მუუ
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთის კონტროლის პალატა პირველად დაინტერესდა,თუ რამდენი სახელმწიფო საწარმო ირიცხება ჯერ კიდევ როგორც არსებული.შემოწმებამ სამ თვეს გასტანა. გაირკვა, რომ აფხაზეთში სულ 24 საწარმოა,თუმცა მოქმედი _ არც ერთი. კონტროლის პალატის ხელმძღვანელის,რობერტ არშბას თქმით,ეს საწარმოები დღეს მხოლოდ გაქირავებული ფართის ფუნქციას ასრულებენ“.
ამ გაქირავებულ ფართებზე მსჯელობისას არშბამ განაცხადა, რომ „ასეთი რამ ყოველთვის ეფექტური არ არის“. გაირკვა, რომ ყოფილი საბჭოთა ქარხნების უზარმაზარი საწყობები სოხუმის გარეუბნის ერთოთახიანი ბინის ფასად (3-10 ათასი რუბლად) ქირავდება, რაც დაახლოებით 40-150 დოლარის ეკვივალენტია. ამიტომ, აუდიტორის ფრაზა _ „ყოველთვის ეფექტური არაა“ _ ზედმეტად ლმობიერად ჟღერს.
შემოწმდა ისეთი საწარმოები, როგორებიცაა სოხუმის სამკერვალო და თამბაქოს ფაბრიკები, ხორცკომბინატი, ქიმიური ქარხანა, მთელი აფხაზეთში დანაწილებული რამდენიმე ჩაის ფაბრიკა და კიდევ ზოგი სხვა საწარმო, რომლებიც აფხაზეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მემკვიდრეობით ერგო. დღეისათვის თითქმის ყველა ამ საწარმომ თავისი პირველადი ფუნქცია დაკარგა.
საბჭოთა კავშირის პერიოდში ზემოაღნიშნული საწარმოები ასრულებდნენ გეგმებს (ხშირად გადაჭარბებითაც) და სოციალისტური შეჯიბრის გამარჯვებულების გარდამავალ წითელ დროშებს იღებდნენ. საბჭოთა კავშირის უზარმაზარი ბაზარი ხარისხს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და განურჩევლად ითვისებდა ყველაფერს, რაც ამ საწარმოებში იქმნებოდა. სუპერსახელმწიფოს დაშლის შემდეგ აფხაზური საწარმოების მზეც ჩაესვენა. ალბათ ყველა საწარმო არც გაჩერდებოდა, ხელისუფლებას მათი გადაწყობა და ახალ საბაზრო პირობებთან ადაპტირება რომ მოეხერხებინა. მაგრამ ასე არ მოხდა. საწარმოო პროცესი მხოლოდ ლუდისა და ღვინის ქარხნებში შენარჩუნდა.
უნდა ითქვას, რომ დღეს არამხოლოდ საბჭოთა საწარმოებმა, არამედ სულ ახლახან გახსნილმა რამდენიმე მსხვილმა ობიექტმაც შეწყვიტა მუშაობა _ მაგალითად, სოხუმის რძის ქარხანამ.
2012 წელს, რუსეთიდან შემოსული ფინანსური დახმარებით ხელისუფლებამ საწარმოში 118 მილიონი რუბლი დააბანდა [რაც რუბლის 2012 წლის კურსის მიხედვით, დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარია]. კაპიტალური რემონტის შემდეგ რძის საწარმომ მხოლოდ ერთ წელიწადს იმუშავა, რადგან იმპორტირებულ რძის პროდუქტებს კონკურენცია ვერ გაუწია,და დაიხურა.
ეკონომიკის მინისტრის, ადღურ არძინბას აზრით, ქარხნის ძირითადი პრობლემა საკუთარი ნედლეულის არქონა იყო, რის გამოც, მასალებს საზღვარგარეთ ყიდულობდნენ, და ეს პროდუქციის თვითღირებულებას ზრდიდა. ამჟამად ქარხანა თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, მაგრამ არ მუშაობს. მისი კეთილმოწყობილი სივრცე კი საწყობებად ქირავდება. სექტემბრის ბოლოს, აფხაზეთს ეწვია თათრეთის პრეზიდენტი რუსტამ მინიხანოვი,რომელმაც რძის ქარხნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა. ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად რძის ქარხნის ამუშავების თაობაზე თათრეთთან მოლაპარაკები მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით, თათრეთი სახელმწიფო საწარმოს არენდით აიღებს, თავისი ნედლეულს გადაამუშავებს და წარმოებულ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის.
აუდიტის საკმაოდ შოკისმომგვრელი დასკვნის გამო, ეკონომიკის მინისტრმა, ადღურ არძინბამ განაცხადა, რომ მასშტაბურ საკადრო წმენდას დაიწყებს. თუმცა, თავადვე აღნიშნა, რომ ამ ცვლილებების დროს საწარმოების დირექტორების მხრიდან არცთუ სახუმარო წინააღმდეგობა შეხვდებათ.
დირექტორების უმრავლესობა, უკვე ათ წელზე მეტია, რაც აღნიშნულ საწარმოებს ხელმძღვანელობს და, მიუხედავად იმისა, რომ ფაბრიკა-ქარხნები სახელმწიფო ბალანსზე ირიცხება, ხელმძღვანელები მათ, ფაქტობრივად, საკუთარ ქონებად აღიქვამენ. ზოგ საწარმოში დირექტორობა მემკვიდრეობით გადაეცემა მამიდან შვილს, სიძეს ან ძმას. აღსანიშნავია, რომ ბოლო დრომდე ამ ტრადიციას არც სახელმწიფო ეწინააღმდეგებოდა.
სიტუაციის გამოსწორების ერთ–ერთი გზა შეიძლება პრივატიზაცია ყოფილიყო, თუმცა, ასეთი მასშტაბის სახელმწიფო ობიექტების გასხვისებას კანონი კრძალავს; ისე კი, როგორც ყველა სხვა წესს, ამ რეგულაციასაც შეიძლება მოეძებნოს გამონაკლისი შემთხვევა. კონკრეტული ობიექტი შესაბამისი ცალკეული კანონის მიღებით შეიძლება გაიყიდოს.
საკუთარ პოზიციებს საწარმოების მენეჯერები პოლიტიკურ ფაქტორებზე აპელირებით იცავენ და ამტკიცებენ, რომ მათ პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით ათავისუფლებენ.
მაგალითად, დიდი რეზონანსი გამოიწვია უნიტარული საწარმო ‘Абхазберегозащита“-ს დირექტორის, მაქსიმ ხარჩილავას გადაყენებამ. აღნიშნული საწარმო მდინარეების ნაპირების გამაგრებითა და ხიდების მშენებლობითაა დაკავებული.
აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციამ ხარჩილავას პოლიტიკურ შეხედულებებს დაუკავშირა. ხარჩილავა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ წევრია.
ეკონომიკის მინისტი ადღურ არძინბა ამბობს, რომ მენეჯერების უკმაყოფილების მიუხედავად, კადრების სამსახურებიდან დათხოვნა გრძელდება: „არავის მივცემთ უფლებას, სახელმწიფოს ქონებით ამგვარად ისარგებლოს;ხოლო სამსახურიდან დათხოვილი ყველა არაეფექტური მენეჯერი პოლიტიკური დისიდენტის სტატუსს თუ მოირგებს, ქვეყანას ვერ ავაშენებთ“.