პროსახელისუფლებო მედია ისევ ამტკიცებს, რომ ოპოზიცია "რევოლუციურ სცენარებზე“ მუშაობს
რევოლუციური სცენარები
პროსახელისუფლებო მედია და მმართველი პარტიის წარმომადგენლები კვლავ ამტკიცებენ, რომ საქართველოში ოპოზიცია შესაძლო “რევოლუციურ სცენარებზე“ მუშაობს. ამ ბრალდებების ფონზე საჯარო სივრცეში კიდევ ერთხელ გააქტიურდა დისკუსია “უცხოელი აქტორების” როლზე და ადგილობრივი მედიის პასუხისმგებლობაზე.
ბრალდებები “რევოლუციურ სცენარებზე“ და იგორ ბლაჟევიჩი
16 აპრილს ტელეკომპანია “იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის “რევოლუციურ სცენარს“ თითქოს “პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი განიხილავს და აყალიბებს.
არხის მტკიცებით, საქართველოში დაგეგმილ და “მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე“ ინფორმაცია გააჩნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც, მათ შორის უცხოელი პარტნიორებისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე. ტელეკომპანია ასევე ამტკიცებდა, რომ ბლაჟევიჩმა ოპოზიციას ბოლო დღეებში “ტრენინგები ჩაუტარა“ და გარკვეული მითითებები მისცა.

“იმედის“ მასალაში ღია წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ ბლაჟევიჩი მხარს უჭერს თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებს და კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების მიმართ. არხი ასევე ამტკიცებს, რომ ის მონაწილეობდა ერთ-ერთ ღონისძიებაში, სადაც განიხილებოდა სანქციები, წინააღმდეგობის ფორმები და ხელისუფლების ცვლილების პერსპექტივა.
ამავე დროს, მასალაში არ არის აღნიშნული, რომ ბლაჟევიჩი საჯაროდ გმობდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებას, აქციების ძალადობრივ დაშლას და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს.
ბრალდებები TV პირველის მიმართ
ტელეკომპანია “იმედის“ ვერსიით, სწორედ იგორ ბლაჟევიჩმა თითქოს დაავალა “TV პირველს“ გაევრცელებინა ინფორმაცია მთავრობის მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.
“TV პირველმა“ ამ განცხადებას მკვეთრი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია “ტყუილია, დეზინფორმაციაა და არ ეფუძნება არანაირ ფაქტობრივ გარემოებას“. ტელეკომპანიამ ასევე მიუთითა, რომ მასალის მომზადებისას “იმედის“ ჟურნალისტი მათ კომენტარისთვის არ დაკავშირებია, რაც მათივე შეფასებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევას წარმოადგენს.
არხმა საზოგადოებას შეახსენა, რომ “იმედი“ ბრიტანეთის მიერ “რუსული პროპაგანდის გავრცელების“ გამო არის სანქცირებული და განაცხადა, რომ საქმე მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეხება.
“TV პირველმა“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას რეაგირებისკენაც მოუწოდა და მოითხოვა როგორც დეზინფორმაციის შეწყვეტა, ისე საკუთარი პოზიციის სრულად და მკაფიოდ გაშუქება “იმედის“ ეთერში.
“ქართული ოცნების“ რეაქცია
საკითხზე კომენტარი გააკეთეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც. თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა “გარედან ჩარევებით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების დაფინანსება“ და საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავება, თუმცა მისი თქმით, ეს პროცესები დღესაც გრძელდება.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობა, მისი შეფასებით, აცნობიერებს, “ვინ არის ქვეყნის რეალური მტერი“ და რა ინტერესები დგას მიმდინარე პროცესების უკან.
“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა შეაქო და აღნიშნა, რომ უწყებას “კონკრეტული ინფორმაცია აქვს“ და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ხანგრძლივი პოლიტიკური ნარატივი
საქართველოში ხელისუფლება არაერთგზის ადანაშაულებს ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს რევოლუციური პროცესების ორგანიზების მცდელობაში. ასეთ კონტექსტში პერიოდულად სახელდება სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტი თუ ორგანიზაცია.
ამ დისკუსიაში ხშირად იხსენიებოდა 2022 წელს გარდაცვლილი პიტერ აკერმანი, “არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება წარსულში არაერთხელ უკავშირებდა გადატრიალების სცენარებზე საუბარს. აკერმანი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მრჩეველთა სტრუქტურებშიც იყო ჩართული, მათ შორის Freedom House-სა და სხვა დასავლურ ინსტიტუტებში.
2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორგანიზაცია CANVAS-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის დეტალები გაასაჯაროვა. სუს-ის განცხადებით, სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, ელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ოთხი დღის განმავლობაში თბილისში სასტუმრო “იბისიში” ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ “როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება”.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივაციებზე საუბრობენ.