„აზერბაიჯანულ მხარეს ზავი არ სჭირდება“ - რას ფიქრობენ ომის შესახებ სომხეთში
საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღის გარშემო, ერევნიდან 400 კილომეტრში მიმდინარეობს. მაგრამ ადამიანების განწყობითა და შესახედაობითაც ჩანს, რომ მათი ყველა აზრი ომს უკავშირდება.
რას ფიქრობენ ისინი საბრძოლო მოქმედებებზე, ზავის შეთანხმებაზე, რომელსაც 10 ოქტომბერს, მოსკოვში, ხელი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს, რას ელიან უახლოეს პერიოდში და როგორ ცხოვრობენ ამ დღეებში? ამის შესახებ, JAMnews-ი ერევნის ორ მცხოვრებს გაესაუბრა.
ლიანა
პარკებში, მაღაზიებში, თეატრებში, კაფეებსა და რესტორნებში ადამიანებმა ორგანიზება გაუკეთეს დახმარების შესაგროვებელ პუნქტებს არმიისა და ყარაბაღელი ქალებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ერევანში გადმოვიდნენ.
აქ მიაქვთ თბილი ტანსაცმელი, საჭმელი, ტექნიკა, პირადი ჰიგიენის ნივთები.
თოჯინების თეატრის უზარმაზარი ფოიე სავსეა ქაღალდის ყუთებითა და პლასტიკური პაკეტებით. ათობით მოხალისე მუშაობს, რომლებიც წყვეტენ, რომელი ყუთი სად წავა და რა არ ჰყოფნით ჯერ კიდევ.
სხვა მოხალისეები თეატრთან საკუთარი ავტომობილებით მიდიან, ჰუმანიტარულ ტვირთს იღებენ და მისამართებზე არიგებენ.
ლიანა ამბობს, რომ არასოდეს დაივიწყებს 27 სექტემბრის დილას, როდესაც Facebook-ზე შევიდა და ერთ-ერთი მეგობრის პოსტი დაინახა, სადაც სულ ოთხი სიტყვა ეწერა: „ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო“, თავდაცვის სამინისტროს გვერდი კი მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შესახებ იტყობინებოდა.
ლიანა სპეციალობით პოლიტოლოგია, თუმცა ახლა ის ინგლისური ენის ონლაინგაკვეთილებს ატარებს სტუდენტებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან.
მოსკოვში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი მას სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს:
„აზერბაიჯანულ მხარეს ზავი არ სჭირდება. დროებითი, ჰუმანიტარული მიზნებისთვის გაფორმებულიც კი. თურქეთი არ მონაწილეობს მოლაპარაკებებში, მაგრამ ასახელებს თამაშის საკუთარ პირობებს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ვითარებაში, მხოლოდ მოწოდებებით მშვიდობა არ დამყარდება, საჭიროა აიძულონ მშვიდობისკენ ნაბიჯების გადადგმა.
სოციალურ ქსელებში ჩემს გვერდებს ვმართავ, რათა მოვუთხრო ყველას, თუ რის გამო მიმდინარეობს კონფლიქტი და რა ხდება ახლა იქ. ზოგიერთი ჩემი სტუდენტი სხვა ქვეყნიდან წერს, რომ მზადაა საკუთარ სახლში მიიღოს ის ადამიანები, რომლებიც დაბომბვის შედეგად საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. ბევრს სურს სომხეთში ჩამოსვლა და ადგილობრივების ახლოს გაცნობა“.
აიარპი
აიარპი ერთი წლის ქალიშვილს ზრდის და ამიტომ იშვიათად ასწრებს ქალაქში, სხვადასხვა აქციაში მონაწილეობის მიღებას:
„ამისათვის, საჭიროა, რომ ქალიშვილი დედას დავუტოვო, ის კი ახლა ყოველდღიურად არმიისთვის საძილე ტომრების შესაკერად დადის. ამიტომ, ჩვენი ოჯახი არმიას უფრო ფინანსურად ეხმარება. ასევე, ტანსაცმელი და ის ყველაფერი მიგვაქვს დახმარების შესაგროვებელ პუნქტებში, რაც ფრონტზე ჩვენს ბიჭებს შეიძლება გამოადგეთ“.
მთელ თავისუფალ დროს აიარპი კომპიუტერთან ატარებს. ამბობს, რომ ცდილობს ებრძოლოს დეზინფორმაციის გავრცელებას Facebook-ის აზერბაიჯანულ სეგმენტში:
„ჩვენს ქვეყანაში ბევრს არ შეუძლია იმ ინფორმაციის გაფილტვრა, რომელიც ესმით, ამიტომ, ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ამან კი შეიძლება პანიკა დათესოს. და მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა ხდება სინამდვილეში“.
ის ამბობს, რომ ომის დაწყების შესახებ ქმრისგან დილით გაიგო.
„მინდოდა იქ წასვლა და დახმარება ყველაფრით, რითაც შეიძლებოდა. რათა ბოლოს და ბოლოს დასრულდეს ეს ომი საბოლოოდ და დაიწყოს მშვიდობიანი ცხოვრება“, – ამბობს აიარპი.
მასაც არ სჯერა იმ სამშვიდობო შეთანხმების ნამდვილობის, რომელსაც მოსკოვში მოეწერა ხელი:
„შუამავალმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ მხოლოდ მშვიდობისკენ მოწოდებები, მათ მოქმედება უნდა დაიწყონ. სომხეთი მარტო ებრძვის ტერორისტებს და ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი ეს ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს იმავე სიტუციაში“.