რას ურჩევენ ოპოზიციას ექსპერტები და პოლიტიკოსები
31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს.
● მინიმუმ 8 წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა – ომბუდსმენი
8 ნოემბერს ოპოზიცია მასშტაბური აქციას გამართავს. თბილისელ აქტივისტებს რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
● ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ფოტორეპორტაჟი აქციიდან
ოპოზიციას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს:
1. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა
2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ხელახლა დაკომპლექტება.
ოპოზიციის მიტინგი გუშინ, პარლამენტის წინ 16:00 საათზე დაიწყო. პარლამენტთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა – გადაიკეტა რუსთაველის გამზირი. შემდეგ კი მათ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გადაინაცვლეს.
● “არჩევნები ნამდვილად არ იყო უნაკლო” – რას ამბობენ საერთაშორისო დამკვირვებლები
● არჩევნები 2020: შედეგები და ტენდენციები. დავით ზურაბიშვილის თვალსაზრისი
რას ურჩევენ ექსპერტები და პოლიტიკოსები ოპოზიციას? სხვადასხვა შეფასებები
ბექა კობახიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
“ან ქოცები ან ნაცები!”, ასეთია მიდგომა და ამ მიდგომას პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ეს ორი პარტიაც კულტივირებს. შედეგად, “მესამე არჩევანის პარტიები” მათ ვერ შეეცილნენ და შეეცილნენ ერთმანეთს. აქედან არის ევროპული საქართველოს სამჯერ შემცირებული შედეგი. განვითარებადი ღარიბი ქვეყნის ჭირია შავ-თეთრ ფერებში ხედვა, დაკვეთა არ არის ზომიერებაზე და ცვლილებებზე და ასე ვივლით მუდმივი ნეგატიური დღის წესრიგის რეჟიმში. კარგ ქვეყნებში კვალიფიციურ არჩევანს მრავალრიცხოვანი საშუალო ფენა აკეთებს, რომელიც ღარიბ საქართველოს ჩანასახის ეტაპზე ყავს და აქედან არის პრიმიტიული არჩევანის შედეგად დადებული შედეგებიც.5%-ით ნაკლები რომ აეღო ოცნებას, მაინც კომფორტულად მოიგებდნენ, მაგრამ სივრცეს დატოვებდნენ პოლიტიკური პროცესისთვის.
ახლა კი ოპოზიციის ერთადერთი ალტერნატივა ხელისუფლების დამარცხებისთვის სრული კონსოლიდაციაა, როგორც ეს იყო 2007-8 თუ 2011-12 წლებში (ზვიადის და შევარდნაძის დროსაც გვქონდა იგივე). ანუ ციყვივივით ისევ უნდა გავაკეთოთ ერთი წრე იმავე ბორბალზე. ამ არჩევნების ერთი გაკვეთილი ისიც არის, რომ 1%-იანი ბარიერი უნდა შენარჩუნდეს ან ბარიერი საერთოდ გაუქმდეს, თორემ 5%-იანი ბარიერის პირობებში მესამე ხმა უბრალოდ გაქრება და ერთ მანდატადაც ვეღარ გავა პარლამენტში.
ამასთანავე, ვერგადალახულ პარტიათა ხმები დაუმსახურებლად გადანაწილდება წამყვანი ორი პარტიის ყულაბაში და ხელისუფლება სრულად პროპორციულ არჩევნებშიც კი 42 პროცენტის აღების შემდეგაც სრულ უმრავლესობაში იქნება. აკი იქადნიდა მამუკა მდინარაძე, სრულად პროპორციული და 5% ბარიერით არჩევნები რომ ყოფილიყო 94 მანდატს ავიღებდითო.
კი, მათემატიკურად ეგრეა. სამართლიანია ოპოზიციის ემოცია იმაზე, რომ მას არ მისცეს დაპირებული სრულად პროპორციული და უბარიერო არჩევნები;
ადმინისტრაციული, მატერიალური თუ სხვა რესურსების გამოყენებით არჩევნების დღეს ხელისუფლება უკვე აპრიორი რამდენიმე ნაბიჯით წინ არის, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ხომ იმავე წანამძღვრებით მიიღო 54% არჩევნებში 2012 წელს? 2.2 მილიონი ადამიანი მივიდა არჩევნებზე.
დღეს ასეთ მობილიზებასთან ახლოსაც არ ვართ. ამის მიზეზი ორია:
1. რბილად რომ ვთქვათ, სააკაშვილი დღეს არ არის ის იმედი, რადაც 2012 წელს ივანიშვილი ჩანდა;
2. ქართველი ობივატელის სახეს ბევრად უფრო შეესაბამება ქართული ოცნება, ვიდრე მოდერნიზაციისკენ ნებისმიერი მისწრაფება, სამწუხაროდ.
ემოციები გვერდზე რომ გადავდოთ, რას მისცემს ოპოზიციას პარლამენტის ბოიკოტირება? ვის წინაშე დაკარგავს ხელისუფლება ლეგიტიმაციას? ქვეყნის შიგნით ამას არავითარი ეფექტი არ ექნება, ოცნებას აქვს ელექტორალური დასაყრდენი და მისდამი ზიზღი ნამდვილად არ არის საყოველთაო. ეს უნდა ვაღიაროთ.
საერთაშორისო ასპარეზზე კი ეს ოპოზიციის მარგინალიზაციას გამოიწვევს. ამ კატეგორიებით აზროვნება და საუბარი დასავლეთისთვის გაუგებარია. ვკითხულობთ, რომ ამ არჩევნებზე საარჩევნო კომისიებში უფრო ნაკლები საჩივარი დაიწერა, ვიდრე ნებისმიერ სხვაზე. ამასთანავე, არ ჩანს სასამართლო სარჩელები და ამ დროს ოპოზიცია ამბობს არ შევალთ პარლამენტშიო.
დასავლეთელი დიპლომატი კითხულობს, თუ ეს წუხილები გაქვთ, სად არის თქვენი სარჩელები? სად არის სამტკიცი საბუთები? რატომ არის პირველივე ნაბიჯი პარლამენტზე და მეორე ტურზე უარის თქმა? შეგახსენებთ, მიშაც დიდი წარმატებით იყენებდა ოპოზიციის ასეთ ქმედებას დასავლეთში მათი ექსტრემისტული იმიჯის საჩვენებლად. ეს ნანახი კინოა.
პარლამენტში არშესვლით ოპოზიცია დაკარგავს სერიოზულ ტრიბუნას და ამით მხოლოდ თავს დაიზარალებს. ესეც ნანახი გვაქვს. ხელისუფლების დასუსტების ძალიან რეალური შანსები წინ არის, რადგან ეს ხელისუფლება უკვე მხოლოდ “არა ნაცებს!” ლოზუნგზე დგას და წინ გველის ძალიან სერიოზული ეკონომიკური “პახმელია”.
ერთი წელია ქვეყანა ვალით ცხოვრობს და ამ ნასესხები ფულსაც თავისი ზღვარი აქვს. წინ მძიმე დროა და ნათელი არ ჩანს გვირაბის ბოლოს. აი ეს იქნება ლეგიტიმური და შიგნით თუ გარეთ ყველასთვის გასაგები მიზეზი ცვლილებათა მოთხოვნისა. პარლამენტი ამისთვის იდეალური ადგილია.
ვხედავ რა ოცნების სიას, იქ ბევრი ახალი ადამიანია, ვინც ყველაფერს არ “გააპრავებს”. მწვავე კრიზისს თავად ოცნება ვერ გაუძლებს და სრულიად მოსალოდნელია გადინება მათი რიგებიდან, მაგრამ პარლამენტში თუ ოპოზიცია არ იქნა, ისე ეს ხალხი სად და ვისთან წავა?
ახლა ოპოზიცია სარჩელებს უნდა წერდეს საარჩევნო კომისიებში, სასამართლოებში, ემზადებოდეს მეორე ტურისთვის და მოგვიანებით ხელიდან არ უშვებდეს საპარლამენტო მიკროფონს. ბოლოსდაბოლოს, არაერთი რეიტინგული პარტია გვყავდა 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომლებიც უბრალოდ გაქრნენ მას შემდეგ, რაც ერთი პარლამენტი გამოტოვეს (სახალხო პარტია, სოციალისტები, ედპ და ა.შ.), რადგან საპარლამენტო ტრიბუნის დაკარგვით მათ ნიშა დაკარგეს, რომელიც სხვამ შეავსო.
თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი
31 ოქტომბერი იყო ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი სპეცოპერაცია დემოკრატიის წინააღმდეგ. ახლა დეტალებზე, რა ვქნათ?
1. პოლიტიკური პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ აუცილებელია, გაბრაზებული ადამიანების მოსმენა, მათთვის გამოხატვის საშუალების მიცემა და შესაბამისად მიტინგი, მანიფესტაცია, მოძრაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთ დროს აუცილებელიც კი. ამიტომ მადლობა ოპოზიციისთვის დღევანდელი დღისთვის.
2. ამასობაში აუცილებელია ნათლად გამოჩნდეს რა მოთხოვნით გრძელდება ბრძოლა. გასაგებია რომ ამას მსჯელობა და ცოტა დრო სჭირდება, მაგრამ მოთხოვნის გარეშე ქუჩაში პოლიტიკური პროცესი არ არსებობს.
3. მეტყვით მოთხოვნა სახეზეა – არჩევნების შედეგების გაუქმებისო. თუმცა შედეგების გაუქმება არ არის აბსტრაქტული პროცესი, როდესაც მეფე ბრძანებს ასე. ეს არის კონკრეტული სამართლებრივი პროცესი, რომელიც ჯერ არ ჩანს. ან ცესკომ უნდა გააუქმოს, ან სასამართლომ. სამართლებრივი პროცესის გარეშე არ არსებობს არჩევნების შედეგების გაუქმება.
4. წინ მეორე ტურებია, და აქაც ერთმნიშვნელოვანი სიცხადეა საჭირო. ახლა არ მოვყვები იმაზე საუბარს, არ გაკადრებთ რა უპირატესობა აქვს ხელისუფლებას ადმინისტრაციული და რესურსული თვალსაზრისით, ამიტომ დღესვე დასაწყებია მეორე ტურებში გამარჯვებისთვის ბრძოლა.
5. ცოტა რიცხვებზე. ასეთი კონფიგურაცია ქვეყნის პარლამენტში არ გვქონია. ეს მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას. ასევე ყველას გვახსოვს რომ ოცნებას ყველა უმრავლესობიდან გაექცა ხალხი ორივე პარლამენტში.დღევანდელი ვითარების უპირატესობა ის არის რომ ოცნების უმრავლესობა ბეწვზე კიდია და შესაბამისად, ნებისმიერ მომენტში, სწორედ მორალური და ინტელექტუალური უპირატესობით ეს კონფიგურაცია ძალიან ადვილად შეცვლადია. ისევე როგორც ოპოზიციურ კოალიციური მთავრობა.
6. ხალხო ერთმანეთს შეხედეთ, იმ თვალით ახლა მე რომ გიყურებთ. და მერე კობახიძე და კომპანია გაიხსენეთ. წარმოგიდგენიათ რა მასშტაბის ინტელექტუალურ და კომპეტენციურ უპირატესობაზე ვსაუბრობთ პარლამენტში.
7. ამასობაში, ისიც გახსოვდეთ რომ ქართული ოცნების სიითაც შედიან პარლამეტში ხალხი რომელსაც არც ერთი ხელისუფლების სიმძიმე არ მოყვება და მათთვის სწორედ თქვენი სახით უნდა შეიქმნას ორიენტირი და მიზიდულობის ცენტრი ერთი და ორი კი არა, 9 იქნება ამ პარლამენტში. წასასვლელი ამ ხალხს ბევრი აქვს.
8. რაც შეეხება თავად არჩევნებს. დიახ, როგორც ზევით ვთქვი თავზე გადაგვახიეს, მაგრამ რა – პირველი იყო? არ გადაგვიყლაპია ეს სიბრაზე მანამდე? ახლა არავისკენ ხელს არ გავიშვერ, მაგრამ ისეც არ გამოვიდეს სწორედ იმ გაბრაზებული ხალხის დასაცინი გახდეთ.
9. და კიდევ გავიმეორებ, მეორე ტურებში გამარჯვებისთვის ბრძოლაა საჭირო, ამ ბრძოლის შედეგად მოგებული მანდატებით სულ ბეწვის ხიდზე ატარებთ ოცნებას და ისიც ცოტა ხანს, მალე შემოუბრუნებთ შედეგებს.
არჩევნები არ დამთავრებულა და არც ბრძოლა!
რა დროს მანდატების დაყრა და თურქმენბაშის ანალოგებია. ნუთუ გგონიათ, რომ შერცხვება ივანიშვილს ან კობახიძეს მარტო თუ დარჩება? სარკეში ჩაახედებთ და დაიმორცხვებენ?
● აშშ-ის საელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი
გადაათვლევინეთ უბნები, სადაც ცვლილებების იმედი გაქვთ. ეს საჭიროა იმისთვისაც, რომ ხალხმა მეტად დაგიჯეროთ;
დადეთ არგუმენტები უცხოეთთან, რაც გაქვთ. რამდენიმე თვის წინ ამერიკელი კონგრესმენები რომ გაქრნენ სივრციდან და მათთან ერთად „ოცნების“ კრიტიკაც გაქრა, ხომ ცხადი იყო, რომ „ოცნების“ ლობმა შედეგს მიაღწია.
ცხადად მახსოვს კინზინგერი რომ იყო ბოლოს ნათია გოგსაძის ეთერში და იმავე დღეს ინტერპრესზე და „პალიტრაზე“ ეკა აბაშიძესთან და ძვირი რომ ვერ დააცდევინეს „ოცნებაზე“, მაშინ უნდა გამოგეფხიკათ ყურები რაღაც რომ ხდებოდა;
ემზადეთ მეორე ტურებისთვის: ისე არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც შევიდეს პარლამენტში და რისი მიღწევაც შეგიძლიათ, ისიც არ დაკარგოთ;
იფიქრეთ პანდემიის პირობებში რა მასშტაბის აქციების დაორგანიზება შეგიძლიათ და რამდენად გრძელვადიანის და ისე არ ქნათ, რომ დეპრესიაში ჩააგდოთ ხალხი და რაიმე ცვლილებების იმედი კიდევ 8 წლით გადასწიოთ; გაითვალისწინეთ, რომ „ოცნებამ“ მაქსიმალურად გაწელავს პარლამენტის პირველი სხდომის ვადას, რათა გააფერმკრთალოს საპროტესტო მუხტი უკიდურესად გამწვავებული კოვიდვითარების ფონზე;
ნაცების ალტერნატივას რომ ვერ ქმნით, თქვენი ბრალია და არა – მათი, ესეც უნდა გააცნობიეროთ. რომ ვეღარ იმუშავა თქვენმა 30%-ით მედკამენტებზე ფასდაკლებებმა და საბანკო პროცენტების განულებამ, იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ რეალურ ცვლილებებს ხალხისთვის ხურდის სახეში შეყრა კი არა, მისიონერობა, დიდი სახელმწიფო იდეის შეთავაზება და პასიონერობა სჭირდება;
გინახავთ პოლიტპარტია, რომელიც საარჩევნოდ საერთოდ არაფერს დაპირებია ხალხს და არჩევნებს იგებს?! ე.ი. პრობლემა თქვენშიც უნდა ეძებოთ და არა მხოლოდ მათში. პასუხი სჭირდება კითხვას: რატომ ურჩევნია ხალხს არაფრის მაქნისი „ოცნება“ თუნდაც შუაშისტი ოპოზიციისთვის ხმის მიცემას და აქ მხოლოდ მოსყიდვაზე, ადმინრესურსის გამოყენებაზე და ქუჩის დარაზმვაზე პასუხი მორიგ ჯერზე თავის მოტყუება იქნება. ეს ძალიან გამარტივებული ხედვაა. ფბ-ზე წერდნენ, რომ „ოცნებამ“ ადმინისტრაციული რესურსის ოდენობა და ხელფასები გაასამმაგა და ამით გაიზარდა სტაბილური ამომრჩევლის რიცხვიო. თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ სხვა ტაქტიკაა მოსაფიქრებელი.
იფიქრეთ იმაზე, რატომ არ დაგიჯერათ ხალხმა, რომ თქვენ ხართ მისი საშველი.და ბოლოს, თუ ხალხმა ახლა თქვენი იმედი დაკარგა, ჩათვალეთ რომ ისეთი სრული ნიჰილიზმი და დეპრესია დაიწყება, რომ ვადამდელი კი არა, 4 წლის თავზე ახლანდელი შედეგის გამეორებაც კი სანატრელი გაგიხდებათ.თუ ამას ვერ მოახერხებთ, თქვენი უმრავლესობა, უბრალოდ, უნდა წავიდეს პოლიტიკიდან.
შოთა დიღმელაშვილი, მოძრაობა “სირცხვილია”
ჩემი აზრით ეს არჩევნები გაყალბდა მეტწილად თავად არჩევნებამდე. ადმინისტრაციული რესურსის ზედმეტად დიდი ფორა აქვს მმართველ ძალას, ეგაა ამ შედეგის მთავარი მიზეზიც.
ახლა ოპოზიციამ კარტი სწორად უნდა გაათამაშოს. თუკი ოპოზიციას აქვს ბერკეტი, არ შევიდეს, ანუ პარლამენტის 2/3-მა არ ცნოს პარლამენტის უფლებამოსილება, პრაგმატულად სწორი იქნება, ასეც მოიქცეს და ეს არ იქნება უსამართლო.
უსამართლო არის კორუფციით და ბიუჯეტით ნაკვები ადმინისტრაციული რესურსით შენარჩუნებული ხელისუფლება. ვადამდელი არჩევნების შედეგად ხელისუფლება უარეს შედეგს მიიღებს, პატარა პარტიები კი უკეთესს. წნეხი სწორია, თუმცა წნეხს სწორი დაგეგმვა უნდა, რათა ორიოდ პარტიის გახურებამდე არ ჩამოქვეითდეს, რითაც ქართული ოცნება მეტად იხეირებდა.
საქმე კიდევ უკეთესად იქნებოდა, კამპანიები რომ ყოფილიყო უკეთესი და ამასთანავე, ეპოვნათ საკუთარ თავში ძალა, საერთო კანდიდატებზე შეთანხმებულიყვნენ, როცა იცოდნენ, ამ არჩევნების ბედსაც მაჟორიტარული ნაწილი წყვეტდა. რა გაეწყობა, რაც იყო, იყო. სწორი სტრატეგიის ფარგლებში ვიმუშაოთ იმით, რაც გვაქვს.
ნინო ჯანგირაშვილი, ჟურნალისტი
ოპოზიციას აქვს ხელში რეალური ბერკეტი ივანიშვილის ეს გაუგონარი თავხედობა ძვირად დაუსვას და არნახული გაყალბებით არჩეული პარლამენტი უბრალოდ ვერ შედგეს.
ვისაც ხმა მივეცი, მხოლოდ იმისთვის არ მიმიცია, რომ მისი უკანალი პარლამენტის სკამში მოთავსებულიყო. იმისთვის მივეცი, რომ ამ ტოტალური უსამართლობისა და შეურაცხყოფისგან დაგვიცვას.
იმედია ოპოზიცია გაითვალისწინებს, რომ ხალხმა ივანიშვილის შეცვლას მისცა ხმა და არა რამდენიმე ოპოზიციონერის პარლამენტში მოხვედრას. თუ ეს ბერკეტი არ გამოვიყენეთ, ეს კაცი ამ ქვეყნისგან აღარაფერს დატოვებს.
თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი
2 მილიონი ამომრჩეველი, ვირუსის საფრთხის ქვეშ, რისკის ფასად, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა პოზიცია. ვიდრე პარტიები იტყვიან, რომ ეს დღეს არ ითვლება, ჯერ უნდა გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის, რომ სწორად დაითვალოს მონაცემები და თუ სადმე პრობლემა იყო ან გადაითვალოს ის უბნები ან გაბათილდეს იმ კონკრეტულს უბნებზე შედეგები, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება თავიდანაც ჩატარდეს. ჯერ-ჯერობით ეს მცდელობები არ ჩანს.
ამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები.
პარლამენტში არ შესვლა კი, ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება. არ შეიძლება ხელისუფლება მარტო დატოვო პარლამენტში ყოველგვარი ოპონირების და კონკურენციის გარეშე (ეს უკვე ვქენით ერთხელ და კარგით არაფრით დასრულდა). დღეს ოპოზიციას იმაზე მეტი მანდატი აქვს მოპოვებული ვიდრე ოდესმე და დღევანდელი კანონმდებლობით არსებული საკონტროლო მექანიზმების გათვალისწინებით, პარლამენტში ეს მანდატები იმაზე დიდი ძალაა ვიდრე ოდესმე.
ამ ყველაფრის გამოყენების ნაცვლად უბრალოდ იმის თქმა, რომ არ ითვლება 31 ოქტომბრის დღე მძიმე შეცდომა იქნება.
ლევან ბოძაშვილი, კონსტიტუციონალისტი
კარგი ოპოზიცია იფიქრებდა სახელმწიფოებრივად, შევიდოდა პარლამენტში და იქ გააკეთებდა კოალიციას თემატურად, დადგებოდა ერთმანეთის გვერდზე ყველა საკითხზე, რომელიც მიუხედავად ხედვის სხვაობებისა, აუცილებლობაა სახელმწიფოს კრიზისიდან გამოსაყვანად, მოახდენდა “ქართული ოცნების” ინსტიტუციურ ბალანსს და იმუშავებდა ისეთ საკთხების მოგვარებაზე, როგორიცაა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ეკონომიკაზე, სასამართლოზე, არჩევნებზე და უამრავ საკითხზე, რომელსაც „ოცნება“ 8 წლის განმავლობაში დამოუკიდებლად არ წყვეტდა, ან წყვეტდა არასათანადოდ.
პარლამენტში ადგილს რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი დაიკავებს და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა იქნება თუ სწორედ ასე თემატური კოალიციის სახით მოხდება თანამშრომლობა და უმრავლესობაზე ზეწოლა.
თუ ოპოზიციას სურს პოლიტიკურად თავი გადაირჩინოს და მომავალშიც „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილში არ დარჩეს, ასე უნდა მოიქცეს. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ჯერ ერთი, ინდივიდუალურად ვერაფერს მიაღწევენ და მეორეც, სახელმწიფოებრივი მიდგომის გამოხატულება მათ სწორედ რომ მეტ წონას შესძენს.
ამიტომ, სასამართლოზე, ანაკლიაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სწორედ პარლამენტშია საბრძოლი და არა ქუჩაში, რომელიც მაინც არაფრის მომტანია საბოლოოდ და ამ ქვეყანას კიდევ აღარ სჭირდება ქუჩის პოლიტიკა
გია ხუხაშვილი, ექსპერტი
სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში, პარლამენტში შევლენ თუ არ შევლენ, ხელისუფლების საკმაოდ სუსტი ლეგიტიმაციის გამო კრიზისი მაინც გარდაუვალია. უბრალოდ, არშესვლის შემთხვევაში „თაიმინგი“იქნება სხვადასხვა, არშესვლის შემთხვევაში კრიზისი უფრო ადრე განვითარდება ძალიან ბუნდოვანი შედეგებით.
თუ პარლამენტში შევლენ, კრიზისი შეიძლება უფრო გაიწელოს, მაგრამ მაინც გარდაუვალია კრიზისის ფორმულირება, იმიტომ რომ ერთ მხარეს ძალიან მაღალი პოლიტიკური კვალიფიკაცია იქნება და მეორე მხრივ, იქნება რაოდენობრივი უმრავლესობით მდუმარე უმრავლესობა, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკური კვალიფიკაცია არ აქვს და ეს 40% დაჩაგრავს პოლიტიკურად იმ 60%-ს. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა სიკვდილის შიში და პანდემიის ფონია, რომლის მართვაც მორყეულია, მეორე მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია.
შესაბამისად, ორივე ტაქტიკას აქვს არსებობის უფლება. ვფიქრობ, შესვლა სჯობს არშესვლას და გეტყვით რატომ. გაყალბება რომ იყო, ეს გასაგებია, მაგრამ ჯერჯერობით, ოპოზიციას არ აქვს საკმარისი დოკუმენტალური საფუძველი იმისა, რომ ამტკიცოს, გაყალბება რომ არ ყოფილყო, ეს პოლიტიკურ სურათს რადიკალურად შეცვლიდა და სხვა მოცმეულობა გვექნებოდა.
ამას სჭირდება საქმის შეკერვა და სისტემურად, დოკუმენტალურად ამის დადასტურება. ეპიზოდურად, ხან ერთ ოლქს გვაჩვენებენ, ხან – მეორეს, მაგრამ ამას დათვლა სჭირდება და იგივე, თანამეგობრობასთან მუშაობა და მათთვის კარგად ახსნა, თუ რატომ მიიღება ეს გადაწყვეტილება.
მეჩვენება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ასე შეხედა ამ პროცესს – კი ბატონო, იყო დარღვევები, მაგრამ სისტემურად ამას არ შეუცვლია შედეგიო.
დავა რამდენიმე პროცენტზეა, თუ ოპოზიცია საკმარისად, კვალიფიციურად შეკრავს ამას, რითაც დაამტკიცებს, რომ არ ყოფილიყო გაყალბება, სხვა სურათი იქნებოდა – ამ შემთხვევაში განხილვადია სწრაფი შედეგის მიღება, პარლამენტში არ შესვლა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ინიცირება, მაგრამ სანამ ეს არ გაკეთებულა, დღეის მოცემულობით, უფრო შესვლისკენ ვიხრები არამხოლოდ პოლტიკური რისკებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფოებრივი რისკებიდანაც