ფული იქნება
რუსეთის 2016 წლის ბიუჯეტში აფხაზეთის დასახმარებლად 7,9 მილიარდი რუბლია (დაახლოებით 123 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფილი. დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა დაგეგმილზე ორჯერ მეტია, მაგრამ სინამდვილეში დაფინანსება არ გაზრდილა.
საქმე ისაა, რომ 2015 წელს, დაგეგმილი 3,7-მილიარდიანი (დაახლოებით 58 მილიონი დოლარი) ტრანშიდან აფხაზეთმა სულ რაღაც 179 მილიონი მიიღო (დაახლოებით 2,5 მილიონი აშშ დოლარი) ამ საკითხში კარგად გარკვეული კულუარული წყაროების ცნობით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ფინანსირების აუცილებლობის დამტკიცება და, შესაბამისად, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ დაგეგმილი თანხის სრულად გადმორიცხვა ვერ შეძლო.
აფხაზეთის ფინანსთა მინისტრი ამრა კვარანძია ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ 2015 წლის საინვესტიციო პროგრამაში “გაწერილი იყო, თუ რას ხმარდებოდა თითოეული რუბლი – გზებს, საავადმყოფოებს, თუ სკოლებს.”
აფხაზეთის ფინანსთა მინისტრი ამრა კვარანძია
ტრანშების არარსებობის გამო, აფხაზეთის ხელისუფლებას სახელფასო დანამატებისათვის საჭირო ფულის მოსაძიებლად საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება მოუწია. ეფექტური ადმინისტრირების წყალობით, ბიუჯეტში დამატებით 500 მილიონი რუბლი შევიდა. სწორედ ამ თანხით გადაუხადეს ჩინოვნიკებს სრულად გაზრდილი ხელფასები.
აფხაზი ჩინოვნიკებს საკუთარი არგუმენტები აქვთ, რომლებითაც თვითონაც ირიდებენ პასუხისმგებლობას და მოსკოვსაც ამართლებენ. აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ახრა არისტავამ ივარაუდა, რომ 2015 წელს აფხაზეთის დაფინანსებისას შექმნილი პრობლემები, შეიძლება, რუსეთში არსებული რთული ეკონომიკური სიტუაციით აიხსნას. მისი თქმით, “რუსი ხალხის ამ საჩუქარს” აფხაზეთში “მოთმინებითა და მეგობრული განწყობით” ელოდებიან.
აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ახრა არისტავა
აფხაზეთის პარლამენტის სპიკერმა, ვალერი ბგანბამ ფინანსირების შეფერხება “ტექნიკური მიზეზებით” ახსნა.
ოპოზიცია კი დაფინანსების შემცირებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების გაუარესებას უკავშირებს. “დახმარების, ახალი პროექტების და ინვესტორების არარსებობა ხაჯიმბას მიერ რუსეთის მიმართ გატარებული დამღუპველი პოლიტიკის შედეგია. როგორც ჩანს, მან გაცემული დაპირებების შესრულება ვერ შეძლო, ხოლო იმისათვის, რომ საკუთარი წარუმატებლობა გადაფარონ, პრეზიდენტი და პრემიერი რუსეთის რეგიონებში მოგზაურობენ, თუმცა – უშედეგოდ. სხვა ახსნას ვერ მოუძებნი ამ ყველაფერს,” – განაცხადა ოპოზიციური პარტია “ამცახარას” ყრილობაზე მისმა ლიდერმა, ალხას კვიცინიამ.
პარტია “ამცახარას” რიგგარეშე ყრილობა, გახსნა
ახლა კი საუბარია იმაზე, რომ ის თანხა, რომელიც 2015 წელს არ გადაეცა აფხაზეთს, 2016 წელს მაინც მივიდეს ადრესატამდე. სწორედ ამის გამოა, რომ მომავალი წლისთვის საერთო დაფინანსება არ იზრდება.
- 2010 წლიდან, როდესაც აფხაზეთისათვის სოციალური და ეკონომიკური დახმარების კომპლექსური პროგრამა ამოქმედდა, აფხაზეთში რუსეთის ხაზინიდან დაახლოებით 15 მილიარდი რუბლი გადაირიცხა.