სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკის დათვლა განსხვავებულად დაიწყეს
სომხეთში, განსხვავებულად დაიწყეს კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის დათვლა. თუკი ადრე, ჯანდაცვის სამინისტრო COVID-19-ით დაღუპული პაციენტების შესახებ საერთო ინფორმაციას წარმოადგენდა, ახლა ცალკე აზუსტებენ შემთხვევათა რაოდენობას, როდესაც პაციენტი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, მაგრამ სხვა დაავადებით გარდაიცვალა.
12 მაისისთვის, სომხეთში, უკვე გარდაცვალების 19 ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში, კორონავირუსით ინფიცირების 146 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. სულ ქვეყანაში 3 538 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი, რის შემდეგაც, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 47-ს მიაღწია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი სხვა მიზეზებით გარდაიცვალა, რის შემდეგაც მსგავსი შემთხვევების რიცხვმა 19 შეადგინა.
- არჩევანის უფლების გარეშე: ისტორია, რომელიც ერთი წერილით დაიწყო
- სომხეთში უკვე სახლიდან გასვლა შეგიძლიათ. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა
რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში
ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა განმარტა, რატომ შეიცვალა გარდაცვალების შემთხვევათა დათვლის მეთოდიკა.
„ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევებისას, თავისთავად, გარდაცვალება კორონავირუსმა გამოიწვია. როდესაც უკვე ასეთი პრობლემა წარმოიქმნა, რომ სიკვდილი სხვა მიზეზმა გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ მსგავსი შემთხვევები საერთო სტატისტიკიდან ცალკე გამოგვეყო“, – განაცხადა ალინა ნიკოგოსიანმა.
ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი კი საგანგაშო პროგნოზით გამოვიდა:
„ჩვენ, ამჟამად, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის 15 დღეში გაორმაგების ეტაპზე ვართ. ეს ნიშნავს, რომ თუკი ტენდენცია შენარჩუნდა, სომხეთში, 24 მაისს, COVID-19-ით ინფიცირების 6 350 შემთხვევა გვექნება, 8 ივნისისთვის კი – 12 700-მდე გაიზრდება“.
მისი თქმით, კორონავირუსისგან ათასობით ადამიანი გამოჯანმრთელდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ათობით პაციენტი გარდაიცვლება.
კვლავ გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა?
გაგრძელდება თუ არა სომხეთში საგანგებო მდგომარეობა მეორეჯერ? ეს კითხვა აქტიურად განიხილება მთელ ქვეყანაში.
ყოველ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის კომენდატურა, მოვლენათა განვითარების ასეთ სცენარს არ გამორიცხავს.
სომხეთში, საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა და 14 აპრილს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ის კიდევ ერთი თვით, 14 მაისამდე გახანგრძლივდა.
ამასთან, 4 მაისს, შეზღუდვების დიდი ნაწილი გაუქმდა: მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების უფლება მისცეს, ამუშავდა საწარმოთა დიდი ნაწილი.
ამასთან ერთად, მკვეთრად გაიზარდა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. მთელი ამ დროის განმავლობაში, სომხეთში, ინფიცირებულები დღეში ასობით და მეტით იზრდებოდა. მხოლოდ 11 მაისს დაფიქსირდა უფრო დაბალი მაჩვენებელი – 79 ადამიანი.
კომენდანტის პრესსპიკერის, ვაან უნანიანის თქმით, ამის გამო, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების საკითხი განიხილება:
„როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ამის შესახებ გამოცხადდება. არსებობს გაგრძელების შესაძლებლობა, რადგან ვითარება, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვია, ჯერჯერობით შენარჩუნებულია…
სიტუაციიდან გამომდინარე, მოვლენათა განვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ისევ შეზღუდვების გამკაცრებაზე წავიდეთ, რის შესახებაც კომენდანტმა არაერთხელ ისაუბრა. ასე რომ, საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება, ამ მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია“.
თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, დიდი ალბათობით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ ერთი თვით გაგრძელდება.