"ტონობით კიტრი გვილპება და ვერ ვყიდით" - აქცია მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტი მიიტანა და გზაზე დაყარა. ამ ფორმით მათ რაიონში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გააპროტესტეს. გლეხები ამბობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ვეღარ ყიდიან და უფუჭდებათ.
22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 97 გამოჯანმრთელდა და 5 გარდაიცვალა.
შულავერში მარნეულის მუნიციპალიტეტის 6 სოფელიშ: აღმამედლოში, კასუმლოში, ულაშლოში, კირიხლოში, ქვემო ყულარსა და იმირში მცხოვრები მოსახლეობა ჩავიდა. მათ სადახლოსკენ მიმავალი გზაც გადაკეტეს, რამაც სატვირთო მანქანების მოძრაობა შეაფერხა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ბანკებიდან სესხები აქვთ აღებული და იმის გამო, რომ მარნეულში კარანტინია გამოცხადებული და ვერსად გადიან და აგრარული ბაზრებიც დახურულია, პროდუქტს ვეღარ ყიდიან. მათ დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს.
„რამდენიმე ტონა კიტრი გვაქვს სახლებში, ლპება და გაყიდვას ვერ ვახერხებთ. გზები დაკეტილია, გასვლის უფლებას არ გვაძლევენ, არც არავის გააქვს“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
“ჩემი მოყვანილი პროდუქცია შემეძლო ჩემი მანქანით მიმეტანა მაღაზიამდე. ახლა ეს უფლებაც წამართვეს. კიტრი და პამიდორი სათბურში გვილპება,” – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
კიტრი და მწვანილი, რომელიც ახლა მარნეულელებს სახლში ულპებათ, თბილისის პატარა სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში თითქმის აღარ იშოვება – აგრარაული ბაზრები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ძირითადად მარნეულიდან და ბოლნისიდან მარაგდება, თბილისშიც დაიკეტა, მსუბუქი მანქანების გადაადგილების აკრძალვის გამო კი პატარ-პატარა მაღაზიების მომარაგება შეუძლებელი გახდა.
პროტესტის მონაწილეებთან ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და მარნეულის მერი ზაურ დარგალი მივიდნენ.
“ძირითადად კიტრის მოსავალზეა საუბარი. პროდუქტის მოცულობა დიდია და დამატებითი ძალებია საჭირო, რომ ადგილობრივების მოსავალი გავიდეს”, – ამბობს დარგალი “რადიო მარნეულთან” საუბარში.
აქციაზე ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც მივიდნენ.
აქციაზე პარტია “ევროპული საქართველოს” წევრ ახმედ იმამყულიევს და ქვემო ქართლის რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილს შელაპარაკება მოუვიდათ. რეხვიაშვილმა აქციას პოლიტიკურად მართული უწოდა.
“ეს არის დაგეგმილი აქცია, პოლიტიკური და ეს უნდა ვუთხრა მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს დისტრიბუცია აწყობილი და ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი, ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით გადმოიტანონ,” – განაცხადა რეხვიაშვილმა.
აქციაზე, სადაც სოციალური დისტანცია დაცული არ იყო, ადგილობრივებს დაჰპირდნენ, რომ ხვალიდან პროდუქტს უპრობლემოდ გაყიდიან.
- კორონავირუსი და ბოლო ჟამის ეკლესია. საუბარი გია ნოდიასთან და ბექა მინდიაშვილთან
- “ვართ მე და ჩემი ბერიკაცი, ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან კარტს,” – როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები იზოლაციაში
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
მარნეული ქვემო ქართლს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტში 104 300 ადამიანი ცხოვრობს. მათი 83,8% ეთნიკური აზერბაიჯანელია, 8,6% – ქართველი, ხოლო 7% – სომეხი. ადგილობრივი მოსახლეობა თავს ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანით ირჩენს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტს ჩაიკეტა – მას შემდეგ, რაც მარნეულში კორონავირუსის შემთხვევა და ვირუსის შიდა გავრცელების ფაქტი დადასტურდა. აიკრძალა მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. დაიხურა ყველა ობიექტი აფთიაქების, სურსათის მაღაზიებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა. მუნიციპალიტეტის შიგნით აიკრძალა გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილობრივებს საკვები პროდუქტების, მედიკამენტების შეძენა ან სამედიცინო მომსახურების მიღება სჭირდებათ. საგანგებო წესრიგს პოლიცია იცავს.