს უპრობლემოდ შეუძლია. გარდა ამისა, პარკში მდებარეობს იპოდრომიც, სადაც კვირაში რამდენჯერმე ინვალიდებს იპოთერაპიის კურსებს უტარებენ.
პარკის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი მიღწევაა ადგილობრივი ვეტერინარული კლინიკის გახსნა. აღნიშნული დაწესებულება არამხოლოდ ზოოპარკის ბინადრებს, არამედ ყველა იმ ცხოველს ემსახურება, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, და თან, ეს დაწესებულება ცხოველებს სრულიად უფასოდ მკურნალობს.
ვეტერინარული კლინიკა
ზოოპარკის მთავარი ვეტერინარი, არუთიუნ ოგანესიანი თავის პაციენტებს ყოველ დილით სინჯავს. ის უკვე ხუთი წელია, აქ მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ოპერაცია აქვს ჩატარებული.
ყველაზე მეტად მას ის ოპერაცია დაამახსოვრდა, რომელიც ირემს გაუკეთეს – მაკე ფურირემს თიაქარი აღმოაჩნდა და მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ვეტერინარს ოპერაციის ჩატარება უშუალოდ ვოლიერში მოუხდა. საბოლოოდ ირემს ნაყოფი მოაშორეს და ის გადარჩა.
“ცხოველის ქმედება ზუსტად ასახავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. მარტივ მაგალითს მოვიყვან – ცხოველისთვის ჯგუფისგან გამოყოფა იმის ნიშანია, რომ ამ ინდივიდს ყველაფერი წესრიგში არ აქვს,” – ამბობს ვეტერინარი.
ახლა ვეტერინარებისთვის უფრო ადვილია მუშაობა – უკვე არსებობს ცხოველების მოვლისთვის აუცილებელი პირობები. ექიმებს საკუთარი საოპერაციოები, შორი მანძილიდან საძილე წამლის შეყვანისათვის საჭირო შპრიცები, გაზის ნარკოზის აპარატი და მრავალი სხვა ისეთი ხელსაწყო აქვთ, რაზეც ადრე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა.
უფლება მოგცეს, გვენახა, თუ როგორ უვლიან ლელიანის კატასა და ნამგალას.
სპილო ბუნკა და მისი მეგობარი გევორგი
გევორგ გრიგორიანი ჩლიქოსანთა განყოფილების ხელმძღვანელია. მის მოვალეობაში შედის სპილო “გრანდ უმცროსის” მოვლა. გევორგი სპილოს კანსა და ფეხებს უვლის, წვრთნის ცხოველს და აკორდეონზე დაკვრას ასწავლის. უკვე 22 წელია, რაც ზოოპარკში მუშაობს. ბოლო 8 წლის მანძილზე სამ სპილოს უვლიდა.
“სპილო ძალიან ჭკვიანია. ჩვენი ვაჟია. ვუყვარვართ და პატივს გვცემს და ეს გრძნობა ორმხრივია,”- ამბობს გევორგი.
სპილოს “ბუნკას” ეძახის და არა “გრანდს”. ეს სპილო ჩვენთან საქართველოდან ჩამოიყვანეს, სადაც “ბუნკას” ეძახდნენ და ამიტომ ცხოველი სწორედ ამ სახელზე რეაგირებს.
გევორქი ხალისით ყვება, თუ როგორ აღნიშნავს თავის ნებიერას დაბადების დღეს 30 დეკემბერს – წლის უკანასკნელ სამუშაო დღეს. წიწვოვანი ხეების ტოტები და ხილი მიაქვს ხოლმე მისთვის და ველური ბუნების ატმფეროს ქმნის, რომ მეგობარი გაახაროს.
“ჩვენს ბიჭს მეგობარი გოგონა სჭირდება. მარტოსულად გრძნობს თავს და მოუსვენრობა დასჩემდა,” – წუხს გევორგი.
პროფესიული თანამშრომლობა
ერევნის ზოოპარკის თანამშრომლები და ამ დაწესებულების პარტნიორი ორგანიზაციების (კერძოდ კი ამსტერდამის სამეფო ზოოპარკ “არტისის”) წარმომადგენლები ყოველდღიური თანამშრომლობის პროცესში (კოლეგები პერიოდულად ერთმანეთს სტუმრობენ) ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
ვირტუალურ რეალობაში კი მუდმივი თანამშრომლობის რეჟიმი აქვთ დაწესებული. ცხოველებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, ადგილობრივი სპეციალისტები გამოცდილი უცხოელი კოლეგების კონსულტაციას იღებენ.
მშვიდობიანი თანაცხოვრება
ზოგიერთ ნაკვეთზე სხვადასხვა სახეობისა და ჯიშის ცხოველები ერთად ცხოვრობენ. ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევებში პატარა ოჯახური კონფლიქტები მაინც ხდება. მაგალითად, ონავარ მკვდართავებსა და გედებს საზიარო ვოლიერი აქვთ და პერიოდულად მაიმუნები გედების კვერცხებს იპარავენ.
თეთრთავიანი ორბი კი ბოცვრებთან ერთად ცხოვრობს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს ფრინველი პატარა მღრღნელებისათვის სულაც არ არის სახიფათო. საქმე ისაა, რომ ორბები მხოლოდ ლეშით იკვებებიან.
მოლოდინის სია
პარკის გარკვეულმა ნაწილმა ჯერჯერობით შეინარჩუნა “გისოსების” იერი და ზოგიერთ ცხოველს არც ისე კომფორტულ გარემოში უწევს ცხოვრება. მაგალითად, აფრიკულ ლომს მეტისმეტად ვიწრო გალია შეხვდა, მაიმუნები კი იმ ცხოველებს მიეკუთვნებიან, რომელთა საცხოვრებელიც სეზონურად არ იცვლება. და ეს მაშინ, როდესაც კატისებრმა ლემურებმა უკვე იშოვეს მოსახერხებელი საზაფხულო და თბილი საზამთრო ვოლიერები.
მაგრამ, ამავდროულად, ზოოპარკის დამთვალიერებლები ამ დაწესებულებას არ ტოვებენ ისე, რომ არ გაიცნონ ცუდ პირობებში მცხოვრები ლომი და ვეფხვები.
მთავარი ისაა, რომ ზოოპარკის რეკონსტრუქციის გეგმა უკვე შემუშავებულია და თანმიმდევრულად ხორციელდება.
გამოქვეყნდა: 11.06.2016