„11 აპრილს წინააღმდეგობის მე-500 დღეა. 500 დღეა, რაც გრძელდება უწყვეტი პროტესტი. 500 დღეა, რაც ვდგავართ ერთად, მტკიცედ და შეუპოვრად. სწორედ ამ ერთიანობამ შეგვაძლებინა წინააღმდეგობის შენარჩუნება. სწორედ ამ ერთიანობაშია ჩვენი ძალა! დაყოფილი ხალხი ნიშნავს დაუცველ საქართველოს. ამიტომ ცდილობს ივანიშვილი ჩვენს დაყოფას და დაპირისპირებას. მაგრამ ჩვენ ვიცით: როცა ხალხი ერთ მუჭად არის შეკრული — ქვეყანა დაცულია. 11 აპრილს, წინააღმდეგობის მე-500 დღეს, მნიშვნელოვანია, რომ ერთად გამოვიდეთ, და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ წინააღმდეგობა გრძელდება!“, – აცხადებენ მარშის ორგანიზატორები.
ერთ წელზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს იკრიბებიან ქვეყნის დედაქალაქში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე პატარა ქალაქში.
აქციების მიმდინარეობისას ათობით ადამიანი დააკავეს. ბევრ მათგანს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვყავს 150-მდე სინდისის პატიმარი, მათ შორის ქალები. დაპატიმრებულია გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რადგან, 2024 წლის შემოდგომის არჩევნებს ამ დრომდე არ აქვს აღიარება და გაუქმდეს ყველა ის ანტიდემოკრატიული კანონი, რაც ბოლო ორ წელიწადში მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.
პროტესტის ჩასახშობად, “ქართული ოცნება” სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. თუმცა, უწყვეტი პროტესტი, სხვადასხვა ფორმით, დღემდე გრძელდება.