სომხეთში, აქციის „რუსეთში მინდა“ მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს
სომხეთში, 20-მა ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა. ეს საპროტესტო აქციის, „რუსეთში მინდა“ მონაწილეები არიან. ისინი უკვე რამდენიმე თვეა რუსეთთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას ითხოვენ.
ბევრი მათგანი სამშობლოში სხვადასხვა საქმისთვის, ჯერ კიდევ კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ჩამოვიდა და ამ დრომდე ვერ მოახერხა რუსეთში დაბრუნება, სადაც მათ სამსახური აქვთ, ზოგიერთ მათგანს კი ოჯახიც ჰყავს.
სომხეთის ხელისუფლება მთელი ამ დროის განმავლობაში მათ პასუხობს, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთი ჯერჯერობით არ აპირებს რეგულარული რეისების განახლებას.
23 სექტემბრის დილას, პროტესტის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა. თუმცა, მთავრობის მეთაურთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – შიმშილობა იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ საზღვრები არ გაიხსნება.
ამავდროულად, გუშინ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საზღვრებს ხსნის სამხრეთ კორეისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, სომხეთის გარდა.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი უკვე 5 წელია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია, რომელიც რუსეთის ლიდერობით მოქმედებს. კავშირში ასევე შედიან ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
•”ჩაკეტილები”: სომეხი შრომითი მიგრანტები რუსეთში ვერ მიდიან
•სომხეთი: სამი ქალის ისტორია, რომლებიც საკუთარი ბიზნესის კორონავირუსისგან გადარჩენას ცდილობენ
აქციის შესახებ
სომხეთის მოქალაქეთა ჯგუფმა, რომლებიც რუსეთში წასვლის უფლებას ითხოვენ, Facebook-ზე სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელსაც ასე ეწოდება – „რუსეთში მინდა“.
22 სექტემბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოცხადდა შიმშილობა.
უკვე 22 სექტემბრის 22:00 საათისთვის, ჯგუფის 20-მა მონაწილემ შიმშილობის აქცია დაიწყო და ღამის გასათევად მთავრობის სახლთან დარჩა. მათ შორის არიან ქალებიც.
23 სექტემბრის დილას, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მთავრობის მეთაურმა მათ აუხსნა, რომ კორონავირუსის გავრცელების ტემპების გამო რთული ვითარებაა. პრემიერმა მათ პირობა მისცა, რომ ამ საკითხს ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 8 ოქტომბერს, ერევანში გაიმართება.
„თუმცა, ჩვენ ვუთხარით, რომ ამდენი ხანი მოცდა არ შეგვიძლია“, – განუცხადა ჟურნალისტებს არტურ ვოსკანიანმა.
სიტუაციის შესახებ
ადრე, ვიცე-პრემიერი მგერ გრიგორიანი საუბრობდა იმის შესახებ, რომ სომხეთმა უკვე წამოჭრა საჰაერო საზღვრების გახსნის საკითხი ევრაზიის ეკონომიკურ საბჭოში.
„ჩვენი პარტნიორები ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მზად არიან ამ საკითხის განხილვისთვის და, როგორც მინიმუმ, ჩვენ შევძლებთ ერთიანი წესების დადგენას, რათა მათ სიმეტრიულად იმოქმედონ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა ქვეყნისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი უახლოეს პერიოდში არ იქნება რეგულარული სამგზავრო ავიარეისების განახლების შესაძლებლობა, მინიმუმ, ერთიანი სტანდარტები მაინც იქნება დადგენილი“, – განაცხადა მან.
სანამ სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რუსეთის ხელისუფლება ეტაპობრივად აახლებს ავიამიმოსვლას. რუსეთის მთავრობის ბოლო განკარგულების თანახმად, ქვეყანამ 21 სექტემბრიდან საჰაერო საზღვრები გახსნა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა ქვეყნისთვის, სომხეთის გარდა, 27 სექტემბრიდან კი ავიამიმოსვლა აღდგება სამხრეთ კორეასთანაც.
„ჩვენ არ ვიცით, რით არის ეს განპირობებული, მაგრამ ძალიან საწყენია, რომ ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, სამხრეთ კორეასა და ბელარუსთან შეუძლიათ თავისუფალი გადაადგილების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება და ჩვენ, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები ვართ და, შეთანხმების თანახმად, თავისუფალი გადაადგილების უფლება გვაქვს, ერთ ადგილზე გავიჭედეთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ 21 სექტემბერს დასრულდა „გამყვანი“ რეისების პროგრამა, რომლის საშუალებითაც სომხეთიდან რუსეთში მოხვედრა შეიძლებოდა. ადგილების რაოდენობა მკაცრად იყო განსაზღვრული, ამიტომ, რუსეთის კონკრეტულ ქალაქში გაფრენისთვის, წინასწარ იყო საჭირო სახელმწიფო პორტალზე დარეგისტრირება.
ახლა სომხეთიდან რუსეთში მოხვედრა მხოლოდ ერთი გზით შეიძლება – ავიაკომპანია „აეროფლოტის“ საშუალებით, რომელიც ჩარტერულ რეისებს ასრულებს. მთელი პრობლემა მისი მაღალი ფასია – ერევნიდან მოსკოვის მიმართულებით ბილეთი 55 ათას რუბლზე (დაახლოებით 690 დოლარზე) ცოტა მეტი ღირს.
ამ დროისთვის, იგივე „აეროფლოტი“ აცხადებს, რომ რეგულარული რეისების აღდგენას 25 ოქტომბრიდან გეგმავს.
„იმპერია იმპერიად რჩება“
რუსეთი ამ საკითხსაც სომხეთზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს, აღვივებს რა საზოგადოების უკმაყოფილებას ხელისუფლების წინააღმდეგ, მიაჩნია პოლიტოლოგ სტეპან გრიგორიანს:
„ვამტკიცებ, რომ ეს ასევე დაკავშირებულია იმასთან, რომ იმპერია იმპერიად რჩება, მათ ესმით, რომ რაც უფრო დიდი იქნება შიდა ზეწოლა სომხეთის მოქმედ ხელისუფლებაზე, მით უფრო ადვილად მოახერხებენ იმის მიღწევას, რაც მათ სურთ.
ეს იმპერიული პოლიტიკაა – მუდმივად ზეწოლის ქვეშ ჰყავდეთ მოქმედი ხელისუფლება და რაღაცას მიაღწიონ“.