შევცვალოთ ცუდი ბიჭები კარგებით
სომხეთის შიდაპოლიტიკური მდგომარეობას კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდარიანი აანალიზებს
პოლიტიკური პროცესები სომხეთში
ბოლო სამი წლის განმავლობაში სომხეთში ორი ძირითადი პროცესის მომსწრენი ვართ.
პირველი _ ეს არის სომხეთის რესპუბლიკური პარტიის მიერ, პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკურ სივრცის დაპყრობა. შედეგად, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მის ხელთაა. რესპუბლიკელებმა საარჩევნო მარათონი მოიგეს _ გაიმარჯვეს საპრეზიდენტო, საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებშიც. განსაკუთრებით ერევნის თვითმმართველობის არჩევნები უნდა აღინიშნოს, რადგან ერევანში ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს და ეს არჩევნები საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობისაა.
ეს აბსოლუტური გამარჯვებაა. რესპუბლიკელები ისეთი თავდაჯერებით მართავენ ქვეყანას, რომ ანგარიშს სრულიად არავის უწევენ. ნაწილობრივ, სწორედ ამის გამოა,რომ პარლამენტში წარმოდგენილ მეტ–ნაკლებად მნიშვნელოვან პარტიებს შეუძლიათ ყველაფერი ილაპარაკონ,რაც მოესურვებათ,თუმცა რესპუბლიკელები ამაში რაიმე საფრთხეს ვერ ხედავენ. ამ პარტიების წარმომადგენლებს სიტყვის თავისუფლება აქვთ და ზოგჯერ ისტერიკასაც კი აწყობენ, პრესაშიც ხშირად ჩანან, მაგრამ რეალურ პოლიტიკაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ.
მეორეა _ ოპოზიციის მარგინალიზაციის და კვდომის პროცესი. ოპოზიციური პარტიები დღეს ჰგვანან ერთგვარ კლუბებს, რომლებსაც ელექტორატის მიზიდვა არ შეუძლიათ. საამისოდ მათ არც ფინანსური,არც ადამიანური,არც საექსპერტო და არც მედიარესურსი არ გააჩნიათ. დიდი–დიდი არჩევნების წინ სოფლებში ერთთვიანი ტურნე გამართონ; ოღონდ რეგიონებში მათ არასდროს არ ჰყავთ მუდმივი წამომადგენლები,რომლებიც ადგილებზე სერიოზულად იმუშავებენ და რესპუბლიკელებს რაიმე წინააღმდეგობას გაუწევენ.
ეს პერსონიფიცირებული პარტიები უკიდურესად არადამაჯერებელ პროგრამას სთავაზობენ ამომრჩეველს _ მათი პრინციპი დაახლოებით ასეთია: „შევცვალოთ ცუდი ბიჭები კარგებით, და ყველაფერი კარგად იქნება“. ეს ადამიანები, როგორც წესი, უარყოფითი ნიშნით ერთიანდებიან _ ხელისუფლების წინააღმდეგ. თუმცა, ისიც ცნობილია,რის ‘მხარეს ‘ არიან, მაგრამ ეს ყველაფერი იდეოლოგიისგან საკმაოდ შორსაა და ძალიან მდარედ გამოიყურება _ არ მოკლა, არ მოიპარო, მოპარვა ცუდია, პატიოსნება ჯობს, მონოპოლიზმი ცუდია, თავისუფალი კონკურენცია უკეთესია და ა.შ.
ამ პარტიების ლიდერები, ჩვეულებისამებრ, საზოგადოებისათვის ზედმიწევნით ცნობილი ადამიანები არიან. უკვე 25 წელია, ტელემაყურებლები უყურებენ ერთი და იგივე სახეებს, რომლებიც ერთსა და იმავეს ამბობენ. არ არსებობს პარტია, რომელსაც ხანგრძლივი პოლიტიკური სამუშაო აქვს ჩატარებული, ყველა არსებული _ ერთჯერადი მოქმედებისაა.
ამ პარტიებს არ სურთ რეალური ოპოზიცია გახდნენ. მათ უბრალოდ ამ ადგილის დაკავება უნდათ _ ერევანში ჯდომა, ხელისუფლების კრიტიკა,პრესაში სტატიების გამოქვეყნება და ვითომ პოლიტიკოსობა. ეს ხომ გაცილებით იოლია,ვიდრე ნამდვილი პოლიტიკოსის ყოველდღიური,რუტინული შრომა.
ასეთი პოლიტიკის შედეგია გზების გადაკეტვა, გაუთავებელი შიმშილობები და სხვა აქციები, რომლებიც გვერდიდან საკმაოდ უცნაურად ჩანს.
ნამდვილ პოლიტიკური პარტია ამგვარ ექსტრავაგანტულობაზე არ მოცდება, რადგან ისედაც ძლიერია, ყურადღებას ისედაც იქცევს და სპეცეფექტები არ სჭირდება.
ისიც უნდა ითქვას, რომ არც რესპუბლიკური პარტია ჰგავს ნამდვილ პოლიტიკურ პარტიას. ის, პოსტრაბჭოთა სივრცეში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ბიზნესთან დაკავშირებული ჩინოვნიკების ერთგვარ პროფკავშირს უფრო წარმოადგენს.
რესპუბლიკური პარტია რეალური პარტიის ფუნქციებს არ ასრულებს, და თუ მას ხელისუფლებისგან გავაცალკევებთ, იგივე მოხდება, რაც 1990 წელს,როდესაც „სომხეთის საერთონაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოაცილეს და ის, ფაქტობრივად, გაქრა.
ამგვარად, ჩვენთან შეიქმნა სიტუაცია, რომელსაც მე „სტაბილურ არასტაბილურობას“ დავარქმევდი. რესპუბლიკური პარტია იმიტომ კი არ არის ძლიერი, რომ მართლაც ძლიერია ან ან ლეგიტიმური, არამედ იმიტომ, რომ მას რეალური მოწინააღმდეგე არ ჰყავს. ასეთი „ერთნახევარპარტიული“ სისტემა მთელ მსოფლიოში გავრცელებულია და, მეტწილად, საკმაოდ სიცოცხლისუნარიანიცაა.
ამიტომ სომხეთის მთავარი ამოცანაა ნამდვილი პოლიტიკური პარტიების შექმნა; არა ერთჯერადი მძიმე იარაღის _ არჩევნებზე კედლის სამტვრევად,არამედ _ მუდმივმოქმედი ძრავის შექმნა. სამწუხაროდ, 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ამგვარი პოლიტიკური ძალები არ ჩანს.
სუსტი ოპოზიციის ნათელი მაგალითია რაფი ოვანისიანის პარტია „მემკვიდრეობა“, რომელმაც 2013 წლის 18 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 37% მიიღო.
ერევანში ამ პარტიამ ხმების 43% მოაგროვა. ეს უზარმაზარი რესურსია იმის გათვალისწინებით, რომ „მემკვიდრეობა“ ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის „აყვავებულ სომხეთს“ არ ჰგავს.
„აყვავებული სომხეთისგან“ განსხვავებით, პარტია „მემკვიდრეობას“ ფინანსური რესურსები არ ჰქონდა.
ამომრჩევლების 43%-ს ის ადამიანები შეადგენენ, რომლებსაც არჩევანის დროს არამატერიალისტური მოტივები ამოძრავებდათ. თუმცა, ორ-ნახევარი თვის შემდეგ, 5 მაისს უხუცესთა საბჭოს არჩევნებზე პარტიამ (რომელსაც იგივე რაფი ოვანისიანი ხელმძღვანელობდა) ხმების მხოლოდ 8% (ხუთჯერ ნაკლები) მიიღო.
ამის შემდეგ ეს პარტია საპარლამენტო არჩევნებშიც ჩაფლავდა და ამჟამად საპარლამენტო ფრაქცია „მემკვიდრეობაში“ ამ პარტიის მხოლოდ ერთი წევრი, ზარუი პოსტანჯიანია წარმოდგენილი.
ეს იმიტომ მოხდა, რომ რეალური პარტიები არ არსებობს. ყველაფერი ერთი საარჩევნო კედლის გასამტვრევად ხდება.არადა, ასეთი ტაქტიკით, სინამდვილეში, ვერავითარ კედელს ვერ გაამტვრევ.
შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პარტიების მიდგომა ერთგვარად რევოლუციურია, ამ სიტყვის ირიბი გაგებით. მათ ჰგონიათ, რომ თუ ერთხელ აირჩევენ „სწორ“ ადამიანებს, ყველაფერი მაშინვე გაუმჯობესდება _ გაქრებიან ოლიგარქები, ბიზნესმენებად სამოქალაქო საზოგადოების ან სამღვდელოების წარმომადგენლები მოგვევლინებიან, და ერთმანეთთან სამართლიანი კონკურენცია ექნებათ; დამყარდება აბსოლუტური სამართლიანობა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადამ სმითის სახელმძღვანელოშია აღწერილი. თუმცა, ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში ამის თავად ადამ სმითსაც არ სჯეროდა.
ამგვარი წარმოდგენები ბავშვური პოლიტიკური კულტურის შედეგია. სომხეთში პოლიტიკური კულტურა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. თავად სომხეთიც ძალიან ახალგაზრდაა, და ვერც კულტურას შეცვლი ერთ დღეში.
საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა
პოსტსაბჭოთა სივრცის მხოლოდ ხუთ სახელმწიფოში არსებობს დემოკრატიისა და ხელისუფლების როტაციის ელემენტების შემცველი სააჯარო პოლიტიკის ნიშნები _ მოლდოვაში, უკრაინაში, სომხეთში, საქართველოსა და ყირგიზეთში. ყველა ეს სახელმწიფო საპარლამენტო სისტემაზე გადავიდა. დანარჩენ ქვეყნებში მსგავსი არაფერი მომხდარა _ პირიქით,ყველგან „სუპერსაპრეზიდენტო“ მმართველობაა დამყარებული.
ეს იმით აიხსნება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საპარლამენტო სისტემა მმართველობის უფრო ევროპულ და დემოკრატიულ ფორმად მიაჩნიათ. თუმცა, სინამდვილეში,არც მთლად ასეა საქმე. უბრალოდ, არსებობს მოთხოვნილება, რომ სისტემა უფრო სტაბილური და მყარი გახადონ. თუმცა, ამ ხუთი ქვეყნიდან ეს ჯერ არც ერთს არ გამოუვიდა. იმიტომ, რომ საჭიროა ცვლილებები, ახალი პოლიტიკური კულტურის დაბადება, განვითარება და პოლიტიკურ სისტემად ჩამოყალიბება.
სერიოზული პოლიტიკური ძალების არარსებობის პირობებში, საკონსტიტუციო რეფორმებს ან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც.
დავიწყოთ უარყოფითი მხარეებით.
რეფორმა ფორმის შექმნაა, ან უკვე არსებული ფორმის შეცვლა. რეფორმა ჭიქაა, რომელშიც ღვინო (განვითარებული პარტიული სისტემა) უნდა ჩაასხა.
თუკი ეს ფორმა განვითარებული პოლიტიკური პარტიებითაა შევსებული, ისინი ხელისუფლებას საკუთარ კანონიერ სეგმენტს მაინც გამოგლეჯენ _ არა სყოველთაო სამართლიანობისთვის, ან სრული ბედნიერების დასამყარებლად, და არც იმისთვის, რომ თანამდებობზე კარგი ადამიანები მოიყვანონ, არამედ _ ძალაუფლების პატარა ნაკუწის მოსაპოვებლად.
თუკი ასეთი პარტიები არ იარსებებს, არაფერი შეიცვლება _ უბრალოდ ,პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერს შეიძულებენ.
სომხეთში დიდი ხნის ტრადიციაა, რომ გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობამ, რამდენიმე მინისტრმა და ჩინოვნიკმა, ასევე ზოგიერთმა ოლიგარქმა უნდა მიიღონ ერთგვარი ელიტური კონსენსუსით.ისინი წყვეტენ,თუ როგორ ამოქმედდება ესათუის კანონი. მხოლოდ ამის შემდეგ ფორმდება პროექტი პარლამენტში.
დადებითი მხარეებიც აღვნიშნოთ.
რეფორმის განახორციელება ყოველთვის უკავშირდება ფორმის შეცვლას,იმ იმედით, რომ ის რაიმეთი შეივსება.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ რესპუბლიკელები შეგნებულად არ მისულან აქამდე. ისინი სხვაგვარად აზროვნებენ.
პოსტსაბჭოთა ქვეყნების და, მათ შორის სომხეთის, შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარ პრობლემა განვითარებული პოლიტიკური პარტიების არარსებობაა. ასეთი ძალის შესაქმნელად პოლიტიკური კულტურა უნდა შეიცვალოს. საჭიროა არამხოლოდ ახალი პოლიტიკოსების მოსვლა, არამედ ხმის მიცემის სისტემის ცვლილებაც.
მაგალითად, დასავლეთის განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ამომრჩეველი სასიამოვნო ადამიანებს კი არ იჩევს, არამედ _ თავის კონკრეტულ სარგებელს. მაგალითად, გლეხები ხმას აძლევენ პარტიას, რომელიც აგრარული სუბსიდიის გაცემის ჰპირდებათ. ბიზნესმენები ხმას ლიბერალებს აძლევენ, სახელმწიფო მოხელეები კი იმ პოლიტიკურ ძალას ირჩევენ, რომელიც შეღავათების დაწესებას გეგმავს. ამ ყველაფრის სინთეზი ქმნის პოლიტიკას, რომელშიც ფართო სოციალური ჯგუფების ინტერესებია წარმოდგენილი. ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა _ პოლიტიკაში მხოლოდ ელიტის (ბიზნესმენებისა და ჩინოვნიკების) ინტერესები ტარდება. ადამიანები იღებენ ფულს და კონკრეტულ პირს აძლევენ ხმას. ხოლო ვინც ფულს არ იღებს, თავიდან მოედანზე იკრიბებიან,შემდეგ კი სულაც გადიან მოედნიდან.
მოთხოვნა არის, შეთავაზება _ არა
ხვალ რომ პოლიტიკური პარტია გამოჩნდეს, რომელიც ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროს მომცველ სერიოზულ პროგრამას წარმოადგენს, მას აუცილებლად შეამჩნევენ.
ეს ძალა აუცილებლად შევა პარლამენტში. თუნდაც თავიდან საკანონმდებლო ორგანოში ამ პარტიის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი მოხვდეს. ხუთი წლის შემდეგ ამ ორგანიზაციიდან სამ ადამიანს აირჩევენ, კიდევ ხუთი წლის შემდეგ _ ექვსს და, ამასობაში ერთი თაობა, და მდგომარეობაც შეიცვლება. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები არ ჩანან.
სომხეთის პოლიტიკაში, სერიოზული პარტიებს ნაცვლად, ამ არარსებული მოვლენის ასლებს ვხედავთ.ეს საზოგადოების დაღლილობასა და აპათიას იწვევს. ამიტომ, ადამიანები ამ პარტიებს მხარს არ უჭერენ.
ცხადია, რომ არც რესპუბლიკელებს აძლევს ვინმე ხმას. თუმცა, ხსენებული აპათიით ეს პარტია ერთგვარად მაინც ხეირობს. ძირითადად კი, სომეხი ამომრჩეველი ასე ფიქრობს: „ჯანდაბამდე გზა გქონიათ ორივეს“! ათი წლის წინათ ზიზღს მხოლოდ მმართველი ელიტა იწვევდა, დღეს კი მოსახლეობას ყველა პოლიტიკოსი სძულს.
საინტერესო მდგომარეობაა _ არსებობს მოთხოვნა, მაგრამ შეთავაზება არ ჩანს. სომხეთი ორსულადაა და ოპოზიციის დაბადებას ელოდება; თუმცა,ნაყოფი იგვიანებს.