საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება
4 ივნისს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განხილვა სატელევიზიო ფორმატით გაიმართება. საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მოქალაქეები შეკითხვებს ონლაინრეჟიმში დაუსვამენ.
საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 მოდელით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 120 დეპუტატს პროპორციული სიით აირჩევენ, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით.
მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ კანონპროექტს ივნისის ბოლოსთვის მიიღებენ – ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით უჭერს მხარს. ოპოზიცია კი რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას და მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის გადაწყვეტილებით, სატელევიზიო ფორმატში ორი განხილვა შედგება. ორივე განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება. შეხვედრები კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა. საკონსტიტუციო კომისიის წევრები მოქალაქეების მიერ ონლაინ რეჟიმში დასმულ შეკითხვებსაც უპასუხებენ.
პირველი შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში 4 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება. ბათუმში, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში კი საყოველთაო-სახალხო განხილვა 13 ივნისს, 21:00 საათზეა დაგეგმილი.
საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატებიც”.
“პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ქართულ ოცნებას აქვს რესურსი, რომ საარჩევნო სისტემა შეცვალოს და პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი იყოს. დამოუკიდებელი დეპუტატები ცვლილებას მხარს დაუჭერენ,” – აცხადებს ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი, მარიამ ჯაში.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა”და “ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
“დამოუკიდებელი დეპუტატები აპირებენ, რომ მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს და შესაბამისად, ქართულ ოცნებას აქვს საკმარისი ხმები, რომ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მიიღოს ცვლილებები,” – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა.
- საქართველოში პოლიტიკა ბრუნდება. ისტორიული საარჩევნო შეთანხმება შეიძლება ჩაიშალოს
- საქართველო ევროკავშირისგან 500 მლნ ევროს მიიღებს. დახმარება ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული
- ივანიშვილის კავშირი რუსეთის მთავრობასთან, დასავლური ბიზნესის შევიწროება – რას წერენ სენატორები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს
- გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით იმუქრება
ოპოზიციონერი აქტივისტი და ოპოზიციური ტელევიზიის – “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, მისი გათავისუფლება 2020 წლის 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების ნაწილია. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა, გიორგი რურუა კი ისევ წინასწარ პატიმრობაში რჩება.
ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საორგანიზაციო კომისია 17 მარტს შეიქმნა, თუმცა კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერდა. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის გათვალისწინებულია 1-თვიანი ვადა, რის შემდეგაც კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვები, ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება და პარლამენტში კანონპროექტის პირველი მოსმენა 21 ივნისს გაიმართება. კობახიძე ფიქრობს, რომ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 29 ივნისისთვის დასრულდება.