აფხაზეთის ორ ქალაქს საკუთარი შემოსავლების მართვის უფლება მიეცემა
ბიჭვინთა და ახალი ათონი
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ორ მთავარ საკურორტო ქალაქს – ახალ ათონსა და ბიჭვინთას – ფინანსურ დამოუკიდებლობას ანიჭებს. ახალი გადაწყვეტილებით, ეს ქალაქები საკუთარ შემოსავლებს თავად მართავენ, რაც ადგილობრივი მმართველობისთვის უფლებამოსილებების ნაწილობრივ აღდგენას ნიშნავს.
ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება, ერთი შეხედვით, “კეთილ ჟესტად“ გამოიყურება, თუმცა რეალურად ხელისუფლებისთვის ნაკლებ რისკს შეიცავს. ორივე კურორტი უკვე ეკონომიკურად თვითკმარად მიიჩნევა და ცენტრალურ ბიუჯეტში მათ მიერ შეტანილი წვლილი ხშირად აჭარბებს იმ ხარჯებს, რაც მათი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების შენარჩუნებას სჭირდება.
ადგილობრივი ბიუჯეტების აღდგენა წარსულისკენ ნაწილობრივ დაბრუნებასაც ნიშნავს. 2015 წლამდე, სანამ ახალი საბიუჯეტო კანონი ამოქმედდებოდა, ახალ ათონსა და ბიჭვინთას საკუთარი ფინანსური რესურსების მართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. თუმცა შემდგომ რეფორმებს მათი სტატუსის დაქვეითება მოჰყვა – ქალაქები ადმინისტრაციულად დასახლების დონემდე ჩამოვიდა, ხოლო მათი შემოსავლები თითქმის სრულად გადანაწილდა რაიონულ და რესპუბლიკურ ბიუჯეტებში.
ამ სისტემამ პრაქტიკული სირთულეებიც შექმნა. ადგილობრივი წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მრავალსაფეხურიანი და ხშირად არაეფექტიანია. მოქალაქეებს უწევთ მიმართონ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ინსტანციას, რის შედეგადაც მარტივი პრობლემებიც კი კვირების განმავლობაში რჩება მოუგვარებელი.
ბიჭვინთის ადგილობრივი კრების თავმჯდომარე, მურატ აჯბა აღნიშნავს, რომ პრობლემა მხოლოდ ფინანსური რესურსების ნაკლებობა არ არის და მთავარია უფლებამოსილებების დეფიციტი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას რეაგირების უნარს უზღუდავს. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები პრაქტიკულად “საკონსულტაციო სტრუქტურებად“ გადაიქცა, რომელთაც რეალური ბერკეტები არ გააჩნიათ.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ბადრა გუნბა, რეფორმას უფრო ფართო ეკონომიკურ ლოგიკას უკავშირებს. მისი შეფასებით, როდესაც ქალაქში გენერირებული შემოსავლები ადგილზე რჩება, ეს ადგილობრივ ადმინისტრაციას პირდაპირ სტიმულს აძლევს ეკონომიკური აქტივობის გასაზრდელად. ტურიზმზე დამოკიდებული ქალაქებისთვის, სადაც სასტუმროები, რესტორნები და მცირე ბიზნესი შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს, ეს შეიძლება ნიშნავდეს უფრო აქტიურ ინტერესს რეგულაციების გამკაცრებასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში.
ამასთან, ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება. ბიჭვინთა დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაგეგმვაზე 2027 წლის 1 იანვრიდან გადავა, ხოლო ახალი ათონი ერთი წლით გვიან – 2028 წლიდან.
მიუხედავად დეკლარირებული მიზნებისა, საბოლოო ბალანსი ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის ჯერ კიდევ განსაზღვრული არ არის. შესაბამის პროპორციებს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს, რის შემდეგაც საკითხი დე ფაქტო პარლამენტის განხილვაზე გადავა.
რეფორმა, რომელიც ფორმალურად ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას ემსახურება, საბოლოოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად რეალურად გადაეცემა ქალაქებს ფინანსური და ადმინისტრაციული ბერკეტები, და შეძლებენ თუ არა ისინი ამ შესაძლებლობის გამოყენებას საკუთარი განვითარების დასაჩქარებლად.