ყირგიზეთში ოპოზიციამ, რომელიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, მთავრობის შენობა დაიკავა
ყირგიზეთში ოპოზიციამ მთავრობის შენობა დაიკავა და ხელისუფლების ცვლილების შესახებ განაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რასაც ქაოსი და დედაქალაქის ქუჩებში შეტაკებები მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს. ოფიციალური შედეგების თანახმად, პარლამენტში ვერ მოხვდნენ ძირითადი ოპოზიციური ძალები.
6 ოქტომბრის ღამეს, პროტესტის ათასობით მონაწილე „თეთრი სახლის“ შენობაში შეიჭრა, სადაც პარლამენტი და ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. პროტესტის მონაწილეებმა, ქვეყნის პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის კაბინეტიც დაიკავეს.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნული კომიტეტის შენობა, სადაც პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი, ასევე, კონტროლი დაამყარეს სახელმწიფო ტელევიზიაზე.
პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ჟანარ აკაევმა რადიო „თავისუფლებას“ ოპოზიციის სამომავლო გეგმები გააცნო:
„აუცილებელია საკოორდინაციო მთავრობის შექმნა და ქალაქში კომენდანტის დანიშვნა. მაგრამ ვერავის ნახვა ვერ შევძელი. ხვალ ახალი პრემიერ-მინისტრი და ეროვნული მთავრობა უნდა დაინიშნონ. მეორე ეტაპი – ეროვნული არჩევნების ჩატარებაა“.
მანამდე, ბიშკეკის ცენტრში, პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. 5 ოქტომბრის საღამოს ცნობილი გახდა ინფორმაცია, როგორც მინიმუმ, 100 დაჭრილის შესახებ, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატის, ჟანარ აკაევის. ამის თაობაზე, ყირგიზული საინფორმაციო წყარო Kloop წერდა.
არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალა-ტოოს მოედანზე ოპოზიციის მიტინგი გაიმართა. მას ორგანიზება რვა ოპოზიციური პარტიის მომხრეებმა გაუწიეს, რომლებმაც შვიდპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს. ისინი არაერთი დარღვევის გამო, არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ – მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ა.შ.
მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მოედანზე უვადოდ აპირებდნენ დარჩენას, მილიციამ დარბევა დაიწყო. ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლის მანქანები, ცრემლსადენი გაზი და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები. ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, ასეთ ნაბიჯებზე წასვლა იმის გამო მოუწიათ, რომ მიტინგის მონაწილეები პარლამენტის შენობის შტურმზე გადავიდნენ.
არჩევნებზე ხმების დათვლის წინასწარი შედეგებით, ოთხი პარტია ლიდერობდა: „ბირიმდიკი“ („ერთობა“) – 24.95%, „მექენიმ ყირგიზისტანი“ („ჩემი სამშობლო – ყირგიზეთი“) – 24.31%, „ყირგიზეთი“ – 8.91% და „ბუთუნ ყირგიზისტან“ („მთელი ყირგიზეთი“ – 7.21%.)
ყველა მათგანი, მეტ-ნაკლებად მხარს უჭერს მოქმედ ხელისუფლებას. მთავარი ოპოზიციური პარტიები – „ათა-მექენი“ და სოციალ-დემოკრატები – ოფიციალური მონაცემების თანახმად, პარლამენტში ვერ მოხვდნენ.
„ნაყიდი“ არჩევნები?
ყირგიზეთში, რომელიც ახლა ცენტრალურ აზიაში ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევა, 2010 წლიდან, მმართველობის საპრეზიდენტო-საპარლამენტო ფორმა მოქმედებს.
ქვეყანაში ხელისუფლება უკვე ორჯერ შეიცვალა რევოლუციის გზით – 2005 და 2010 წლებში.
როგორც BBC აღნიშნავს, გასულ არჩევნებს ახასიათებდა დიდი რაოდენობით ინფორმაცია ხმების ყიდვის შესახებ: პოლიტოლოგების თქმით, ამას ხელს უწყობს ეკონომიკური კრიზისი და მოქალაქეების პოლიტიკისადმი უნდობლობა. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავდნენ ე.წ. ხმის საფასურს – ამომრჩევლებს 1 500-დან 5000 სომამდე (დაახლოებით, 19-63$) სთავაზობდნენ.
„ცინიზმი და ხმის მონეტარიზაციისთვის ორმხრივი მზაობა – პარტიებმა იყიდონ, ამომრჩევლებმა კი გაყიდონ – ეს აჩვენებს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დეგრადაციას და პირდაპირი მტკიცებულებაა ხელისუფლების საზოგადოებისა და მისი რეალური საჭიროებებიდან სრულიად მოწყვეტის, – აღნიშნავს პოლიტოლოგი ასელ დოოლოტკელდიევა, – და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი მოქალაქის თვალში, პოლიტიკამ აზრი დაკარგა“.