რუსეთი: სასამართლომ ჟურნალისტი ტერორიზმის გამართლებაში დამნაშავედ ცნო
რადიო თავისუფლების რუს ჟურნალისტს ქალაქ პსკოვიდან, სვეტლანა პროკოპიევას სასამართლომ 500 ათასი რუბლის (7 ათასი ევრო), “ტერორიზმის გამართლების” მუხლით დააჯარიმა. ჟურნალისტს ასევე დანაშაულის იარაღები – ტელეფონი და ლეპტოპი, ჩამოერთვა.
სვეტლანა პროკოპიევას დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ ორი წლის წინ საავტორო სვეტი დაწერა ქალაქ არხანგელსკში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.
რუსეთის ამ ქალაქში 19 წლის მიხაილ ჟლობიცკიმ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ადგილობრივი ფილიალის შესასვლელთან თავი აიფეთქა. ამის მიზეზი იყო პროტესტი სხვა ახალგაზრდების დევნისა და წამების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ.
- რუსეთში კონსტიტუცია შეიცვალა – ახლა პუტინი სამუდამოდ დარჩება ხელისუფლებაში
- მოსაზრება: რუსეთი პუტინისგან დაიღალა
სვეტლანა პროკოპიევას სვეტის მთავარი იდეა იყო ის, რომ საზოგადოების უსამართლო მოწყობა ექსტრემიზმსა და ტერორიზმს ახალისებს. ამისათვის მას ბრალი ტერორიზმის გამართლებაში წაუყენეს. პროკურატურამ პროკოპიევასთვის 6 წლიანი პატიმრობა მოითხოვა.
სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის სახით ჯარიმა და კონფისკაცია დააკისრა.
«რომ არა რეაქცია, შედეგი სხვა იქნებოდა »
რუსული გაზეთის “ნოვაია გაზეტას” ცნობით, სასამართლო პროცესისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ შენობის ეზო სხდომამდე ერთი საათით ადრე ხალხით გაივსო.
განაჩენის დღეს სვეტლანას კოლეგები და უბრალოდ გულშემატკვირები მოსკოვიდან, პეტერბურგიდან და სხვა ქალაქებიდან მის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ.
პროკოპიევა სასამართლოში ბოლო სიტყვით გამოვიდა, რომელშიც თავის უდანაშაულობას ამტკიცებდა.
”მე არ მეშინია სახელმწიფოს კრიტიკის. მე არ მეშინია სამართალდამცავი სისტემა გავაკრიტიკო და უშიშროების წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ ისინი ზოგჯერ არასწორად იქცევიან. რადგან ვიცი, რომ ცხოვრება მართლა საშიში მაშინ გახდება, თუ მე ამას არ ვიტყვი და არავინ იტყვის ”, – თქვა პროკოპიევამ.
მოსამართლემ განაჩენი 5 წუთში გამოაცხადა. ჟურნალისტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ განაჩენის სირბილის მიუხედავად, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
”მე ისევ ვამტკიცებ, რომ რომ ტერორიზმი არ გამიმართლებია და არასდროს გავამართლებ. მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება არის ის, რომ ჩემთვის პროფერიული საქმიანობა არ აუკრძალავთ”- თქვა პროკოპიევამ.
პსკოვის საოლქო საბჭოს დეპუტატმა ლევ შლოსბერგმა “ნოვაია გაზეტასთან” საუბარში აღნიშნა, რომ მუხლი, რომელსაც სვეტლანა პროკოპიევას უყენებდნენ, სანქციების წარმოუდგენელ დიაპაზონს ითვალისწინებს: ჯარიმიდან 7 წლიან პატიმრობამდე.
”დღეს ეს არის მთავარი სისხლის სამართლის საქმე რუსეთში, ის გავლენას მოახდენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო მომენტამდე ისინი განიხილავდნენ სვეტლანას რეალურ პატიმრობას… და რომ არა ასეთი საზოგადოებრივი რეაქცია სვეტლანა პროკოპიევას საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება და სასამართლო სიჩუმეში რომ წარმართულიყო, შედეგი შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო. “
“ნოვაია გაზეტა”- ს ცნობით, ჟურნალისტებმა, რომლებიც სვეტლანა პროკოპიევას სასამართლოდან გამოსვლას ელოდებოდნენ, მისი ჯარიმის გადასახდელად თანხის შეგროვება დაიწყეს. რამდენიმე წუთში მათ 50 ათასი რუბლი – ჯარიმის მეათედი, შეაგროვეს.