აზერბაიჯანელები აღარ ყიდულობენ ავტომობილებს რუსთავში
შაბათი დღეა. დაუსრულებელ რიგებში ათასობით მანქანაა ჩამწკრივებული. მათი პრიალა ზედაპირი მარტის მზის სხივებს ირეკლავს.
ავტომობილების ასეთი სიმრავლის მიუხედავად, უჩვეულო სიწყნარეა – მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დასეირნობს და შიგდაშიგ სხვადასხვა მანქანასთან ჩერდება.
ეს რუსთავის ავტობაზრობაა. სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდი ავტობაზრობა. ცოტა ხნის წინ შაბათ დღეს აქ ნემსს ვერ ჩააგდებდი, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა.
“იყიდება. ფასი 7 900. დარეკეთ ნომერზე 577…
“ძრავი 2,5. ფასზე შევთანხმდებით. დარეკეთ 571..
დიმა შავ ‘ტოიოტა პრადოს’ პულვილიზატორით სითხეს ასხამს და მშრალი ჩვრით წმენდს.
მანქანა ახალთახალი ცენტივით ბრწყინავს.
“მყიდველი კი არა, ისეთი მდგომარეობაა, გამყიდველებსაც ეზარებათ უკვე დგომა,- ამბობს ის. ამ მანქანას რომ უყურებ, მანქანა არ ჯობია, მაგრამ თითქმის ერთი წელია, ვერ გავყიდე,
დიმაც და მისი კოლეგები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურებასთან და მსყიდველუნარიანობის შემცირებასთან ერთად, მთავარი მიზეზი, რის გამოც ვაჭრობა შემცირდა _ აზერბაიჯანელი კლიენტების გარეშე დარჩენილი ქართული ბაზარია.
საქმე ისაა, რომ 2014 წლიდან აზერბაიჯანმა, ავტომობილის გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, „ევრო 4-ის“ სტანდარტი აამოქმედა, რაც 10 წელზე ხანდაზმული ავტომობილების იმპორტს კრძალავს.
ავტობიზნესი საქართველოს საექსპორტო მიმართულების ლიდერთა სამეულშია. ავტომობილების რეექსპორტის დიდი წილი კი აქამდე სწორედ აზერბაიჯანზე მოდიოდა. 2016 წლის საქსტატის მონაცემებით, ავტომობილების რეექსპორტი მკვეთრადაა შემცირებული: იანვარში საქართველოდან აზერბაიჯანში რეექსპორტით მხოლოდ 24 მსუბუქი ავტომობილი გავიდა. შედარებისთვის, 2015 წლის იანვარში აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტი 671 ცალი იყო. 2015 წლის იანვარში აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტიდან საქართველომ 13.7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, 2016 წლის იანვარში კი შემოსავალი 577 ათას დოლარამდე შემცირდა.
“აზერბაიჯანელი კლიენტები თითქმის აღარ ჩამოდიან. არადა მე სულ მათზე ვმუშაობდი. კვირა არ გავიდოდა, მანქანა არ გამეყიდა. აზერბაიჯანელები ახლაც ყიდულობენ მანქანებს, მაგრამ უფრო ახლებს და ძვირიანებს. ძვირიან მანქანებზე სამუშაო ფული კიდევ მე არ მაქვს, – ამბობს ავტოდილერი ელგუჯა.
ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი ბიზნესი რომ საფრთხეშია, ამას ექსპერტებიც ადასტურებენ.
„ამ ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მიმზიდველი გეოპოლიტიკური მდგომარეობა იყო: დასავლეთიდან აქ შემოსული მანქანები მეზობელ ქვეყნებში ნაწილდებოდა – მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანი, სომხეთი და შუა აზიის რესპუბლიკები. რეექსპორტის შეჩერება საქართველოსგან დამოუკიდებელმა მიზეზებმა განაპირობა. ეს არც „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია და არც – ამჟამინდელი ხელისუფლების. რეექსპორტის შეჩერება იმ შეზღუდვებმა გამოიწვია, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გატარდა. პირველ რიგში, ეს დაიწყო ყაზახეთიდან, სადაც 2011 წლამდე საქართველოდან დაახლოებით 25 ათასი სატრანსპორტო ერთეული შედიოდა. მას შემდეგ, რაც ყაზახეთი ერთიანი საბაჟო კავშირის წევრი გახდა, ამ ქვეყნის ბაზარი დაიკარგა, – ამბობს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე.
მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ცვლილებები დიდ პრობლემას უქმნის საქართველოში ავტობიზნესით დაკავებულებს. ამას ემატება ისიც, რომ კანონმდებლობა იცვლება საქართველოშიც. 2017 წლიდან იკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია (შეზღუდვა არ ეხება უკვე ჩამოყვანილ მანქანებს). ასევე მკაცრდება რეგულაციები და ძვირდება განბაჟებაც (გარკვეული კატეგორიის მანქანებზე). ყველა ამ ნიუანსს თუ გავითვალისწინებთ, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ამ სფეროში დიდი პრობლემები ელით.
23 წლის ნიკასთვის უკვე ცხოვრების წესად იქცა შაბათ-კვირას დილის 6 საათზე სახლიდან გასვლა. გარეთ ჯერ კიდევ ბნელა, ნიკა მანქანას „ახურებს“ და რუსთავის ბაზრობაზე წასასვლელად ემზადება. მანქანა უკვე გარეცხილი და გასუფთავებულია, სხვანაირად არც შეიძლება. 3 წლის წინ მიხვდა, რომ დროა, დამოუკიდებლად დაიწყოს ფულის შოვნა. მეგობრისგან ფული ისესხა და დაბალბიუჯეტიანი მანქანების ჩამოყვანა დაიწყო. საქმე ცუდად არ მისდიოდა, თუმცა ახლა უკვე ვალები აქვს.
„ მყიდველთა ნახევარი მაინც აზერაიჯანელები იყვნენ და სხვათა შორის კარგადაც იხდიდნენ. ჩვენებს კიდევ, ფული არ აქვთ. გაჭირვებულია ხალხი. ახლა მარჯვენასაჭიან მანქანებსაც აკრძალავენ; ამჟამად სწორედ ასეთი მანქანა მყავს ჩამოყვანილი და ბაზრობაზე ტყუილად დავდივარ _ უკვე ზედაც არ უყურებენ. განბაჟებას ვადა გაუვიდა და გადაფორმებაც მომიწია. მოკლედ ზარალში ვარ.“
გამოქვეყნებულია: 11.03.2016