კინო _ მსოფლიოს მოდებული დარგი
სომხეთი მსოფლიო კინოინდუსტრიის მოწინავე ქვეყნებს არ განეკუთვნება, მეტიც _ სომხური კინოს განვითარების ტენდენციებიც კი არ შეინიშნება. საქმე ისაა, რომ სომხეთში არ მიუღიათ კანონი კინოს შესახებ და არც სახელმწიფო კინოსტუდია არსებობს. აქცენტი ძირითადად პატარა კერძო კინოსტუდიებსა და უცხოურ კომპანიებთან ერთობლივ წარმოებაზე კეთდება.
კინოს განვითარების კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი კინოთეატრების ფართო ქსელის არარსებობაა. ფილმების ჩვენება, ძირითადად, დედაქალაქის ერთადერთ კინოთეატრსა და ორ მსხვილ სავაჭრო ცენტრში არსებულ მცირე კინოდარბაზებში იმართება. კიდევ ერთი კინოთეატრი არსებობს გიუმრიში.
კინოთეატრების ასეთი ქსელის პირობებში, ადგილობრივი წარმოების ფილმების ჩვენებით შემოსავლის მიღება შეუძლებელია. სომხეთში ფილმი არ მზადდება როგორც _ ბიზნესპროექტი, ამ ფილმებს უფრო ხელოვნების ნიმუშის პრეტენზია აქვთ, და ავტორის ერთგვარ ხედვას ასახავენ. თუმცა, ეს ‘საავტორო ხიბლი’ მეტწილად საეჭვოა ხოლმე.
სომხეთში ყოველ წელს დაახლოებით 2-3 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და რამდენიმე ათეული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმი გამოდის. ცალკე მიმართულებად იქცა ერთგვარი მსუბუქი კომედიები, რომლებსაც ძირითადად ტელეარხების რესურსებით იღებენ; სწორედ მათი დაბალბიუჯეტიანობა განაპირობებს შემოსავლიანობასაც, რაც პროექტის თვითღირებულების დაფარვას გულისხმობს.
სომხეთის კინოწარმოების განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს სომხურ დიასპორას, რომელიც სომხურ კინოს ფინანსური და ადამიანური რესურსებით ამარაგებს. სათვისტვომოების ძალისხმევით, სომხურ კინოს საზღვარგარეთაც უყურებენ.
2015 წელი სომხური კინემატოგრაფისთვის, პირველ რიგში, სიმბოლურობის გამო იყო მნიშვნელოვანი. გენოციდის 100 წლისთავის თემა მეტნაკლებად თითქმის ყველა სომხურ ფილმში აისახა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხური სათვისტომოებისთვის, რომლებიც სწორედ გენოციდის შედეგად სხვადასხვა ქვეყნებში იძულებით გადასახლებული ადამიანებისგან შეიქმნა.
სახელმწიფოებრივ დონეზე გააზრებული საუკუნის წინანდელი დანაშაული სხვადასხვა ჟანრისა და ხარისხის ფილმებში აისახა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ სომხეთის ეროვნულმა კინოცენტრმა, რომელიც კინოწარმოების სახელმწიფო ფონდს წარმოადგენს, გენოციდთან დაკავშირებული ფილმების კონკურსი გამოაცხადა. ფონდს საუკეთესო პროექტები უნდა გამოევლინა და მათი რეალიზაციისთვის ფინანსური მხარდაჭერა უნდა უზრუნველეყო.
ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა რამდენიმე ფილმი, ზოგი კი ჯერაც წარმოების პროცესშია, რომლებიც მეტნაკლებად ეხება ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი გენოციდს, ან სომხეთ-აზერბაიჯანის პრობლემებსა და ყარაბახის ომს.
წარმოგიდგენთ 2015 წელს დასრულებული იმ ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც სომხეთშიც აჩვენეს და უკვე სხვადასხვა ფესტივალზეც წარადგინეს.
‘ვარდაპეტის დუმილი'(რეჟისორი _ იგენ ჩალდრანიანი). ფილმი კომიტასის ცხოვრების უკანასკნელ წლებზე მოგვითხრობს, როდესაც კომპოზიტორმა, რომელიც 1915 წელს მომხდარი დანაშაულების მომსწრე გახდა, დუმილის აღთქმა დადო.
‘უკანასკნელი მოსახლე’ (რეჟისორი _ ჯივან ავეტისიანი) ეს ფილმი ერთი სოფლის მცხოვრებთა ამბავს გვიამბობს, რომლებიც ყარაბაღის ომის დროს საკუთარი სახლებიდან გაყარეს. ეს კინოსურათი ადამიანურ ტრაგედიას ეხება.
‘ხანგრძლივი დაბრუნება’ (რეჟისორი _შავარშ ვარდანიანი). ესაა ფრანგი ექიმისა და არწახელი გოგონას სიყვარულის ისტორია ყარაბაღის ომის დროს.
საერთაშორისო კინოფესტივალ „ოქროს გარგარის“ 2015 წლის სპეციალურ პროგრამაში _„აღარასდროს“_ ის ფილმები იყო თავმოყრილი, რომლებიც გენოციდის შედეგებს ეძღვნებოდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა გერმანული და პოლონური ფილმები, რომლებშიც ჰოლოკოსტის კიდევ ერთხელ გააზრებას ეძღვნებოდა.
ფესტივალზე აჩვენეს სომხური წარმოშობის ფრანგი რეჟისორის რობერ გედიკიანის ფილმი „ერთი გიჟის ისტორია“, რომელიც გენოციდს გადარჩენილი სომხების შვილიშვილების სულიერ ტკივილებსა და განცდებზე მოგვითხრობს. მთლიანობაში ეს ფილმი მემკვიდრეობით გადმოცემულ პრობლემებს ეხება. ფილმის დადააზრია მუდმივი დილემა _ უნდა უპასუხო, თუ არა სისხლისღვრას სისხლისღვრით, დახვდე თუ არა მოქნეულ ხმალს ხმლითვე?! ევროპაში მცხოვრები სომხების ახალი თაობა ცდილობს, წინაპრები არ დაივიწყოს და მიბაძოს სოგომონ ტეილერიანს, რომელმაც გენოციდში დამნაშავეებზე შური იძია.
მასობრივი უბედურების შესახებ შექმნილ ფილმებში ყოველთვის იკვეთება ხოლმე ცალკეული პიროვნების, უბრალო ადამიანის ამბავი, მისი ბედი.დიდი რყევების _ ომებისა და გადასახლებების დროს ადამიანის სიცოცხლე მართლაც ის ერთადერთი ფასეულობაა, რომელიც ხელოვნების ნაწარმოების შთაგონების წყარო ხდება და არაადამიანურ ქმედებებს უპირისპირდება.
ჰუმანისტურ გზავნილს წარმოადგენს არამ შახბაზიანის „გადარჩენის რუკაც“ _ მთლიანად დოკუმენტურ და ფაქტობრივ მასალაზე, რეალური ადამიანების წერილებისა და დღიურების მიხედვით შექმნილი ფილმი. კინოსურათი შეეხება თურქეთში მცხოვრებ ხუთ ევროპელ მისიონერ ქალს, რომლებმაც, გარდა იმისა,რომ სომხების დარბევის დღეებში მრავალი სომეხი ბავშვი გადაარჩინეს, ასევე მთელ მსოფლიოს ამცნეს ოსმალეთის იმპერიაში დატრიალებული გაუგონარი სიმხეცის შესახებ.
დღევანდელ კინოში ფაქტი და ფაქტის ინტერპრეტაცია განუყოფელია. მკაფიო ჟანრისა და ფორმის ფილმები იშვიათად გვხვდება და მათ დროისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევენ. მხატვრული კინოც კი, რომელიც სინამდვილეს კი არ აყალბებს, უბრალოდ გამოგონილ ამბავს კრებითი,ზოგადი სახეების მეშვეობით გვიამბობს, დროთა განმავლობაში მაინც გარდასული დროის ერთგვარ ქრონიკად იქცევა.
სომხების გენოციდის შესახებ პირველი ფილმი სისხლიანი მოვლენებიდან სამი წლის შემდეგ, 1918 წელს ამერიკაში გადაიღო რეჟისორმა ოსკარ აპფელმა. ამ ფილმს „აკუწული სომხეთი“ ჰქვია და მასში დოკუმენტური კადრებიცაა გამოყენებული. ფილმის მთავარი გმირი და მთავარი როლის შემსრულებელია ავრორა (არშალუის) მარტიკანიანი, რომელიც სიკვდილს გადაურჩა, ამერიკაში ჩააღწია, კინოვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანის ტრაგედია ეკრანზე აჩვენა. ფილმში ის საკუთარ თავს თამაშობს.
სომხეთში საერთაშორისო პრემია «ავრორა» დაარსდა, რომელსაც იმ პირებს გადასცემენ, ვინც ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინო სინამდვილის ნაწილი ხდება და ჩვენც სწორედ მისი კარნახით ვამახვილებთ რაიმეზე ყურადღებას.
და ბოლოს, კინო ხელოვნების ის დარგია, რომელიც ადვილად გადაადგილდება, მთელ მსოფლიოს მოივლის და კითხვებს აჩენს. ამ კითხვებს კი მაყურებელი უნდა გამოეხმაუროს.