მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის
მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდის
მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდის და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და გადაწყვეტილება ოჯახისთვის მეტი დროის დათმობის სურვილით ახსნა.
- მიმდინარე წლის აპრილამდე მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. 21 აპრილს „ქართული ოცნების“ მთავრობაში ის ვიცე-პრემიერად და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრად დანიშნეს.
- 29 ივლისს კობახიძემ განაცხადა, რომ მდინარაძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ახალი თანამდებობის შექმნა სექტემბერში იგეგმებოდა, მანამდე კი მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.
მისი თქმით, პოლიტიკაში გატარებული ათი წელი მისთვის შრომას, სამშობლოსა და „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად მუშაობას უკავშირდება. მან მადლობა გადაუხადა პარტიის წევრებსა და ლიდერებს, მათ შორის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფიქრობდა და გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო. მისი თქმით, თანამდებობის დატოვებამდე საკითხი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილთან განიხილა.
„ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა ნამდვილად იყო ჩემი ინიცირებული“, – თქვა მან. მისი განმარტებით, თავდაპირველად კობახიძისა და ივანიშვილის რეაქცია გადაწყვეტილებაზე თანხმობა არ ყოფილა, თუმცა საბოლოოდ მან ორივე დაარწმუნა, რომ მისთვის წასვლა უკეთესი იყო.
მდინარაძემ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა დაასახელა. მისი თქმით, მისი შვილები, 9 და 13 წლის პრაქტიკულად მის გარეშე გაიზარდნენ.
ყოფილი მინისტრის თქმით, მის გადაწყვეტილებას კონკრეტული პოლიტიკური ან პირადი კრიზისი არ უძღოდა წინ.
„ასეთი არაფერი მომხდარა, არც ისეთი არაფერი მომხდარა“, – თქვა მდინარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარების მიმართულებით მისი აუცილებლობა არ არსებობს და გუნდში არიან სხვა ლიდერები, რომლებსაც ამ სფეროს მართვა შეუძლიათ.
მდინარაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს, თუმცა არ გამორიცხა გამონაკლისი.
„თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მდინარაძემ თქვა, რომ შესაძლოა კერძო სექტორში, მათ შორის ბიზნესში საკუთარი ძალების მოსინჯვა გადაწყვიტოს. თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონკრეტული გეგმა ჯერ არ აქვს.
„გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, ამაზე არ მიფიქრია. შეიძლება ბიზნესში მოვსინჯო ძალები“, – თქვა მდინარაძემ.
მდინარაძემ პოლიტიკაში გატარებული პერიოდი ათ წლად შეაფასა და განაცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკური საქმიანობის მაღალი ინტენსივობა და პასუხისმგებლობა მარტივი არ ყოფილა. მისი თქმით, ახლა სურს, ცხოვრების იმ ნაწილსაც დაუთმოს ყურადღება, რომელიც პოლიტიკური საქმიანობის გამო წლების განმავლობაში გვერდზე ჰქონდა გადადებული.
მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას წინ უძღოდა მისი სახელის ხსენება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ მძიმე ბრალდებებში. ღარიბაშვილის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებითა“ და მდინარაძის შუამავლობით, მას კორუფციული დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ, რათა მომავალში პოლიტიკაში დაბრუნება აეკრძალათ.
ღარიბაშვილს 24 აგვისტოს ახალი კორუფციული ბრალდება წარუდგინეს. ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, საქმეში მნიშვნელოვანი ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა, რომელიც კორუფციული დანაშაულისთვის არის მსჯავრდადებული. მისი ჩვენების თანახმად, ბურჭულაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენის, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამის სახით მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ნაღდი ფულის სახით პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ღარიბაშვილი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, მისგან დანაშაულის აღიარების მოთხოვნა პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა და მიზნად ისახავდა მისთვის სამომავლოდ პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობის შეზღუდვას. სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან მამუკა მდინარაძის შუამავლობა და განაცხადა, რომ მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის დავალებით იყო წამოყენებული.
მდინარაძეს, რომელიც ახლა რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის, ღარიბაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნული ეპიზოდი თავის გადადგომის მიზეზად არ დაუსახელებია.