ფაშინიანი: თუკი კორონავირუსის გავრცელების სისწრაფეს ვერ შევცვლით, მალე 20 ათასი ინფიცირებული გვეყოლება
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი მატების გამო, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში მოქალაქეებს მოუწოდა, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად მოეკიდონ ამ ვირუსს:
„თუკი ამ ტემპს ვერ გადავტეხავთ, მაშინ, 29 მაისს, ჩვენ უკვე კორონავირუსის 10 ათასი შემთხვევა გვექნება, 12 ივნისს კი – 20 ათასი და ივნისის ბოლოსთვის – დაახლოებით, 30 ათასი შემთხვევა. ეს ნიშნავს ლეტალურად დამთავრებული შემთხვევების გაზრდას, რადგან რეანიმაციული განყოფილებები გადავსებული იქნება და ყველა ადამიანის დახმარებას ვერ მოვახერხებთ“.
სომხეთში, ყოველდღიურად, რამდენიმე ასეულით იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. ჯერჯერობით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 18 მაისს დაფიქსირდა – 351 შემთხვევა.
20 მაისის მონაცემები სომხეთში:
- კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები – 230;
- სულ ინფიცირებული – 5 271;
- გამოჯანმრთელდა – 2 419 პაციენტი;
- გარდაიცვალა – 67.
მოვლენათა ცუდი სცენარის თავიდან ასაცილებლად, პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს ნიღბის ტარებისკენ, სოციალური დისტანციის დაცვისა და ხელების დეზინფიცირებისკენ მოუწოდა:
„დღესაც ვხედავ ქუჩაში ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ისე ელაპარაკებიან, თითქოს არაფერი მომხდარა… ჩვენ მკაცრ ზომებს მივიღებთ, დავაჯარიმებთ დამრღვევებს, რადგან ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, წესების დაცვის საკითხია“.
სომხეთში, კოვიდინფიცირებულ მსუბუქ პაციენტებს სახლში უმკურნალებენ
სომხეთში გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში აღარ მოაქციონ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო ადამიანები.
ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და ეს იძულებითი ნაბიჯია, რომლის შესახებაც ჯანდაცვის მინისტრი ადრევე საუბრობდა.
ახლა მათ, ვისაც კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი ექნებათ, მაგრამ სიმპტომები არ აღენიშნებათ, იზოლირებისთვის საავადმყოფოებსა და სასტუმროებში აღარ გაუშვებენ. მათ, ვინც უკვე იზოლაციის ადგილებში იმყოფებიან, რამდენიმე დღეში, სახლში გაუშვებენ.
ამის შესახებ, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა დაწერა.
19 მაისს, 24 საათის განმავლობაში, ინფიცირებულთა რაოდენობა 218-ით გაიზარდა, სულ ქვეყანაში მათი რიცხვი უკვე 5 041-ს შეადგენს. ერთი დღის განმავლობაში, გამოჯანმრთელდა 145 პაციენტი, სულ – 2 164. 64 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას სახლის პირობებში დააკვირდებიან ქალაქის პოლიკლინიკების, სოფლის ამბულატორიებისა და ჯანდაცვის ცენტრების ექიმები.
ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის თქმით, ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა აიძულებთ „ასიმპტომურ შემთხვევებთან მიმართებით სტრატეგიის შეცვლას, საწოლებისა და სხვა რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით“.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივნისამდე გაგრძელდა, მაგრამ შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა. ამუშავდა თითქმის ყველა საწარმო.
18 მაისიდან მუშაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც, რომელიც სომხეთში ინფექციის გავრცელებისთვის ყველაზე სახიფათო კერად მიიჩნეოდა. ხელისუფლება შეზღუდვების ქცევის ახალი წესების შეცვლის გზით მიდის. კერძოდ, სავალდებულო გახდა დახურულ შენობებში ნიღბის ტარება. ამ წესის დარღვევისთვის, გათვალისწინებულია დიდი ჯარიმა.
სომხეთში, კორონავირუსის მკვეთრი ზრდაა, ამავდროულად ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იხსნება საბავშვო ბაღები
სომხეთში, 18 მაისიდან, კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის მკვეთრი ზრდის პარალელურად – 351 ახალი შემთხვევა – მუშაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.
ის ორი თვის წინ გააჩერეს – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად. საგანგებო მდგომარეობა 13 ივნისამდე გაგრძელდა, მაგრამ ტრანსპორტი ისევ ამუშავდა, რათა ადამიანებმა სამსახურებამდე მიღწევა მოახერხონ.
ჯერ კიდევ 4 მაისს, სომხეთში, მუშაობა დაიწყო თითქმის ყველა საწარმომ, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაჩერებული იყო. და ადამიანები სამსახურში მიდიოდნენ ფეხით, ტაქსით, საკუთარი ან გზად შემხვედრი ავტომობილებით, რადგან ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო წყაროდ არის გამოცხადებული.
ინფექციის რისკის მინიმიზაციის გამო, მერიამ ახლა მკაცრი წესები დაადგინა: ყველა სატრანსპორტო საშუალებას საგულდაგულო დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს და ყველა მგზავრს ნიღაბი ეკეთოს.
იმ ადამიანების მხარდასაჭერად, ვინც სამსახურს დაუბრუნდა, 20 მაისიდან ამუშავდება საბავშვო ბაღები.
ახლა სომხეთის ხელისუფლება შეზღუდვების მინიმიზაციისა და ქცევის ახალი წესების შემოღების გზით მიდის. კერძოდ, საუბარია ნიღბების ტარებაზე – 18 მარტიდან ყველა დახურულ შენობაში, 25 მაისიდან – ყველგან.
18 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 4 823 ადამიანი. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 94 პაციენტი, ერთი – გარდაიცვალა. სულ, სომხეთში დაიღუპა 61 ადამიანი. მკურნალობას გადის 2 718 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 2 019. ტესტირება ჩაუტარდა 41 850 ადამიანს.