ხუთი წელი ნემცოვის მკვლელობიდან: მანიფესტაცია მოსკოვში და მისი სახელობის მოედანი პრაღაში
მრავალათასიანი მანიფესტაცია მოსკოვში და ბორის ნემცოვის სახელობის მოედანი ჩეხეთში, რუსეთის საელჩოს წინ – ცნობილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებული აქციები.
ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, პირდაპირ კრემლის კედელთან ჩაცხრილეს. აქ შეგიძლიათ ნახოთ „რადიო თავისუფლების“ იმდღევანდელი რეპორტაჟი.
პოლიტიკოსის მკვლელობისთვის ხუთი ჩეჩენი გაასამართლეს, მაგრამ მკვლელობის დამკვეთის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.
მოსკოვი
29 თებერვალს, მოსკოვის ცენტრში, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარში გაიმართა. დამოუკიდებელი მედიის ცნობით, მასში 22 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გაზეთი „კომერსანტი“ წერს, რომ ეს იყო პირველი აქცია, რომლის ჩატარების ნებართვაც ხელისუფლებამ 2020 წელს გასცა და ვარაუდობს, რომ სწორედ ამან აქცია ის უფრო მასობრივად, ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმე.
თუმცა, პოლიციამ განაცხადა, რომ აქციაში ზუსტად ორჯერ ნაკლები ადამიანი მონაწილეობდა.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები და სკანდირებდნენ ლოზუნგებს ნემცოვის მკვლელობის გამოძიებისა და დამკვეთების დასჯის აუცილებლობის შესახებ. ბევრი რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების დასრულებას მოითხოვდა, გამოდიოდნენ პოლიტპატიმრების დაცვის მოწოდებებით.
მოქალაქეები ასევე ამბობდნენ, რომ მხარს არ უჭერენ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინადადებას.
პრაღა
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით, პრაღაში მოედნის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც ამიერიდან ნემცოვის სახელი მიენიჭა.
ამ მოედანზე, რომელსაც აქამდე „წაბლის ხეების ქვეშ“ ერქვა, რუსეთის საელჩო დგას. ეს ამ მოედანზე ერთადერთი შენობაა და ახლა მას მისამართის შეცვლა მოუწევს.
გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ბორის ნემცოვის ქალიშვილმა, ჟანა ნემცოვამ. მან მიღებული გადაწყვეტილებისთვის პრაღის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და ამას მნიშვნელოვანი უწოდა, როგორც რუსებისთვის, ისე პირადად მისთვის.
„ამ ჟესტით, პრაღა სხვა მეგაპოლისებს შეუერთდა, რომლებიც ასე გვახსენებენ თანამედროვე რუსეთში არსებულ მძიმე პოლიტიკური ვითარებას“, – განაცხადა მოედნის გახსნის ცერემონიაზე პრაღის მერმა, ზდენეკ გრჟიბმა.
ბორის ნემცოვის სახელობის მოედანი, სკვერი ან ქუჩა უკვე არის რუსეთის საელჩოების მიმდებარე ტერიტორიაზე კიევში, ვილნიუსსა და ვაშინგტონში.
ჟანა ნემცოვა და პრაღის მერი ზდენეკ გრჟიბი. დიანა პეტრიაშვილის ფოტო, „მედიაქსელი“
ტოპოგრაფიულმა კომისიამ რამდენჯერმე უარყო აქტივისტების მოთხოვნა, პროტესტი გამოხატა ზოგიერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმაც, რადგან თავდაპირველად მიმდებარე ქუჩისთვისაც აპირებდნენ სახელის შეცვლას.
„არავინ იყო ბორის ნემცოვის სახელის უკვდავყოფის წინააღმდეგი, მაგრამ ქუჩის „წაბლის ხეების ქვეშ“ მცხოვრებთ სახელის გადარქმევის შემდეგ ბევრ ტექნიკურ სირთულესთან შეჯახება მოუწევდათ“, – განმარტა ჩეხმა ჟურნალისტმა ონდრჟეი სოუკუპმა.
შედეგად, აქტივისტები და ქალაქის ხელისუფლება მივიდნენ კომპრომისამდე და სახელი გადაარქვეს არა მთლიანად ქუჩას – „წაბლის ხეების ქვეშ”, რომელზეც საცხოვრებელი სახლები და დიპლომატიური მისიების შენობებია განთავსებული, არამედ მხოლოდ ჩეხეთში რუსეთის საელჩოს წინ არსებულ მოედანს.