ირანი - ვირუსის პირველი კლასტერი საქართველოში. რა იქნება პანდემიის შემდეგ
*სტატია პირველად გამოქვეყნდა 11.04.2020
ირანელი ტურისტი შაჰაბ ქარიმი საქართველოში თებერვალში ჩამოვიდა და დაგეგმილი ოთხი დღის ნაცვლად გაცილებით დიდხანს დარჩა – თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების მაგივრად აეროპორტიდანვე ჯერ ინფექციურ საავადმყოფოში წაიყვანეს, შემდეგ კი, ორი კვირა აბასთუმნის საკარანტინე სივრცეში გაატარა.
ქარიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა, ვერც სამშობლოში დაბრუნდა – ირანი ჩინეთის შემდეგ მეორე ქვეყანა იყო, რომელთანაც საქართველომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ყველანაირი მიმოსვლა შეაჩერა.
შაჰაბ ქარიმი ინფექციური საავადმყოფოდან გასული ცნობილი სიუჟეტის შემდეგ საქართველოში პოპულარული გახდა.
მას პოპულარულ თოქ-შოუებში იწვევენ და საყოველთაოდ გამოცხადებული სოციალური დისტანცირების მიუხედავად, ქუჩაში სელფის გადაღებასაც სთხოვენ.
ირანი – კორონავირუსის აგრესიული შეტევა
covid-19-ის პირველი შემთხვევა ირანში 19 თებერვალს დადასტურდა. ირანის ხელისუფლებამ ვირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხის მიუხედავად, 21 აპრილს საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩაატარა.
ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ხელისუფლებას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები არ მიუღია, სასულიერო პირები კი მორწმუნეებს მოუწოდებდნენ, რომ მოელოცათ სალოცავები წმინდა ქალაქ ყუმში, რომელიც საბოლოოდ ინფექციის გავრცელების მთავარი წყარო გახდა.
გარკვეული დროის განმავლობაში, ირანი, ჩინეთის შემდეგ მეორე ქვეყანა იყო, სადაც ახალი კორონავირუსის ინფექციამ განსაკუთრებული ძალით იფეთქა.
8 აპრილისთვის, ირანში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 65 000 შემთხვევა იყო დადასტურებული, 4000 ადამიანი კი გარდაიცვალა. თუმცა, ბევრი ირანელი და საერთაშორისო მედია მიიჩნევს, რომ სტატისტიკური მონაცემები არაზუსტია. კორონავირუსით დაინფიცირდა ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-პრეზიდენტი და ბევრი მაღალი თანამდებობის პირი და დეპუტატი.
- ირანში, ყოველი მეხუთე სიკვდილი კორონავირუსით არის გამოწვეული – კრიტიკული სიტუაცია თეირანში
- ძმათა სასაფლაოები ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთათვის – თანამგზავრიდან გადაღებული სურათები
- საქართველო: ტურისტები აღარ ჩამოდიან, სასტუმროები გაკოტრების პირას არიან
საქართველოსა და ირანს შორის ავიამიმოსვლა 23 თებერვალს შეწყდა. ქვეყნებს შორის სახმელეთო მიმოსვლა კი 26 თებერვალს შეჩერდა.
კორონავირუსი საქართველოში პირველად ირანიდან შემოვიდა. 49 წლის ამილი, რომელსაც დღეს მთელი საქართველო “პაციენტი ნომერი პირველის” სახელით იცნობს, ირანიდან საქართველოში 26 თებერვალს შემოვიდა.
საზღვარზე მისი სიმპტომები საეჭვოდ მიიჩნიეს და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
კორონავირუსით პირველი დაინფიცირებული პირველი იყო გამოჯანმრთელებულთა შორისაც. საავადმყოფოდან ის სახლში დაბრუნდა, მარნეულში, პატარა ქალაქში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
ამილი ირანში ახლობელთან ერთად 21 თებერვალს წავიდა – მარნეულის მეჩეთისთვის ხალიჩები უნდა ეყიდათ. მეჩეთში ბევრი ხალიჩაა საჭირო. ირანში კი ხალიჩები იაფია. თეირანიდან თავრიზში და ყუმში ჩავიდა და პირდაპირ ინფექციის გავრცელების ეპიცენტრში აღმოჩნდა, თუმცა, ამის შესახებ მაშინ არაფერი იცოდა:
“ვიყიდეთ ხალიჩები. ირანში რაიმე ვირუსი თუ იყო გავრცელებული, არც კი ვიცოდით. მაღაზიები ჩვეულებრივ მუშაობდა, არც პირბადით შეგვხვედრია არავინ. ოჯახის წევრებმა დაგვირეკეს, მოგვიკითხეს და გვითხრეს, ირანთან ფრენები გაუქმდაო. გაგვიკვირდა.
სხვა გზა არ იყო, მარშრუტკით, აზერბაიჯანის გავლით წამოვედით,” – იხსენებს ამილი.
ირანელები საქართველოში
დღეისთვის საქართველოში რამდენიმე ათასი ირანელი ცხოვრობს.
ბევრ მათგანს წლებია უკვე აქ სხვადასხვა ბიზნესი აქვს, განსაკუთრებით ტურისტულ და მომსახურების სფეროში.
კორონავირუსის პანდემიის გამო ახლა ყველაფერი გაჩერებულია, ტურისტული ბიზნესის ხელახლა ამუშავების პერსპექტივა კი სხვებზე მეტად ბუნდოვანია. ქართველ ირანელებსაც მძიმე დღეები უდგათ და გადარჩენის გზებს ეძებენ.
მოჰამმად ხალეყი ირანელია. ის წლებია უკვე საქართველოში ცხოვრობს.
მას ტურისტული კომპანია “sun georgia” აქვს, რომელსაც ირანელი ტურისტები საქართველოში შემოჰყავს. მარტი-აპრილი ერთ-ერთი ყველაზე უხვი თვეები იყო მისი ბიზნესისთვის – ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე საქართველოში უქმეების გასატარებლად ბევრი ირანელი ჩამოდიოდა.
ახლა, კორონავირუსის კრიზისის გამო, მისი კომპანია დაკეტილია, ოფისის იჯარასაც ვერ იხდის და მომავალიც ბუნდოვანია.
“ინტერესი ძალიან დიდი იყო. თეირანი-თბილისის რეისს ყოველდღიურად სულ მცირე 170 ადამიანი ჩამოჰყავდა,“ – ამბობს მოჰამმედი.
გეოგრაფიული სიახლოვისა და გადაადგილების გამარტივებული წესების გამო საქართველო ირანელებისთვის წლებია საინტერესო მიმართულებად იქცა. ყოველწლიურად ამ ისლამური ქვეყნიდან ასობით ათასი ადამიანი ჩამოდის როგორც ტურისტი – საქართველოს ირანთან უვიზო მიმოსვლა აქვს.
Galt&Taggart-ის გათვლებით ირანიდან ტურისტების შემოსვლის შეჩერების შედეგად საქართველო ყოველთვიურად 8 მლნ დოლარს დაკარგავს.
საერთაშორისო ვიზიტორების კვლევის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, თუკი საქართველოში ჩამოსული ერთი ტურისტი ვიზიტზე საშუალოდ 1102 ლარს ხარჯავს, ირანელები საქართველოში ერთ ვიზიტზე 2092 ლარს ხარჯავენ – ისინი ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველი ტურისტები არიან, აშშ-დან და საუდის არაბეთიდან ჩამოსული ტურისტების შემდეგ.
2018 წელს ირანიდან საქართველოში 291 000 ტურისტი ჩამოვიდა, ხოლო 2019 წელს – 142 000. ტურისტების რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ირანის მოქალაქეებისთვის სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა და ბევრი ირანელი საზღვრიდან უკან გააბრუნა, რასაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
შექმნილი სირთულეების მიუხედავად, ბევრი ირანელი მოქალაქე და ბიზნესმენი საქართველოში მაინც დარჩა.
37 წლის შაჰაბ აშტარი საქართველოში ორი წლის წინ ჩამოვიდა.
აქ ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერია. ახლა ის ყველაზე მეტად ბუნდოვან მომავალზე დარდობს:
“ყველაზე მეტად გაურკვევლობა მაშინებს. თუ კომპანიას შემოსავალი არ ექნება, ხელფასს როგორ გადამიხდის? მე ქირით ვცხოვრობ და უკვე ძალიან ვღელავ, არ ვიცი, მომდევნო თვეებში ქირა როგორ უნდა გადავიხადო.”
შაჰაბი ამბობს, რომ საზღვრების ჩაკეტვის გამო პრობლემები საქართველოში მცხოვრებ მის სხვა თანამემამულეებსაც შეექმნათ.
ბევრი მათგანი ჩივის, რომ საქართველოში ბიზნესის განახლების პერსპექტივა გაურკვეველია.
სომაიე ნოქარიზი 2006 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. აქ საკუთარი ბიზნესი აქვს. მის კომპანიას ირანიდან სამშენებლო მასალები, ცემენტი და დეკორატიული აგური შემოაქვს.
“ერთი თვეა სატვირთო მანქანების შემოსვლა შეწყდა. მასალები აღარ შემოდის და შემოსავალიც მცირდება. რთული წელი რომ იქნება, ვიცი, “ – ამბობს სომაიე.
მოჰამედ ჯავად მოაზენი 2 წელია, რაც ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. ინვესტიცია აქ სასტუმრო ბიზნესში ჩადო. პარალელურად, აქციებითაც ვაჭრობს. მოჰამედი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ სასტუმრო დაიკეტა:
“კორონავირუსის პანდემიის გავრცელებით ყველა დაზარალდა. მაგრამ ეს შეიძლება შესაძლებლობადაც განვიხილოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი ვიფიქროთ იმაზე, ინვესტიციის ჩადება სად უფრო უკეთესი იქნება.”
შემოსავლის გარეშე დარჩა 35 წლის მეჰდი ხოდსინიც. ის ფერეიდნელი ქართველია – ირანში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით მეტალურგია. საქართველოში 2009 წელს ჩამოვიდა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
ქართულიც და სპარსულიც მისთვის მშობლიურია. თბილისის ცენტრში, იუსტიციის სახლთან, იქ სადაც ათასობით ქართველი და საქართველოში ჩამოსული უცხოელი მოქალაქე იურიდიულ საკითხებს აგვარებს, თარგმნის ბიურო მოაწყო: საბუთებს თარგმნის – ირანულიდან ქართულად და პირიქით.
“თვითდასაქმებული ვარ. საქმის ნაკლებობას არასოდეს ვუჩიოდი. მას შემდეგ, რაც ფრენები შეწყდა და საქართველოში ირანელები ვეღარ ჩამოდიან, სათარგმნიც არაფერია. ამ დღეებში ოფისი უნდა დავხურო,” – ამბობს ის.
მიუხედავად იმისა, რომ მეჰდი საქართველოს მოქალაქეა, საზღვრების გახსნის შემთხვევაში ის, შეიძლება, ისევ ირანში დაბრუნდეს: მეჰდი ამბობს, რომ ირანში სამუშაოს ნახვა საქართველოსთან შედარებით გაცილებით ადვილია.
თუმცა, საქართველოში მცხოვრები ყველა ირანელი ასე არ ფიქრობს.
შაჰაბი ამბობს, რომ ირანში გაცილებით მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და ხელფასიც ბევრად უფრო მაღალი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაოჯახდა და ქალიშვილი შეეძინა, “თავისუფლების გამო” ცხოვრება საქართველოში არჩია.
“საზღვრები რომ არ დაკეტილიყო”
საქართველოსა და ირანს შორის საზღვრების ჩაკეტვით მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ირანელები არ დაზარალებულან. ირანთან საქმიანი თუ პირადი კავშირები საქართველოს ბევრ მოქალაქეს აქვს.
ირანში საქართველოში მცხოვრები მუსლიმები მხოლოდ ხალიჩების საყიდლად არ დადიან. ირანის ქალაქი ყუმი მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქია. შეიხი მირტაგი ასადოვი JAMnews-თან საუბარში ამბობს, რომ ყუმში, წმინდა სალოცავების მოსალოცად საქართველოში მცხოვრები შიიტი მუსლიმებიც მიდიან. შარშან მუსლიმების წმინდა ქალაქში მარნეულიდან 150-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა.
კავკასიის უნივერსიტეტს 15-წლიანი ურთიერთობა აქვს ირანულ მხარესთან. უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელიც თეირანის და აზადის უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამების შემუშავების მიზნით ირანში 22 თებერვალს ჩავიდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ კარანტინში აღმოჩნდა.
გიორგი ლობჟანიძე ირანში მიმდინარე ამბებს თვალს ახლა ყურადღებით ადევენებს. ირანისტია და ამ ქვეყანაში მას ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავს. გიორგი ამბობს, რომ ირანელებს სოციალური ურთიერთობის განსხვავებული წესი აქვთ, რაც კორონავირუსის პანდემიის გავრცელებაზეც გავლენას ახდენს.
“უყვართ მაღაზიებში გასვლა. დიდი ხნის უნახავი ირანელები შეხვედრისას 3-ჯერ კოცნიან ერთმანეთს. ეს შეიძლება შინაარსისგან დაცლილი ჟესტია, მაგრამ პანდემიის და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ძალიან საშიში. უყვართ ნოვრუზბაირამი და საახალწლო მოგზაურობა.
ვუყურებ ირანულ ახალ ამბებს და ვხედავ, რომ დევიზი – დარჩი სახლში მათზე დიდად არ მოქმედებს. საახალწლო მოგზაურობებს მაინც არ იკლებენ და ქვეყნის შიგნით დაუბრკოლებლად დადიან. ახლა საზღვრები დაკეტილი რომ არ იყოს, საქართველოში უამრავი ირანელი ტურისტი ჩამოვიდოდა.”
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან მიმოსვლა დროულად შეწყვიტა და ამ გზით ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის ფართოდ გავრცელება შეაჩერა.