რუსეთში მცხოვრები ხალხები „სახელმწიფოს შემქმნელებად“ და სხვა დანარჩენებად დაყვეს
რუსეთის კონსტიტუციაში შესატანი ერთ-ერთი ცვლილება ასე ჟღერს: „რუსული – სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის ენა“.
ამ წინადადებამ აღშფოთება გამოიწვია რუსეთის ეროვნულ რესპუბლიკებში – ბაშკირეთში, თათრეთში და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, ამის შესახებ რადიო თავისუფლება და კავკაზსკი უზელი იუწყებიან.
როგორ არის მოწყობილი რუსეთის ფედერაცია
რუსეთის ფედერაცია 85 სუბიექტისგან შედგება, რომელთაგან 26 – ეროვნული რესპუბლიკაა. მათ ორი სახელმწიფო ენა აქვთ – რუსული და ეროვნული.
დანარჩენ სუბიექტებში ოფიციალური ენა ერთია – რუსული.
რუსეთის კონსტიტუცია, მასში მცხოვრები ყველა ხალხის თანასწორობას უზრუნველყოფს. სახელმწიფო დოკუმენტებში ეროვნება არ ფიქსირდება.
რას ნიშნავს ეს შესწორება
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავყავართ ინდიელების ან აბორიგენების დონეზე, რომელთათვისაც მაქსიმუმ არსებობს საცხოვრებელი ადგილები, ფოლკლორი და მეტი არაფერი.
ნაციონალური რესპუბლიკები კი სწორედ იმიტომ იქმნებოდა, რომ ხაზი გაესვა ხალხების პოლიტიკური სუბიექტობისთვის, თვითგამორკვევის განსაკუთრებული უფლებისა და ცენტრის მხრიდან გარანტიისთვის, რომ ამ უფლებებს დაიცავენ.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ფედერალიზმიდან თანდათან დაშორებას, თან ახლდა ასეთი პატარა სიმბოლური ნაბიჯები, რომლებიც შემდეგ, სინამდვილეში, ფუნდამენტურ ცვლილებებში გადაიზარდა“, – მიაჩნია ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, ბაშკირეთისა და თათრეთის სპეციალისტს, ილნარ გარიფულინს.
• „ავადმყოფები ხართ, გოგოები“, – ასე მიმართა ქართველ ჟურნალისტებს სერგეი ლავროვმა
• ვლადიმირ პუტინის ახალი ინიციატივით, ის 2036 წლამდე შეძლებს ქვეყნის მართვას
• „ძალიან ადამიანური ადამიანი“ – რუსეთის ტელევიზიაში პუტინის შესახებ გადაცემა გაჩნდა
რეაქცია „სახელმწიფოს შემქმნელ ხალხზე“
„კონსტიტუციაში „სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის“ ცნების შეტანა, სახიფათო სიმპტომია ქვეყნის განვითარებისთვის“, – მიაჩნია ადიღეის ჰუმანიტარული კვლევების სახელმწიფო ინსტიტუტის, ეთნოლოგიის განყოფილების მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, სამირ ჰოტკოს.
„სახელმწიფოს შემქმნელის“ ცნების შეტანით ხდება სეგრეგაცია. სახელმწიფოს სამართლებრივი განვითარებისთვის, ეს უკიდურესად არასასურველია“.
ყაბარდო-ბალყარეთის ჰუმანიტარული კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლების კოლექტიური განცხადებიდან ციტატა:
„მიუღებელი, ფედერალიზმის სულის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპების, ხალხის თვითგამორკვევის უფლების, რომელიც დაფიქსირებულია ქვეყნის მოქმედ კანონში, საწინააღმდეგო ცვლილების მიღება. ეს არის რუსეთის ფედერაციის „სახელმწიფოს შემქმნელ ერთადერთ ხალხად“ დამკვიდრების მცდელობა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სახელმწიფოს შემქმნელია რუსეთის ფედერაციის ყველა ხალხი, გამონაკლისის გარეშე“.
დაღესტნის ფედერალური კვლევითი ცენტრის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი, მაჰაჩ მუსაევი:
„რესპუბლიკაში, სამეცნიერო საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ახალი ნორმა არ შეცვლის რეალობას, თუმცა, არსებობს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებაც იმის შესახებ, რომ ამ ნორმის შემოტანის შემდეგ, საუბარი წავა ძალადობრივ რუსიფიკაციაზე“.
შედეგები
ისტორიკოსი და პოლიტოლოგი, ბაშკირეთისა და თათრეთის სპეციალისტი, ილნარ გარიფულინი:
„როდესაც ქვეყანა იმყოფება სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის მძიმე პირობებსა და დარჩენილი ფინანსური რესურსებისთვის ელიტური ჯგუფების ბრძოლაში, მსგავსი ცვლილებები იწვევს ყველა ფენის საერთო გაღიზიანებას. მათთვისაც კი, ვისთვისაც ეროვნული და რელიგიური კუთვნილება „მიძინებული“ გრძნობაა, სოციალური გაღიზიანების პირობებში, ის მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება“.
რუსეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები გატანილია საყოველთაო კენჭისყრაზე, რომელიც 22 აპრილს უნდა გაიმართოს.