ნიკოლ ფაშინიანი: ყარაბაღის საკითხი ამ ეტაპზე დიპლომატიურად ვერ გადაწყდება
ნიკოლ ფაშინიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში გამოვიდა და ყველას სამშობლოს დასაცავად დადგომისკენ მოუწოდა – პირველ რიგში, იარაღით ხელში. ასევე, ხელი შეუწყონ არმიას თავისი ცოდნითა და უნარებით:
„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყარაბაღის საკითხს, მინიმუმ ამ ეტაპზე მაინც, დიპლომატიური გადაწყვეტა არ გააჩნია“.
მან განმარტა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა მზაობა საკითხის ორმხრივი კომპრომისებით გადაწყვეტის თაობაზე. მაგრამ ლოგიკა, რომელიც მისაღებია სომხური მხარისთვის, მიუღებელია აზერბაიჯანისთვის:
„იმაზე, რაზეც ჩვენ ვართ ან ვიქნებით თანახმა მოლაპარაკებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, არ არის თანახმა აზერბაიჯანი. ამიტომ, რჩება მხოლოდ საკითხის ომის გზით გადაწყვეტა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასვლა“.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლას წინ უძღოდა მისი შეხვედრა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ყოფილ პრეზიდენტებთან, ასევე, მსხვილი პარტიების ლიდერებთან – რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სომხეთისა და ყარაბაღის ყველა პოლიტიკური ძალის საერთო მიდგომაა.
ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლის ძირითადი თეზისები მოკლედ
კონფლიქტის დაწყებიდან, რუსეთი მაქსიმალურ ძალისხმევას იღებდა პრობლემის გადასაწყვეტად და დარწმუნებულები ვართ, რომ გააგრძელებს მუშაობას.
სომხეთი აფასებს რუსეთის ძალისხმევას, როგორც სტრატეგიული პარტნიორისა და ამავე დროს ეუთოს მინსკის თანათავმჯდომარის, რომლის შუამავლობითაც მიმდინარეობს კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებები.
ახლა, თითოეული ჩვენგანის ძირითადი ამოცანაა – სომეხი ხალხის უფლების დაცვა. ეს კი მის დასაცავად ხელში იარაღის აღებას ნიშნავს. და ასე შეიძლება დიპლომატიურ გადაწყვეტამდე მისვლა.
არცახის გარეშე სომხეთი არ არსებობს, შესაბამისად, არცახელი ხალხის უფლების დაცვა – ეს არის მთელი სომეხი ხალხის უფლების დაცვა.
მოვუწოდებ სომხეთის ყველა ქალაქის მერსა და სოფლის ხელმძღვანელს, აიღონ საკუთარ თავზე მოხალისეთა რაზმების ორგანიზება, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებენ სამშობლოს დაცვას.
სომხების პირველი გენოციდი იმიტომ მოხდა, რომ მთელი საზოგადოება არ ჩაერთო ბრძოლაში. იყო განწყობა: არიან ადამიანები, რომლებიც ხალხის უფლებებისთვის იბრძოლებენ, მაგრამ ეს მე არ ვარ. არის ახლა ასეთი ხალხი? დიახ, არის. მაგრამ მათ გვერდით უნდა დავდგეთ. ყველა უნდა დავდგეთ. „შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც ახლა მათთან ერთად უნდა დადგეს“.
არჩევანია მხოლოდ გამარჯვებასა და დამარცხებას შორის, სხვა არ არსებობს.
ფრონტზე რთული ვითარებაა. მაგრამ არის ასეთი დეტალი: მოწინააღმდეგე ფრონტზე უკანასკნელს რეზერვებს გზავნის. მას დიდი რესურსები აქვს, მაგრამ დანაკარგებიც დიდია – როგორც სამხედრო არსენალის, ისე ადამიანების მხრივ.
აზერბაიჯანი არ არის თანახმა ჰუმანიტარულ ზავზე, რადგან, როგორც ირკვევა, ძალიან დიდი დანაკარგები აქვს ცოცხალი ძალის და თან ჩვენ აღმოვაჩინეთ დაქირავებული მებრძოლებისა და თურქეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები.
1990-იან წლებში, ფრონტზე სიტუაცია უფრო მძიმე იყო, მაგრამ ხალხმა მაშინ გადაწყვეტის გზა გამონახა – მათ გვერდით დადგა, ვინც იარაღით ხელში იცავდა სამშობლოს.
„ახლა ჩვენი დრო დადგა, გავიღოთ სამშობლოს დასაცავად ყველაფერი“: მაღალი გამავლობის მანქანები, მიკროავტობუსები, ინტელექტუალური პოტენციალი – კერძოდ, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.
„გახსოვდეს, რომ სომხეთის მომავალი დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და ეს ერთი ადამიანი – შენ ხარ… ჩვენი დამარცხება შეუძლებელია და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – ამ სიტყვებით დაასრულა პრემიერ-მინისტრმა თავისი გამოსვლა.