მოსაზრება: აფხაზეთს რუსული ფული სჭირდება, მაგრამ ის შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს
აფხაზეთში დიდი მოლოდინი არსებობს ასლან ბჟანიას ვლადიმირ პუტინთან პირველი შეხვედრისგან – პირველ რიგში, ეს რუსულ ფინანსურ დახმარებას ეხება, რაც აფხაზეთს კრიზისის დასაძლევად ძალიან სჭირდება. თუმცა ამჯერად მოსკოვი ელოდება, რომ აფხაზეთი ამისთვის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.
ეს პირობები აფხაზეთში ძალიან არაპოპულარულია და მათზე თანხმობის მიცემა არცერთ წინა ხელისუფალს გაუბედავს. თუმცა, ამჯერად, აფხაზური ხელისუფლება რთული გადაწყვეტილების აუცილებლობის წინაშე დგას, – მიაჩნია ინალ ხაშიგს, JAMnews– ის რედაქტორს აფხაზეთში.
დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა
ბევრს უკვირს, რატომ ექცა თითქმის იდეა ფიქსად ასლან ბჟანიას შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან. იგი ამ შეხვედრას თითქმის რვა თვის განმავლობაში ელოდა. მოსკოვშიც რამდენიმეჯერ უშედეგოდ გაემგზავრა.
შესაძლოა, სწორედ ეს იყო კრემლის მიზანი – აფხაზეთის პრეზიდენტის საჭირო “კონდიციამდე” მიყვანა. რადგან ყველა ლიდერი არ არის მზად თვითიზოლირებისთვის ორი კვირის განმავლობაში (პუტინთან შეხვედრის ერთ-ერთი პირობა). მაგრამ, ეს შეხვედრა აუცილებელი იყო. ბუნებრივია, არა პუტინისთვის, არამედ ასლან ბჟანიასთვის.
მისთვის აფხაზეთში ყველაფერი ძალიან ცუდად მიდის. ხაზინა ისედაც ქრონიკულად ცარიელია და ამას პანდემია და ენერგეტიკული კრიზისი დაემატა. ყველგან პრობლემებია და მათ გადასაჭრელად ფულია საჭირო, ბევრი ფული, რომ როგორმე აქ სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს.
- მოსაზრება: აფხაზეთი – დროა, ანგარიში გავასწოროთ
- აფხაზი პოლიტიკოსი: აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს წევრი უნდა გახდეს
- აფხაზეთი: საპენსიო სასჯელი
ახლა ერთადერთი იმედი მოსკოვია. იმედი იმის, რომ რუსეთი აფხაზეთისთვის, ადრინდელის მსგავსად, სერიოზულ დახმარებას გამოყოფს. არსებობს რიგი პირობები, რისი შესრულებაც ამ დახმარების მისაღებად არის აუცილებელი.
რა უნდა რუსეთს
ამ ჩამონათვალში შედის უძრავი ქონების გაყიდვის აკრძალვის მოხსნა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რუსული კომპანიების აფხაზეთის ენერგეტიკულ სისტემაში დაშვება, რუსებისთვის აფხაზეთის მეორე მოქალაქეობის ლიბერალიზაცია და ახალი ათონის მონასტრის გადაცემა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე სხვა წვრილმანი საკითხები.
ამ პუნქტების დაკმაყოფილებამ, არათუ ერთად, არამედ ცალ-ცალკეც კი, შეიძლება აფხაზეთის ლიდერს ძალიან ძვირად, მათ შორის პრეზიდენტის პოსტის დაკარგვად დაუჯდეს.
რადგან ეს პირობები არაპოპულარულია აფხაზი მოქალაქეების აქტიურ წრეებში, რომლებიც პერიოდულად საპრეზიდენტო სასახლეს შტურმით იღებენ ხოლმე.
რუსეთის მოთხოვნების ეს სია ახალი არ არის.
ის პირველად სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობის პერიოდში გამოჩნდა (2005-2011). თუმცა ბაღაფში, როგორც შეეძლო, ლავირებდა, სანამ მოულოდნელად არ გარდაიცვალა.
შემდეგ ეს სია, აფხაზეთის შემდეგი პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის მაგიდაზე აღმოჩნდა; ანქვაბი რაულ ხაჯიმბამ შეცვალა, რომელიც ყოველთვის კრთებოდა, როდესაც მოსკოვის დღის წესრიგს ახსენებდნენ.
აქამდე აფხაზეთის პრეზიდენტები ამ “განკითხვის დღის” გადაწევას მაინც ასე თუ ისე ახერხებდნენ. სამივე პრეზიდენტის ხელში ფინანსური ნაკადები მოსკოვიდან აფხაზეთში პრაქტიკულად შეუფერხებლად მოედინებოდა.
მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, კრემლში ლოდინით დაიღალნენ და გადაწყვიტეს ესარგებლათ ფორმულით საბჭოთა კომედიიდან “თორმეტი სკამი” – ჯერ სკამები, შემდეგ ფული.
რისთვის არის მზად აფხაზეთი
მოკლედ, აფხაზეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ისე ადვილად თავის დაძვრენას ვერ მოახერხებს, როგორც მისი წინამორბედები და მან ეს კარგად იცის. ამის მიუხედავად, ბჟანია არ არის მზად პირველი დარტყმა თავად მიიღოს, ამიტომ ხალხიას შემზადება მან “ქვემოდან”დაიწყო – საქმეში საკუთარი მხარდამჭერი საზოგადო მოღვაწეები და პარტიული აქტივისტები ჩართო.
არცერთი მათგანი მოსკოვს არც ახსენებს. ისინი თითქოს დაწერილი “შპარგალკიდან” კითხულობენ ერთსა და იგივეს და რეფორმების საჭიროებას ამტკიცებენ.
მოსახლეობის შემზადება ყველაზე მტკივნეული თემით – რუსებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის საკითხით დაიწყო. გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ იმას, რასაც აქამდე არავინ ამბობდა – რომ სულ ღარიბები ვიქნებით, სანამ უცხოელებს, ანუ რუსებს, არ მივცემთ უფლებას შეიძინონ უძრავი ქონება აფხაზეთში.
ისინი გაურბიან არგუმენტებს და არ აკონკრეტებენ, თუ რას მოუტანს ეს იდეა ხაზინას ფულადი თვალსაზრისით და რა რისკები ახლავს ამ პროცესს.
დიდი ხმაურის მიუხედავად, მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც აშკარად აცნობიერებენ, რომ რუსებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის აკრძალვის მოხსნის საკითხის მოგვარება ერთბაშად შეუძლებელია.
პარლამენტი, რომელმაც ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს, საკითხის განხილვას არ ჩქარობს. რომც იჩქაროს, უცებ შეიძლება გაბრაზებული ხალხის ალყაში აღმოჩნდეს.
ზოგადად, ჩიხი აშკარაა. მაგრამ ასლან ბჟანიას, აფხაზეთში შედარებითი სტაბილურობის მისაღწევად, ფული ახლავე სჭირდება. მისი მიზანია დაარწმუნოს პუტინი, რომ პროცესი დაწყებულია და თანხა ავანსად მიიღოს.
დაუჯერებს თუ არა ვლადიმირ პუტინი ასლან ბჟანიას, ალბათ რიტორიკული კითხვაა.