1 ივლისს საქართველოში ტურიზმი თავიდან იწყება? საუბარი მაია სიდამონიძესთან
15 ივნისიდან საქართველოში სასტუმროები და სხვა ტურისტული ობიქეტები გაიხსნება – შიდა ტურისტებისთვის. 1 ივლისიდან კი ქვეყანამ წელს პირველი უცხოელი ტურისტები უნდა მიიღოს. ასეთია საქართველოს მთავრობის გეგმა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის შემდეგ ტურიზმისთვის გაიხსნება.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ამაში საქართველოს უკვე შეძენილი გამოცდილება დაეხმარება – აქ კარანტინის რეჟიმში მყოფი ადამიანების სასტუმროებში განთავსება და მათი მომსახურება იგულისხმება.
საქართველოს მთავრობა აპირებს ტურისტებს წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომის და სხვა კურორტებზე კორონავისურისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები შესთავაზოს. პრემიერმინისტრის განცხადებით, მთავრობა ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა ქვეყნებთან “უსაფრთხო დერეფნების” შესაქმნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს. ქვეყანაში შემოსული ტურისტის COVID-ზე შემოწმება კი მხოლოდ 1 საათი უნდა გაგრძელდეს.
გეგმის დეტალების გასარკვევად JAMnews-მა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიმართა. დავინტერესდით, კონკრეტულად რა კეთდება 1 ივლისიდან ტურისტების მისაღებად, რა ახალი წესები იქნება შემოღებული ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისთვის და უსაფრთხოების რა სტანდარტები დაწესდება. როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, გეგმა ჯერ კიდევ მუშავდება და დეტალები საზოგადოებისთვის ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
იმის შესახებ, თუ რამდენად რეალისტურია საერთაშორისო ტურისტების მიღება 1 ივლისიდან და როგორ აისახება კრიზისი ტურისტულ ინდუსტრიაზე, JAMnews ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, სასტუმრო “ტერასას” მმართველ პარტნიორს მაია სიდამონიძეს ესაუბრა.
დიმიტრი ავალიანი: დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის შესახებ. იმ გავლენაზე, რაც კორონავირუსთან დაკავშირებულმა კრიზისმა მოახდინა ტურიზმის ინდუსტრიაზე საქართველოში, ასევე იმაზე, თუ როგორ აპირებს საქართველო ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მაია სიდამონიძესთან, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელთან, სასტუმრო “ტერასას” მმართველ პარტნიორთან.
მაია, პირველი კითხვა რაც მინდა დაგისვათ, ამბიციურ განაცხადთან დაკავშირებით, რომ 15 ივნისიდან საქართველო უნდა გაიხსნას შიდა ტურიზმისთვის და რაც მთავარია 1 ივლისიდან უნდა მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები. ითქვა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამას გააკეთებს და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვა, რომ მსოფლიოში წელს სადღაც 60-იდან 80 პროცენტამდე შემცირდება. თქვენი აზრით, ეს გეგმა რამდენად რეალურია და როგორ შეიძლება,რომ საქართველო 1 ივლისიდან გაიხსნას საერთაშორისო ტურისტებისთვის?
მაია სიდამონიძე: პირველ რიგში, ჩემი პროგნოზი არის ის, რომ მე არ მგონია, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში საქართველო დაუბრუნდეს საერთაშორისო ტურიზმის იმ ნიშნულს და ზრდის იმ ტენდენციებს, რა გზაზეც იდგა და სადაც ვიყავით.
აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია კონკრეტულ გეგმაზე და მოლოდინების შექნმაზე, ვფიქრობ არასწორი იქნება, თუნდაც კერძო ბიზნესს შეუქმნა ის მოლოდინი, რომ 1 ივლისიდან გავაგრძელებთ ისეთ ცხოვრებას, როგორც ადრე ვცხოვრობდით. ეს ასე არ იქნება.
აქ არის საუბარი ეტაპობრივ აღდგენაზე, თუნდაც ფრენების ეტაპობრივ აღდგენაზე, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ტურიზმზე როცა ვსაუბრობთ განსაკუთრებით, ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი წინაპირობაა საერთაშორისო ფრენების აღდგენა. როცა ვამბობთ, რომ სადღაც 36 ავიაკომპანია ოპერირებდა ქართულ ბაზარზე, რა თქმა უნდა 1 ივლისიდან 36-ვე ფრენების აღდგენას არ და ვერ აპირებს. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ეტაპობრივი პროცესი და თუნდაც 1 ივლისის შემდეგ დაფიქსირებული საერთაშორისო ტურისტი საქართველოში, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენთან კერძო სექტორმა როგორც ადრე, ისე გააგრძელოს მუშაობა.
მეორე პრობლემა, მე რასაც ვხედავ, არის თვითონ მოგზაურების სამომხმარებლო ქცევის შეცვლა. ანუ არაფერი აღარ იქნება ისე, როგორც იყო. ვიცით, რომ ძალიან ბევრი სანიტარული გაიდლაინი იქნება და სანიტარული რეგულაციები, აქედან გამომდინარე შემდეგი თვეების განმავლობაში მოგზაურობა იქნება რადიკალურად შეცვლილი, ამ პროცედურების გამო გახანგრძლივებული და გარკვეულწილად არაკომფორტული.
და მეორეს მხრივ, ადამიანებს ამ ეტაპზე, სავარაუდოდ ჯერ კიდევ სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ თავი იგრძნონ უსაფრთხოდ და არ იყვნენ სულ მეორე და მესამე ტალღის მოლოდინში. აქედან გამომდინარე, მოგზაურობა გახდება ფრთხილი.
და მესამე, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის მსყიდველუნარიანობა. ჩვენ ვირუსის შემდეგ ყველას გვაქვს მოლოდინი და უკვე ამის მოწმეც ვხდებით, რომ ეკონომიკური პრობლემა არის და იქნება შემდეგი თვეების განმავლობაში, იმედია არა წლების, მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე მსყიდველუნარიანობა იქნება საკმაოდ შემცირებული.
მე ვიტყოდი, რომ 1 ივლისიდან ჩვენ სავარაუდოდ თავიდან ვიწყებთ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვიქნებით, თუმცაღა ახალი შესაძლებლობებიც იქნება. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ახალ ბაზრებზე, ახალ სეგმენტებზე, იმიტომ რომ ისევ და ისევ სამომხმარებლო ქცევა, მოთხოვნები, ყველაფერი ცვლილებების პროცესში იქნება და შეიძლება ამ ცვლილებების პროცესში სხვა შესაძლებლობებიც ვნახოთ. თუ, რა თქმა უნდა, შევინარჩუნეთ ვირუსის ასეთი კონტროლის ტენდენცია.
ეს მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ თუნდაც სანიტარული კორიდორი შევქმნათ გარკვეულ ქვეყნებთან, საიდანაც ასევე უსაფრთხო იქნება ტურისტების შემოდინება და ახალ ბაზრებზეც კი გავიდეთ, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ვნახეთ, რომ ის სეგმენტი და მნიშვნელოვანი ბაზრები, რომელებიც ევროპის ქვეყნებიდან იყვნენ, ამ ეტაპზე სამწუხაროდ აღარ არის და შეიძლება უსაფრთხო იყოს მაგალითად სამხრეთ კორეა და სხვა ქვეყნები.
- საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
- პანდემიის ეკონომიკა – სად არის გამოსავალი კრიზისიდან? საუბარი ბესო ნამჩავაძესთან და ანდრია გვიდიანთან
- თურქეთი ტურისტული სეზონის გახსნას უკვე მაისის ბოლოს გეგმავს. როგორ მოხდება ამის ორგანიზება
ჩვენ შეიძლება მოწმე გავხდეთ იმის, რომ სერიოზული ცვლილებები ვნახოთ მიზნობრივი ბაზრების კუთხითაც, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება უსაფრთხოება და სანიტარული კორიდორების შექმნა ამ ქვეყნებს შორის.
– საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ გავხადოთ, რაზეც მთავრობა საუბრობს, სანიტარულ კორიდორებს, ასე ვთქვათ უსაფრთხო ზონებს შევქმნით, კორონავირუსისგან თავისუფალ ზონებს შევქმნითო, პრემიერმა როგორც თქვა. რას ნიშნავს კორიდორის შექმნა ამა თუ იმ ქვეყანასთან? ანუ ჩვენ გვექნება რაღაც ნაკრძალები ტურისტებისთვის, საირმეში ვთქვათ, ან სადმე და ისინი იქნებიან იზოლირებულ ტერიტორიზე და არსად არ გაუშვებენ? ტურიზმი ხომ იმას გულისხმობს,რომ ადამიანი ჩამოდის, ის კონტაქტშია ადგილობრივ მოსახლეობასთან, შევა რესტორანში როცა მოუნდება, იყიდის სუვენირს როცა მოუნდება, ბაზარში შევა. ანუ ჩვენ მათ ჩავკეტავთ? ნიშნავს თუ არა ეს, რომ 1 ივლისიდან ჩვენ გვეყოლობა მხოლოდ მაღალბიუჯეტური ტურისტები, რომლებიც განთავსდებიან მხოლოდ ასევე მაღალბიუჯეტიან ობიექტებზე საკარანტინე რეჟიმში?
– მსოფლიოს ერთ-ერთი პროგნოზი ესეც არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსყიდველუნარიანობა დაიკლებს, მოთხოვნა შეიძლება პრემიუმის ტიპის პროდუქტებზე გაიზარდოს. იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იზოლირებული გარემო. იმიტომ, რომ მოგზაურობა შემდეგი წლების განმავლობაში შეიძლება აბსოლუტურად შეიცვალოს. ნაკლებად იყოს ინტერაქციული და პროაქტიური.
ამიტომ, ზუსტად ეს მწვანე ზონების შექმნა და იზოლირებული გარემოს შექმნა შეიძლება პრიორიტეტული გახდეს მომხმარებლისთვის, რომ უფრო მეტი უსაფრთხოების განცდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ფაქტია, იმიტომ, რომ ტურიზმი ძირითადად ასოცირებულია მოგზაურობასთან, ადამიანებთან ურთიერთობასთან, ადგილობრივი კულტურის და ტრადიციების უკეთ შეცნობაასთან. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ ეს ტენდენცია დღესდღეობით ნაკლებად პრიორიტეტული იქნება, წამოიწევს უსაფრთხოების და ჯანმრთელობის სხვა პრიორიტეტები, რაც შეცვლის სამომხმარებლო ქცევას და ზუსტად ასეთი მწვანე ზონების არსებობის აუციელბლობა სავარაუდოდ გაჩნდება, რაც უკავშირდება უფრო ეკოტურიზმის აქტივობებს, უკავშირდება საკურორტო ზონებს.
დიდ ქალაქებში, city breaks რასაც ვეძახით, ან იგივე ,თუნდაც თბილისის სასტუმროებში განთავსება ნაკლებად პრიორიტეტული იქნება. რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა. თუმცა, ტენდენცია აუცილებლად შეიცვლება. თუნდაც ის აპარტამენტები, რომელებიც “Airbnb”-ზეა, აღდგენის პირველი ტალღაც ვფიქრობ ამ ეტაპზე ამ მიმართულებით იქნება, რადგან ნებისმიერი მოგზაური პრიორიტეტს ალბათ უფრო იზოლირებულ აპარტამენტებს და ბინებს მიანიჭებს , ვიდრე სასტუმროებს, სანამ რამდენიმე თვის განმავლობაში გამოცდილება არ დაგროვდება და სიფრთხილის და შიშის ფაქტორს არ გადალახავს მსოფლიო მოსახელობა.
– ანუ აპარტამენტებსაც აქვთ შანსი რომ ამუშავდნე?
-ვფიქრობ, რომ სასტუმროებზე მეტად პირველი ეტაპზე ექნებათ აპარტამენტებს. სასტუმროში ბევრად უფრო დიდია საფრთხე დაინფიცირების, რაც არ უნდა რეგულაციები იყოს, იმიტომ, რომ ერთ სივრცეში საკმაოდ ბევრ ადამიანს უწევს ყოფნა მომსახურე პერსონალის ჩათვლით.
-ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ პირველადი გათვლა უნდა გაკეთდეს რეგიონის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებზე. ვინც მანქანით ჩამოვა პირობითად. თქვენი აზრით ვინ იქნებიან პირველი ტურისტები 1 ივლისის შემდეგ?
– 1 ივლისის შემდეგ მე ეჭვი მეპარება, რომ საჰაერო გზით მივიღოთ ტურისტები…
– თუმცა იგივე “ვიზეარი” ამბობს, რომ აპირებს ფრენების განახლებას, ფასების შენარჩუნებასაც კი. ხომ არის ამის შანსი?
– კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე,რომ ავიაკომპანიები გარკვეულწილად ხვდებიან იმას, რომ ფასების მომატებით მომხმარებლების რაოდენობის შემცირება აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება კონკურენტული ფასები მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე.
სახმელეთო საზღვარზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საქართველო, იქიდან გამომდინარე, რომ გვყავს მეზობელი ქვეყნები, სადაც დაინფიცირების ტალღა ჯერ კიდევ არ შემცირებულა და შეიძლება არ იყოს უსაფრთხო ბაზრები. მაგალითად, რუსეთი. შეიძლება აღმოვჩნდეთ მეორე ტალღის საფრთხის წინაშე, რაც ძალიან საშიში იქნება.
ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრების აღდგენაზე, აუცილებლია იყოს პრიორიტეტები, რომელ ბაზრებზე მოვახდენთ, ვისთან გავხსნით საჰაერო მიმოსვლას. მაგალითად, თუ ავიღებთ ევროკავშირის ქვეყნებს, მათ ახლა ერთმანეთთან აქვთ მოლაპარაკება, რომ პირველი ტურისტული მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს შორის გაიხსნას და ჯერჯერობთ არ გახსნას საზღვრები უფრო შორეულ ქვეყნებთან.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ გადაწყვეტილების არის უსაფრთხოება, რაც დღეს სამწუხაროდ ყველაზე მნიშვნელოვანია, არამარტო ტურისტების და მოქალაქეების უსაფრთოების განცდისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენ გრძელვადიანად განვავითაროთ ტურიზმი და ეკონომიკა და არ აღმოვჩნდეთ მეორე და მესამე ტალღის დარტყმის ქვეშ, რაც უფრო გააუარესებს ქვეყნების მდგომარეობას ბევრი მიმართულებით.
– თუმცა, ეკონომიკის მინისტრმა ამას წინათ თქვა, რომ ჩვენ ისევ რუს ტურისტებს ველოდებით დიდი რაოდენობით, ეს იმ ფონზე როდესაც მეორე ადგილზეა უკვე რუსეთი ინფიცირებულთა რაოდენობით და არ ჩანს კლებისკენ მიმავალი ტენდენცია. გასაგებია, რომ უნდა გავითვალისწინოთ და უსაფრთხოების ზომები გავაძლიეროთ მაგრამ, თქვენი აზრით, პანდემია შეცვლის თუ არა გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის სტრუქტურას? ჩვენ გვახსოვს, რომ როცა რუსი ტურისტების რაოდენობა იზრდებოდა, შესაბამისად იზრდებოდა ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულებაც რუსი ტურისტებისგან მიღებულ შემოსავლებზე და როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ, პუტინმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ფრენები შეაჩერა, ამან დაარტა ამ ინდუსტრიას პირველ რიგში. არის თუ არა შანსი, რომ პანდემიის შედეგად უფრო სასიკეთოდ შეიცვალოს ბალანსი სხვა ბაზრების სასარგებლოდ? თქვენ თქვით, რომ სხვა ბაზრები შეიძლება გახდეს უფრო პრიორიტეტული. რა მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს?
– მე როგორც ვთვი, ვფიქრობ, რომ ახლიდან ვიწყებთ ამ ინდუსტრიის განვითარებას და მეტი შესაძლებლობებია, რომ ბევრი რამე გავაკეთოთ სხვანაირად, შეცდომებზე ვისწავლოთ, რაღაცეები უფრო გავითვალისწინოთ.
მე პირადად ვფიქრობ, სულ რომ ვირუსი არ იყოს დღეს, რუსული ბაზარი ვიცით, რომ არ არის სტაბილური. დღეს შეიძლება იყოს, ხვალ შეიძლება არ იყოს. ყოველთვის შეიძლება იყოს პოლიტიკური მანიპულირების საკითხი მათზე დამოკიდებულება.
აქედან გამომდინარე, არასტაბილურ ბაზარზე კიდევ ფსონების გაკეთება და განცხადებების გაკეთება ვფიქრობ არ არის პოზიტიური ჩვენი ქვეყნისთვის და არასასურველ მოლოდინებს ვუქმნით ისევ და ისევ ბიზნესს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
პირიქით, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ფართო კომუნიკაცია იყოს და რუსულ ბაზარზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. გამოცდილება გვაქვს ძალიან ნეგატიური. ამას ის გარემოებაც ემატება, რომ დღესდღეობით რუსეთი არ არის უსაფრთხო, თუნდაც ვირუსის გავრცელების კუთხით.
ამიტომ მე ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის, რომ საზღვრების გახსნისას ჯერჯერობით ეს ბაზარი იყოს დახურული. ჩვენი ადამინური და ფინანსსური რესურსები მივმართოთ ახალი ბაზრების ათვისებისკენ. დღეს არის ამის ყველაზე კარგი შესაძლებლობა.
დღეს აღარ არის, რომ ადამიანები შეიძლება საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში მასიურად მიდიოდნენ, იმიტომ რომ შეიძლება იქ ჯერ კიდევ ხედავდნენ საფრთხეს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე.
ამიტომ ჩვენნაირი ქვეყნები შეიძლება იყოს უფრო საინტერესო ბევრი მოგზაურისთვის და დადებითი გამოცდილების შემთხვევაში, მომდევნო წლების განმავლობაში ეს ტენდენცია გაგრძელდება და შეიძლება რადიკალურად განსხვავებული ბაზრები გახდეს ჩვენი მიზნობრივი ბაზრები.
ამიტომ, ვინაიდან ისედაც თავიდან ვიწყებთ ყველაფერს, ჯობია დავიწყოთ სწორად და ისევ ის შეცდომები არ გამივეოროთ და არ ვისაუბროთ ისევ რუსეთის ბაზარზე, რომელიც ვფიქრობ, რომ უნდა იყოს წარმავალი და დარჩეს ჩვენს წარსულში.
– დღეს ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის გადასარჩენად ალბათ ძალიან აქტუალურია შიდა ტურიზმი. ამის შესახებ ითქვა და ტურიზმის ადმინისტრაციაშიც საუბრობენ, რომ რაღაც ფორმით უნდა წახალისდეს შიდა ტურიზმი. თქვენი აზრით რა შეიძლება გაკეთდეს ამისთვის, რომ ახლა .ამ პერიოდში, თუნდაც რაღაც პროცენტი ჩანაცვლდეს შიდა ტურისტებით?
– შიდა ტურიზმი მნიშვნელოვანია და პირველი აღდგენის პერიოდში გვინდა თუ არა აუცილებლად შიდა ტურიზმით დაიწყება, თუმცა ისევ და ისევ ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე როგორი იქნება შიდა ტურიზმი ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
სავარაუდოდ, აქცენტი უფრო იქნება მცირებიუჯეტიან განთავსების საშუალებებზე. ვისაც აქვს სოფელი, ხალხი სავარაუდოდ დაუბრუნდება სოფელს, იმიტომ რომ დღეს ათასობით ადამიანი არის უსამსახუროდ დარჩენილი. ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენების დაგეგმვის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
თუმცაღა ვფიქრობ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შეიძლება იყოს გარკვეულწილად მედიატორი, ასეთი ტიპის განთავსების საშუალებებს გაუკეთოს პლატფორმა სადაც მათი პროდუქტების შეთავაზება შეიძლება უფრო ნოვატორული, კრეატიული გზით, კონკურენტული ფასებით.
მაგალითად, იყო ასეთი პერიოდი, “დისქაუნთ კვირას”ეძახდნენ, როდესაც ძალიან ბევრი ცნობილი კურორტი კახეთში თუ აჭარაში საკმაოდ კარგ ფასებად სთავაზობდა მომხმარებელს დასვენებას. ალბათ უნდა მივუდგეთ ამ მიმართულებით. კერძო სექტორმაც უნდა გაიაზროს, რომ იგივე ფასებით ვერ მოხდება მათი პროდუქტის და სერვისის რეალიზაცია.
დღეს რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და ალბათ ბევრი ჩვენგანის ბიზნესმოდელიც შეიცვლება. სანიტარული რეგულაციებია მოსალოდნელი, რომელიც დამატებით ხარჯებთან, დამატებით რესურსთან იქნება დაკავშირებული და აქედან გამომდინარე შეიძლება ბევრმა მომხმარებელმა ისევ არჩიონ თავიანთი სოფლები ან თუნდაც აპარტამენტების ქირაობა იგივე ბათუმში და არა დიდ საერთაშორისო ბრენდებში გაჩერება.
– ალბათ თუ ლაპარაკია იმაზე რომ ჩვენი შიდა ტურისტი ასე ვთქვათ გაღარიბდა, უფრო მეტი შანსია მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის, აპარტამენტებისთვის და ა.შ.?
– რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა მათთვის არის და ამ ეტაპზე ამ სეგმენტმაც უნდა იმუშაოს, რომ მაქსიმალურად მოემზადოს, შექმნას უსაფრთხო გარემო, კონკურენტული ფასები და წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქტი უკეთესად, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი აუცილებლად იქნება ასეთი ტიპის განთავსების საშუალებები.
მეორეს მხრივ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ შიდა ტურიზმის აღდგენაზე, გასაგებია, რომ რეგიონები იქნება პირველი, თუმცა ყველამ კარგად ვიცით,რომ სადღაც 80 პროცენტი განთავსების თუ ბიზნესის, კონცენტირირებულია დედაქალაქში, თბილისში და ეს საერთოდ არ არის დამაიმედებელი პროგნოზი, გამომდინარე იქიდან, რომ როცა ბიზნესის წარმოადგენლები უსმენენ, გამოდის რომ ბიზნესის 80 პროცენტი ჯერჯერობით ვერც შიდა ტურიზმის ხარჯზე ვერ დაიტვირთება და ვერც საერთაშორისო ტურიზმის ხარჯზე. გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე იგივე თბილისის სასტუმროებს, თბილისში არსებულ ბიზნესებს, გაუჭირდებათ არსებობის შენარჩუნება.
-ამ ფონზე როგორ აფასებთ იმ ღონისიებებს,რაც უკვე მიიღო მთავრობამ. დახმარების პაკეტი სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის. ანუ რამდენად ქმედითია, რამდენად დაეხმარება გადარჩენაში ტურიზმის ინდუსტრიას?
– სავარაუდოდ, პრიორიტეტი უნდა იყოს ერთის მხრივ, რომ გაკოტრებას გადავარჩინოთ კერძო ბიზნესი და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად მოთხოვნის და შემოსავლების სტიმულირება ქვეყანაში, რომ გენერირება მოხდეს შემოსავლების და ასე ვთქვათ გაცოცხლდეს კერძო სექტორი. ამ ორი მიმართულებით უნდა იყოს სავარაუდოდ. რა თქმა უნდა, უდავოდ, შეღავათები არის.
მე შემიძლია, როგორც მმართველმა პარტნიორმა სასტუმროს სახელით ვისაუბრო, თუმცა ვიცი, რომ ინდუსტრია კომპლექსურია, მოთამაშეები არიან სხვადასხვა სექტორიდან. ეს არ არის მხოლოდ განთავსება, ეს არის სარესტორნო ბიზნესი, თვითდასაქმებულები, გიდები, თუნდაც სუვენირებით მოვაჭრეები. ყველა დაზარალდა, ყველამ დაკარგა შემოსავალი.
აქედან გამომდინარე, დოვლათის გენერირება არის ერთ-ერთი მიმართულება, იმიტომ, რომ იგივე ის შეღავათები რაც გაკეთდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრს არაფერს შეეხება და ჩვენნაირი ღარიბი ქვეყანების შემთხვევაში, ალბათ ძალიან ძნელია ჰქონდეს ქვეყანას ის რესურსი, რომ ყველაზე გავრცელდეს ასეთი ტიპის შეღავათები.
იგივე განთავსების სფერო ავიღოთ, უმეტესი სესხები არის ფიზიკურ პირებზე, როგორც მე ვიცი და არა შპს-ზე, ამიტომ შეიძლება ბევრმა ვერ ისარგებლოს სუბსიდირებით. მესმის ისიც, რომ თუნდაც როცა ჩვენ თვითდასაქმებულებზე გვაქვს საუბარი და ისინი აღმოჩნდნენ თამაშგარეთ.
ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ გვინდა ეკონომიკა, ეკონომიკა ნიშნავს გავჭვირვალე ბიზნესაქტივობას, და როცა ბიზნესები და ინდივიდები წლების განმავლობაში “ჩრდილოვანი ეკონომიკით” იყვნენ დაკავებულები, რა თქმა უნდა ჩნდება იმის პრეტენზია, ვინც პირიქით, გამჭვირვალედ მუშაობდა, რომ დღევანდელ დღეს თავისი გადასახადებიდან არ უნდა, რომ ფინანსდებოდეს ასეთი ტიპის აქტივობები.
ესეც გასაგებია, თუმცა, სავარაუდოდ მნიშვნელვანი იქნებოდა თითოეულ სექტორისთვის შემუშავება ისეთი სქემის, რომელიც მათ გაკოტრებისგან დაიცავს,იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო მიმართულება არის საბანკო სექტორი და ვფიქრობ ის საერთაშორისო დახმარებები, რომელიც ქვეყანამ მიიღო, ამ ყველაფრის ინექცია საფინანსო ინსტიტუტებში მომხდარიყო, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნნელოვანი ვალდებულება რაც აქვთ, არის საბანკო სესხები.
თუ ჩვენ შევძელით და ბიზნესის აღდგენა მოვახერხეთ, დღგ-ს, საშემოსავლოს, ისედაც გადავიხდით, კომუნალურებსაც გადავიხდით, იმიტომ რომ უნდა გადავიხადოთ.
უბრალოდ, დღესდღეობით ბიზნესის საერთოდ დაკეტვა რომ არ მოგვიწიოს ამაზეა საუბარი. ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც ვერ გავექცევით სასტუმრო ღიაა თუ დახურული, არის საბანკო ვალდებულება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უნდა იყოს მეტი შეღავათი, რომ ბევრ სექტორზე ერთად გავრცელდეს.
მეორეს მხრივ, უკვე პროაქტიური მოქმდებებები თვითონ ეკონომიის ასამუშავებლად და ტურისტების შემოდინების კუთხით. ერთია ფრენების აღდგენა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს უკვე უნდა მიდიოდეს მუშაობა და რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადდეს სანიტარული რეგულაციები. იმიტომ რომ, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ 1 ივლისიდან უნდა აღვადგინოთ მუშაობა, მნიშვნელოვანია გვქონდეს დრო, რომ მოვემზადოთ შესაბამისად.
მეორე, ქვეყანა ახლა უნდა იყოს გარკვეუწილად “სეილს” აქტივობების ანუ გაყიდვის აქტივობების პროცესში. ახალ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები, ახალ ბაზრებზე შესვლა, იმიტომ რომ დღეს შეიძლება ისეთი უნიკალური შესაძლებლობების წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც ადრე არ გვქონდა და შეიძლება არც გვქონდეს მომდევნო წლების განმავლობაში.
ამიტომ, ალბათ უფრო პროაქტიური სამუშაოა ჩასატარებელი. ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ სიტუაციაში, რომ ინერციით გავაგრძელოთ გზა და იგივე ტიპის აქტივობები. ჩვენ იმისთვის, რომ ქვეყანაში აღდგეს ტურისტული მიმოსვლა ძალიან პროაქტიურები უნდა ვიყოთ. ახალ, ნოვატორულ მოდელებზე და out of box უნდა ვიფიქროთ.