ფაშინიანი და ალიევი ყარაბაღის ომის შუალედური შედეგების შესახებ
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, რომლებიც 27 სექტემბრიდან ჩართულები არიან მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტში, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „რია ნოვოსტის“ ექვს კითხვას უპასუხეს.
მთავარი, რაც ითქვა:
კითხვა: როგორ აფასებთ 27 სექტემბრიდან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგებს, როგორია მხარეთა დანაკარგები და ბევრი ადამიანი ჩავარდა ტყვედ?
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი:
ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ თავისი მასშტაბებით, ეს არის უპრეცედენტო ომი XXI საუკუნეში.
გამოყენებულია შეიარაღების ყველა ტიპი: ტანკები, უპილოტო თვითმფრინავები, მოიერიშე თვითმფრინავები და ვერტმფრენები, ჯავშანტექნიკა, არტილერია, რაკეტები. და ძალიან ბევრი ჯარისკაცია ჩართული ამ საბრძოლო მოქმედებებში.
მიმდინარეობს ძალიან მასშტაბური და სასტიკი ბრძოლები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის გეგმა, ბლიცკრიგით დაემყარებინათ კონტროლი მთიან ყარაბაღზე, ამ მომენტისთვის ჩავარდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი:
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს და ეს, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, პირველი შეტევა არ იყო.
დღეისათვის, 43 მშვიდობიანი მოსახლე დაგვეღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა, დაახლოებით, ორი ათასი სახლი ან მთლიანად დაინგრა, ან ძლიერ დაზიანდა.
სამხედრო მოსამსახურეთა შორის დანაკარგების შესახებ, ჩვენ კონფლიქტის ცხელი ფაზის ამოწურვის შემდეგ განვაცხადებთ.
დღეის მდგომარეობით, ოკუპაციისგან გათავისუფლდა ათობით დასახლებული პუნქტი.
კითხვა: აზერბაიჯანის მხარეს სირიიდან ან ლიბიიდან ჩამოყვანილი დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობა – რამდენად შეიძლება ამის დაჯერება? იბრძვიან უცხოელები სომხეთის მხარეს?
ნიკოლ ფაშინიანი:
არსებობს მტკიცებულებები, რომ სირიიდან ჩამოსული „ბოევიკი-ტერორისტები“ მონაწილეობენ ყარაბაღის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი სოციალურ ქსელებსა და მასმედიის საშუალებებში გამოქვეყნდა. ამის შესახებ უკვე მთელი მსოფლიო საუბრობს.
ნათელია, რომ თურქეთი – ამ ომის მთავარი სპონსორია. თურქეთმა დაიქირავა და გადმოისროლა ეს „ბოევიკი-ტერორისტები“ კონფლიქტის ზონაში.
ისინი ჩართულები არიან არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების ხელმძღვანელობაში, არამედ, მიწაზე მიმდინარე მოქმედებებშიც.
ზოგიერთი ინფორმაციით, ასევე ჩართულია პაკისტანის არმიის სპეციალური ძალები.
ეს სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტია, რომელიც რეგიონის ქვეყნების ინტერესებს ეხება.
რაც შეეხება სომხურ მხარეს – შეიძლება იყოს ზოგიერთი სომეხი, რომლებიც დიასპორას წარმოადგენენ და თანამემამულეების მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ. მაგრამ მათი დაქირავებულ მებრძოლებად ჩათვლა არ შეიძლება.
ილჰამ ალიევი:
აზერბაიჯანში, უცხო ქვეყნის სამხედროების მონაწილეობის საჭიროება არ არსებობს. ჩვენი არმია ასი ათასზე მეტი მებრძოლისგან შედგება და საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციით, ეს რიცხვი, შეიძლება, რამდენჯერმე გაიზარდოს.
აზერბაიჯანი ყოველთვის თანმიმდევრული იყო საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. არასოდეს დავუშვებთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე, გარკვეულმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა მოიწყონ ბუდე.
ჩვენთვის არავის არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უცხოური შეიარაღებული ძალების ყოფნის, რომლებიც მონაწილეობენ ახლანდელ საომარ შეტაკებებში.
ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, რომ არანაირი უცხოელი დაქირავებული მებრძოლი არ გვყავს.
კითხვა: 10 ოქტომბრის მოსკოვის შეთანხმებაში (ზავის შესახებ), ნახსენებია დარეგულირების საბაზისო პრინციპები. როგორ გესმით თქვენ ეს?
ნიკოლ ფაშინიანი:
ხალხების თვითგამორკვევის უფლება, ძალის არ გამოყენება ან ძალის გამოყენებით მუქარა, ტერიტორიული მთლიანობა.
მაგრამ მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობის დროს აღმოჩნდა, რომ მხარეები ამ პრინციპების განსხვავებულ ინტერპრეტირებას ახდენენ.
და ახლა ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპებიდან ერთი უკვე დარღვეულია – ეს არის ძალის გამოყენება ან მთიანი ყარაბაღის პრობლემის ძალის გამოყენებით გადაჭრის მუქარა.
ილჰამ ალიევი:
აზერბაიჯანის ოკუპირებული რაიონების გათავისუფლება.
პირველ ეტაპზე – სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, ხუთი რაიონი.
მეორე ეტაპზე – მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის არსებული ტერიტორია: ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონები.
ყველა კომუნიკაციის გახსნა.
დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულების თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, რაც აზერბაიჯანელი დევნილების შუშისა და ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სხვა რაიონებში დაბრუნებას გულისხმობს.
მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის შესამუშავებლად.
კითხვა: რა კომპრომისებისთვის იქნებოდით მზად? და არის თუ არა ხაზი, რომლის უკანაც არავითარ შემთხვევაში არ დაიხევთ?
ნიკოლ ფაშინიანი:
სომხეთისთვის „წითელი ხაზი“ არის მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლება. ამაზე უარის თქმა, სომხურ მხარეს არ შეუძლია.
მოსკოვის განცხადებაში (ზავის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 2020 წლის 10 ოქტომბერს) შეთანხმებული იყო კონკრეტული ნაბიჯები მოლაპარაკებების პროცესის აღსადგენად.
ჩვენ მზად ვართ პროპორციული კომპრომისებისთვის, რომლისთვისაც მზად იქნება აზერბაიჯანი.
ილჰამ ალიევი:
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაირღვეს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა.
არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას.
ჩვენი წინადადება – მომავალში, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ და იარსებონ სომხურმა და აზერბაიჯანულმა თემებმა.
კითხვა: ამ ომის სისასტიკე უკვე შევიდა ისტორიაში. როგორ ისურვებდით ისტორიაში დარჩენას?
ნიკოლ ფაშინიანი:
ეს არ არის პირადი ამბიციების საკითხი. ვისურვებდი, რომ ამ კონფლიქტის შედეგად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საბოლოოდ გადაიჭრას. კომპრომისის საფუძველზე.
რომ მოვნახოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნებოდა ყველა მხარისთვის – სომხეთისთვის, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანისთვის.
და ეს იქნებოდა საბოლოო გადაწყვეტა.
ილჰამ ალიევი:
ნებისმიერი ომი – სისასტიკეა. განსხვავება იმაშია, რომ აზერბაიჯანელი ხალხისთვის ეს გამათავისუფლებელი ომია, სომხეთისთვის კი – დაპყრობითი.
ე.წ. მთიანი ყარაბაღი არ არსებობს. ამ გაერთიანებაში სამხედრო მოსამსახურეების 90 პროცენტი – სომხეთის მოქალაქეა. მათ სამხედრო სამსახურში, სომხეთის კომისარიატებში იწვევენ.
დღეს, აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე, სომხეთის საოკუპაციო ძალები იმყოფებიან და ამის გამართლება არაფრით არ შეიძლება: არც საერთაშორისო სამართლის და არც მორალური თვალსაზრისით.
კითხვა: თქვენი მხრიდან, რაიმეს დამატებას ხომ არ ისურვებდით?
ნიკოლ ფაშინიანი:
დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთს სამხრეთ კავკასიაში დაბრუნება უნდა, რათა განაგრძოს სომხების გენოციდის პოლიტიკა.
ეს თურქეთის იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელებაა.
თურქეთი ამას ახორციელებს ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიაში, სირიაში, ერაყში, საბერძნეთსა და კვიპროსთან ურთიერთობაში.
თურქეთს სურს სამხრეთ კავკასიის გადანაწილება მოახდინოს, მასზე კონტროლი დაამყაროს და ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით მომავალი ექსპანსიის პლაცდარმად აქციოს.
ვფიქრობ, რომ ეს სიტუაცია ბევრი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეხება და მათ შორის, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის.
ილჰამ ალიევი:
საბჭოთა კავშირის დაშლა მთიან ყარაბაღში სეპარატიზმით დაიწყო. ეს გახდა გამშვები ღილაკი. ბევრს ავიწყდება ეს მიტინგები, ვინ ახდენდა მათ ორგანიზებას, ვინ იდგა ამის უკან.
ხშირად ვამბობ, რომ ფაშინიანი სოროსის პროდუქტია. ვფიქრობ, რომ ამაში ყველა დამეთანხმება.
სოროსი – ეს უკვე აღარ არის პიროვნება, ეს არის გაგება. საერთოდ, არ გამოვრიცხავ, რომ მაშინაც, იმისათვის, რომ დიდი ქვეყანა დაენგრიათ, მოქმედებაში იყო მოყვანილი ასეთი ინსტრუმენტები.
შიგნიდან აფეთქება, უთანხმოების დათესვა, ხალხების ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობა და სახელმწიფოს დანგრევა. და ეს მოხდა.