თუ სახლი არ გაქვთ
ნცარისფერი კარავი, ერთი, ორი, სამი და ასე გრძელდება ათობით… ზოგი გარეთაა გამოსული, სიგარეტს ეწევა, ზოგი სარეცხს ფენს ხეზე მიმაგრებულ თოკზე და მას ქარი აფრიალებს.
ცივა!
კარავში რომ შევედი, თბილოდა. გამიკვირდა, მეგონა, იქაც ეციებოდა. ფეჩზე ქვაბი დგას, სადილის დროს დაუპატიჟებელი სტუმარი დავადექი თავს. თბილად მიმიღეს და ფოტოს გადაღების უფლებაც მომცეს.
პავლე, უკვე მესამე წელია, რაც კარავში ცხოვრობს. ახლობლები არ ჰყავს და არც სახლ-კარი აქვს: ‘აქ კოღო მკბენს და ტილი მჭამს, მაგრამ ეს ყველაფერი აქაური უფროსების რა ბრალია, რო არ მომწონდეს, ავდგები და წავალ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, სულ არაფერს ხომ ჯობია?’
პავლესა და სხვა უსახლკაროებს ‘სულ არაფერიც’ ახსოვთ. კარვების ქალაქი მხოლოდ 2013 წელს გაიხსნა. მას შემდეგ ამ თავშესაფრის ბინადრებს გათბობა, ელექტროენერგია, ელემენტარული ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო ნივთები და დღეში ორჯერ ჭამის საშუალება აქვთ. ეს კი ცოტა არ არის იმ ადამიანისთვის, ვისაც საერთოდ არაფერი აბადია.
კარავში ზედმეტი არაფერია. აქ მადლიერებით იღებენ ყველაფერს, რასაც კი სთავაზობენ – ნახმარ ტანსაცმელს, რომელიც მეზობელი მიკრორაიონის მოსახლეებს მოაქვთ და იმ მორჩენილ პროდუქტებსაც, რომლებსაც რესტორნების მფლობელები იმეტებენ ზოგჯერ.
ზოგჯერ კარვების ქალაქში ფსიქოლოგიც მოდის, მაგრამ თავშესაფრის ბინადრებთან გულახდილი საუბრის გაბმა არც ისე მარტივია.
კარვების ქალაქის ‘ხელმძღვანელობა’ ცდილობს, ყველას ემეგობროს, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოსდის. მაგალითად, ხშირია კონფლიქტები ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით, რადგან კარვებში სპირტიანი სასმელების დალევა აკრძალულია. ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ისეთი ადამიანი, ვინც ამ წესის დარღვევას ცდილობს.
მანანა მეუღლესთან ერთად კარავში, უკვე მეორე წელია, ცხოვრობს; შვილებიც ჰყავთ, თუმცა ისინი ბავშვთა თავშესაფარში არიან. ოჯახის წევრები ერთმანეთს ყოველდღე ვერ ნახულობენ, მაგრამ იმედი აქვთ, რომ მალე საერთო საცხოვრებელში გადავლენ და ეს ტანჯვაც დასრულდება.
მიუსაფრებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტი საერთო საცხოვრებელს აშენებს. მშენებლობა სულ მალე უნდა დასრულდეს. მანანასა და მის მეუღლეს ძალიან უნდათ საერთო საცხოვრებელში გადასვლა, პავლეს კი კარავში, ან თუნდაც ქუჩაში ურჩევნია ცხოვრება. საერთო საცხოვრებლის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას სხვადასხვა მიზეზი აქვს – მაგალითად, ბევრს საცხოვრებლის მდებარეობა არ მოსწონს. ახალი საერთო საცხოვრებელი ლილოს დასახლებაში (ფაქტობრივად, ქალაქგარეთ) იქნება განთავსებული.
ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ უსახლკაროებს დაეხმარო. მათზე ნაკლებად ვრცელდება სახელმწიფოს სოციალური დაცვისა და შეღავათების პროგრამები, რადგან ქუჩაში მცხოვრებ მიუსაფარ ადამიანთა უმრავლესობას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ გააჩნია და სახელმწიფო მათ სოციალურად დაუცველის სტატუსს ვერ ანიჭებს.
დღეს საქართველოში არ არსებობს ქუჩაში მცხოვრები ადამიანების მონაცემთა ბაზა. სამწუხაროდ, ამ მხრივ, რეალისტური სტატისტიკური მონაცემებიც არ გვაქვს. მცირე ხნის წინათ გაკეთებულ განცხადებაში თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ თბილისში დაახლოებით 300 უსახლკარო ადამიანია. სავარაუდოდ, რეალობაში ეს რიცხვი ბევრად უფრო მაღალი იქნება.
აქაური კანონმდებლობა უსახლკაროებზე ზრუნვას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აკისრებს. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ ამ ეტაპზე გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისი ქვეყანაში უსახლკარობის დასაძლევად და საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მის შემდგომ იმპლემენტაციაზე აქტიური მუშაობა.
‘სახელმწიფოში დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირთა რეგიონული და ცენტრალიზებული ერთიანი მონაცემთა ბაზა. საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს უსახლკარო პირთა სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმი; შესაბამისად, არსებული სამართლებრივი რეგულაციებით უსახლკარო პირებს ხელი არ მიუწვდებათ იმ მინიმალურ შეღავათებზეც კი, რაც სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს,’ – განაცხადა რამდენიმე თვის წინათ სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიშის წარდგენის დროს, რომელიც სათანადო საცხოვრებლის უფლებას ეხებოდა.