ლოცვა - მხოლოდ მარტოობაში. აღდგომის წინა დღეს, სომხეთის სულიერ დედაქალაქ ეჩმიაძინში
წელს, სააღდგომო მსახურება სომხეთში, დახურულ კარს მიღმა გაიმართება. 12 აპრილს, სომხური სამოციქულო ეკლესია პირველად აღნიშნავს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ტაძრებში მორწმუნეების გარეშე. თუმცა, საეკლესიო ცერემონიის ტრანსლირება ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოხდება, ისევე, როგორც წინა წლებში.
ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება 16 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გამო მიიღო. ის კორონავირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად გამოცხადდა.
აღდგომის დღეს, მორწმუნეები არ იქნებიან ეჩმიაძინის ხუთი ეკლესიიდან არც ერთში – სომხეთის სულიერი დედაქალაქი, სადაც სომხეთის კათოლიკოსის რეზიდენციაც მდებარეობს.
მორწმუნეები არ იქნებიან არც ეჩმიაძინის ხუთ ეკლესიაში – სომხეთის სულიერ დედაქალაქში, სადაც სომხეთის კათოლიკოსის რეზიდენციაცაა. სადღესასწაულო მსახურება ეჩმიაძინის კათედრალურ ტაძარშიც, სომხური ეკლესიის მთავარ ტაძარშიც დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. ეჩმიაძინსა და მთელ ქვეყანაშიც უმრავლესობა აღნიშნავს დღესასწაულს – მაგრამ, ამჯერად სახლში.
- საქართველოში სააღდგომო ლიტურგია მაინც ჩატარდება
- „მაგრამ ბიზნესს მაინც არ დავხურავთ“ – თურქეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების ტემპით
ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია
უკვე მესამე კვირაა, 55 წლის ანაიტ სარგსიანი ეკლესიაში არ დადის. ის ეჩმიაძინში ცხოვრობს, საკათედრო ტაძართან ახლოს. საკვირაო მსახურების მუდმივი მონაწილე განაწყენებულია იმით, რომ ვერ შეძლებს სააღდგომო ცერემონიაში მონაწილეობას, მაგრამ დროებით აკრძალვას გამართლებულად მიიჩნევს.
„მე თვალს ვადევნებ Facebook-ში ბევრი სასულიერო პირის გვერდს და გავიგებ, რა დროს ჩავრთო ტრანსლაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ან საეკლესიო არხზე, რათა სახლიდან მივიღო მონაწილეობა მსახურებაში და ვილოცო. შექმნილ ვითარებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა, არ შეიძლება ადამიანებს საფრთხე შეუქმნა. და ჩვენ, მორწმუნეები, მოთმინებით დაველოდებით უკეთეს დღეებს“, – ამბობს ანაიტი.
„ეჩმიაძინის შემთხვევა“
ეჩმიაძინი – პატარა ქალაქი, ერევნიდან 20 კილომეტრში – სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ ის კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად გამოაცხადა. ყველა მედიასაშუალება „ეჩმიაძინის შემთხვევაზე“ წერდა.
საუბარი იყო ქალაქის მცხოვრებ ქალზე, რომელიც 1 მარტს, მილანიდან, კორონავირუსით დაინფიცირებული დაბრუნდა, ათი დღის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა ყველა ნაცნობთან და დაესწრო ვაჟიშვილის მრავალრიცხოვან ნიშნობას.
ქალთან კონტაქტში მყოფები დაინფიცირდნენ. უფრო მეტიც, იმ დროისთვის სომხეთში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების უმრავლესობა ეჩმიაძინის მცხოვრებლებზე მოდიოდა.
შედეგად, 15 მარტს, 50-ათასმოსახლიანი ქალაქი კარანტინზე დაიკეტა. მთელი კვირის განმავლობაში, ქალაქის 27 შესასვლელ-გასასვლელიდან მხოლოდ 3 იყო ღია.
მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. ქალაქიდან უშვებდნენ მხოლოდ მათ, ვისაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა ჰქონდა და წინასწარ ტემპერატურას უმოწმებდნენ.
ახლა ეჩმიაძინის ქუჩები ცარიელია, ისევე, როგორც მთელი სომხეთის.
ეკლესიის პოზიცია
სრულიად სომხეთის კათოლიკოსმა, გარეგინ მეორემ ეკლესიის მსახურებსა და მორწმუნეებს მაქსიმალური სიფრთხილისა და კონტაქტისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
საეპისკოპოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს, ყველა ეკლესია იმუშავებს 9:00-დან 19:00 საათამდე. მორწმუნეებს შეუძლიათ შევიდნენ შიგნით და მარტოებმა ილოცონ.
„ყველა მსახურება ტარდება დახურულ კარს მიღმა, მრევლის მონაწილეობის გარეშე. შეძლებისდაგვარად, ადგილებიდან ვაწარმოებთ ტრანსლაციას. არ ტარდება საქორწილო ცერემონიები. დასაფლავებისას, მხოლოდ დაკრძალვის რიტუალები ტარდება. ამასთან, მორწმუნეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ მრავალრიცხოვანი დაკრძალვებისა და ქელეხებისგან“, – ამბობს წმინდა ეჩმიაძინის ტაძრის საინფორმაციო სამსახურის დირექტორი, მღვდელი ვაგრამ მელიქიანი.
რას ფიქრობენ ამაზე ეჩმიაძინელები
„აღდგომა – ოჯახური დღესასწაულია. წელს ასე იყოს, დღესასწაულს მხოლოდ ოჯახის წრეში აღვნიშნავთ, არა უშავს. ღვთისმსახურების ტრანსლაციას ვუყურებთ და ვილოცებთ სახლში. საგანგებო მდგომარეობა მარხვასაც დაემთხვა. ვფიქრობ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. შესაძლებლობა მოგვეცა ოჯახთან ერთად ვიყოთ, მეტი დრო გავატაროთ ბავშვებთან, დავაფასოთ ის, რაც გვაქვს“, – ამბობს ანაიტ სარგსიანი.
ეჩმიაძინის კიდევ ერთი მცხოვრები, ლილიტ ვარდანიანი, ყველაფრის მიუხედავად, აღდგომისთვის ემზადება:
„მორწმუნე ადამიანისთვის უჩვეულოა, არ იაროს ეკლესიაში, არ ილოცოს მსახურების დროს, არ მიიღოს ზიარება. მაგრამ ღმერთი ყველგან ჩვენთან არის. მე აღდგომა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ახალი წელი – არ ხდება თავის მოწონება. აღდგომა არაფერს არ გვაკისრებს. თევზი, ბრინჯი და მწვანილი – ყველასთვის ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ეკლესიაში წასვლა და იქიდან კურთხევით დაბრუნება. ეს ენით აღუწერელი გრძნობაა. მაგრამ წელს ნებაყოფლობით დავთმობთ ამ სიხარულს“.
აღდგომის წინა დღეს, ადამიანები სადღესასწაულო სუფრისთვის პროდუქტების შეძენას იწყებენ ხოლმე. მაგრამ ახლა ბევრს ფინანსური პრობლემა აქვს. ეპიდემიის გამო, ადამიანები არ მუშაობენ – დახურულია ყველაფერი, სასიცოცხლოდ აუცილებელი და სტრატეგიული ობიექტების გარდა.
„ეჩმიაძინში, ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურ ხელფასზე მუშაობს. ისინი არიან ოფიციანტები, სტილისტები, მცხობელები, ტაქსისტები. ახლა ადამიანები სამუშაოდ არ გამოდიან, შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ერიდებიან საყიდლებზე გასვლას. საათობით ველოდები, რომ მაღაზიაში ვინმე შემოვიდეს. ხალხს ფული არ ყოფნის“, – ამბობს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის გამყიდველი, თამარა სტეპანიანი.
ჩივიან ტაქსის მძღოლებიც – ახლა სახლიდან ბევრი ადამიანი არ გამოდის.
„საათობით ვდგავართ. მაგრამ, თუკი შეკვეთა არის, მაშინვე ვიწყებ კარების სახელურების დეზინფექციას – გარედან, შიგნიდან ვცდილობ უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ დღეებში ერთი კარგი ის არის, რომ საწვავი ცოტათი გაიაფდა. იმედი მაქვს, აღდგომის შემდეგ კარანტინი დასრულდება და ჩვენი საქმეები მაღლა წავა“, – ამბობს ტაქსისტი, არმენ მკრტჩიანი.
რა შეიცვალა ადამიანების ცხოვრებაში
წელს, სააღდგომოდ, მხატვარ-დიზაინერის, ნერსეს მელიქიანის ნამუშევრები არ დაამშვენებს ქალაქის მოედანს, როგორც ეს ბოლო წლებში ხდებოდა.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მან ახალი საქმე წამოიწყო – და მთლიანად მასშია გადავარდნილი, ვერ ამჩნევს დროის გასვლას. შარაკანების ფონზე (ლოცვები სიმღერის ფორმით), ნერსესმა მუშაობა დაიწყო ათმეტრიან ტილოზე.
„რამდენიმე წლის წინ, ეს ტილო იტალიაში შევუკვეთე. ძალიან მინდოდა მუშაობის დაწყება, ჩემი ჩანაფიქრის განხორციელება, მაგრამ დრო არ მქონდა და, ამასთან, მზად არ ვიყავი. კორონავირუსმა კი იზოლირებისა და ამ პროექტით დაკავების შესაძლებლობა მომცა. ყველაფერს კამერით ვიღებ – მუშაობის პროცესის დოკუმენტირებას ვახდენ, დიდხანს ვფიქრობ. მარტოობა – აი, რა მჭირდებოდა და მივიღე“, – ამბობს მხატვარი.
პიანისტი თამარა აკოფიანი ამბობს, რომ არ ახსოვს ასეთი ცარიელი თავისი ქალაქი აღდგომის წმინდა კვირის წინ:
„ამ შინაპატიმრობამ თავიდან დეპრესიაში ჩამაგდო. შემდეგ მივეჩვიე და დავგეგმე ცხოვრების მოდელი, რომელიც ამ პერიოდისთვის მჭირდებოდა. ახლა, თვითიზოლაციას უცხო ენის შესასწავლად ვიყენებ – გერმანულს ვსწავლობ, ონლაინ ვათვალიერებ მსოფლიოს მუზეუმებსა და გალერეებს, ვტკბები მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებით.
ურთიერთობისთვის კი მეგობრებთან ერთად ჯგუფური ჩატი გავაკეთე, ვსაუბრობთ ფინჯან ყავასთან ერთად – ყველა საკუთარ სახლში. მუსიკალური სკოლის მოსწავლეებთან გაკვეთილები დისტანციურად მიმდინარეობს. და ჩემმა მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს საშინაო დავალებების დაკვრა. ვფიქრობ, აღდგომის შემდეგ, კარგი დროება დაგვიდგება“.
ავტორისაგან:
„უკვე 26 წელია ეჩმიაძინში ვცხოვრობ. აქ დაქორწინების შემდეგ გადმოვედი. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს ქალაქი ვერასოდეს გახდებოდა ჩემი. მაგრამ საგანგებო მდგომარეობისა და თვითიზოლაციის დღეებში მივხვდი, რომ მისი ნაწილი გავხდი. სამწუხაროა ცარიელი ქუჩების დანახვა, გუნებას მიფუჭებს უჩვეულო სიჩუმე და საცობების არარსებობაც კი. გუნება მიფუჭდება და ვადაპტირდები. სიტუაცია შავ-თეთრ კინოს მახსენებს.
თვითიზოლაცია ეჩმიაძინში, განსაკუთრებით დიდი მარხვის პერიოდში – განწმენდისა და სამყაროსთვის ახალი თვალით შეხედვის შესაძლებლობაა. ამ ქალაქში უჩვეულო სულიერი ენერგეტიკაა. იზოლაციამ მისი შეგრძნების შესაძლებლობა მომცა. ამ ქალაქში ცხოვრება ნიშნავს, ყოველდღე ზარების რეკვის ხმაზე გაიღვიძო. და ეს ცხოვრების ძალას გაძლევს.
მე ჟურნალისტი ვარ, ამ სტატიის ავტორი. კარანტინის დღეებში, როდესაც ხმაურიანი სომხური ოჯახის ყველა წევრი სახლში ზის, ფაქტობრივად შეუძლებელია განმარტოება და მუშაობა.
და „ოფისი“ წმინდა გაიანეს ეკლესიის ეზოში ვიპოვე. შესანიშნავი ადგილია საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად და დასაფიქრებლად. მოვდივარ აქ კომპიუტერითა და ყავით სავსე თერმოსით. მოსახერხებელი და კომფორტული ადგილია, სადაც გატარებული დროისთვის ფულის გადახდა არ არის საჭირო. თვითიზოლაციის წყალობით, ამ ფორმატში მუშაობის შესაძლებლობა აღმოვაჩინე. ჯერჯერობით არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს“.