ყარაბაღი, ბრძოლა გრძელდება: 21 ოქტომბერი
-
აზერბაიჯანის არმიამ კონტროლი დაამყარა 22 დასახლებულ პუნქტზე - ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის არმიამ კონტროლი დაამყარა სამი რაიონის 22 დასახლებულ პუნქტზე.
ალიევის განცხადებით, ესენია:
ზანგილანის რაიონი: მინჯივანი, ხურამა, ხუმარლი, სარილი, ბაბაილი, უიუნჯიუ აღალი, ხაჯალი, გირახ მიუშლანი, უდგიუნი, ტურაბადი, იჩერი მიუშლანი, მელიქლი, ჯახანგირბეილი, ბახარლი.
ფუზულის რაიონი: გიოჯიგიოზლიო, აშაღი სეიდაჰმედლი, ზიარგიარი.
ჯებრაილის რაიონი: ბელენდი, პაპუ, ტულუსი, ჰაჯილი, ტინლი.
-
„ერევანი არაა დაინტერესებული კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებაში“ - ჰიქმეთ გაჯიევი
„ფაშინიანის განცხადება კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის არარსებობის შესახებ, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ერევანი დაინტერესებული არაა კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებაში“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა.„კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის კონსტრუქციული პოზიციის ფონზე, საერთაშორისო საზოგადოებამ, და განსაკუთრებით ევროკავშირის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, უნდა გამოიტანონ დასკვნები სომხეთის ხელმძღვანელობის ამ განცხადებიდან“, – დაამატა მან. -
„ყარაბაღის საკითხს ამ ეტაპზე დიპლომატიური გადაწყვეტა არ გააჩნია“ - სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანი თავის Facebook-ის გვერდზე პირდაპირ ეთერში გამოვიდა და ყველას მოუწოდა, დადგეს სამშობლოს დასაცავად – პირველ რიგში, იარაღით ხელში, ასევე დაეხმაროს არმიას თავისი ცოდნითა და უნარებით:„ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ყარაბაღის კრიზისს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, დიპლომატიური გადაწყვეტა არ გააჩნია“.მან განმარტა, რომ სომხეთის ხელისუფლება არაერთხელ აცხადებდა საკითხის ორმხრივი კომპრომისების საფუძველზე გადაწყვეტის მზაობას. მაგრამ ლოგიკა, რომელიც მისაღებია სომხური მხარისთვის, მიუღებელია აზერბაიჯანისთვის:„იმაზე, რაზეც ჩვენ თანახმა ვართ და ვიქნებით, მოლაპარაკებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, აზერბაიჯანი არ თანხმდება. შესაბამისად, რჩება მხოლოდ საკითხის სამხედრო გადაწყვეტა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასვლა“.პრემიერის გამოსვლა შედგა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტების, ასევე, მსხვილი პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ, საიდანაც გამომდინარეობს, რომ ეს არის სომხეთისა და ყარაბაღის ყველა პოლიტიკური ძალის საერთო მიდგომა. -
სერგეი ლავროვი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ზოგრაბ მნაცაკანიანთან მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ბოლო პერიოდში გამართული სატელეფონო საუბრების გასავითარებლად, 20 და 21 ოქტომბერს, მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ზოგრაბ მნაცაკანიანს ცალ-ცალკე შეხვდა.
მოლაპარაკებების დროს განიხილეს გადაუდებელი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია მთიანი ყარაბაღის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის ადრე მიღწეული შეთანხმების რეალიზაციასა და მისი მდგრადი დარეგულირებისთვის პირობების შექმნასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
-
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, რუსულ მხარესთან შესახვედრად.
ამის შესახებ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
-
დაიღუპა 63 ადამიანი, 292 დაიჭრა - აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის შესახებ
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ მონაცემები განაახლა.
„სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 63 მშვიდობიანი მოსახლე, 292 კი – დაიჭრა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
-
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: „სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერს ბომბავს“
„დილის საათებიდან მოყოლებული, სომხეთის შეიარაღებული ძალები არტილერიით ბომბავს ქალაქ ტერტერსა და მთლიანად რაიონის ტერიტორიას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის სასწრაფო განცხადებაში.
-
21 ოქტომბრის დილისთვის არსებული ვითარების მოკლე მიმოხილვა ყარაბაღში
ყარაბაღში, ბრძოლების დაწყებიდან 25-ე დღე
• სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ მიმართულებით, ირანის საზღვრის მახლობლად, ხუდაფერინის წყალსაცავის რაიონში, ინტენსიური ბრძოლების შესახებ იუწყება.
• აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრძოლები მიმდინარეობდა აღდერე-აღდამის, ფუზული-ჰადრუთი-ჯებრაილისა და გუბადლი-ზანგილანის ფრონტის მიმართულებით, იბომბებოდა აზერბაიჯანში, ტერტერისა და აღდამის რაიონები.
• პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, კონტროლი დაამყარა კიდევ 24 სოფელსა და ქალაქ ზანგილანზე.
• სომხეთის პრემიერ-მინისტრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ყარაბაღის თავდაცვის არმიამ, დაახლოებით, ათი თურქული უპილოტო თვითმფრინავი, „ბაირაქტარი“ ჩამოაგდო და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, მიბაძონ კანადის მაგალითს და შეუჩერონ თურქეთს მისი წარმოებისთვის საჭირო ნაწილების მიწოდება.
• აზერბაიჯანმა მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის შესახებ განახლებული მონაცემები წარმოადგინა: დაიღუპა 61 ადამიანი, 291 – დაიჭრა.
• სომხეთის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრების სერია გამართა: მთიანი ყარაბაღის ყოფილ პრეზიდენტებთან, არკადი გუკასიანსა და ბაკო სააკიანთან, ასევე, იმ პარტიების წევრებთან, რომლებიც პარლამენტში არ არიან წარმოდგენილები და ხელისუფლების მკაცრ ოპოზიციას წარმოადგენენ. განიხილეს „აზერბაიჯან-თურქულ აგრესიასთან დაკავშირებული სამომავლო ნაბიჯები“.
• „სომეხ ხალხს უკან დახევის უფლება არ აქვს, ამ ომში, სახელმწიფოს არსებობის საკითხი წყდება. არცახის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე, კონფლიქტის დარეგულირება მიუღებელია“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკური პარტია „დაჩნაკცუტუნის“ წარმომადგენელმა, იშხან საგატელიანმა.
• აზერბაიჯანის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია საპროტესტო განცხადებით გამოვიდა „სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაშაულების“ წინააღმდეგ, მათ ქმედებებს „ტერორისტული თავდასხმები“ უწოდა და მსოფლიო თანამეგობრობას „დამნაშავეების დასჯისკენ“ მოუწოდა.
• სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შარვაშ კოჩარიანმა პარლამენტში განაცხადა: „ყველაფერი ბრძოლის ველზე წყდება, ძალიან მტკივნეულია მსოფლიო თანამეგობრობის, გაეროს რეაქციის ყურება (…) სომხეთი საომარ მდგომარებაშია, რომელშიც ასევე ჩართულია თურქეთი, რაც გენოციდის საფრთხეს ნიშნავს“.
• სომხეთის სახალხო დამცველმა აზერბაიჯანის მიერ აკრძალული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, კერძოდ, კასეტური ბომბების. გამოძიების კიდევ ერთი თემაა – აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ეთნიკური წმენდის პროპაგანდა და სომხეთისა და ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლის ტერორისტული მეთოდების პოპულარიზაცია.
• რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება და ახალი მოლაპარაკებების აუცილებლობა განიხილეს. საუბრის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
-
ახალი ამბები, ფოტო/ვიდეო ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით - 17-20 ოქტომბერი, 2020