ყარაბაღი და „მშვიდობა ტერიტორიების სანაცვლოდ“ - მოსაზრება ბაქოდან შვიდი რაიონის შესახებ
აზერბაიჯანის შვიდი რაიონი, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისის ომის შემდეგ, ყარაბაღის ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, 2020 წლის 27 სექტემბრიდან, აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიებს შორის ბრძოლის ველი გახდა. ასევე, ისინია ყველა პოლიტიკური დისკუსიის ცენტრში.
რაზეა საუბარი და რატომ მიიჩნევენ სომხეთის ლიდერები აზერბაიჯანისთვის მათ დაბრუნებას მიუღებლად? აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის, შაჰინ რზაევის კომენტარი.
• რატომ მიმდინარეობს ომი და შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან არიდება – ფაშინიანის პასუხები
• თურქული დრონები მთიან ყარაბაღში
• ფაშინიანი და ალიევი ყარაბაღის ომის შუალედური შედეგების შესახებ
მოკლედ ყარაბაღის კონფლიქტის ისტორიის შესახებ
ყარაბაღის კონფლიქტი – ეს არის ყველაზე პირველი ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტი ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე, რომელიც, ბევრის აზრით, საბჭოთა იმპერიის დაშლის დეტონატორი გახდა.
კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სომხურმა უმრავლესობამ აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გამოსვლა და სომხეთთან შეერთება მოისურვა.
ის, 1991 წლის შემოდგომაზე, სასტიკ ომში გადაიზარდა. იმ ომის მიმდინარეობისას, სომხურმა ჯარებმა კონტროლის დამყარება მოახერხეს როგორც თვითონ მთიან ყარაბაღზე, ისე მის მოსაზღვრე აზერბაიჯანის შვიდ ადმინისტრაციულ რაიონზე.
საერთო ჯამში, სომხეთის არმიის კონტროლქვეშ აღმოჩნდა აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, დაახლოებით, 14 პროცენტი.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 1994 წლის მაისში, რუსეთის შუამავლობით მოხერხდა და წმინდა „ჯენტლმენური“ ხასიათისა იყო, რადგან ვერ მოხერხდა შეთანხმების იურიდიული ვალდებულებების გაფორმება.
მას შემდეგ, ეს „ჯენტლმენური“ შეთანხმება არაერთხელ დარღვეულა ორივე მხარის მიერ. ყველაზე სერიოზული დარღვევა 2016 წლის მაისში მოხდა, როდესაც აზერბაიჯანმა სომხეთის არმიის თავდაცვის ხაზის გარღვევა და რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციის გათავისუფლება მოახერხა, რის შედეგადაც, სხვადასხვა მონაცემით, რვიდან 20-მდე კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიაზე დაიბრუნა კონტროლი.
აზერბაიჯანის შვიდი რაიონის შესახებ, რომლებთან წვდომაც თითქმის 30 წელია შეუძლებელია
1992 წლიდან მოყოლებული, ეუთო (მაშინ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭო) შუამავლის როლს ასრულებს მოლაპარაკებების პროცესში. მთელი ამ 28 წლის განმავლობაში, მშვიდობიანი მოლაპარაკებების შედეგები შეიძლება შევაფასოთ რიცხვით – „ნული მთელი ნული მეათედი“.
ასევე, შეუსრულებელი დარჩა 1993 წელს მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუცია.
ისინი მოითხოვდა საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას მთიანი ყარაბაღის მიმდებარე აზერბაიჯანის ოკუპირებული რაიონებიდან.
მომავალში, სწორედ მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ეს შვიდი რაიონი იქცა ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით გამართულ მოლაპარაკებებზე, სადაც შუამავლის როლს აშშ, რუსეთი და საფრანგეთი ასრულებენ.
რას გვთავაზობს დარეგულირების „მადრიდის პრინციპები“
2020 წლის 27 სექტემბერს, საბრძოლო მოქმედებების განახლებამდე, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ე.წ. მადრიდის განახლებული პრინციპების გარშემო. მოკლედ, მასში ასეთი პირობებია:
• სომხეთის შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად ათავისუფლებენ მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ ოკუპირებულ აზერბაიჯანის რაიონებს;
• რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო ძალები შედიან;
• მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის სახმელეთო დერეფნის უზრუნველყოფა მოხდება;
• ყარაბაღს დროებითი სტატუსი ენიჭება;
• იძულებით გადაადგილებული პირები რეგიონში ბრუნდებიან;
• მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსი გაირკვევა საერთაშორისო გარანტიების პირობებში ჩატარებული პლებისციტის გზით.
• მეორე სარაკეტო თავდასხმა აზერბაიჯანის ქალაქ განჯაზე – ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა
• ყარაბაღის ომი ბილბორდებზე ბაქოსა და ერევანში. ვიდეო
• მოსაზრება: რა საფრთხეს ქმნის საქართველოსთვის ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია
სომხეთის წინა ხელმძღვანელობა მზად იყო, ადრე თუ გვიან, ხუთი რაიონი გაეთავისუფლებინა
„მადრიდის პრინციპების“ პირველი პუნქტი – სომხეთის არმიის ეტაპობრივი გასვლა შვიდი რაიონიდან – აზერბაიჯანის თვალსაზრისით, სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით გაგრძელების მთავარი პირობაა.
სწორედ ამ შემთხვევაში გაჩნდებოდა მხარეებს შორის გარკვეული ნდობა და შემდეგ, უფრო გამარტივდებოდა კომპრომისის მიღწევა და საკუთარი საზოგადოების ამისთვის მომზადება.
აზერბაიჯანმა ასეთ გეგმას „ეტაპობრივი გადაწყვეტა“ უწოდა. სომხეთი (უფრო ზუსტად, მისი წინა ხელმძღვანელობა) „პაკეტურ“ გადაწყვეტილებას ითხოვდა – ანუ მაშინვე უნდა შეთანხმებულიყო ყარაბაღის სამომავლო სტატუსის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ვადები.
მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ოკუპირებული რაიონებიდან სომხური ჯარების გაყვანის ასეთ გეგმას სთავაზობდნენ მხარეებს: პირველ ეტაპზე თავისუფლდებოდა ყარაბაღის მიმდებარედ არსებული ხუთი რაიონი – აღდამი, ფუზული, ჯებრაილი, გუბადლი და ზენგილანი.
ეს რაიონები ყარაბაღიდან სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარეობს და იქ არასოდეს ყოფილა სომხური მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა.
სომხეთის წინა ხელმძღვანელობა არასოდეს მალავდა მზაობას, რომ ადრე თუ გვიან გაეთავისუფლებინა ეს ხუთი რაიონი.
მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ჯერ კიდევ 2008 წელს ამბობდა: „აღდამი ჩვენი სამშობლო არ არის“, მხედველობაში ჰქონდა, რომ ეს ტერიტორიები საჭირო იყო, როგორც „უსაფრთხოების სარტყელი“ და როგორც ვაჭრობის საგანი მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში.
აზერბაიჯანის ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონები – განსხვავებული მიდგომა
პოზიცია ორ დანარჩენ რაიონებთან – ქალბაჯარსა და ლაჩინთან დაკავშირებით – განსხვავდებოდა ამ ხუთ რაიონთან დაკავშირებით არსებული პოზიციისგან.
ისინი ყარაბაღსა და სომხეთს შორის მდებარეობს და სომხეთს ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია და არ იყო მზად, გაეთავისუფლებინა ისინი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, პირველ ეტაპზე.
ამ რაიონებზე გადის სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს ყარაბაღთან აკავშირებს.
ამას გარდა, ქალბაჯარში მდებარეობს ოქროს საბადო ზოდი, სადაც ბოლო დრომდე, აზერბაიჯანის აზრით, ოქროს მოპოვების უკანონო სამუშაოები მიმდინარეობდა.
აზერბაიჯანი ამ ორი რაიონის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას არ ითხოვდა, მაგრამ მოითხოვდა ამ ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის საბოლოო ვადის დასახელებას.
ანუ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „5+2“ ფორმულით, რომელსაც მხარს უჭერდა ეუთოს მინსკის ჯგუფი.
ფაშინიანმა ეს გეგმა შეცვალა
ასე გრძელდებოდა 2018 წლამდე, როდესაც სომხეთის ხელისუფლებაში მოსულმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს თუნდაც ერთი რაიონის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა.
მან განაცხადა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ არაღიარებულ „არცახის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობას შეუძლია მიიღოს, რომელთანაც უნდა აწარმოოს კიდეც მოლაპარაკებები ოფიციალურმა ბაქომ.
აზერბაიჯანმა ეს სიტყვა შეაფასა, როგორც ადრე მიღწეულ შეთანხმებაზე უარი და მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილების მცდელობა.
„ყარაბაღის მეორე ომი“ და აზერბაიჯანის ახალი გეგმა
სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 2020 წლის 27 სექტემბერს, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ.
აზერბაიჯანმა საკმაოდ მოკლე დროში მოახერხა სომხეთის არმიის მრავალწლიანი თავდაცვის ხაზის გარღვევა და მთიანი ყარაბაღის სამხრეთით, ხუთიდან ორი რაიონის – ჯებრაილისა და ფუზულის – სრულად გათავისუფლება.
ამას გარდა, აზერბაიჯანის ჯარებმა სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავეს ყარაბაღის ჩრდილოეთით – ქალბაჯარის რაიონში.
როგორც შედეგი – აზერბაიჯანის პოზიციები საგრძნობლად გამყარდა დიპლომატიურ ფრონტზეც. პრობლემის „პაკეტურ გადაწყვეტაზე“ ლაპარაკიც აღარ არის.
აზერბაიჯანი ახლა სომხეთის ჯარების გაყვანას მოითხოვს არა მხოლოდ „5+2“ რაიონიდან, როგორც ადრე, არამედ თვითონ ყარაბაღის ტერიტორიიდანაც.
ამავე დროს, ბაქო ტოვებს სამშვიდობო ძალების შეყვანის შესაძლებლობას, რომლის შემადგენლობაც ჯერ კიდევ შესათანხმებელია.
„ყარაბაღის მეორე ომი“ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, როგორც ჩანს, გაჭიანურებული ომის ხასიათს იღებს.
დასრულდა ბრძოლების მესამე კვირა, მსხვერპლის რაოდენობა, უკვე, რამდენიმე ასეულს შეადგენს.
აქ აზერბაიჯანს უფრო მეტი რესურსი აქვს – როგორც ადამიანური, ისე ეკონომიკური.
მაგრამ მუდმივად არსებობს რუსეთის ფაქტორი, რომელთანაც სომხეთს სამხედრო კავშირი აქვს.
დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში, მაინც მოხერხდება კიდევ ერთი „ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული შეთანხმების“ მიღწევა.
თუმცა, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებამდე, ძალიან შორია – მინიმუმ, სანამ ქვეყნებს ეს ლიდერები ხელმძღვანელობენ.
ბევრი რამ არის ასევე დამოკიდებული აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთის პოზიციებზე, რომელსაც რუსეთთან თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ ეს სხვა სტატიის თემაა.