იმის შესახებ, თუ რატომ აძლევენ სინამდვილეში ჟურნალისტებს ბინებს აზერბაიჯანში
22 ივლისს, აზერბაიჯანულ ეროვნულ პრესას 145 წელი უსრულდება. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ამ იუბილეს აღნიშვნის შესახებ. სხვა რაღაცებთან ერთად, ამ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ
„ჟურნალისტური ორგანიზაციებისა და რედაქციების რეკომენდაციების საფუძველზე, რომ დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვთ ეროვნული პრესის განვითარებაში, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა წარუდგინონ პრეზიდენტს“.
ყოველწლიურად, რამდენიმე ჟურნალისტი იღებს „დამსახურებული ჟურნალისტის“ წოდებას და კიდევ რამდენიმე ჯილდოვდება მედლით „პროგრესი“.
წელს, 255 ჟურნალისტი, ამასთან ერთად, ბინასაც მიიღებს საჩუქრად. პირველად ეს 2013 წელს მოხდა, როდესაც ბინა 156-მა ჟურნალისტმა მიიღო და მეორედ – 2017-ში, როდესაც ბინა 255 ჟურნალისტს ერგო.
ამ „ბინების საკითხმა“ აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები ორ ბანაკად გაყო. ერთმა მხარემ მიუღებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ასაჩუქრებს ჟურნალისტებს ბინებით, მეორე მხარემ კი ეს ნორმალურად მიიჩნია და ღიად გამოხატა პრეტენზია უფასო საცხოვრებლის მიღებაზე.
ამის შესახებ, ჩვენ გავესაუბრეთ აზერბაიჯანის ჟურნალისტთა გაერთიანების ხელმძღვანელს, ვებგვერდ „აინი-ზერკალოს“ მთავარ რედაქტორს, ელჩინ შიხლის.
ჟურნალისტებისთვის უფასო ბინების დარიგება – სამხრეთ კავკასიისთვის უნიკალური მოვლენაა და წელს ეს უკვე მესამედ მოხდება. რა შეიცვალა აზერბაიჯანულ მედიაში პირველი ორი შემთხვევის შემდეგ?
– ხარისხის მხრივ არაფერი შეცვლილა, არ გაუმჯობესებულა, ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო. მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ჟურნალისტებისთვის ბინების დარიგების. პრეზიდენტის ბრძანებაში არაფერი წერია ბინების ჩუქების შესახებ. ადამიანებმა, რომლებიც იმ დროისთვის ამით იყვნენ დაკავებულები, ეს შეაფასეს, როგორც ბინების აშენება (საუბარია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე ალი გასანოვზე, რომელიც 2019 წელს გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და განყოფილება, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა – გაუქმდა. ასევე, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხარდაჭერის ფონდის ხელმძღვანელზე, ვუგარ საფარლიზე, რომელიც თანამდებობიდან 2020 წელს გაათავისუფლეს – JAMnews). და აი, უკვე მესამე სახლი აშენდა. უნდა დასრულდეს ეს პროცესი და დარიგდეს ბინები.
პირველ ორ სახლში ბინების დარიგებამ, უფრო მეტად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. რატომ გადაწყვიტეს მესამე სახლის აშენება?
ელჩინ შიხლი ვარაუდობს, რომ ალი გასანოვისა და ვუგარ საფარლისთვის ამ სახლების მშენებლობა სახელმწიფო ფულის მითვისების საშუალება იყო.
რეალურად, ამ წამოწყების მიზანი არის თუ არა ჟურნალისტების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება?
– მიზანია – ჟურნალისტების ხელში ჩაგდება. რომ მომავალში მათ დაკრულზე იცეკვონ. ცნობილია, რომ ჩვენი ჟურნალისტების დიდ ნაწილს საცხოვრებელთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. მაგრამ ამ პრობლემების გადაწყვეტა სხვანაირად შეიძლება. მე ბევრჯერ გამოვედი ინიციატივით, რომ ჟურნალისტებს შეექმნათ ისეთი პირობები, რომლითაც ისინი ბინის შეძენას შეძლებენ. მაგალითად, იპოთეკური კრედიტის პროცენტის შემცირება.
ჟურნალისტთა გაერთიანების ხელმძღვანელი გვახსენებს, რომ 10-15 წლის წინ, ჟურნალისტების ჯგუფისგან შემდგარმა კოოპერატივმა აღმასრულებელ ხელისუფლებას სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გადაცემა სთხოვა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა.
როგორია თქვენი პროგნოზი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხარდაჭერის ფონდის მუშაობასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც იქ ხელმძღვანელობა შეიცვალა?
– ახალ ხელმძღვანელსა და მის გუნდს შეეძლოთ შეხვედრის მოწყობა მთავარ რედაქტორებსა და ჟურნალისტებთან, ჩვენი წინადადებების მოსმენა ან საკუთარი გახმოვანება. ჩემი აზრით, ასე უნდა მომხდარიყო.
შეუძლიათ მთავარ რედაქტორებს, თვითონ გამოვიდნენ წინადადებათა პაკეტით?
– მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ. თავის დროზე, მეჰმან ალიევთან ერთად (საინფორმაციო სააგენტო Turan-ის ხელმძღვანელი) გამოვედი ამ ფონდის შექმნის ინიციატივით, და აი, რა შედეგი მივიღეთ. ვნანობ ამის გამო.
ელჩინ შიხლი ამბობს, რომ, თუკი ის საჩუქრად ბინას მიიღებს, „გაფუჭდება“.
„ყოველთვის, სანამ რამეს გააკეთებ, საკუთარ თავს უნდა შეახსენო: რაღაც კარგი არ არის, ისინი ხომ ასეთი კეთილგანწყობილები იყვნენ ჩემ მიმართ“.
ხედავთ თუ არა მეოთხე სახლის აშენების პერსპექტივას?
– არა. მეოთხე სახლი არ იქნება. მტკიცედ მჯერა, რომ ეს „ბოლო შანსია“ და ადამიანები, რომლებიც ბინების განაწილებით არიან დაკავებულები, ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან.
ჟურნალისტთა გაერთიანების ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ახალ გუნდს არ აქვს ამ საქმეში არანაირი დაინტერესება, რადგან ბინების იდეა წინა ხელმძღვანელობას ეკუთვნოდა.
„ვისაც ჰქონდა ინტერესი – უკვე ყველაფერი მიიღეს, რისი მოპარვაც სურდათ – უკვე მოიპარეს“.