„დარჩით სახლში, არა სასაფლაოზე“ - როგორ უმკლავდებიან ქვეყნები კორონავირუსის ახალ აფეთქებებს
დამოუკიდებელი რედაქციები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან და ყაზახეთიდან გვიყვებიან კორონავირუსის ახალი აფეთქებების შესახებ, რომლებიც საკარანტინო შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ გაჩნდა
აზერბაიჯანი: პოლიკლინიკაში და არა დაკრძალვებზე
„ეკონომიკისთვის დაშვებულმა ბოლოდროინდელმა დათმობებმა აჩვენა, რომ მოქალაქეები არ იცავენ კარანტინის რეჟიმს და უსაფრთხოების მოთხოვნებს, შედეგად, შეინიშნება ინფიცირებულთა რიცხვის მატება“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა 4 ივნისს, მოქალაქეებისადმი მიმართვისას.
მან ახალი მკაცრი წესებიც გამოაცხადა: ქვეყნის დიდი ქალაქების მცხოვრებლებს შაბათ-კვირას სახლიდან გასვლა ეკრძალებათ, გამონაკლისი შეეხებათ მათ, ვინც დაკრძალვებზე მიდიან და მათ, ვისაც სასწრაფოდ ექიმი დასჭირდათ.
- როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
- სომხეთი: სამი ქალის ისტორია, რომლებიც საკუთარი ბიზნესის კორონავირუსისგან გადარჩენას ცდილობენ
გუშინ, აზერბაიჯანმა დღიური რეკორდი დაამყარა ახალი ინფიცირებულების რაოდენობით – 325 ადამიანი.
ინფექციის მეორე ტალღა აქ მაისის პირველ ნახევარში დაიწყო და მას შემდეგ ძლიერდება. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ასეულობით ადამიანს ეხება, დიდი ქალაქების ცხოვრებაში, შეიძლება, ეს გარედან ვერც შეამჩნიო: ახალი შეზღუდვების დაწესებამდე აქ მუშაობის დაწყება მოასწრეს კაფეებმა, რესტორნებმა, მაღაზიებმა, სხვადასხვა დაწესებულებამ და ორგანიზაციამ, ახალი სავაჭრო ცენტრიც კი გაიხსნა.
ჯერჯერობით დაკეტილი რჩება კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და სპორტდარბაზები. ადგილობრივი მცხოვრებლები უგულებელყოფენ ნიღბების ტარების მოთხოვნას (მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის დაწესებულია ჯარიმა 50 მანათის (დაახლოებით, 30$) ოდენობით).
ნიღბის ტარება სავალდებულოა ფაქტობრივად ყველა დახურულ შენობაში, ტრანსპორტში, ავტობუსების გაჩერებებსა და ღია სივრცეებში, სადაც დისტანციის დაცვა რთულია (მაგალითად, ბანკომატებისა და მაღაზიების რიგებში).
ბევრი მათ ტარებას ფორმალურად უყურებს – ჩამოწეული აქვთ ნიკაპზე ან საერთოდ ჯიბეში უდევთ, დანიშნულებისამებრ იყენებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ახლოს პოლიციელს ხედავენ.
სომხეთი: „ჩვენ ზღვარზე მივედით“
სოციალური დისტანციის დაუცველობისა და სამედიცინო ნიღბების უგულებელყოფის შესახებ იტყობინებიან სომხეთიდანაც.
„ხელისუფლება სიტუაციას ვერ აკონტროლებს, საავადმყოფოები გადავსებულია, პანიკაში მყოფი პრემიერ-მინისტრი დღეში რამდენჯერმე გამოდის პირდაპირ ეთერში, რათა ადამიანებს ნიღბების ტარებისკენ მოუწოდოს. მაგრამ ფეისბუკიდან და ტელევიზიიდან მოწოდებები არ მუშაობს. ერევნელები მაინც გამოდიან ქუჩებში, არ იცავენ სოციალურ დისტანციას და არ ატარებენ ნიღბებს. მათ „ცხელათ“, „ჰაერი არ ყოფნით“, „ნიღბები საერთოდ არ არის საჭირო“ და მრავალი და მრავალი სხვა „წონიანი“ მიზეზი“, – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე სომეხმა ჟურნალისტმა მარკ გრიგორიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი (ის თვითონაც კორონავირუსით არის ინფიცირებული და ოჯახის წევრებთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება) მართლაც რეგულარულად მიმართავს მოქალაქეებს და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
„დადგა ვითარება, როდესაც ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებს აღარ შეუძლიათ ახალი პაციენტების მიღება, რომელთაც მკურნალობა სჭირდებათ“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე 4 ივნისს. – ჩვენ ზღვრამდე მივედით, როდესაც ჯანდაცვის სისტემა ძნელად უმკლავდება სიტუაციას. ქვეყანაში, როგორც მინიმუმ 20 ათასი უსიმპტომო ინფიცირებულია, შესაძლოა, უფრო მეტიც, რომლებმაც თავისუფლად შეიძლება ეს არც კი იცოდნენ“.
სომხეთის მოსახლეობა სამ მილიონზე ნაკლებია და ამიტომ შეუძლებელია ამ რიცხვებმა არ შეგაშფოთოთ.
ფაშინიანმა სოციალური დისტანციის დარღვევის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო – რამდენიმე დღის განმავლობაში, მთელი კოლექცია დაგროვდა.
ინფექციის ზრდის მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლება არ აახლებს კარანტინის რეჟიმს და ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ივლისის შუიდან, საჰაერო საზღვრების გახსნის გეგმებზე საუბრობდა.
ყაზახეთი: „კარანტინი გადაწყვეტა არ არის“
ყაზახეთმა ოფიციალურად აღიარა, რომ ქვეყანაში, ინფიცირების მეორე ტალღა მაისის შუიდან დაიწყო, მაგრამ მკაცრი კარანტინის დაბრუნება არც აქ განიხილება.
11 მაისიდან (ამ დღეს მოიხსნა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი) 5 ივნისამდე, ყაზახეთში, კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 140%-ით გაიზარდა (+7 186 ინფიცირებულით).
ყაზახეთმა ინფიცირებულთა რაოდენობით ბევრ ქვეყანას გადაუსწრო, მათ შორის, მაგალითად, სამხრეთ კორეას, სადაც კორონავირუსი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ბობოქრობდა.
მაისის ბოლო კვირებში, ყაზახეთში, ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა ყოველდღიურად 4-5 პროცენტით აჩქარდა და ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყანა ახალი შემთხვევების სარეკორდო მაჩვენებელს აახლებდა.
ბოლო რეკორდი 30 მაისს დაფიქსირდა – ამ დღეს, ქვეყანაში, 476 ინფიცირებული გამოვლინდა.
კარანტინის ეფექტურობის შეფასებისას ყაზახეთის ხელისუფლება საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. მარტში, ისინი ამას „ერთადერთ გადაწყვეტას“ უწოდებდნენ, აპრილის დასაწყისში ამბობდნენ, რომ მან ეფექტი მისცათ.
თუმცა, უკვე მაისში აღნიშნავდნენ, რომ ახალი კარანტინი ეკონომიკისთვის დარტყმა იქნებოდა და არ ისურვებდნენ მის დაბრუნებას, ივნისში კი ჯანდაცვის მინისტრმა, ელჟან ბირტანოვმა აღნიშნა, რომ მკაცრი კარანტინის დაწესება – „გადაწყვეტა არ არის“.
მოლდოვა: საავადმყოფოებში ადგილები 5 დღე იქნება საკმარისი
შეუძლებელია ეკონომიკის დახურვა და ყველას დაჯარიმება, მოქალაქეებმა თავად უნდა ჩართონ ცნობიერება – დაახლოებით, ასე შეიძლება შეჯამდეს მოლდოვის პრემიერ-მინისტრის იონ კიკუს განცხადებები.
„საავადმყოფოებში, ადგილები კიდევ 5 დღის განმავლობაში იქნება საკმარისი. დარჩით სახლში, არა სასაფლაოზე“, – ასე გააფრთხილა მოლდოვის პრემიერმა მოქალაქეები, რომლებიც უახლოეს შაბათ-კვირას, დღესასწაულზე, სასაფლაოებზე წასვლას გეგმავდნენ.
ასეთივე განცხადება გააკეთა კიშინიოვის მერმა, იონ ჩებანმა:
„ბევრი თქვენგანის მხრიდან კრიტიკის რისკის მიუხედავად, მაინც მოგიწოდებთ ყველას, არ გახვიდეთ სასაფლაოზე. ვფიქრობ, რომ თქვენ ამას შეძლებთ. კორონავირუსის ინფექციის მაღალი რისკის გამო, 6, 7 და 8 ივნისს არ ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – დაწერა ჩებანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
უკრაინა: კაფეების გახსნა ჯერჯერობით გადაიდო
კიევის მთავრობა კარანტინის შემსუბუქებას 5 ივნისიდან გეგმავდა, მაგრამ ინფიცირებულთა მაღალი რიცხვის გამო, ამაზე უარი თქვეს. გადაიდო კაფეების, რესტორნებისა და საცურაო აუზების გახსნა.
„ახლა, ერთ-ერთი მაჩვენებელი – 100 ათას მოსახლეზე ინფიცირებულთა რიცხვი – ნორმას აღემატება. დღეს ის 14.9 ადამიანს შეადგენს (კარანტინის შემსუბუქებისთვის საჭიროა 12-მდე – რედ.)“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
22 მაისიდან 22 ივნისის ჩათვლით, უკრაინაში, ე.წ. ადაპტირებული (ლოკალური) კარანტინი მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ ცალკეულ რეგიონებში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების შემთხვევაში, შეზღუდვები სწორედ იქ გაძლიერდება და არა მთელ ქვეყანაში.
ბოლო დღეების განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება – მაგალითად, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 553 ახალი შემთხვევა დაემატა.