რუსული ფული ქართულ არჩევნებში - რა დაუგეგმეს რუსმა კონსულტანტებმა ქართველ “პატრიოტებს”
ოპოზიციონერ მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ – „დოსიე“ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ პარტია „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთი აფინანსებს და წინასაარჩევნო კამპანიასაც რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უგეგმავენ, რომლებიც, თავის მხრივ, ამ საქმიანობის შესახებ ანგარიშს სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.
რას წერს “დოსიე”?
„დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „პატრიოტთა ალიანსმა“ 700 000 აშშ დოლარი გადაუხადა საკონსულტაციო ფირმა Politsecret-ს. ამ კომპანიიდან “პატრიოტთა ალიანსის” საქმეს უშუალოდ პოლიტიკური სტრატეგი, სერგეი მიხეევი კურირებს.
„დოსიეს“ ინფორმაციით, მიხეევს, თავის მხრივ, გენერალ ჩერნოვის ქვეშევრდომები – FSB-ს სარეზერვო პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და GRU-ს ოფიცერი, ვალერი ჩერნიშოვი კურირებენ.
“პატრიოტთა ალიანსის” 4-თვიანი წინასაარჩევნო კამპანიის ბიუჯეტი 8.5 მლნ დოლარია.
აფხაზეთში ვიზიტი
“დოსიეს” გამოძიების პირველი ნაწილის გამოქვეყნება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების აფხაზეთში ვიზიტს დაემთხვა, რასაც ქართულ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურას მიმართა და “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხის შესწავლა მოითხოვა, “ლელო საქართველოსთვის” კი ალიანსის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს.
დაგროვილი უკმაყოფილების მოგერიებაში “პატრიოტთა ალიანსს” დახმარება ისევ მოსკოვიდან შესთავაზეს. რუსმა PR-ტექნოლოგებმა ქართველ პოლიტიკოსებს შესთავაზეს ის მესიჯები და მზა პასუხები, რაც მათ მედიასთან საუბარში უნდა გამოეყენებინათ.
ეს მესიჯებია:
“ვიზიტის მიზანი საქველმოქმედო იყო”
“მილიონ ადამიანზე მეტი გამოვკითხეთ და 70% სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა, სახალხო დიპლომატიით ნაციონალურ ინტერესებს ვემსახურებით.”
“არის ხალხი, ვისაც სახალხო დიპლომატია არ მოსწონს. ისინი ხელში იარაღს იღებენ, ჩვენ კი ღალატში გვადანაშაულებენ. ვინ და რატომ აკეთებს ამას? ის, ვისაც ომით ფულის შოვნა უნდა, ვისაც აწყობს, რომ ჩვენი შვილები დაიღუპონ.”
“მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. “პატრიოტთა ალიანსი” უზრუნველყოფს, რომ სამუდამოდ გამოირიცხოს ქვეყნისა და ხალხის დამღუპველ ომში ჩათრევა. ამისთვის გთავაზობთ სამხედრო ნეიტრალიტეტს, რაც კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს.”
საარჩევნო სტრატეგია
რუსი პიარტექნოლოგების შედგენილ სტრატეგიაში დეტალურად არის გაწერილი ის აქტივობები, რაც “პატრიოტთა ალიანსმა” წინასაარჩევნოდ უნდა გააკეთოს:
აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში აჭარაში მცხოვრებმა ადგილობრივმა მოსახლეობამ პარლამენტის შენობასთან პიკეტი უნდა მოაწყოს. აქციის ორგანიზატორი შეიძლება იყოს რომელიმე ახლად შექმნილი ძალა – მაგალითად, აჭარის დაცვის არაფორმალური კომიტეტი.
მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატებმა უნდა მოაწყონ აქცია – „წაიყვანე ბავშვები სკოლაში“ და ამ აქციის დროს ღარიბი ოჯახების ბავშვებს სასკოლო ნივთები გადასცენ.
“პატრიოტთა ალიანსი” უნდა გამოვიდეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, რომ ყველა ქართველს, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მათ შორის რუსეთში, არჩევნებში მონაწილეობა შეეძლოს და რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნა მოითხოვოს.
28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, პარტიის ლიდერები მივიდნენ რომელიმე მონასტერში, რომელსაც დავით თარხან-მოურავი ხატს აჩუქებს:
“გადაეცით მონასტერს/ეკლესიას საჩუქარი რუსეთის ქართული ეკლესიისგან (შეიძლება არჩილის გავლით გადაცემა).
საპასუხოდ ისინი გადმოსცემენ მოსკოვში არსებულ ქართულ ეკლესიას ანალოგიურ საჩუქარს … მიზანი არის იმის ჩვენება, რომ “პატრიოტთა ალიანსის” და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მსგავსია საკვანძო საკითხებში – რუსეთთან და რუსებთან, როგორც ერთმორწმუნე ძმებთან, ურთიერთობის აღდგენის საკითხში,” – ვკითხულობთ დოკუმენტში, სადაც საუბარია იმაზეც, რომ ამ გზით შესაძლებელია ახალი მომხრეების მოზიდვა იმ მორწმუნე ადამიანთა რიგებიდან, რომლებიც მართლმადიდებლები არიან და პატივს სცემენ ეკლესიას. ისინი შეიძლება იყვენენ როგორც ოპოზიური სპექტრის, ისე ხელისუფლების მომხრეები.
დაგეგმილია წინასაარჩევნო კამპანია სოციალურ ქსელებშიც
ამ გეგმის თანახმად:
5 სექტემბრამდე “პატრიოტთა ალიანსმა” უნდა მოძებნოს ახალგაზრდა ბლოგერები, რომლებიც შეხვდებიან პარტაქტივის წარმომადგენლებს, შემდეგ კი ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნებენ.
27 სექტემბრამდე უნდა ჩატარდეს პატრიოტული სიმღერის კონკურსი და ონლაინ ფლეშმობი – „ვმღერით ერთად“.
1-ელ ოქტომბრამდე სოციალურ ქსელებში უნდა ჩაეშვას ახალი ფლეშმობი – „მხარდაჭერის მარში“ – სადაც ცნობილი სახეები, სპორტსმენები, ექიმები და მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას და ღიად დაუჭერენ მხარს “პატრიოტთა ალიანსს”.
“პატრიოტთა ალიანსის” პასუხი ინსტრუქტორებს
საარჩევნო კლიპების თაობაზე, “პატრიოტთა ალიანსის” პასუხში წერს, რომ ისინი შეაგროვებენ 80-მდე ადამიანს და მათი მონაწილეობით ვიდეორგოლებს გადაიღებენ.
“მათ შორის არიან: პოეტი საღლიანი, პოეტი ოთარაშვილი, კომპოზიტორი სეფიაშვილი, კომპოზიტორი მჟავია, მომღერლები თამარაშვილი, გელაშვილი, მამალაძე, მსახიობი ჭიჭინაძე, მხატვრები ხერკილაძე და სირბილაძე, ბალერინა ნიორაძე, ფეხბურთელი ინალიშვილი, კარატისტი კაკაბაძე, კულტურის პალატის ხელმძღვანელი ოქიტაშვილი, მწერალთა კავშირიდან გონაშვილი, ყოფილი ომბუდსმენი დევდარიანი და სხვა”
“დოსიეს” ინფორმაციით, მათ ეს დოკუმენტები გენერალ ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან მოიპოვეს.
დაზვერვის გენერალი, КГБ-ს ყოფილი აგენტი ვლადიმირ ჩერნოვი, სერგეი ივანოვის უახლოესი გარემოცვის წევრია, ის ამჟამად ხელმძღვანელობს საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისო და კულტურული კავშირების პრეზიდენტის სამმართველოს – სტრუქტურას, რომელიც ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა.
“დოსიემ” 24 აგვისტოს გამოაქვეყნა ვრცელი გამოძიება, სადაც საუბარია კრემლის მხრიდან “პატრიოტთა ალიანსის” პირდაპირ მხარდაჭერაზე – როგორც ფინანსურად, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვის კუთხით.
ინაშვილის პასუხი
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა 24 აგვისტოს დაადასტურა ის ფაქტი, რომ რუსულ საკონსულტაციო ფირმასთან მართლაც თანამშრომლობენ, თუმცა რუსეთის ხელისუფლებისგან 8 მლნ აშშ დოლარით დაფინანსება უარყო.
„ეს არის აბსოლუტური აბსურდი. 8 მლნ-იანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა. 8 მლნ იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი 8 არის“, – განაცხადა ინაშვილმა.
რეალურად, სტატიაში საუბარია 8 430 625 აშშ დოლარზე.
ინაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას „სააკაშვილის და ბოკერიას ბინძური თავდასხმა“ უწოდა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, „დოსიეს“ „გამოტანილი დასკვნები ან ინფორმაცია განიხილებოდეს ფაქტად“.
ირმა ინაშვილმა არ გაამჟღავნა იმ რუსულ კომპანიის სახელი, რომელთანაც ის წინასაარჩევნოდ თანამშრომლობს.
“პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო.