სომხეთი, კორონავირუსი: ჟურნალისტის დღიური, რომელიც სამ ბავშვთან ერთად იზოლაციაშია
სომხეთში, კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელების თავიდან ასაცილებლად, 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ხელისუფლებამ მოქალაქეებს სახლში თვითიზოლაციისა და კონტაქტების შეძლებისდაგვარად შეზღუდვისკენ მოუწოდა.
ჟურნალისტი სარა ხოჯოიანი ახლა სახლიდან მუშაობს. მასთან ერთად იზოლაციაში მისი სამი შვილია. ისინიც სულ შინ არიან, რადგან სკოლები დახურულია, გაკვეთილები კი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ დღეებში, სარამ სოციალურ ქსელებში, „მრავალშვილიანი, მომუშავე დედის“ დღიურის წარმოება დაიწყო. წარმოგიდგენთ მას მცირედი შემოკლებით.
16.03.2020
შინ ვარ. ძირითადად, მხოლოდ სამ ბავშვთან ერთად. ხანდახან ჩვენთან ჩემი ძმის ორი ქალიშვილი მოდის. რთულია. პერიოდულად ვუყვირი ხოლმე, მაგრამ ხანდახან, რა უცნაურიც უნდა იყოს, მოთმინება მყოფნის მათ შესარიგებლად – თანაც, ყვირილისა და ჩხუბის გარეშე.
დღეს, თეატრალური წარმოდგენა წამოიწყეს, სპექტაკლს დგამენ, მაგრამ მე ვერ მოვახერხე სამუშაო გრაფიკში ფანჯრის გამონახვა და მათი წარმოდგენის ყურება. ბავშვებს შევპირდი, რომ პრემიერას ორგანიზებას ხვალ გავუწევ.
12 მარტიდან ძლიერი თავის ტკივილი მაქვს. დღეს ტემპერატურაც მქონდა, თავიდან 37.4. წამალი დავლიე. დღის მეორე ნახევარში ტემპერატურამ მოიმატა 38 გრადუსამდე. ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი დავლიე – ტკივილმა გამიარა, შემიძლია დავჯდე, ვწერო და ვიფიქრო ბავშვებზე. ყელი არ მტკივა, არ მახველებს, თავისუფლად შემიძლია სუნთქვის შეკავება 20 წამზე მეტხანს.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული არ ვარ, ამიტომაც არ ვარ კიდევ უფრო მეტად იზოლირებული ანუ ჩემი ოჯახის წევრებისგანაც. თუმცა, სამუშაოდ, საძინებელში ჩაკეტვა მიწევს. მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ვაკეთებ – საჭმელიც უნდა მოვამზადო, ჭურჭელი და სარეცხი გავრეცხო.
დღის განმავლობაში, აქტიურად ვწერ მასალებს Bloomberg-ისთვის.
ყველაზე რთული სიტუაციაა ბავშვების საშინაო დავალებებთან დაკავშირებით. ისინი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ და შუმანი ჩემ გარეშე ვერ უმკლავდება. არ მინდა მარტო დავტოვო კარანტინის გიჟურ დღეებში, მაგრამ არც ამისთვის დროის გამონახვაა ადვილი. აღმოჩნდა, რომ ანასა და ავეტთან ერთად ვიდეომასალები უნდა მოვამზადო. ბავშვების გაკვეთილები მეოთხე-მეხუთე ადგილზე გადადის. ხვალ, ავეტი – ჩემი უფროსი შვილი 10 წლის ხდება.
ჩვენ მისი დაბადების დღის აღნიშვნას ვაპირებდით, როგორც ის გეგმავდა. ახლა კი ყველაფერი გაურკვეველი დროით გადაიდო, მაგრამ მისი საყვარელი ტორტი ტელეფონით მაინც შევუკვეთე.
17.03.2020
ავეტის დაბადების დღე ათმა აღვნიშნეთ – საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოთხოვნების შესაბამისად (შესაძლებელია 20 კაცამდე ერთად ყოფნა).
როდესაც ავეტს ველოდი, გოგონა მინდოდა. რა დასამალია, ყოველთვის გოგო მინდოდა.
მაგრამ ავეტზე უკეთეს ვაჟიშვილს ვერ ვინატრებდი. ჩემი მგრძნობიარე, კეთილი ბიჭი. ისეთი ცოტა რამ სჭირდება, თავი ბედნიერად რომ იგრძნოს.
დილით კარგად ვიყავი, შემდეგ ტემპერატურა 39.5 გრადუსამდე ამივიდა. რამდენიმე აბი და ჟოლოიანი ჩაი დავლიე. ტემპერატურა 38-მდე ჩამოვიყვანე. რამდენიმე საათით უკეთ ვიყავი, შემდეგ კი ისევ ცუდად გავხდი. სასწრაფო დახმარების გამოძახება მომიწია.
ახალგაზრდა ექიმი იყო, ძალიან თავაზიანი და კომპეტენტური. ფილტვებზე მომისმინა, ყელი შემიმოწმა. პრობლემები ვერ აღმოაჩინა, მითხრა, რომ ეს გაციებაა და მირჩია, პანიკას არ ავყოლოდი. ნემსი გამიკეთა.
ტემპერატურამ დამიწია და მოვახერხე შვილის დაბადების დღის ჩატარება. სასწრაფოს ექიმი – უბრალოდ, ყოჩაღ.
18.03.2020
უკვე მესამე დღეა – ბავშვებთან ერთად სახლში ვარ. სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ ოთხი შვილის დედამ, კარანტინის მესამე დღეს კორონავირუსის წამალი აღმოაჩინა. ჩემი მეგობრები ამ პუბლიკაციების ქვეშ მნიშნავენ სოციალურ ქსელებში.ახლა ვფიქრობ:
მეოთხე გავაჩინო თუ წამალი შევქმნა?
23.03.2020
რამდენიმე დღეა არ დამიწერია, მაგრამ არ მოვმკვდარვარ, კარგად ვარ. გუშინ საღამოს კანფეტი მომინდა – ე.ი. უკეთესად ვარ. კანფეტი ცხოვრებაში 10-ჯერაც არ მომდომებია. ტემპერატურა ჯერ კიდევ მაქვს, მაგრამ ავადმყოფობა უკან იხევს. უბრალოდ, უფრო ცოტა უნდა ვჭამო, თორემ ბოლო პერიოდში თანაკლასელები და მეგობრები ჩემს ფოტოებს აღარ „იწონებენ“.
სომხეთში, კორონავირუსის უფრო მეტად გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს. მე, როგორც დედა, რომელიც სახლიდან მუშაობს, ახალ ამბებში მოვხვდი – ინტერვიუ სკაიპით აიღეს, ბავშვები დიდი სიამოვნებით პოზირებდნენ. ახლა შემიძლია ნათესავებს ამ ინტერვიუს ბმული ჩავუგდო, როდესაც მკითხავენ, რატომ არ მაჩვენებენ ტელევიზიით.
როდესაც თავის ტკივილმა გამიარა – თითქოს, წვიმის შემდეგ გაიფანტნენ ღრუბლები ცაში და მე ნათელი თავით მივიყვანე ბოლომდე დაუსრულებელი სამუშაო. თითქმის ყველაფერი. საკუთარი თავით ვამაყობ.
ბავშვებმაც ცოტა იმეცადინეს. შემდეგ კვირაში არდადეგები აქვთ და უნდა აინაზღაურონ გაცდენილი – მუშაობის პარალელურად. ასე რომ, სირთულეები გრძელდება. ვაგრძელებ ყვირილს, მაგრამ, როგორც წესი, ყველაფერი მშვიდობიანად სრულდება.
ბავშვებმა თავიანთი სპექტაკლი მაჩვენეს. მას „ბოროტი პრინცესა“ დაარქვეს. სცენარი ძმისშვილმა დაწერა, შუმანმა პრინცესას როლი ითამაშა, სხვები დანარჩენ მნიშვნელოვან როლებს ასრულებდნენ. ანას როლი არ შეხვდა. ის ძალიან განაწყენდა.
გპირდებით, შემდეგში ანაზე მოგიყვებით.
ავეტმა დღეს ყვავილები მაჩუქა.
მკაცრი შეზღუდვები, რომელიც სომხეთში საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოცხადდა, 14 აპრილამდეა ძალაში. ინფიცირებულთა რაოდენობა – 663, გამოჯანმრთელდა – 33, შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.
სარა ბავშვებთან ერთად თვითიზოლაციაში ყოფნას აგრძელებს.