აფხაზეთში შრომის ბაზრის რეგულირებისკენ მიმართული ახალი ნაბიჯი, რომელიც ოფიციალურად ადგილობრივი დასაქმების დაცვად არის წარმოდგენილი, შესაძლოა გაცილებით ფართო სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს მოასწავებდეს. დე ფაქტო პარლამენტმა უკვე დაამტკიცა კანონში ცვლილებები, რომლებიც მინისტრთა კაბინეტს უფლებას აძლევს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გარკვეული პროფესიების დაკავება შეზღუდოს. ახლა საბოლოო გადაწყვეტილება აღმასრულებელი ხელისუფლების ხელშია.
ინიციატივა, ფაქტობრივად, თავად მინისტრთა კაბინეტიდან წამოვიდა, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა მას მსგავსი შეზღუდვების დაწესების უფლებას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო საკანონმდებლო ჩარევა. აღნიშნული ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს, რომელ სფეროებში შეიძლება უცხოელთა დასაქმება შეიზღუდოს.
პირველი დარტყმა ტაქსის სექტორს მიადგება. არაოფიციალური მონაცემებით, ამ სფეროში დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი – ზოგიერთ შემთხვევაში თითქმის ნახევარი – უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ძირითადად ცენტრალური აზიის რესპუბლიკებიდან. ახალი წესები სწორედ ამ ჯგუფს შეეხება.
ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა პარლამენტში, დიმიტრი შამბამ, განაცხადა, რომ “პრეზიდენტის მითითებების შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტი ამუშავებს ტაქსის ლიცენზირების რეგულაციებში ცვლილებებს, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, როგორც მძღოლებისთვის, შეზღუდვები დაწესდეს“. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ადგილობრივი მუშახელის ინტერესების დაცვას.
მიუხედავად ოფიციალური არგუმენტებისა, გადაწყვეტილების ფესვები ნაწილობრივ სოციალურ უკმაყოფილებაში უნდა ვეძებოთ. 2025 წლის სექტემბერში სოხუმში ადგილობრივი ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ და უარი თქვეს შეკვეთების შესრულებაზე, ამასთან, მათ მოითხოვეს მიგრანტი მუშაკებისთვის სატრანსპორტო სექტორში მუშაობის აკრძალვა. მათი პოზიცია მარტივი იყო: კონკურენცია, მათი თქმით, შემოსავალს ამცირებდა და ბაზარს არყევდა.
ახლა, როდესაც მათი მოთხოვნები პრაქტიკულად დაკმაყოფილებულია, დისკუსია სხვა მიმართულებით წავიდა: სოციალური მედიის მომხმარებლები უკვე გამოხატავენ შეშფოთებას, რომ უცხოელი მძღოლების შეზღუდვამ შესაძლოა ბაზარზე შეთავაზება შეამციროს, რაც თავის მხრივ ფასების ზრდასა და მომსახურების ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს.