NDI: რას ფიქრობს ხალხი არჩევნებამდე თვენახევრით ადრე
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 14 სექტემბერს გამოაქვეყნა საქართველოს მოსახლეობის სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მთავარ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს და ეს მაჩვენებელი 2009 წლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების სათავეშია, რომელსაც სიღარიბე მოჰყვება. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კი ამ ჩამონათვალში მხოლოდ მესამეა. პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთნ ერთად გაზრდილია მოსახლეობის მოლოდინი და შესაბამისად, ინტერესი – გამოკითხულთა 88% აპირებს არჩევნებზე წასვლას. თუმცა, მათ უმეტესობას ჯერ კიდევ არა აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას.
გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაცემებს კვლევიდან:
საარჩევნო განწყობები – “არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული”
- გამოკითხულთა 88% არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას;
- ამომრჩეველთა მოსყიდვა მთავარ გამოწვევად 30%-ისთვისაა, რაც საარჩევნო პრობლემებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
- 59%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. შესაბამისად, შედეგები სწორედ იმ ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, ვისაც ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია;
- არჩევანის გასაკეთებლად კი გადაწყვეტილებას პარტიის ეკონომიკური, ჯანდაცვის და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პოლიტიკის გათვალისწინებით მიიღებენ.
17% – “ქართული ოცნება, 5% – ენმ, 9% – არც ერთი
NDI-ის კვლევის მიხედვით, არჩევნებში მოსახლეობის მაღალი აქტივობა კია მოსალოდნელი, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.
ამ დასახელებულ პარტიებს შორის კი მხოლოდ მმართველი პარტია – “ქართული ოცნება” (17%) და ენმ (5%), არიან. 40%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას, 24%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 9% არც ერთ პარტიას არ აძლევს ხმას და სხვა რომელიმე პარტია მხოლოდ 5%-მა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ეს გამოკითხვა ღია კითხვის ფორმატით ჩატარდა, რაც შესაძლოა, ზუსტად არ ასახავდეს მოსახლეობის პარტიებისადმი დამოკიდებულებას, სხვადასხვა ფაქტორის გამო.
თუმცა, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ “არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება”. შესაბამისად, “ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული”.
გადაუწყვეტელი ამომრჩეველი კი, ამ კვლევების თანახმად, არჩევანის გაკეთებისას, ყველაზე მეტად ყურადღებას პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას მიაქცევს – ასე მესამედზე მეტი – 36% ფიქრობს. მათთვის საკითხების პრიორიტეტულობა ასე ნაწილდება:
პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა – 36%
პარტიის პოზიცია ჯანდაცვასთან დაკავშირებით – 12%
პარტიის პოზიცია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით – 12%
პარტიის პოზიცია ეროვნულ უსაფრთხოებასთნ დაკავშირებულ საკითხებზე – 10%
პარტიის პოზიცია განათლებასთან დაკავშირებით – 7%
პარტიის პოზიცია საგარეო საკითხებთან დაკავშირებით – 5%
პარტიის პოზიცია გარემოს დაცვასთან დაკავშირებით – 1%
სხვა – 7%
ჩამოთვლილთაგან არც ერთი – 2%
არ ვიცი – 6%
უარი პასუხზე – 1%
NDI: გამოკითხულთა 53%-ს სჯერა, რომ რწმენა ადამიანს კორონავირუსისგან იცავს
MDF: ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი აქცენტები – შიში და უიმედობა
ქვეყანა და მოსახლეობა დღეს: ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი უმუშევარია და 6%-ით არის გაზრდილი სიღარიბის აღქმა
არჩევნებამდე არსებულ მდგომარეობას მოსახლეობა საკმაოდ ნეგატიურად აფასებს. გამოკითხულთა 32% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და 20%-ის აზრით საერთოდ არაფერი იცვლება, რაც საერთო ჯამში ნახევარზე მეტია და მხოლოდ 39% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. არასწორ მიმართულებაში კი როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული პრობლემები იყრის თავს.
მთავარი საკითხები, რაც მოსახლეობას აწუხებს, წინა წლების მსგავსად, კვლავ ეკონომიკას და სოციალურ საკითხებს უკავშირდება. ასე გამოიყურება პირველი შვიდი პრობლემა (შერჩეულია ჩამონათვალში ორნიშნა მაჩვენებლიანი საკითხები), რომელიც მოსახლეობას აღელვებს:
სამუშაო ადგ8ლები – 49%
სიღარიბე – 39%
ტერიტორიული მთლიანობა – 28%
ფასების ზრდა/ინფლაცია – 20%
განათლება – 13%
პენსიები – 13%
ხელფასები – 10%
ერთნიშნა მაჩვენებლებით არის წარმოდგენილი შემდეგი საკითხები: ადამიანის უფლებები, სამედიცინო მომსახურება, კრიმინალი, სასამართლო სისტემა, რუსეთთან ურთიერთობა, კორუფცია, კორონავირუსი, ნატო-ში გაწევრიანება, სამართლიანი არჩევნები, გარემოს დაცვა, სიტყვის თავისუფლება და სხვა.
აღსანიშნავია, რომ წინა კვლევებთან შედარებით, მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილია პირველი ორი პრობლემის მაჩვენებელი – სამუშაო ადგილების 1%-ით და სიღარიბის – 6%-ით. უმუშევრობა კი აგვისტოში, ივნისთან შედარებით, 17-დან 24%-მდეა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი უმუშევარია (კვლევაში მითითებულია, რომ შესაძლოა, ეს უკანასკნელი მაჩვენებელი კოვიდით გამოწვეულ კრიზისს უკავშირდებოდეს).
უშუალოდ ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად გამოკითხულთა 60% უმუშევრობას ასახელებს, ინფლაციას 33% და სიღარიბეს – 22%.
ჯანდაცვის პრობლემები – ამ სფეროში მთავარ პრობლემად სხვადასხვა მიმართულებით ფასები რჩება. გამოკითხული მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია; 29%-ის აზრით – სამედიცინო მომსახურების და ექიმთან ვიზიტების საფასური; 17% კი მიიჩნევს, რომ პრობლემა საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაა. ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობას მთავარ გამოწვევად მხოლოდ 15% მიიჩნევს; 12%-ის აზრით, ჯანდაცვის სისტემაში არ არის პრობლემები და 9%-მა პრობლემების შესახებ არაფერი იცის.
დაგროვებითი პენსია – კვლევა მოიცავს დაგროვებითი სახელმწიფო პროგრამის შეფასებასაც. დაგროვებით საპენსიო პროგრამაში გამოკითხულთა 19%-ია ჩართული, რომელთა 38% აცხადებს, რომ შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, დანაზოგს გაიტანდა. ამასთან, გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ უკეთესი იქნება, თუ 40 წლამდე მოსახლეობას საშუალება ექნება, ხელფასის 2% ნებაყოფლობით გადარიცხოს საპენსიო ფონდში.
კოვიდი – ამ ფონზე, პანდემიის განმავლობაში მთავრობისგან ფინანსური დახმარება გამოკითხულთა მხოლოდ 43%-მა მიიღო. ამასთან, მათ შორის, ვინც დახმარება მიიღო, 52% აცხადებს, რომ დახმარება საკმარისი იყო, ხოლო 48% აცხადებს, რომ არ იყო საკმარისი.
რაც შეეხება იმას, თუ პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზიანთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან რომელი პროგრამა დაეხმარებოდა ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 29% უმუშევრობის კომპენსაციას ასახელებს, 26% კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას, 24% დასაქმების პროგრამებს, 15% წამლებით დახმარებას, 11% სესხების განულებას/ჩამოწერას, 10% კი აცხადებს, რომ მთავრობის დახმარება არ სჭირდება.
განათლება – კოვიდის შედეგები აისახა განათლების სფეროშიც და პირველ ადგილზე ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები აღმოჩნდა. ასე 27% ფიქრობს და 22% მიიჩნევს, რომ პრობლემაა მასწავლებლების/ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია; 20%-ის აზრით, პრობლემაა უნივერსიტეტებში სწავლის მაღალი საფასური; 10%-ს მიაჩნია, რომ განათლების სისტემაში პრობლემა არ არის. შედარებით დაბალი მაჩვენებლები აქვს ამ სფეროში არსებულ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სასწავლო მასალის ფასი, ხარისხი, მასწავლებელთა და ლექტორთა ხელფასები, კორუფცია და ნეპოტიზმი, თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობა და ა.შ.
ადგილობრივ დონეზე მოსახლეობა ყველაზე მეტად გზების მდგომარეობაზე (31%), წყალმომარაგებაზე (22%), გარემოს დაბინძურებასა (13%) და საცობებზე (13%) წუხს. აქედან თბილისში მთავარ პრობლემებად საცობებს და გარემოს დაბინძურებას, სხვა ქალაქებში და სოფლებში კი წყლისმომარაგებასა და გზებს ასახელებენ.
შენიშვნა: საქართველოს მოსახლეობის სოციოლოგიური კვლევის შედეგები, NDI-ის დაკვეთით, CRRC-საქართველომ ჩაატარა (კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით). კვლევაში ასახულია 6-11 აგვისტოს სატელეფონო გამოკითხვით ჩატარებული 2045 დასრულებული ინტერვიუს შედეგი (29% გამოპასუხება). ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით – ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), მათ შორის, თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%.