კორონავირუსი უკვე ეკლესიაშია. რას აპირებს საპატრიარქო სააღდგომოდ?
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 30 ადამიანს დაუდასტურდა.
მათგან სამი გადმოყვანილია უცხოეთიდან. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.
კორონავირუსით ინფიცირების “ცხელ წერტილად” რჩება ქობულეთის მუნიციპალიტეტი. ახალი შემთხვევები სოფელ ლეღვაშია გამოვლენილი, სადაც ამ დროისთვის კარანტინია გამოცხადებული. ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი 9 თვის ბავშვია.
ასევე გრძელდება ინფიცირებულების გამოვლენა ე.წ. “ექიმების კლასტერში”. ორი დღის წინ covid-19 დაუდასტურდა “თბილისის მედიცინის ინსტიტუტის” ხუთ თანამშრომელს, რის გამოც კლინიკა დაიკეტა. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით ირკვევა, მედპერსონალის ინფიცირების წყარო, შესაძლოა, საეკლესიო პირი იყოს. სასულიერი პირი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, ამ კლინიკის ერთ-ერთი ექთნის ძმაა. „ფორმულას“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ძმამ გადასდო დას ვირუსი, ხოლო ექთანმა დამ საკუთარ თანამშრომლებს.
კორონავირუსის სტატისტიკა 14 აპრილის 10:00 საათისთვის:
სულ 296 შემთხვევა (ახალი +30)
გარდაიცვალა – 3
გამოჯანმრთელდა – 68
კარანტინის რეჟიმშია – 4834
ვინ არის ინფიცირებული სასულიერო პირი?
სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისში, ვერაზე მდებარე წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურია.
ბოლოს მან საეკლესიო მსახურება სხვა სასულიერო პირებთან ერთად რამდენიმე დღის წინ, ხარებაზე აღასრულა.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ, რომ. მათთან მკურნალობს სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი ამბობს, მაღალი სიცხის და ხველების გამო ის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.
● covid-19 დაუდასტურდა საქართველოს საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელსაც
შეხვედრა საპატრიარქოში. წავა თუ არა დათმობაზე ეკლესია
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვირუსმა სასულიერო პირების წრეში შეაღწია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
19 აპრილს საქართველოში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ.
საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ხალხმრავალი საეკლესიო რიტუალები მთელი კვირის განმავლობაში ჩატარდება, ხოლო აღდგომის ღამეს ათასობით მორწმუნე საქართველოს სხვადასხვა ტაძარში სააღდგომო ლიტურგიაზე მოიყრის თავს.
31 მარტს გამოცხადებული კომენდანტი საათის წესების თანახმად, ღამე ეკლესიაში ყოფნა კანონდარღვევაა, თუმცა ეკლესიის წარმომადგენლები არ აპირებენ დაემორჩილონ წესებს.
გუშინ, 13 აპრილს საპატრიარქოში დიდი სტუმრიანობა იყო – პატრიარქთან ილია მეორესთან სასაუბროდ მივიდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის: ვიცე-პრემიერები – მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი, და ასევე შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები.
შეხვედრის შემდეგ არავითარი ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. თუმცა, სავარაუდოდ, შეხვედრის მთავარი თემა სწორედ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების ფორმა იყო.
ჯერჯერობით დუმს საპატრიარქოც. ამ ეტაპზე უცნობია, შეიცვალეს თუ არა აზრი სასულიერო პირებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ და ჩატარდება თუ არა სააღდგომო ლიტურგია სხვა ფორმატით, მრევლის გარეშე, როგორც ეს ბევრ ქრისტიანულ და მათ შორის, მართლმადიდებლურ ქვეყანაში მოხდება.
ეკლესია ერთადერთი ინსტიტუციაა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების შემდეგ, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიისა და მკაცრი აკრძალვების პირობებში კი, ჩვეულებრივად ფუნქციონირებს.
ტაძრებში გრძელდება მსახურება, მრევლი ერთი კოვზით ეზიარება, რაც ეპიდემიოლოგების გაფრთხილებით, შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელების მიზეზი გახდეს.
“ეკლესიის კარები, რასაკვირველია, არ დაიკეტება” . შეფასებები
ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დაადასტურა, რომ საპატრიარქოსთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თუმცა, ვოლსკიც, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსები, ეკლესიაზე საუბრის დროს კატეგორიულ და ცალსახა განცხადებებს ერიდებიან და ფრთხილი, ბუნდოვანი კომენტარებით შემოიფარგლებიან:
“ეკლესიის კარები, რასაკვირველია, არ დაიკეტება. მაგრამ არის მთავარი უმაღლესი სასულიერო პირების კურთხევა, რომ დაცული იყოს ის რეკომენდაციები, რომელიც გასცეს საკმაოდ ავტორიტეტულმა ადამიანებმა,” – განაცხადა ვოლსკიმ.
თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელიც წლებია აკრიტიკებს საქართველოს საპატრიარქოს, მიიჩნევს, რომ ეკლესიის მოქმედება დიდი საფრთხის წინაშე აყენებს მრევლის ჯანმრთელობას:
„ჩვენი სამღვდელოება ასწავლის ქრისტიანობის საწინააღმდეგოს და სულ დააბეჩავა ეს ხელისუფლება. ესეც ხან მკაცრ კარანტინს გამოაცხადებს, ხან საგანგებოს. ქობულეთში ჯარიც კი ჩააყენეს. რა აზრი აქვს მკაცრ კარანტინს, როცა ეკლესიები არ კრძალავენ შეკრებებს. ქობულეთში არის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქის ძმისშვილი – არ კეტავს ეკლესიებს. ანუ რა გამოდის, არც ბიძა გვინდობს, არც ძმისშვილი”, – განაცხადა ბასილ კობახიძემ გადაცემაში „თითქმის ყოველდღე“.
_________________________________
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. კორონავირუსის პამდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, მარნეულში, ბოლნისში, ლენტეხში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში კარანტინი გამოცხადდა.