ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ყარაბაღის კონფლიქტზე. კომენტარები
საომარი მოქმედებები რეგიონში: უკვე მესამე დღეა, სროლის ხმა ისმის ყარაბაღში. არიან დაღუპულები.
რას ნიშნავს ეს კონფლიქტი საქართველოსთვის? რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები.
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი:
“მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის”, – წერს სააკაშვილი ფეისბუკზე.
ყარაბაღის კონფლიქტს ის ვრცელი პოსტით ეხმაურება.
„ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის, რა თქმა უნდა, ამავე დროს ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული,” – წერს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის მეგობრული ურთიერთობებით.
“ჩვენი მომავალი ისეთი უნდა იყოს, როგორც სამ ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთობაა და მხოლოდ გარე ძალები არიან დაინტერესებულები იმაში, რომ გაგვთიშოს და იბატონოს და ჩვენ ამის საშუალება მათ არანაირად არ უნდა მივცეთ!”
• კომენტარი ბაქოდან: რა კავშირშია რუსეთი ყარაბაღში ვითარების გამწვავებასთან
• აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო მინისტრებს ე.წ. “სერბულ იარაღზე” არ უსაუბრიათ
ირაკლი სესიაშვილი, უმრავლესობის წევრი, თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა ჩაერთოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, თუ ამის სურვილი მხარეებს ექნებათ.
“ნებისმიერი მიმართულებით მზად ვართ ორივე მხარეს ჰუმანიტარული მიმართულებით დავეხმაროთ და აღმოვუჩინოთ ის დახმარება, თუკი რაიმე სურვილი გაჩნდება და რა თქმა უნდა, ამასაც საერთაშორისო ურთიერთობების ფორმატში გავაკეთებთ”, – განაცხადა სესიაშვილმა.
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი
“სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს”, – ამბობს ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, საქართველო ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად სწორად იქცევა:
“ჩვენ ცალსახად და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს ორი სტრატეგიული მეზობელი: თურქეთი და აზერბაიჯანი, მაგრამ ჩვენ ძალიან კეთილმეზობლური დამოკიდებულება გვაქვს სომხეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს. მათაც უნდა ესმოდეს, რომ საქართველო რეგიონში ერთდერთი სახელმწიფოა, რომელსაც ამ დაპირისპირებაში არანაირი ინტერესი არ აქვს, გარდა მშვიდობისა. ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიმეს მხარდასაჭერად მეტად არევს სიტუაციას და მათ ეს მგონი ძალიან კარგად ესმით“, – განაცხადა ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, ეს კონფლიქტი პირდაპირ საქართველოს ტერიტორიას არ შეეხება.
„სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება თუ უფრო ფართო რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი ყარაბაღს გარეთ გადავა, საქართველოსთან ახლოს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ შეეხება პირდაპირ საქართველოს ტერიტორიას“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, ყარაბაღის თემაზე საქართველოში მხოლოდ “სადღაც კაბინეტებში მსჯელობენ” :
“სამწუხაროდ ეს მსჯელობა არ მიმდინარეობს უშუალოდ უშიშროების საბჭოში, რადგან უშიშროების საბჭო რეალურად არ გვაქვს, არ ფუნქციონირებს,” – აღნიშნავს ექსპერტი.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ვარაუდით, სომხერ-აზერბაიჯანის დაპირისპირება 4-5 დღე გაგრძელდება.
თენგიზ ფხალაძე, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტი:
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, თუ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ეს საქართველოსთვის აპოკალიფსური სცენარი იქნება.
ფხალაძის თქმით, საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარი და განსაზღვროს, რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი, მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობისას, არსებულ ვითარებაში.
„ კონფლიქტის ესკალაცია მხოლოდ და მხოლოდ ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ყველა მიმართულებით. ეს ეხება ჩვეულებრივ სამხედრო უსაფრთხოებას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ენერგო უსაფრთხოებას და სხვა” – აცხადებს ფხალაძე.
მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია, შესთავაზოს დაპირისპირებულ მხარეებს ქვეყანა, როგორც მოლაპარაკების ადგილი.
„უპირველეს ყოვლისა საქართველომ უნდა მოახდინოს ამ პრობლემის შესწავლა და შეფასება, ამ დროს უკვე უნდა მიმდინარეობდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა და განიხილებოდეს ყველა შესაძლო სცენარი, რაც კი შეიძლება განვითარდეს და ამ ვითარებაში და უნდა დაიგეგმოს, რას ვაკეთებთ ჩვენ. ასევე უნდა გვქონდეს კომუნიკაცია ამ ქვეყნების ლიდერებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ამ ქვეყნის ლიდერებთან, არამედ ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან ჩვენ ელემენტარულად შეგვიძლია, შევთავაზოთ, საჭიროებები შეთხვევაში საქართველო, როგორც მოლაპარაკების ადგილი და კიდევ არაერთი სხვა ნაბიჯები შეიძლება, იქნას გადადგმული ამ ვითარებაში“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
სერგი კაპანაძე, დეპუტატი, “ევროპული საქართველოს” წევრი
კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველომ ყარაბაღის საკითხზე ისეთი პოზიცია დააფიქსიროს, რომელიც მშვიდობას დაუჭერს მხარს.
მისი თქმით, ომის შემთხვევაში შესაძლოა საქართველოსთვის არასასურველი სცენარი განვითარდეს.
“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს პოზიცია მშვიდობის მხარდასაჭერი, მეტი ესკალაციის არდაშვების მხარდასაჭერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ ომში მე არ ვიცი გამარჯვებული ვინ იქნება, თუმცა დამარცხებული შეიძლება ნამდვილად გამოვიდეს საქართველო”, – აცხადებს კაპანაძე.
თეონა აქუბარდია, სამხედრო ექსპერტი, “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი
აქუბარდია მთავრობას მოუწოდებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვიოს. მას მიაჩნია, რომ უნდა შეფასდეს ყარაბაღში განვითარებული მოვლენები რა საფრთხეების მატარებელი შეიძლება იყოს საქართველოსთვის.
“აუცილებელია, რომ რეგიონული მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი ქვეყანაში და აუცილებელია ჩვენ ორივე ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობები ისე შევასრულოთ როგორც ჩვენ ამას გვთხოვს ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა, ასევე კანონმდებლობა”, – ამბობს აქუბარდია.