მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში (ფოტო)
22 მარტს გვიან ღამე გარე სამყაროსგან ჩაიკეტა მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები. კარანტინი აქ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მარნეულის საავადმყოფოში მყოფ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ქალი თბილისში გადმოიყვანეს. ის მძიმედ არის. უცნობია, მისი დაინფიცირების წყარო. სიმპტომების გამოვლენამდე ქალს რამდენიმე ათეულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
ამ მუნიციპალიტეტების შესასვლელთან სამხედრო ტექნიკა, პოლიცია და სამხედროები დგანან. ისინი შესასვლელ-გამოსასვლელებს აკონტროლებენ. უშვებენ მხოლოდ მათ, ვინც ზონაში ცხოვრობს – უმოწმებენ მათ საბუთებს, უზომავენ სიცხეს, ადეზინფიცირებენ მათ მანქანებს. მარნეულში მოწყობილია საველე ჰოსპიტალიც.
მარნეულელი ჟურნალისტი და აქტივისტი შალალა ამირჯანოვა უყვება JAMnews-ს რა ხდება რეგიონში, რომელიც ეპიდაფეთქების საფრთხის წინაშე დგას.
________________________________________
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- საგანგებო მდგომარეობის მეორე დღე: ეკლესიებში ხალხმრავალი წირვა-ლოცვა ჩატარდა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
გუშინ სადღაც შუადღეს გავიგეთ იმის შესახებ, რომ მარნეულელ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა.
ის ჩემი ყოფილი მეზობელია. უკვე წლებია გულის უკმარისობა აქვს და როგორც ვიცი, სამჯერ აქვს ოპერაცია გაკეთებული გულზე.
ხშირად აზერბაიჯანში დადის, იქ ნათესავები ჰყავს.
მარნეულში ძმის ოჯახში ცხოვრობს. ეს მრავალსულიანი ოჯახია.
ამ დღეებში მარნეულში ბაირამობის დღეები იყო.
წინა სამშაბათი ბოლო ჩერშენბე (ჩარშენბე სამშაბათს ნიშნავს. ნოვრუზის ერთ-ერთი სადღესასწაულო დღეა) იყო და იმ დღიდან ყველა ერთმანეთის სახლში სტუმრად მიდიოდა.
როგორც ქალის ახლო ნათესავმა მითხრა, 11 მარტს იგი წლისთავზე იყო. მანამდე გარკვეული პერიოდით ადრე აზერბაიჯანში ნათესავთან.
18-ში მისი მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ უკვე საავადმყოფოში დააწვინეს. ის თავისუფლად ვერ სუნთქავდა. ეგონათ, რომ გული აწუხებდა.
ექიმს რომ მიმართა, უკვე საკმაოდ მძიმე მდგომგომარეობაში იყო.
ქალი რამდენიმე დღე საავადმყოფოში ისე იწვა, რომ ვერავინ გაიგო, რა სჭირდა. უკვე რომ ძალიან მძიმედ გახდა, მხოლოდ მერე ჩაუტარეს კორონავირუსის ანალიზი.
წლისთავზე, სადაც ის მივიდა, მინიმუმ 200 კაცი ყოფილა. იყვნენ სტუმრები რეგიონის სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდანაც.
მანამდეც, საზღვაგარეთიდან რომ ჩამოვიდა, ამ ქალს ოჯახშიც, სამეზობლოშიც, სანათესაოშიც, ყველასთან ახლო ურთიერთობა ქონდა.
ახლო კონტაქტისკენ მას ბაირამობის დღესასწაულიც უბიძგებდა – წესის მიხედვით, ბაირამობის დროს, ადამიანები მილოცვის დროს ერთმანეთს აუცილებლად ეხუტებიან და რამდენჯერმე კოცნიან.
საავადმყოფო, რომელშიც ეს ქალი მკურნალობდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლინიკაა მარნეულში.
ახლა ის კარანტინზეა დაკეტილი. კარანტინში აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც მედპერსონალი, ისე სხვა პაციენტებიც.
ამ საავადმყოფოში მიმართვიანობა ბევრია, ამიტომ, გამოდის, რომ ახლა მთელი რეგიონი რისკის ქვეშაა.
მარნეულის მუნიციპალიტატში 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონში კი, 423 ათასი.
23 მარტს ადამიანებმა რომ გაიღვიძეს ქალაქი დაკეტილი დახვდათ.
ღამე მარნეულში სამხედროები და მძიმე ტექნიკა შემოიყვანეს.
ახლა, რომ გინდოდეს მარნეულიდან ვერ გახვალ და მერც შემოხვალ.
თუმცა, ერთი შეხედვით, მარნეულში ჩვეული ცხოვრება გრძელდება. ხალხი დადის ქუჩაშიც, მაღაზიაშიც, ეზოებიდან გამოდის და ერთმანეთს ესაუბრება.
აქ ბევრმა ქართული არ იცის. თითქმის არავინ უყურებს ქართულ არხებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული არხებიდან თუ გაიგებენ.
ამიტომაც, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ ფლობს შესაბამისს ინფორმაციას.
დილით მეზობელმა დაკვიკაკუნა, ახალგაზრდა დედა მარტო ცხოვრობს შვილებთან ერთად :
ვოთსაფში წავიკითხე, რომ მარნეულში რაღაც მოხდაო. დედაჩემმა აუხსნა, რომ კარანტინში ვართ და გარეთ არ უნდა გავიდეს.
ჩემი მეზობელი გამონაკლისი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი თვეა ქვეყანაში ასეთი ამბავია, ამ ახალგაზრდა ქალს უბრალოდ ინფორმაცია არ აქვს. არც ის იცის, რა უნდა გააკეთოს, რომ თავი და ბავშვები დაიცვას ვირუსისგან.
უმრავლესობამ, რა თქმა უნდა, იცის, რომ რაღაც საშიში ვირუსი გავრცელდა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, მაგრამ მათ კვალიფიციური ინფორმაცია არ აქვთ, აქ უფრო ჭორები ვრცელდება.
ვიდრე მარბეულელ ქალს არ დაემართებოდა, სერიოზულადაც არავინ აღიქვამდა ვირუსს.
სოფლებში დღესაც ჩვეულებრივად ცხოვრობენ. მიყვებიან ნაცნობები, რომ სოფლებში თავშეყრის ადგილებში დადის ხალხი.
გაზაფხულია და მინდვრის სამუშაოები აქვთ. ბევრს არც სცალია ტელევიზორის საყურებლად – მიწას ამუშავებენ, ბოსტნეული მოჰყავთ.
დილით ვესაუბრე ბებიას, რომელიც მარნეულის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს:
„აზერბაიჯანის ტელევიზიაში ახალ ამბებში გავიგეთ მარნეული დაიკეთაო და ხომ მშვიდობა გაქვთ, “- მკითხა მან.
ბევრი მარნეულელი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურები არიან ფეისბუკზე, უკმაყოფილონი არიან ხელისუფლების მიერ გატარებული ზომებით.
ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უფრო მკაცრად უნდა აკონტროლოს სიტუაცია:
ერთი მარნეულელი ბიჭი ფეისბუქზე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ მიაქციონ ყურადღება სოფლებს:
წერს ნოვრუს მეჰდი სოფელ ალგეთიდან:
“შესაბამისი უწყებების საყურადღებოდ! მარნეულის სოფლებში საზოგადოება არ იცავს კარანტინის წესებს! ყველა ქიჩაში! გთხოვთ, მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოთ და ინფორმაციის გასავრცელებლად წარმომადგენლები გაუგზავნოთ სოფლებში!”
ეს კი, მარიამ ქველაძის პოსტია სოფელ წერეთლიდან:
“პოლიციამ იაროს სოფლებშიც და მარნეულში ქალაქშიც და აკონტროლოს ხალხი…არმგონია სახლში ისხდნონ..მაინც მიდი მოდიან იქეთ აქეთ..ეს რა უბედურებაა რაა…. საერთოდ არავინ ცხვირი არგაყოს გარეთო და დილიდან ვხედავ …მესმის რომ.მაინც მოძრაობს ხალხი….აი ისე ვბრაზოობ ახლა რომ მეტი არ შეიძლება”.
მე ვცდილობ დავიცვა სოციალური დისტანცირების წესი და სახლიდან არ გავდივარ, თუმცა მინდა რაღაც გავაკეთო და დავეხმარო ხალხს.
მთელი ღამე მერიისთვის მოხლაისედ მთარგმნი რაღაც საჭირო, საინფორმაციო ტექსტებს, რომ გაავრცელონ აზერბაიჯანულ მოსახლეობაში, რომლებმაც ქართული არ იციან.
საჭიროების შემთხევევაში მზად ვარ შესაბამისი ეკიპირებით გავიდე სოფლებში და ავუხსნა ხალხს როგორ უნდა მოიქცნენ, რომ თავი დაიცვან ვირუსისგან.
მარნეულელმა სამაქალაქო აქტივისტმა რაშან ზიადალიევმა კამპანია დაიწყო და მოხალისეებს აგროვებს. მისი თქმით, მარნეულის სოფლებში აპირებენ სიარულს კარდაკარ, რომ ადამიანებს ინფორმაცია აზერბაიჯანულ ენაზე მიაწოდონ.
„მივმართეთ ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით, როგორც კი გვექნება ტრანსპორტირებისა და საჭირო ინვენტარით აღჭურვილობა პატარა ჯგუფით დავიწყებთ კარდაკარს.“ – ამბობს რაშანი.