სომხეთი: საპროტესტო აქცია უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც ოპოზიციის ლიდერის დაკითხვა მიმდინარეობს
კვირას, 14 ივნისის დილას, ჩხრეკა ჩატარდა მსხვილი ბიზნესმენისა და პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის სახლში.
ჩხრეკის შემდეგ, ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში, დაკითხვაზე დაიბარეს. შენობის წინ, ერთდროულად მიმდინარეობდა „აყვავებული სომხეთის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია, მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ღონისძიებები ქვეყანაში აკრძალულია. რესპუბლიკაში ჯერ კიდევ გრძელდება კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და პერიოდულად აქციის მონაწილეებს აპატიმრებდნენ.
თავად გაგიგ ცარუკიანი და მისი მომხრეები მიმდინარე პროცესს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ – ხელისუფლების შეცვლის შესახებ „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის მოთხოვნის საპასუხოდ.
ჩხრეკისა და დაკითხვის მიზეზებზე
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა ცარუკიანის მფლობელობაში არსებული კომპანიების უკანონო საქმიანობის შესახებ, რის შედეგადაც სახელმწიფოს ათობით მილიონი დოლარის ზიანი მიადგა.
- სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ ერთი თვით გააგრძელეს
- ფაშინიანი გამოჯანმრთელდა და სამსახურს დაუბრუნდა
შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გამოავლინეს პარტია „აყვავებული სომხეთის“ წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი. საუბარია 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. გავრცელდა ინფორმაცია ათობით ჩხრეკის შესახებ, რომლის დროსაც ამოიღეს ათობით დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ქრთამის გაცემის დამადასტურებელ დეტალურ ჩანაწერებს.
მმართველი ბლოკის „ჩემი ნაბიჯის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ალენ სიმონიანმა, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელიც აჩვენებს, ვის და რისთვის გადაეცა კონკრეტული თანხა.
სიაში, ასევე, მოცემულია ჟურნალისტებისთვის გადაცემული თანხა – 750 ათასი დრამი (დაახლოებით, 1500 დოლარი) და „მოსახლეობის დახმარება“ – 3 მილიონი დრამი (6 ათას დოლარზე ცოტა მეტი).
გაგიკ ცარუკიანის განცხადება
მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, სომხეთის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ბიზნესმენმა შეკრებილ ჟურნალისტებსა და მხარდამჭერებს განუცხადა, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია:
«მათ ზეწოლის მოხდენა, დაშანტაჟება სურთ. მაგრამ მე, გაგიკ ცარუკიანი ვამბობ, რომ ამორალური ქალის შვილი ვიქნები, თუკი უკან დავიხევ, რაც არ უნდა გააკეთონ მათ და როგორი საქმეებიც არ უნდა „შემიკერონ».
5 ივნისს, ის „ხელისუფლების 100%-ით შეცვლის“ მოწოდებით გამოვიდა. ცარუკიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ, რომელიც 2018 წელს, ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად მოვიდა ქვეყნის სათავეში, მოსახლეობის იმედები ვერ გაამართლა და უნდა წავიდეს.
ცარუკიანმა გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ, ის უკვე ამბობდა, რომ ხელისუფლება ვერ უმკლავდებოდა მის წინაშე არსებულ ამოცანებს:
«მაშინ ვამბობდი, რომ თუკი ცვლილებები უნდათ, საჭიროა შემადგენლობის 97%-ის შეცვლა. მაგრამ დღეს, ვხედავ რა ამ ჩავარდნებსა და წარუმატებლობებს, მიმაჩნია, რომ სრულად, 100%-ით უნდა შეიცვალოს მთავრობა. ჩემთვის არასასიამოვნოა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ვხედავთ, რომ ყველა სფეროში ჩავარდნა გვაქვს».
თავად ნიკოლ ფაშინიანს ოლიგარქის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, მისმა პრესმდივანმა, მანე გევორგიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გაგიკ ცარუკიანი შეშფოთებულია მთელი რიგი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებით, რომელიც მის სახელს უკავშირდება:
«თუკი ბატონ ცარუკიანს მიაჩნია, რომ მისი პოლიტიკური განცხადებები ხელს შეუშლის გამოძიების ნორმალურ მიმდინარეობას, ის საკუთარ გათვლებში ცდება, რადგან სომხეთში, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მათ შორის, უკანონოდ შეძენილი ქონების კონფისკაციის კანონის და აქ, ბატონ ცარუკიანს ასევე შეიძლება ჰქონდეს ნერვიულობის მიზეზი».
თანაპარტიელების რეაქცია
პარტია „აყვავებული სომხეთის“ წევრებიც მიმდინარე პროცესებს ასევე პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ. ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები უკანონოა, ქრთამის შესახებ გავრცელებული დოკუმენტი – ყალბი, თვითონ ქვეყანაში კი მოქმედი ხელისუფლების დიქტატურა მყარდება.
მათი აზრით, ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო და მათი ლიდერის მისამართით დაუდასტურებელი ბრალდებებით ისე გამოვიდნენ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაივიწყეს.
დეპუტატმა ნაირა ზოგრაბიანმა პარტიის ლიდერის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ფარსი უწოდა:
«ეს, მმართველი პოლიტიკური ძალის დასასრულის დასაწყისია. ეს ყველაფერი დეჟავიუს შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენი პარტიის ბევრი წევრისა და მომხრის ბინებში ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ეს ხელისუფლება უბრალოდ ვერ იტანს განსხვავებულად მოაზროვნეებს».
„აყვავებული სომხეთის“ წევრ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ძალადობა ხდება არა მხოლოდ მათი პარტიის, არამედ საერთოდ სომხეთის მოქალაქეების მიმართ. მათი განცხადებით, აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკვე მიღებულია გაგიკ ცარუკიანის დაპატიმრების გადაწყვეტილება და 15 ივნისს პარლამენტის სხდომას მოიწვევენ, რომ მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერონ.