კარანტინი და ადამიანის უფლებები. საუბარი ანა არგანაშვილთან
იურისტი და უფლებადამცველი ანა არგანაშვილი საქართველოს პირველი მოქალაქე გახდა, რომელმაც ოჯახთან ერთად უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ კარანტინში ყოფნა სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. მის მაგალითს სხვა ოჯახებმაც მიბაძეს, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ და რეჟიმის თვითიზოლაციით შეცვლას მიაღწიეს. რა შემთვევაში შეიძლება მოითხოვოს მოქალაქემ კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაცია საკუთარ სახლში? რა უფლებების აქვს ადამიანს, რომელიც კარანტინში იმყოფება და არსებული პირობები არ აკმაყოფილებს? ამ კითხვებს ანა არგანაშვილი JAMnews-თან საუბარში პასუხობს.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ პანდემიაზე და მის შედეგებზე. ამჯერად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რაც ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიარა ან ახლა გადის. საუბარია იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც საზღვრები ჩაიკეტა, ბევრი მოქალაქე, რომელიც ბრუნდება სამშობლოში ან დაბრუნდა, მათ მოუწიათ კარანტინის გავლა. ეს არის ორკვირიანი სავალდებულო პროცედურა.
ყველა ადამიანის იზოლირება ხდება საკარანტინე სივრცეში, ძირითადად სასტუმროებში, შეიძლება ითქვას საკმაოდ კარგ პირობებშიც, თუმცა ეს მაინც რჩება იზოლაციად, მაინც რჩება შეზღუდვად. როგორც აღმოჩნდა, ყველას არ შეუძლია ამ რეჟიმში ყოფნა. ადამიანებს აქვთ მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება ამ რეჟიმში შეუძლებელია. მათ უწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ ეს მოთხოვნები დაიკმაყოფილონ და რეჟიმი შეცვალონ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ანა არგანაშვილთან, იურისტთან ორგანიზაციიდან “ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, რომელმაც ეს სიტუაცია თავის თავზე გამოსცადა ოჯახთან ერთად და რომელსაც მოუწია სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოეგვარებინა.
ანა, გამარჯობათ. თუ შეგიძლიათ თქვენი ამბავი მოგვიყვეთ. რატომ დადგა ეს აუცილებლობა, რატომ ჩათვალეთ თქვენ, რომ ის კარანტინის რეჟიმი, რომელიც სახელმწიფომ შემოგთავაზათ, ვერ აკმაყოფილებდა თქვენი ოჯახის მოთხოვნას და საჭირო იყო შეცვლა?
ანა არგანაშვილი: ჩემი ისტორია ასეთია: 27 ივნისს ოჯახი, მეუღლე, ბავშვი და მე, დავბრუნდით საქართველოში. მაგრამ სანამ დავბრუნდებიდით, ერთი კვირით ადრე ჩვენ დავემორჩილეთ კანონის მოთხოვნებს და შევატყობინეთ ჩვენს მთავრობას, შესაბამის უწყებას, რომ ვბრუნდებოდით.
ასევე დაბრუნებამდე, რა თქმა უნდა, შევისწავლეთ კანონმდებლობა და ვნახე, რომ კანონის თანახმად იყო კარანტინი, მაგრამ იყო მეორე შესაძლებლობაც – თვითიზოლაციის, როდესაც ამის გავლა სახლში იქნებოდა შესაძლებელი.
იყო ჩამოთვლილი ის ადამიანები, რომელთაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ. ეს არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანები და არასრულწლოვანი ბავშვები. საინტერესოა, რომ იქ ღიად არის დატოვებული, ანუ სხვა ადამიანიც შეიძლება იყოს, ვისაც რაღაც საჭიროებები აქვს.
• “გაჩნდა იმედი, რომ ადამიანები შეიცვლებიან”. ქართველი ტრანსგენდერები სოლიდარობასა და სიძულვილზე
• სტრესი პანდემიის დროს. საუბარი ფსიქოთერაპევტთან
ამიტომ, მთავრობის დადგენილების და კანონის მიხედვით, ჩვენ გავგზავნეთ მოთხოვნა თვითიზოლაციაზე, მაგრამ ჩამოსვლამდე უკვე მივხვდი,რომ მთავრობა არ რეაგირებდა. არავინ მიპასუხა და ჩვენ ვიცით, რომ მთავრობასთან მოქალაქის ურთიერთობა არის საკმაოდ მკაცრად მოწესრიგებული. ანუ მათ აქვთ ვალდებულება, მთავრობას ყოველთვის, რომ გიპასუხოს და საკუთარი მოქალაქე საქმის კურსში ჩააყენოს.
მე არამხოლოდ ოფიციალურად მივმართე, სოციალურ ქსელშიც შესაბამის სიპს ანუ საჯარო უწყებას, გავუგზავნე მესინჯერით მიმართვა და საინტერესოა, რომ იქ მიპასუხეს. მაგრამ მე, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს, მქონდა იმის განცდა, რომ ფეისბუქი არ არის მოქალაქესთან კომუნიკაციის ადეკვატური გზა, რადგან ფეისბუქში კანონებს არ განვიხილავთ. მაგრამ როგორც ჩანს მე ვცდებოდი, ამას ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით.
როდესაც უკვე შემოვედით საზღვარზე, იქ მივხვდი, რომ ცოტა არაორგანიზებული იყო ეს პროცესი. რამდენიმესაათიანი რიგი იყო და იქ არ იყო დიდად იმის გარჩევა, ვინ რომელი ქვეყნიდან ბრუნდებოდა, პატარა ბავშვები იყვნენ, მოხუცები იყვნენ. იქ ინდივიდუალურად კი ცდილობდნენ, მაგალითად, საზღვრის დაცვის პოლიცია და სხვა ადამიანები რომ ბავშვს დაეხმარონ, მაგრამ ეს არ არის ორგანიზებული და მოწესრიგებული.
– შემდეგ, როდესაც საზღვარზე სამედიცინო პუნქტს მივმართე, იქ მითხრეს, რომ ჩვენი გვარები არ იყო გადაცემული რაღაც სპეციალურ სიაში, რომელიც მანახეს და როდესაც დავსვი კითხვა, ჩემი სპეციალური განცხადება თუ შეისწავლეს, მითხრეს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და როგორც მივხვდი დიდად არც აინტერესებდათ.
აი ამ მომენტიდან უკვე მივხვდი, რომ ცოტა უცნაურ პროცესში მიწევდა მონაწილეობა. იქ შემომთავაზეს ხელი მომეწერა გარკვეულ ფურცელზე, მე რა თქმა უნდა არ მოვაწერე და იქვე ვუთხარი, რომ ამას აუცილებლად გავასაჩივრებდი, შემდეგ კიდევ რამდენიმე საათი რიგში ვიდექით. არავინ არ გვეუბნებოდა სად მივდვართ, რატომ მივდივართ, როგორ მივდივართ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ავტობუსის მძღოლის გარდა არავინ არაფერს გატყობინებს.
არ იცი სად მიდიხარ, მხოლოდ მძღოლი გეუბნება, არჩევანი არ გაქვს, თან ამ დროს ფიქრობ, რამდენიმე ადამიანით უკან რომ ყოფილიყავი რიგში, შეიძლება თბილისში მომხვდარიყავი და ახლა ხვდები რომელიმე რაიონში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კარანტინში როდესაც გიშვებენ, ეს ნიშნავს, რომ შენ შეზღუდული გაქვს თავისუფლება და ამ დროს ვინმე გარეთ თუ არ გყავს დამხმარე, ძალიან რთულია. რაიმე ნივთი უნდა მოგაწოდოს, დაგეხმაროს და როცა ხვდები სხვა რეგიონში, რა თქმა უნდა რთულია.
პირველი დათქმა, სანამ გადავალ უშუალოდ დეტალების მოყოლაზე, მინდა ვთქვა, რომ მე რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მთავრობის ძალისხმევას პანდემიასთან ბრძოლისას. თუმცა ეს ძალისხმევა აუცილებლად უნდა იყოს ადამიანის უფლებების ჩარჩოში და ჩვენ, მოქალაქეებს უნდა გვქონდეს გარანტიები, რომ ადამიანის უფლებები იქნება დაცული.
სწორად ამიტომ, მე მთელ ამ პროცედურებს ვუყურებდი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ბევრი წელია ვმუშაობ და ახლაც ვიყავი ძალიან ფხიზლად. როდესაც უკვე გადაგვიყვანეს კარანტინში, როგორც თქვენც მიხვდით, ჩემი განცხადება არ დააკმაყოფილეს და არც ამიხსნეს რატომ, რაღაც სიაში არ მოვხდი, ამ კარანტინში უკვე იწყება გარკვეული პრობლემები.
ყველა მივხვდით, რომ არ არის დიფერენცირებული ინდივიდუალური მიდგომა. ასეულობით ადამიანი სადღაც ნაწილდება, უმეტესად შემთხვევით და ვის რა საჭიროება აქვს, ვის რა პრობლემა აქვს, ვის რა უნდა ჰქონდეს აუცილებლად, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ არის უზრუნველყოფილი. შესწავლილიც არ არის. წინასწარ არ სწავლობენ მათ საჭიროებებს.
ჩემს შეთხვევაში, რადგან თან მყავდა ბავშვი, რომელი 11 წლის იყო, მაშინვე მივხვდი, რომ ის სივრცე, რაც ზრდასრულისთვის არის მისაღები, ბავშვისთვის არ არის მისაღები. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვს სჭირდება მოძრაობა, ელემენტარულად, ბავშვი არ შეიძლება მთელი დღე იწვეს საწოლზე ან იჯდეს 90 გრადუსის სკამზე, მას სჭირდება გასეირნება, სჭირდება თავისი ნივთები, სპეციალური კვება, სპეციალური ჰიგიენა.
ეს ყველაფერი სამწუხაროდ არ იყო გათვალისწინებული და მე მახსოვს, როდესაც უკვე შევყავდი პირველი სასტუმროს ნომერში, მაშინ დამისვეს ასეთი კითხვა, სამი ადამიანი ვიყავით და მკითხეს: სამ საწოლიანი ნომერი გირჩევნიათ აივნის გარეშე, თუ ორ საწოლიანი აივნით. ანუ უკვე რაღაცეები უნდა გაწირო, თუ გინდა, რომ ბავშვის ინტერესები დაიცვა.
პირველი ღამე რომ გავათენეთ, უკვე აშკარა გახდა, რომ ბავშვი თავს არ გრძნობდა კარგად და შემდეგ დღეებში კიდევ უფრო გამოჩნდა. მისი გუნება-განწყობილება ძალიან გაფუჭდა, საუბარი აღარ უნდოდა, ემოციურად დაითრგუნა, ჰქონდა პროტესტი. ამავე დროს თან ვიგებდით, რომ ვიღაცეების განცხადებები დააკმაყოფილეს და რა თქმა უნდა ბავშვი სვამდა კითხვას რატომ ისინი და არა ჩვენ.
ანუ სამართლიანობის განცდა ძალიან დაერღვა და ამ დროს გადავწყვიტე მიმემართა სასამართლოსთვის. 28-ში მოგვათავსეს და მე 2-ში უკვე მქონდა სარჩელი დაწერილი, შეტანილი და გაგზავნილი სასამართლოში. უნდა აღინიშნოს, პირველი, რაზეც მე ვდაობდი იყო ის, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, კარანტინს შეიძლება შევხედოთ, როგორც სამედიცინო ზომას, მაგრამ ადამიანის უფლებების კუთხით, ეს არის თავისუფლების შეზღუდვა, დაახლოებით ისეთივე როგორიც არის ციხე, როგორიც არის პოლიციის მიერ გაჩერება, სადმე გადაყვანა.
თავისუფლება არის ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული, საერთაშორისო კანონმდებლობით და მას გარკვეული მატერიალური და საპროცესო გარანტიები უნდა ახლდეს. ანუ ყველა შემთხვევაში, როდესაც მე თავისუფლებას მიზღუდავ, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, ეს უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, ეს უნდა იყოს პროპორციული, ანუ არ უნდა იყოს უფრო მეტი ვიდრე საჭიროა.
და რა თქმა უნდა მე ამ ყველაფერზე ვდაობდი, იმიტომ რომ არავინ მე არ ჩამაბარა არცერთი ფურცელი, სადაც ეწერებოდა ამ შემთხვევაში ბავშვს რატომ შეუზღუდეს თავისუფლება ასე სრულიად ბლანკეტურად, კოლექტიურად და მისი, როგორც ადამიანის და პიროვნების გათვალისწინების გარეშე. თავიდან შემექმნა გარკვეული პრობლემა, იმიტომ რომ სასამართლომ მომთხოვა დოკუმენტები, თავად ის გადაწყვეტილება, რომელიც მე არ მქონდა.
შემდეგ განვუმარტე სასამართლოს, რომ როდესაც ხარ ერთ ოთახში ჩაკეტილი და შიგნიდან ცდილობ შენი უფლებების დაცვას, ეს იგივე ვერ იქნება, როდესაც მე როგრც ადვოკატი ვმუშაობ გარეთ, სადაც ყველაფრის მოპოვება შემიძლია. შემიძლია მივიდე, მოვითხოვო.
ერთ ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, ვერ გავდიოდი. ინტერნეტიც რიგ შემთხვევაში არ მუშაობდა. ანუ როდესაც, მაგალითად, სასამართლოს საშუალებით იცავ შენს უფლებებს, იქ გარკვეული ვადებია რაც უნდა დაიცვა, მაგრამ მე თუ ინტერნეტი გამეთიშა ვეღარ დავიცავ. ამიტომ ეს ყველაფერი მე განვუმარტე სასამართლოს და ძალიან კარგია, რომ მათ ეს გაათვიცნობიერეს ძალიან მალე.
მე მქონდა ეს კომუნიკაცია და მერე უკვე ვგრძნობდი, რომ სასამართლო ითვალისწინებდა ჩემს მდგომარეობას. პირველი, რაც იყო უპრეცენდენტო, იყო ის, რომ სარჩელის შეტანიდან მეხუთე დღეს მე უკვე მქონდა სასამართლო მოსმენა ჩანიშნული.
სხდომა გაიმართა და მე ზუმის მეშვეობით, დისტანციურად ვიყავი სასამართლო პროცესზე. ადვოკატები იყვნენ გარედან ჩართული და თავად მოპასუხე, სახელმწიფო ორგანო უკვე შემოვიდა როგორც მოპასუხე. ერთი დღის ვადაში მათ უნდა მოემზადებინათ თავიანთი დაცვა.
თვითონ სასამართლო პროცესი იყო ძალიან საინტერესო. პირველ რიგში გეტყვით, რომ იმდენად პატარა ოთახი იყო – 25 კვადრატული მეტრი სამი ადამიანისთვის – ხომ ერთად ვიყავით და ბავშვი ყველა შემთხვევაში მოისმენდა ამ პროცესს, როდესაც მე მასზე ვისაუბრებდი. ამიტომ მე ავირჩიე და ალბათ ყველა ასე აირჩევდა, ბავშვი იჯდა ჩემ გვერდით მოსარჩელედ და მონაწილეობდა ამ პროცესში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოსამართლე მას პირდაპირ უსვამდა კითხვებს.
სახელმწიფო უწყებები, როგორც ჩანს ამ თემაზე აქამდე არ ფიქრობდნენ, რადგან მათი მხრიდან ეს პოზიციები და დაცვა იყო საკმაოდ მოუმზადებელი. მაგალითად ისინი ამბობდნენ, რომ ბავშვი რატომ უნდა განვათავსოთ მარტო სახლში და მშობლები დავტოვოთ იზოლაციაში. ეს უბრალოდ ნიშნავდა, რომ მათ არ უფიქრიათ, რომ ოჯახის დაშორება არ შეიძლება, როდესაც გადადის ბავშვი, გადადის ორივე მშობელი ან ერთი მშობელი ვინც არის.
შესაბამისად, ესეც გაირკვა პროცესზე. თუმცა მთელი პროცესის განმავლობაში ჩვენ ვგრძნობდით, რომ ისინი სასამართლოს დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ პანდემიაა, ასეთი მართლაც და დიდი და ტრაგიკული მოვლენაა. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ეს არ აძლევს მმართველობას და ხელისუფლებას განუსაზღვრელ უფლებებს. პანდემიაც კი არ არის, ასე ვთქვათ ის თავისუფლება, როდესაც მთავრობას შეუძლია ნებისმიერი შეზღუდვა დააწესოს, ეს არავინ გაასაჩივროს და არავინ იდავოს.
ამიტომ სასამართლო და მოსამართლე უსვამდა ასეთ კითხვებს, რომ რამდენად აუცილებელია ის, რომ ბავშვი იყოს აუცილებლად ამ 25 კვადრატულში სამ და ორ ადამიანთან ერთად, არის თუ არა საფრთხე იმდენად მაღალი, რომ მისი თავისუფლების შეზღუდვა არის გამართლებული, იმსჯელეთ თუ არა ამაზე, კითხვა საერთოდ დასვით თუ არა.
აღმოჩნდა, რომ ეს მათთვის არ იყო მსჯელობის საგანი აქამდე და ჩვენ წარმატებულად დავუსაბუთეთ, რომ როდესაც მოქალაქეები აცნობიერებენ ამ პასუხიმგებლობას და ამბობენ, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლოებებს, რათა არ დავარღვიოთ ეს გარკვეული წესრიგი და გთხოვთ გაგვიშვათ თვითოზოლაციაში, ეს უნდა იყოს განხილული.
კიდევ ერთი საინტერესო არგუმენტი ჰქონდათ, რასაც იყენებდა ადმინისტრაციული ორგანო, რომ რახან აქამდე ბევრმა დაარღვია სხვამ, ამიტომ ესენიც დაარღვევენ. ეს არის მოქალაქის მიმართ უნდობლობა. სხვა რომ არღვევს, არ შეიძლება ამის გამო მე დავისაჯო და მით უფრო არ შეიძლება პატარა ბავშვი დაისაჯოს, რომელსაც ნამდვილად არაფრით არ დაუმსახურებია უნდობლობა სახელმწიფოს მხრიდან და სასამართლომაც ზუსტად გაიზიარა ეს არგუმენტი, რომ ერთი რომ არღვევს, მეორის მიმართ არ უნდა იყოს ეს მიდგომა.
რაც მთავარია, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი მოქმედებს ყველა ვითარებაში. საომარ ვითარებაშიც კი ჩვენ ბავშვებს უნდა განსხვავებულად მივუდგეთ და აუცილებლად ინდივიდუალურად შევისწავლოთ მათი საჭიროებები. ამიტომ ჩვენი პოზიცია გაიზიარა სასამართლომ. ერთ დღეში დასრულდა სხდომა. მოსამზადებელი და მთავარი სხდომაც და აღსრულდა დაუყოვნებლივ. ანუ აღარ დაელოდა სასმართლოს. აპელაციაში გასაჩივრდება ალბათ, ჩვენ არ ვიცით, როგორ იდავებს, მაგრამ მეორე დღესვე პროცედურები დაიწყო და ჩვენ გამოვედით
–რა დრო დასჭირდა მთელ ამ პროცესს თქვენ შემთხვევაში?
-ხუთ დღეში დაინიშნა სხდომა, მაგრამ შემდეგ გამოსვლის პროცედურები ასევე იწელება. იქ პისიარ ტესტი, სახლის შესწავლა ხდება, სადღაც შვიდი-რვა დღე გამოვიდა ბოლოს. საბოლოოდ, მეთერთმეტე დღეს გამოვედით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სადღაც ორი-სამი დღე გვქონდა, სხვა ბავშვებისთვის ეს იქნებოდა გადამწყვეტი და პრინციპში ესეც აღმოჩნდა. ანუ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას. ბავშვმაც იცოდა ეს, როდესაც იცავდა თავის უფლებებს და სხვა ბავშვებისთვისაც ასე ვთქვათ იბრძოდა და ჩემთვისაც ეს იყო პრინციპული, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო ამგვარი.
– თქვენ ახსენეთ სხვა შემთხვევები, რომელთათვისაც მაგალითი გახდა თქვენი შემთხვევა. რა იცით მათ შესახებ?
– ამ გადაწყვეტილების მეორე დღიდან ჩვენ უკვე გვესმის არაერთი შემთხვევა, როდესაც თვითიზოლაციაში გადავიდა ბევრი ბავშვი. მე არასამთავრობო ორგანიზაციაშიც ვმუშაობ, როგორც თქვენ აღნიშნეთ და ვინც კი მოგვმართა ყველა გადავიდა და ყველა გაითვალისწინეს, მაგრამ რა თქმა უნდა შემთხვევები იცვლება.
მაგალითად, ამ წუთში განვიხილავთ ერთ შემთხვევას, როდესაც გადასვლის დროს აქვს მნიშვნელობა. ერთი დღეც არ უნდა გაჩერდეს, იმიტომ რომ ბავშვს აქვს რაღაც სტრესი და ის ერთი დღეც კი მას ძალიან დააზიანებს. ახლა უკვე უფრო დახვეწილად ვითხოვთ, რომ სწრაფად მიიღონ ეს გადაწყვეტილებები. ახლა სტანდარტული პროცედურა ისეთია, რომ ჯერ კარანტინში ათავსებენ, უკეთებს ტესტებს და მერე გადაყავთ. ჯერ მოთავსებაც არ არის საჭირო, თუ იციან რომ უნდა გადაიყვანონ,მაშინ დროულად უნდა გადაიყვანონ. ნელ-ნელა ეს პრაქტიკა იხვეწება და პრინციპში კარგია, თუმცა რა თქმა უნდა სასამართლოს გარეშეც შეეძლოთ ამის გამოსწორება.
-ანუ იმ ადამიანებს, ვისაც თქვენ ეხმარებით, იმათ არ სჭირდებათ სასამართლო. მათ უკვე ადმინისტრაციული წესით გაუწიეთ დახმარება? ანუ თქვენს შემთხვევამდეც იყო, როგორც თქვით, რომ ადამიანებს ათავსებდნენ თვითიზოლაციაში?
– კი, ოღონდ ეს არ იყო გასაგები. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ მათ უწევდათ არაფორმალური კავშირების გამოყენება. ეს ჩვენ სასამართლოზეც ვთქვით. რა თქმა უნდა ამის დადასტურება ძალიან ძნელია.
-ფორმალურად რა პროცედურებია იქნებ ახსნათ იმ ადამიანისთვის, რომელსაც სურს რაღაც კრიტერიუმებით, რომ თვითიზოლაცია გაიაროს, ჩამოვიდეს საქართველოში და აღარ მოხვდეს კარანტინში?
– პირველ რიგში ისინი აუცილებლად უნდა გაეცნონ მთავრობის შესაბამის დადგენილებას, 322-ე დადგენილებას და იქ არის ჩამოთვლილი ოთხი კრიტერიუმი. თუ არ ვცდები, პირველი ეს არის დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შემთხვევა, როდესაც ზედამხედველობას თავად ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს.
მეორე არის ჯანმრთელობის სპეციალური მდგომარეობა, დიალიზი ან რაიმე, რომლის დაკმაყოფილებაც ვერ მოხდება კარანტინის პირობებში.
მესამე, თუ არ ვცდები, არის შეზღუდული შესაძლებლობები და თუ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობა აქვს მაშინაც შესაძლებელია და მეოთხე არის არასრულწლოვანება და სხვა.
ეს ძალიან საინტერესოა, რომ ეს განმარტება ღიაა, ვინაიდან შესაძლებელია არ ქონდეს ადამიანს ცნობა რომ შეზღუდული შესაძლებობა აქვს, მაგრამ ქონდეს ისეთი საჭიროება, მაგალითად შეიძლება ვერ ჩერდება დაკეტილ სივრცეში, იმ პატარა სივრცეში. შეიძლება შფოთვა აქვს, შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს.
მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამას სამწუხაროდ არ ექცევა ყურადღება. შიგნით, კარანტინში ყოფნა არის საკმაოდ სტრესული. ის წარმოდგენა, რომ ძალიან კარგი სასტუმროა, კი კარგი სასტუმროა, ოღონდ შიგნით ხარ მარტო. არავინ არ შემოდის საერთოდ. გარეთ გახედვაც არ შეგიძლია ოთახიდან. იქ სიგნალიზაცია და ა.შ ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობა იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელია ჩემი აზრით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი მოგიკითხავდეს მაინც თუ როგორ ხარ დღეს, თავს როგორ გრძნობ.
-ასეთი რამ ხდება?
-სამწუხაროდ არ ხდება. ანუ ბავშვების შემთხვევაში პედიატრიც კი არ გამოჩენილა მთელი ეს პერიოდი და მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ზრდასრულების შემთხვევაშიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი აუცილებლად უნდა იყოს ყოველთვის ყურადღებით, იმიტომ რომ ადამიანებმა შეიძლება სხვადასხვანაირად გადაიტანონ. ეს კარანტინი არის განსხვავებული, ვიდრე თვითიზოლაცია. საკუთარ ბინაში საერთოდ სხვა სიტუაცია გაქვს და იქ საერთოდ სხვა სიტუაციაა.
რომ გავაგრძელოთ პროცედურა, მთავრობის დადგენილებით არის ეს ოთხი შესაძლებლობა, რა დროსაც თვითიზოლაცია შეგიძლია მოითხოვო და სხვა, როცა შეგიძლია მაინც დაასაბუთო. შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე არის თვითიზოლაციის ფორმა, რომელსაც ავსებ და ამ ფორმაში უნდა მიუთითო, რომ გაქვს შესაძლებლობა თვითიზოლაციის ადგილის. ანუ ბინა უნდა გქონდეს, სადაც იქნები მარტო, იმიტომ რომ სხვას არ გადასდო. ამ ფორმას ავსებ და აგზავნი სპეციალურ მაილზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, თუ არ ვცდები ასეთი სათაური აქვს და მათ უნდა განიხილონ.
ყველა შემთხვევაში მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ განხილვა აუცილებელია. პასუხი უნდა მიიღონ. მე ვერ მივიღე. ამ პასუხში უნდა დაასაბუთოს მთავრობამ, რომ მიუხედავად თქვენს მიერ ჩამოთვლილი კრიტერიუმებისა, მაინც არის სწორი კარანტინი.
ანუ მათი ტვირთია, რომ ეს დაგისაბუთონ. მე როგორც ადამიანის უფლებების ადვოკატს მჯერა, რომ თავისუფლება, ჩემი უფლებები არის ყოველთვის მაღალი, ვიდრე რაიმე შეზღუდვა.
ამიტომ უნდა დამისაბუთოს მან, ვინც მიზღუდავს. როდესაც დასაბუთება ჩაბარდება, თუ არის უარი, რა თქმა უნდა ყოველთვის შეუძლია მოქალაქეს გაასაჩივროს, მაგრამ თუ არ არის უარი, შემდეგ ხდება ბინის შესწავლა და სხვა პროცედურები, როგორც უკვე გითხარით პისიარ ტესტი და ა.შ
-ანუ რაღაც სამსახური მიდის იმ ბინაში რომელიც მიუთითეთ და შემდეგ ადამიანები აბარებენ ტესტებს?
– კი. აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩვენ ვიცით ყველამ, რომ თვითიზოლაციის და კარანტინის დარღვევის დროს ჯარიმები ეკისრება ადამიანს და საკმაოდ მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს, არამხოლოდ ჯარიმის, არამედ სხვებისთვის საფრთხის შექმნის კუთხით. ამიტომ ჩვენ როგორც მოქალაქეები, მე სასამართლოზეც აღვნიშნე, რომ სრული პასუხიმგებლობით ვდებდი პირობას, რომ ეს არ დაირღვეოდა.
ეს უკვე ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობაა. თუნდაც ის, რომ სხვებს არ შევუქმნათ ამის გამო უნდობლობა. ჩვენი ნებისმიერი ქმედება, რა თქმა უნდა მერე სხვებს აზიანებს, ამიტომ აუცილებელია, შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმის შესრულება. ჩვენს შემთხვევაში პოლიციას ქონდა ზედამხედველობა და გვამოწმებდნენ საკმაოდ ინტენსიურად.
– გაკითხავენ პოლიციელები? რეგულად გაკითხავენ სახლში?
– კი. ამ სიპის წარმომადგენლები. საგანგებო სიტუაციების მართვის წარმომადგენლები. ჩვენ არ ვიცით როდის გაკითხავენ. შეიძლება დღეში რამდენჯერმე. რა თქმა უნდა თუ რომელიმე წევრი არ არის სახლში, დაექვედებარება შესაბამის სანქციას. მაგრამ მე მჯერა, რომ მოქალაქეები არ ვარღვევთ იმას, რაც არის აუცილებელი. კანონით რომც არ იყოს დადგენილი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები.
–ერთი შეკითხვაც მინდა დაგისვათ კარანტინთან დაკავშირებით, როგორც უფლებადამცველს. ანუ როდესაც ადამიანს არ აქვს ის ფაქტორები, რომ იზოლაციაში გადაიყვანონ, ანუ უნდა იყოს კარანტინში აუცილებლად და ამავე დროს ის თვილის, რომ ილახება მისი უფლებები. მას არ აწვდიან ვთქვათ შესაბამის საკვებს. ან მისი პირობები არ არის უზრუნველყოფილი, ან თვლის, რომ მისი უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი. ამ შემთხვევაში ადამიანმა ვის შეიძლება მიმართოს და რა შეიძლება გააკეთოს? ამ ჩაკეტილ ოთხ კედელში მყოფმა ადამიანმა?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც გიზღუდავს თავისუფლებას სახელმწიფო, მასვე აქვს ვალდებულება, რომ პირობები იყოს ადეკვატური.
ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ადმინისტრაციას. ალბათ უფრო სასტუმროსი, სადაც არიან განთავსებულები. ან ამ საგანგებო სიტუაციების სამსახურს და ჩემს შემთხვევაში, მე ავღნიშნე რომ ფეისბუქზე მიმოწერა ჩამითვალეს ადმინისტრაციულ წარმოებად, რაც ცოტა უცნაურია, მაგრამ კარგი ის არის, რომ ისინი რეაგირებენ, როდესაც მიმართავ.
ინტენსიურად ხდება შეცვლა. თუ არ მოსწონთ ერთი ადგილი გადაყავთ სხვაგან და თუ არ მოსწონთ რაღაც საკვები, ცდილობენ, რომ გაითვალისწინონ ეს საჭიროებები.
რა თქმა უნდა ბოლომდე ვერ მოხდება ინდივიდუალურად, 4000-ზე მეტი ადამიანია კარანტინში და ყველას ვერ გაითვალიწინებენ, თუმცა თუ ეს აუცილებელია, მე მჯერა, რომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და დააკამაყოფილონ საჭიროება.
რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია სახელმწიფოს მხრიდან იყო ის, რომ როდესაც ვაფინანსებთ ამ ღონისძიებას, რაც ნამდვილად დასაფასებელია, რომ მოქალაქე არ იხდის და არც უნდა გადაიხადოს, ეს საკმაოდ ძვირია. მათი არგუმენტი ესაა.
მაგრამ ჩვენი, მოქალაქეების არგუმენტია, როდესაც იხდი, ხარისხი უნდა გააკონტროლო. ანუ ის, რომ მე ვიხდი და შემდეგ თითოეულმა კერძო სასტუმრომ რაც უნდა ის გააკეთოს, ეს შეუძლებელია. ის კერძო სასტუმრო იმ წუთას არის ჩემთვის სახელმწიფო. ანუ მე იმ პირობებში სახელმწიფომ მომათავსა.
დღეს სტანდარტი მათ არ აქვთ. რა სტანდარტს უნდა აკმაყოფიელბდეს სასტუმრო, ჩვენ არ ვიცით. ჩვენს შემთხვევაში მე ვდაობდი, რომ კონდიცირების ტემპერატურა იყო უფრო მაღალი, ვიდრე ადეკვატური. გაფუჭებული იყო კონდიცირება და მოპასუხე, სახელმწიფო მეუბნებოდა,რომ მე არასწორს ვამბობდი და მომიწია მტკიცებულებების წარდგენა. რახან იქვე ვიყავი, თერმომეტრით გავზომე და დავანახე.
როდესაც ადვოკატი არ ხარ, შეიძლება დაიბნე ამ სიტუაციაში და რაღაცნაირად დაითრგუნო. მთელი პროცესი იყო ჩემი დამუნათება, რომ მე, ასე ვთქვათ უმადურად ვიქცევი. მაგრამ ეს არ არის უმადურობა.
ადამიანის უფლებების დაცვა არ არის უმადურობის გამოხატვა. მე ვარ ფხიზლად, რომ ამ პანდემიის და საგანგებო სიტუაციიის ვითარებაში, ისე არ გაიზარდოს უფლებამოსილებები სახელმწიფოს მხრიდან, რომ ჩემი ინდივიადუალური უფლებები დაირღვეს. ამიტომ ყველა ვალდებული ვართ სახელმწიფოს შევახსენოთ, რომ ბალანსი უნდა იყოს დაცული უსაფრთხოებასა და ინდივიდულაურ უფლებებს შორის.