ორი გვამი, გირგვლიანის საქმე, ციხის კადრები - რას ამბობს ხმაურიან საქმეებზე ვანო მერაბიშვილი
“ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი პოლიტიკაში ბრუნდება. ყოფილ პრემიერ-მინისტრს პარტია, რომელთანაც ითანამშრომლებს, უკვე არჩეული აქვს. ქართული პოლიტიკის ახალ რეალობაში დაბრუნებამდე მან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების რამდენიმე გახმაურებულ და მასთან დაკავშირებულ საქმეზე ისაუბრა.
ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2004 წლის დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე, 2012 წლის 30 ივნისიდან ოქტომბრამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. ის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანი იყო და სისტემის “ხერხემალსაც” უწოდებდნენ. მას მიაწერენ “ნაციონალური მოძრაობის” ბევრ წარმატებას და ბევრ წარუმატებლობასაც.
“ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან, სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა, 2020 წლის 20 თებერვალს გამოვიდა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან პირველი ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია მთავარს მისცა. ინტერვიუში მერაბიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების რამდენიმე გახმაურებული საქმე შეაფასა.
მერაბიშვილი ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამედიცინო შემოწმება ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიარა. ამჟამად არის კარგად და “ენერგიით სავსე”. ამ დროისთვის არ აქვს შემოსავალი და ძირითადად, მშობლების და მეგობრების დახმარებით ცხოვრობს.
გირგვლიანის საქმე
28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობა ყველაზე გახმაურებული საქმე მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ მის მკვლელობასთან შსს-ს მაღალჩინოსნები იყვნენ დაკავშირებულნი. სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს. 6 მარტს შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს ოთხი თანამშრომელი – გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილური – გირგვლიანის საქმის გამო დააპატიმრეს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილები. საქმეში ასევე ფიგურირებდნენ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაია, შსს-ს გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობა იყო ის საქმე, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნა მნიშვნელოვნად შეარყია.
მერაბიშვილი ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აეღო და გადამდგარიყო. ყოფილმა შს მინისტრმა ასევე თქვა, რომ მას გადადგომის გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, მაგრამ მისი გადადგომის საკითხი გუნდშიც განიხილეს და “გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა“.
“ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი გადადგომა უკეთესი იქნებოდა,” – ამბობს ის.
მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ გირგვლიანის საქმეზე მისი მეუღლის მიმართ განხორციელებულმა შეტევამ ზიანი მიაყენა მისი “ოჯახის კომფორტს”.
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები
შსს-ს წარმომადგენლებმა 2013 წელს სამეგრელოში, მიწაში ჩამარხულ პლასტმასის კასრებში გადამალულ იარაღთან ერთად პირადი ცხოვრების ამსახველი არაერთი ვიდეოფირი აღმოაჩინეს (ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ აქედან ორი პოლიტიკოსი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამოქვეყნდა).
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გაკეთებაზე მას დავალება არ გაუცია და არც ჩანაწერების არსებობის შესახებ იცოდა არაფერი.
“ასეთი დავალება არ ყოფილა გაცემული. მე რომ მცოდნოდა ამის არსებობის შესახებ, პირველი რასაც ვიზამდი, გავანადგურებდი ამ კადრებს. ”
26 მაისის აქციის დარბევა
2011 წლის 26 მაისს, პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის დარბევაზე, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, მერაბიშვილი ამბობს, რომ სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო სათანადოდ მომზადებული და ამ რაზმმა კრიტიკულ სიტუაციაში საკუთარი თავის და ემოციების კონტროლი ვერ შეძლო.
“არ გვეყო დრო, ენერგია, ცოდნა, გამოცდილება, რომ ეს ადამიანები ისე გაგვეწვრთნა, რომ ბოლომდე დაეცვათ კანონის ნორმები და, რაც მთავარია, გაეკონტროლებინათ საკუთარი ემოციები.”
ტელეკომპანია “იმედის” დარბევა
2007 წლის 7 ნოემბერს, პარლამენტის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა. შს სამინისტრომ, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, განაცხადა რომ ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი რუსეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდა და მტკიცებულების სახით ვიდეომასალაც გამოაქვეყნა. 7 ნოემბერს, ღამით, ნიღბიანმა სამართალდამცავებმა ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს, ტელევიზიის პერსონალი შენობიდან გამოყარეს და აპარატურა გაანადგურეს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი ამბობს, რომ “კარგი იქნებოდა, რომ ეს არ მომხდარიყო”. მერაბიშვილი ამბობს იმასაც, რომ ეს მაშინდელი ხელისუფლებისთვის არა შეცდომა, არამედ პრობლემა იყო.
მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ტელევიზიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დააყენა დარტყმის ქვეშ ტელეკომპანია “იმედი” და ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ასეთი ნაბიჯი გადაედგა. მას შემდეგ კი, რაც ხელისუფლებამ ჩადენილი საქციელი გააცნობიერა, მოხდა “უპრეცენდენტო შემთხვევა” აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში: გადადგა პრეზიდენტი და დანიშნა რიგგარეშე არჩევნები.
ორი გვამი
საუბარია ვიდეომასალაზე, რომელიც 2014 წლის 29 იანვარს გავრცელდა.
ვიდეომასალაში, რომელიც 2009 წლის 5 მაისის მუხროვანის სპეცოპერაციას ასახავს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ამბობს:
“ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია იქნება დიდი.”
მერაბიშვილი აცხადებს, რომ ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა და კადრები. მისი თქმით, ამბოხებას ქართველ ოფიცრებთან ერთად ხელმძღვანელობდა ორი რუსი მრჩეველი, რომლებიც გენშტაბის წარმომადგენლები იყვნენ. ყოფილი შს მინისტრი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, გაქცევის წინ ქართველმა მეამბოხეებმა აჯანყების რუსეთთან დამაკავშირებელი კვალის დაფარვის მიზნით რუსი მრჩევლები თავიდან მოიცილეს და მოკლეს. მერაბიშვილი აცხადებს, რომ სწორედ ამ ორი რუსი მრჩევლის გვამს ითხოვდა ის.
თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის გივი თარგამაძე და შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი 2014 წელს, ქართულ მედიასთან საუბარში ამბობდნენ, რომ ვანო მერაბიშვილი ”ორ გვამში”, სავარაუდოდ, კობა ოთანაძესა და გია კრიალაშვილს გულისხმობდა.
ციხის კადრები და დაპირისპირება ბაჩო ახალაიასთან
ციხეში პატიმართა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის კადრები ქართულ მედიაში 2012 წლის 18 სექტემბერს გავრცელდა. ამ კადრების გამოქვეყნების შემდეგ საქართველო “სისტემა უნდა დაინგრეს” ლოზუნგით მიმდინარეს საპროტესტო აქციებმა მოიცვა. აქციების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ცოცხი იყო. კადრების გამოქვეყნებიდან 2 კვირის შემდეგ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” არჩევნები ხმათა 54,97%-ით მოიგო.
ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში გავრცელდა მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს რომ დაპირისპირება ჰქონდა ყოფილ შს მინისტრთან, ბაჩო ახალაიასთან და ახალიას “ჩაძირვის” მიზნით სწორედ მერაბიშვილმა შეუწყო ხელი ე.წ. ციხის კადრების გადაღებას. ასევე, მისი დავალებით და ხელშეწყობით გადაატანინეს ეს კადრები საზღვარზე ლადო ბედუკაძეს.
მერაბიშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ახალაიასთან დაპირისპირება არასოდეს ჰქონია და კადრების გადაღება-გატანასთან კავშირსაც უარყოფს.
ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ციხის კადრების ნაწილი რეალური იყო, ნაწილი კი დადგმული:
“ერთი ნაწილი, რომელიც არის საკნებში, რა თქმა უნდა იყო დადგმული და მგონი, ცნობილია, ვინც დადგა, გვარები არ მახსოვს. მეორე ნაწილი, რომელსაც ერქვა დაშლა, ის არ იყო დადგმული. მაგრამ ერთმა არდადგმულმა კადრებმა დამაჯერებლობა შესძინა იმას”.
კითხვაზე, რა იფიქრა მაშინ, როცა ციხის კადრები ნახა, მერაბიშვილი პასუხობს:
“ვიფიქრეთ, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა. პრობლემა არა ელექტორალური თვალსაზრისით, არამედ პრობლემა, რომ ჩვენ აღმოგვაჩნდა პრობლემა”.
ბიძინა ივანიშვილი და 2012 წლის არჩევნები
მერაბიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და დაპირებები გასცა, დარწმუნებული იყო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 2012 წელის საპარლამენტო არჩევნებს წააგებდა.
“მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და ის განცხადებები გააკეთა, რომელიც მან გააკეთა, რა დაპირებებიც გასცა, ვფიქრობდი, რომ ჩვენ არჩევნები გვქონდა წაგებული. იგივეს ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი. ”
ის ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა ურთიერთობა – მას, როგორც წესი, რამდენიმე თვეში ერთხელ ხვდებოდა და ტელეფონითაც ესაუბრებოდა. რაზე საუბრობდნენ შეხვედრის დროს, ყოფილი შს მინისტრი არ აკონკრეტებს. მერაბიშვილის თქმით, ბოლო კონტაქტი ივანიშვილთან მას 2008 წლის გაზაფხულზე ჰქონდა.
რას აპირებს
მერაბიშვილი აცხადებს, რომ ის აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკაში.
“რა თქმა უნდა, რომელიმე პარტიაში გავერთიანდები და ვიცი რომელ პარტიაშიც, მაგრამ საჯაროდ ამის შესახებ მერე ვილაპარაკებ”, – ამბობს ის.
ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2004 წლის დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე, 2012 წლის 30 ივნისიდან ოქტომბრამდე კი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა: მათ შორის იყო: 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე. მან საპატიმროში 6 წელი და 9 თვე გაატარა.