მოსაზრება: როგორ გავხდეთ პატივცემული ადამიანი აფხაზეთში
აფხაზეთში, თაღლითობისა და 20 მილიონი რუბლის (დაახლოებით, 286 ათასი დოლარი) ქურდობის ბრალდებით, საბიუჯეტო კომპანია „აფხაზავტოდორის“ ხელმძღვანელი, ბორის აჩბა დააკავეს.
მას საგზაო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ.
თუმცა, აფხაზეთში ბევრი ცნობილი პიროვნება, მათ შორის, აფხაზეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ვიტალი გაბნია აცხადებს, რომ ბორის აჩბას აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეცვალოს და საგამოძიებო იზოლატორიდან გათავისუფლდეს.
მათი აზრით, ასეთი მსუბუქი მოპყრობის მიზეზი აჩბას აფხაზეთის წინაშე დამსახურება უნდა გახდეს – ის ომის ვეტერანია.
• მოსაზრება: აფხაზეთის ეკონომიკას ძნელბედობის ჟამი დაუდგა
• აფხაზეთი ჯერჯერობით რუს ტურისტებს არ მიიღებს
• აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის გამოწვევები
ამავდროულად, ბევრი ისეთი ადამიანიც არსებობს, რომელიც ასეთ მიდგომას არ ეთანხმება.
კომენტარი
პარტია „აინარის“ ყოფილი ხელმძღვანელი, პოპულარული ბლოგერი, თენგიზ ჯოპუა.
არა, მეც წინააღმდეგი ვარ იმის, რომ რამდენიმე ათეული ან ასეული რუბლის მოპარვისთვის ადამიანებს ციხეში სვამდნენ. ეს ცოტა უცნაურად გამოიყურება.
სწორი იქნებოდა, ასეთი ადამიანები აფხაზეთის უმაღლესი ორდენით „Ахьдз- апша“ („პატივი და დიდება“) დაგვეჯილდოებინა და მათთვის ხელისუფლებას სახელობითი იარაღი „Glok“-ი გადაეცა ავტომობილ Lexus 570-თან ერთად.
ასე კი, რაღაც ულამაზოდ გამოვიდა.
და რა ჩვევა გვაქვს ეს, დავიწყოთ იმის გარკვევა, 20 მილიონი მოიპარა ადამიანმა თუ 15? ან თუნდაც 5 მილიონი!
საერთოდ, დადგა დრო, აფხაზეთის პარლამენტში მოხდეს კანონის ინიცირება „პატივცემული“, „განსაკუთრებით პატივცემული“ და სხვა დანარჩენების შესახებ, რომელთა პატივისცემის დონე არასაკმარისია იმისათვის, რომ გამონაკლისს წარმოადგენდნენ.
კლასიფიკაციის მთავარ ატრიბუტად, უნდა ავირჩიოთ სოციალური მდგომარეობა, უმჯობესია ქონებრივი. თუმცა, სინამდვილეში, ისინი იდენტური არიან.
ისე იქნება, როგორც რომის იმპერიაში – „პატრიციები“ და „პლებეები“.
„ვეტერანისა“ და „არა ვეტერანის“ კატეგორიების გამოყენება არ გამოდის, რადგან ჩვენ გვყავს ვეტერანები მაღალი „ქონებრივი მდგომარეობით“ და ისეთები, რომელთაც ჯილდოებისა და მოურჩენელი ჭრილობების გარდა, არაფერი აბადიათ.
„ქონებრივი მდგომარეობა“ – საუკეთესო კრიტერიუმია ამ საკითხში.
ასე, შეგვეძლება ზუსტად განვსაზღვროთ, ვინ არის „ერის ნამდვილი პატრიოტი და გმირი“ – ვინ უბრალო მოქალაქე და „მოსახლეობის სტატისტიკური ერთეული“.
პირველებს აქვთ სრული პატივისცემა, მეორეებს – არა.
თუმცა, სწორედ ეს პირველები პარავენ ფულს მეორეებს, მაგრამ მოდი არ განვავითაროთ ეს პროვოკაციული აზრი.
20 მილიონი რუბლი – ეს, რა თქმა უნდა, „ფანრიანი ნოკია“ არ არის, რომლის მოპარვისთვისაც ადამიანის იზოლატორში გაგზავნა შეიძლება. ძველი ნოკია რომ მოიპარო, არ არის საჭირო მთელი ერის „პატივისცემა“ და „ნდობა“. სხვა საქმეა 20 მილიონი.
და არიან ისეთებიც, რომლებმაც მოიპარეს 100 მილიონი და 250 მილიონი, ვიღაცამ კი 360 მილიონი რუბლიც.
იმის შესახებ, თუ ვინ მოახერხა 700 მილიონის გაურკვეველი მიმართულებით წაღება, მე საერთოდ გავჩუმდები.
ეს ყველაფერი სასაცილოდ გამოიყურება. სინამდვილეში კი, ყველაფერი სატირალია.
მხოლოდ იმ ხალხს, რომელიც საკუთარ თავს პატივს არ სცემს, შეუძლია მოითხოვოს იმ ადამიანის თავისუფლება და შეწყალება, ვინც ბოროტად ისარგებლა ხალხის პატივისცემით.