ოლიმპი გახსნილია
ნებისმიერი, ვისაც კი ცხინვალში ახალ სპორტულ კომპლექსს უხსენებ, სიამაყით გეტყვის, რომ “მსგავსს ჩრდილოეთ კავკასიაში ვერსად ნახავ”. შესაძლოა, ეს ასეცაა. “ოლიმპის” სამსართულიან შენობაში 9 სპორტული დარბაზი და ორი საცურაო აუზია (ბავშვებისათვის და მოზრდილთათვის, თითოეული მათგანის სიგრძე 25 მეტრია). ტრიბუნები 2 ათას ადამიანზეა გათვლილი; აქვეა სამედიცინო ცენტრი, სასტუმრო, გასახდელი, შხაპის კაბინები, საუნები და დასასვენებელი ოთახები. საერთო დარბაზში ტრენაჟორებიც დგას, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვისაა გათვლილი.
სპორტის სასახლეს “ოლიმპი” ჰქვია, მაგრამ სამხრეთ ოსეთში ყველა “კაბაევას ცენტრს” უწოდებს, რადგან ამ კომპლექსის შექმნის იდეაც, პროექტიც და აგებისათვის საჭირო თანხებიც ცნობილ რუს ტანმოვარჯიშეს, 2004 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, ალინა კაბაევას ეკუთვნოდა. უფრო ზუსტად კი აღნიშნული პროექტი “ალინა კაბაევას საქველმოქმედო ფონდმა” დააფინანსა.
კაბაევა ცხინვალში ომის აქტიური ფაზის დასრულებისთანავე, 2008 წლის სექტემბერში ჩავიდა. იმ პერიოდში ქალაქის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ნანგრევებში იყო. სწორედ მაშინ გაისმა პირველად მისი ემოციური დაპირება ცხინვალში პირველი ნამდვილი სპორტკომპლექსის აშენებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ის ამ კომპლექსს “სამხრეთი ოსეთის ხალხის მხარდასაჭერად” გააკეთებდა.
ახალი დარბაზის ფართობი 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია.
“ოლიმპი” სპორტის იმ სახეობებზეა ორიენტირებული, რომლებიც სამხრეთი ოსეთისთვის ტრადიციულია. ასეთებია, მაგალითად, თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, სამბო, ძალოსნობა, კრივი და ა.შ. თუმცა, მხატვრული ტანვარჯიშის, ცურვის, ფრენბურთისა და კალათბურთის დარბაზებიც შთამბეჭდავად გამოიყურება.
ალინა კაბაევამ და სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალში საზეიმოდ გაჭრეს წითელი ლენტი და სპორტის ვარსკვლავების ხეივანი გახსნეს.
“რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთი ოსეთის ხალხებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გამტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისა და აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისათვის” ალინა კაბაევა სამხრეთი ოსეთის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.
უახლოეს მომავალში “ოლიმპის” მთავარი პრობლემა მწვრთნელების ნაკლებობა იქნება. თუმცა, ეს საკითხი ცალკე განხილვას საჭიროებს და ამ თემას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით.
- “ოლიმპი” ალინა კაბაევას ფონდის ყველაზე მასშტაბური პროექტი გახდა, რომლის დასრულებასაც 6 წელი დასჭირდა. სპორტის სასახლის საერთო ფართობი პირველად გეგმაზე ორჯერ მეტია. კაბაევას თქმით, “სპორტული ცენტრის არქიტექტურა და სუპერთანამედროვე ინვენტარი იმის საშუალებას იძლევა, რომ აქ საერთაშორისო დონის შეჯიბრებებიც გაიმართოს.”
- 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცხინვალში სამივე სპორტული კომპლექსი დაზიანდა. ბავშვთა და მოზარდთა რესპუბლიკური სპორტული სკოლა ნაწილობრივ დაინგრა (ამჟამად აღნიშნული შენობა აღდგენილია და სკოლა კვლავინდებურად ფუნქციონირებს). კრივის, ჭიდაობისა და მძლეოსნობის სპორტული სკოლები კი მთლიანად დამწვარია.